“ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა…” არა, მე არც დავღლილვარ და ჯერ არც სიკვდილს ვაპირებ, უბრალოდ, მომწონს შექსპირი და მისი სონეტები. თანაც აპრილში მისი დაბადების დღეა. დაღლა რა მოსატანია. ჯერ კიდევ ცნობილმა რომაელმა ღვთისმსახურმა და ალქიმიკოსმა ალბერ მაგნუსმა, უფრო ალბერ დიდის სახელით რომ ვიცნობთ, “ალქიმიის დიდ წიგნში” წარმატების მისაღწევად შვიდი რჩევა მოგვცა. უფრო სწორად, ოქროს მაძიებელ ალქიმიკოსებს მისცა, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ამ რჩევების უმეტესობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება:
1. ზედმეტი ყბედობით საფრთხეში აგდებ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საერთო საქმესაც.
2. სამუშაო ადგილი ყურადღებით შეარჩიე. ეცადე, იყოს არცთუ თვალში საცემი სხვისთვის და მოხერხებული შენთვის.
3. დაიწყე საქმე დროულად და დროულადვე დაასრულე; არ აჩქარდე, მაგრამ არც ზანტად იმოქმედო, თორემ წააგებ.
4. იყავი მომთმენი! მოთმინების გარეშე არაფერი გამოდის. მონდომებით დაიწყე და დაასრულე შენი საქმე. დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანია.
5. იცოდე შენი საქმე. უცოდინრობას სიკვდილი მოსდევს.
6. ყურადღებით შეარჩიე სამუშაო მასალა და შეამოწმე მისი სისუფთავე, რათა თავიდან აიცილო მიღებული პროდუქტის დაბინძურება.
7. მუდამ გჯეროდეს საკუთარი თავის და გაიმარჯვებ!
ვინც ჩემს წერილებს კითხულობს, შეამჩნევდა, რომ ალქიმიკოსების ნააზრევს ხშირად ვიშველიებ. მართალია, გეორგ შტალმა მათ სულ თაღლითები ეძახა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები შემატა ქემეიას, უკაცრავად – ალქიმიას, ოჰ, კვლავ ბოდიშს ვიხდი – ქიმიას, და მე მათდამი სიმპათიით ვარ განწყობილი.
კვლავ ალბერ დიდის რჩევებს დავუბრუნდეთ. არ დაიღალოთ, – გვეუბნება ის მეოთხე პუნქტში, – დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანიაო. რომ არ დავიღალოთ, ენერგია გვჭირდება. ჩვენ კი არა, თვით მოლეკულებსაც კი სჭირდებათ ენერგია, რომ ქიმიური რეაქცია დაიწყოს. აი, მაგალითად, რატომ არ ხდება რეაქცია ოთახის ტემპერატურაზე აირად წყალბადსა და ჟანგბადს შორის? ან, მოდი, ასე ვიკითხოთ: ჩვენ ირგვლივ მრავლადაა წვადი ნივთები, ქაღალდი, ტანსაცმელი… ისინი მუდმივად ჟანგბადის არეში არიან, მუდმივად ხდება მოლეკულების დაჯახება, მაგრამ წვა (ქიმიური რეაქცია) არ მიმდინარეობს.
ნივთიერებათა ნაწილაკების ყოველი შეჯახება ქიმიურ რეაქციას არ იწვევს. ნივთიერებები, რომლებიც მხოლოდ ჟანგბადთან კი არ ურთიერთქმედებენ ადვილად, არამედ, საერთოდ, ადვილად ახორციელებენ ქიმიურ გარდაქმნებს, რეაქციის შედეგად სითბოს გამოყოფენ.
სხვადასხვა ნივთიერების ურთიერთქმედების შედეგად სითბოს გამოყოფა ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ რეაქციის დაწყებამდე ეს ნივთიერებები ფარული ფორმით ფლობენ განსაზღვრულ ენერგიას. ენერგიის ეს ფარული ფორმა თავისუფლდება ქიმიური პროცესის დროს და მას ნივთიერების შინაგანი ენერგია ეწოდება.
ენერგიის მუდმივობის კანონიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების დროს ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ნივთიერების შინაგანი ენერგია სითბურ, ელექტრულ ან მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება. შედეგად ეგზოთერმულ რეაქციებს ვიღებთ.
მაშ, ქიმიური რეაქცია როდისღა ხდება? მხოლოდ მაშინ, როდესაც რეაქციისთვის საჭირო ენერგიის მქონე ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება. თუ ჯამური მოლეკულების კინეტიკური ენერგია საკმარისი აღმოჩნდა ძველი ბმების გასაწყვეტად, მოხდება ატომთა გადაჯგუფება და წარმოიქმნება ახალი ნივთიერება. ე.ი. აქტიური მოლეკულები გვჭირდება, მაგრამ როგორ გავააქტიუროთ ისინი?
ტემპერატურის გაზრდით მოლეკულებს დამატებითი ენერგია გადაეცემა, შედეგად აქტიური მოლეკულების რიცხვი გაიზრდება, მათი ეფექტური შეჯახება კი ახალი პროდუქტის წარმოქმნას გამოიწვევს.
