ორშაბათი, იანვარი 12, 2026
12 იანვარი, ორშაბათი, 2026

გადავარჩინოთ დედამიწა  ნარჩენებისგან

XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად იზრდება ელექტროტექნიკის მოხმარება, რაც პირდაპირ იწვევს შესაბამისი ნარჩენების (e-waste) რაოდენობის ზრდას. აღნიშნული ნარჩენები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების გზით საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემას, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.

პროექტის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსწავლეებს ქიმიის საგნობრივი შინაარსის საფუძველზე გაეაზრებინათ ელექტრო ნარჩენების ქიმიური ბუნება, მათი მავნე ზემოქმედება გარემოსა და ჯანმრთელობაზე და პრაქტიკული ქმედებით ჩართულიყვნენ ეკომეგობრულ საქმიანობაში.

კავშირი ესგ-თან – პროექტი სრულად შეესაბამება ქიმიის საბაზო საფეხურის შინაარსობრივ სტანდარტებს:
ქიმ.საბ.1.4.6.7.8.9.11.12.13, რადგან უზრუნველყოფს:

  • ქიმიური ნივთიერებების გარემოზე ზემოქმედების გააზრებას;
  • უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებას;
  • მეცნიერების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.

პროექტის მიზანი

  • გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების შესწავლა;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან ელექტრო ნარჩენების გამოყოფა, კლასიფიცირება და შეგროვება;
  • ელექტრო ნარჩენების შემადგენლობაში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების გაცნობა;
  • ელექტრო ნარჩენების გარემოში მოხვედრით გამოწვეული ზიანის გააზრება;
  • ეკომეგობრული უნარების განვითარება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება;
  • 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების — თანამშრომლობის, კვლევის, კომუნიკაციის — განვითარება;
  • მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა, განსაკუთრებული აქცენტით მე-13 მიზანზე (კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა).

პროექტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  1. გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები;
  2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების კლასიფიცირება;
  3. ელექტრო ნარჩენების სახეები;
  4. ელექტრო ნარჩენების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი;
  5. ელექტრო ნარჩენების შეგროვება;
  6. ნარჩენების გადამუშავება;
  7. ეკომეგობრული თანამშრომლობა. 

პროექტის განხორციელება

პროექტი განხორციელდა სამ ეტაპად.

I ეტაპი – კვლევა და ინფორმაციის გაზიარება

მოსწავლეებს ინდივიდუალურად გადანაწილებული ჰქონდათ თემები. მათ მოიძიეს, დაამუშავეს და გააზიარეს ინფორმაცია ჯერ კლასში, შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებისთვის.

მოსწავლეებმა ისაუბრეს:

  • გარემოს დაბინძურებაზე როგორც XXI საუკუნის გლობალურ პრობლემაზე;
  • მდგრადი განვითარების მიზნებზე და მე-13 მიზნის მნიშვნელობაზე;
  • საყოფაცხოვრებო და ელექტრო ნარჩენების კლასიფიკაციაზე;
  • ელექტრო ნარჩენების ქიმიურ შემადგენლობაზე და ტოქსიკურ ნივთიერებებზე;
  • ელექტრო ნარჩენებით გამოწვეულ დაავადებებზე;
  • ელექტრონული ნარჩენების დაგროვების სტატისტიკაზე;
  • ელექტრო ნარჩენების სწორად მართვის ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მოქმედ ელექტრონარჩენების გადამამუშავებელ კომპანიას „ვეისთლესი“, რომლის შეგროვების ყუთებიც განთავსებულია ელექტროტექნიკის მსხვილ მაღაზიებში (ალტა, გორგია და სხვ.).

II ეტაპი – პრაქტიკული ქმედება

მოსწავლეებმა ოჯახებში, ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად შეაგროვეს სხვადასხვა სახის ელექტრო ნარჩენები და სასკოლო საზოგადოების წინაშე მოახდინეს მათი დემონსტრირება.

III ეტაპი – თანამშრომლობა და საზოგადოებრივი ჩართულობა

დაიგეგმა შეხვედრა კომპანია „ვეისთლესის“ წარმომადგენელთან. მოსწავლეების მიერ შეგროვებული ნარჩენები დემონსტრაციულად განთავსდა სპეციალურ შემგროვებელ ურნაში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ფართო საზოგადოების წინაშე.

შედეგები

პროექტის შედეგად:

  • მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ელექტრო ნარჩენების ქიმიურ და ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე;
  • ჩამოუყალიბდათ ეკომეგობრული ქცევები;
  • გაიზარდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
  • მოსწავლეები იქცნენ ეკომეგობრული იდეების გამავრცელებლებად სასკოლო და საოჯახო გარემოში;
  • გაძლიერდა თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარები.

შეფასება

SOLO დონე აღწერა (რას აკეთებს მოსწავლე) პროექტთან მიმართებით დაკვირვებადი ინდიკატორები
პრე-სტრუქტურული

1-2

მოსწავლე ვერ უკავშირებს საკითხს გარემოს დაცვას; ინფორმაცია ფრაგმენტულია ან მცდარი • ვერ ასახელებს რა არის ელექტრო ნარჩენი • ვერ განმარტავს მის ზიანს
უნი-სტრუქტურული

3-4

მოსწავლე გამოყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, მაგრამ ვერ ავითარებს • ასახელებს ერთ მაგალითს (მაგ. ძველი ტელეფონი) • აღნიშნავს, რომ „ნარჩენები მავნეა“, განმარტების გარეშე
მულტი-სტრუქტურული

5-6

მოსწავლე აღწერს რამდენიმე ფაქტს, თუმცა კავშირი სუსტია • ჩამოთვლის ელექტრო ნარჩენების ტიპებს • ასახელებს ტოქსიკურ ნივთიერებებს • აღწერს გარემოზე ზემოქმედებას ცალკეული ფაქტებით
მიმართებითი

7-8

მოსწავლე აკავშირებს მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს და აკეთებს დასაბუთებულ დასკვნას • ხსნის როგორ ხვდება ტოქსიკური ნივთიერება ნიადაგში/წყალში • აკავშირებს ელექტრო ნარჩენებს ჯანმრთელობის რისკებთან • ასაბუთებს რატომ არის შეგროვება აუცილებელი
გაფართოებული აბსტრაქტული

9-10

მოსწავლე აზრს ავითარებს, განაზოგადებს და ახალ კონტექსტში გადააქვს • სთავაზობს ეკომეგობრულ ინიციატივას • აკავშირებს საკითხს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანთან • აფასებს საკუთარი მოქალაქეობრივი როლის მნიშვნელობას

 

პროექტმა „გადავარჩინოთ დედამიწა ელექტრო ნარჩენებისგან“ ნათლად აჩვენა, რომ ქიმიის სწავლება შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღების, არამედ ცნობიერი მოქალაქის ჩამოყალიბების ძლიერი ინსტრუმენტი. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით და გრძელდება ყოველდღიური ქმედებებით.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კბილების სამყარო

ძველი ყუთის ამბავი

ბოლო სიახლეები

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“