მოდი, სახელდახელოდ ჩავატაროთ ორი ცდა. ორ სინჯარაში განზავებული მარილმჟავას ხსნარი ჩავასხათ. პირველს დავამატოთ ინდიკატორი მეთილნარინჯი და თეთრი ფერის მაგნიუმის (II) ოქსიდი. რეაქციის შედეგად წითელი ხსნარი ღია ნარინჯისფერი გახდება, რაც იმას დაადასტურებს, რომ რეაქცია მოხდა და ხსნარში მჟავა უკვე აღარ არის. მეორე სინჯარას ფუძე ოქსიდი – სპილენძის (II) ოქსიდი დავამატოთ. სპილენძი, მაგნიუმივით, ორვალენტიანი მეტალია, მაგრამ მისი ოქსიდი მარილმჟავასთან მხოლოდ გაცხელებით ურთიერთქმედებს.
რისი ბრალია ეს?
სვანტე არენიუსმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის თანახმადაც, რეაქციაში მხოლოდ საკმარისი ენერგიის მქონე აქტიური ნაწილაკები შედიან. ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა ჰქონდეს მოლეკულებს ახალი ნივთიერების წარმოსაქმნელად, აქტივაციის ენერგია ეწოდება (Eაქტ; კჯ/მოლი). ტემპერატურის მომატებისას აქტიურ მოლეკულათა რიცხვი იზრდება, იზრდება რეაქციის სიჩქარეც. ვანტ-ჰოფმა დაადგინა, რომ ჰომოგენური რეაქციებისთვის ტემპერატურის 100C-ით მომატებისას რეაქციის სიჩქარე 2-4-ჯერ იზრდება. მათემატიკურად ვანტ-ჰოფის წესი ასე გამოისახება:
ვანტ-ჰოფის წესი მხოლოდ რეაქციის სიჩქარეზე ტემპერატურის გავლენის საორიენტაციოდ გამოიყენება.
ორგანიზმებს, მათ შორის – ადამიანსაც, აქვთ ენერგიის მარაგი. როგორ? ორგანიზმებში ენერგიის უნივერსალური წყარო ადენოზინტრიფოსფორმჟავაა (ATP), რომელიც თავისუფალ, ბიოლოგიურად აქტიურ ნუკლეოტიდს წარმოადგენს. ATP-დან ფოსფატური ჯგუფების მოხლეჩისას ხდება ენერგიის გამოთავისუფლება, რის ხარჯზეც სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესი მიმდინარეობს. აი, თუნდაც ახლა – ამ წერილს მხოლოდ ATP-ის დახმარებით ვწერ.
ამ ნუკლეოტიდის სინთეზში, თავის მხრივ, მარტივი ნახშირწყალი გლუკოზა მონაწილეობს. გლუკოზის მარაგი ღვიძლშია. უფრო სწორად, ღვიძლშია რთული პოლისაქარიდი გლიკოგენი, რომელსაც ცხოველურ სახამებელსაც უწოდებენ. სწორედ ეს მარაგად გადანახული გლიკოგენი იშლება გლუკოზად, რომლის ერთი მოლეკულა ძალიან გრძელ გზას გაივლის, რათა ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით დაიჟანგოს და უჯრედი 23 მოლეკულა ATP-ით მოამარაგოს.
ღვიძლი მხოლოდ გლუკოზით კი არ ამარაგებს სხვა ორგანოებს, არამედ პასუხისმგებლობასაც იღებს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაზე. თუ საღამოს 8 საათის შემდეგ არაფერს მივირთმევთ, დილით ღვიძლში გლიკოგენის მარაგი აღარ გვექნება. სწორედ ამიტომაა ასე საჭირო საუზმე. ამიტომაც გვასწავლიან, რომ უსაუზმოდ შინიდან არ უნდა გავიდეთ.
გამოდის, რომ ჩვენი “საწვავი” გლუკოზა ყოფილა. სწორედ ის გვამარაგებს ასე აუცილებელი ენერგიით (ენერგიის სინთეზში ცხიმები და ცილებიც მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ნახშირწყლების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა ორგანიზმისთვის ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება).
დაღლილობა იმ საქმემაც იცის, რომლისკენაც ადამიანის სული და გული არ მიუწევს და მხოლოდ მოვალეობის გამო უწევს კეთება.
ასე იყო პარიზში, სადაც ის გადასახადების ამკრეფად მუშაობდა. ოჯახის უფროსი ვაჟი იყო და კლერკად მუშაობის ტრადიციას აგრძელებდა. თავისუფალ დროს მოიხელთებდა თუ არა, ქიმიურ ლაბორატორიაში იკეტებოდა და სასწაულებს ახდენდა. კლერკობის გამო თავი მოჰკვეთეს, დიდი ქიმიკოსობა მხოლოდ მომავალში დაუფასეს. ანტუან ლორან ლავუაზიე…
მთვარიან ღამეს ვიწრო ბილიკს კოჭლობით მიუყვება გაცრეცილქურთუკიანი გამხდარი ყმაწვილი. მაიკო ორბელიანისგან დილით მიღებულ წერილს გულში მერამდენედ იმეორებს. ხომ ხედავ შენი სახლის გარემოებასო, ვერაფრით შეცვლი მძიმე ვითარებასო, ოჯახს არ უნდა უპატრონოო?.. მას იურიდიულ სამსახურში ჩადგომას სთხოვენ, მისი სული კი მთლიანად პოეზიას დაუსაკუთრებია, მაგრამ მოვალეობის გრძნობის გამო უმეტესი დრო სხვა საქმეს უნდა დაუთმოს. ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი…
მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა – ჩემი ქიმიაც მიყვარს, ჩემი სტუდენტებიც და წერაც…
“ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა…” არა, ეს შექსპირის სონეტი იწყება ასე. მე არც დავღლილვარ და არც სიკვდილს ვნატრობ. მე მოძრაობას ვაგრძელებ, რადგან სანამ გზას ვხედავ, უნდა ვიარო!