ოთხშაბათი, მარტი 4, 2026
4 მარტი, ოთხშაბათი, 2026

სინკვეინი – გზა მოსწავლის გონებისაკენ

სინკვეინი როგორც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ტექნიკა ქიმიის გაკვეთილებზე.

„სხვების სწავლებით ჩვენ თვითონ ვსწავლობთ“.

ლუციუს ანეუს სენეკა

ყოველი მასწავლებლის სურვილია, მის გაკვეთილზე არცერთი მოსწავლე არ დარჩეს გულგრილი, მათი არცერთი უნარი არ დარჩეს შეუმჩნეველი, და მაინც, სწავლა ხშირად მოსაწყენ რუტინად იქცევა და არა უსასრულო აღმოჩენებით სავსე პროცესად. როგორ შევუნარჩუნოთ მოსწავლეებს ინტერესი, განურჩევლად თემის სირთულისა? როგორ დავაინტერესოთ და მოვხიბლოთ ისინი? როგორ გავუღვიძოთ თითოეულ მათგანს აზროვნების სურვილი? როგორ დავანახოთ არსი ინფორმაციის მიღმა? სწავლის მიზანი ხომ მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის მიღება კი არა, ანალიზისა და სინთეზის უნარის გამომუშავებაც, აზროვნების უნარის განვითარებაც არის. როგორ მოვახერხოთ, რომ, მაგალითად, ქიმიის გაკვეთილი მხოლოდ ფორმულების დაზეპირების პროცესი კი არ იყოს, არამედ ფიქრი, გაგების სურვილი, მიგნების სიხარული?

სწავლების ეფექტური სტრატეგიების ძიებისას აღმოვაჩინე პედაგოგიურ პრაქტიკაში ნაკლებად გამოყენებული ტექნიკა – სინკვეინი. სინკვეინი ერთგვარი ხუთსტრიქონიანი (ფრანგ. cinquains – ხუთი) ურითმო ლექსია. ჟანრი XX ს. დასაწყისში წარმოიშვა ამერიკაში იაპონური პოეზიის გავლენით. თანდათან სინკვეინის გამოყენება დაიწყეს შემოქმედებითი, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში (სწავლა, მეცნიერება, ბიზნესი და სხვა).

ალბათ, გაიფიქრეთ: რა საერთო აქვს ქიმიას და ხუთსტრიქონიან პოეზიას? როგორ დაგვეხმარება ლიტერატურული ფორმა რთული ქიმიური ცნებების გააზრებაში?

სინკვეინის არსი მარტივია, შინაარსი კი – ღრმა. აქ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ იმას, რას ამბობს მოსწავლე, არამედ იმასაც, როგორ ფიქრობს ის. მოსწავლემ ხუთ სტრიქონში უნდა შეაჯამოს მთელი ინფორმაცია, გააანალიზოს, განაზოგადოს და შეაფასოს საკუთარი სიტყვებით, რაც სწორედ კრიტიკული აზროვნების საფუძველია. სინკვეინი უნივერსალური სასწავლო აქტივობაა და მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საგანში, ნებისმიერი თემის შესწავლისას, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ეს არის ფორმა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, მოკლედ და მოხდენილად გამოხატოს თავისი აზრები და ემოციები.

როგორ ვაქციოთ სინკვეინი ქიმიის გაკვეთილზე აზროვნების ფორმულად, როგორ დავაკავშიროთ მეცნიერება და პოეზია? მიუხედავად მოჩვენებითი სიმარტივისა, სინკვეინის დაწერა არც ისე ადვილია. ამისთვის საჭიროა მასალის საფუძვლიანი ცოდნა, მისი ძირითადი ელემენტების პოვნა-გამოყოფა, დასკვნის გამოტანა, ანალიზი, განზოგადება და შეჯამება.

სინკვეინი დგება შემდეგი სტრუქტურული პრინციპით:

  • I სტრიქონი – ერთი არსებითი სახელი (თემა). დამხმარე კითხვა: ვინ? რა?
  • II სტრიქონი – ორი ზედსართავი სახელი (თემის აღწერა). მოსწავლემ უნდა მოიფიქროს შესასწავლი მოვლენის/ობიექტის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება. დამხმარე კითხვა: როგორი?
  • III სტრიქონი – სამი ზმნა (თემასთან დაკავშირებული მოქმედება). ეს სტრიქონი აღწერს პროცესებს, რომლებიც შესასწავლ მოვლენასთან/ობიექტთან არის დაკავშირებული. დამხმარე კითხვა: რას შვრება ის / რა მოსდის მას?
  • IV სტრიქონი – ოთხსიტყვიანი ფრაზა, რომელიც გამოხატავს დამოკიდებულებას თემის მიმართ (ციტატა, აფორიზმი ან მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად შედგენილი წინადადება). ეს ყველაზე შემოქმედებითი ნაწილია. მოსწავლემ ოთხი სიტყვით უნდა გამოხატოს პირადი დამოკიდებულება მოვლენის/ობიექტის მიმართ ან მოიფიქროს ფრაზა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემს მის არსს. დამხმარე კითხვა: რა არის ამ თემის მთავარი იდეა? რა დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ?
  • V სტრიქონი – ერთი სიტყვა (თემის არსის შეჯამება). ბოლო სიტყვამ უნდა შეაჯამოს და შეკრას მთელი ნამუშევარი. ეს არის თემის არსი.

ამ ტიპის დავალების შესრულებისას მკაცრი წესების დაცვა ყოველთვის არ არის აუცილებელი. შეიძლება, მეოთხე სტრიქონში ოთხზე მეტი ან ნაკლები სიტყვა იყოს, თუ ეს ტექსტის სრულყოფისთვის უცილებელია.

სინკვეინი იდეალურად ჯდება ERR (გამოწვევა, გააზრება, რეფლექსია) მოდელში:

  1. გამოწვევის ფაზაში – წინარე ცოდნის გასააქტიურებლად;
  2. გააზრების ფაზაში – ინფორმაციის ორგანიზებისა და მასალის დახარისხებისთვის;
  3. რეფლექსიის ფაზაში – მასალის შეჯამებისა და საკუთარი ხედვის ფორმულირებისთვის.

გაკვეთილზე  სინკვეინის გამოყენებისას შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს არ ეტყობოდათ დაღლა, ყურადღებით მისმენდნენ და თემაზე იყვნენ კონცენტრირებულები, ხალისობდნენ კიდეც, ჩართულობაც მაღალი იყო, მაგრამ არა თავიდანვე, ამიტომ სწავლების საწყის ეტაპზე სასურველია მუშაობა მთელ კლასთან ერთად ან წყვილებში. დამხმარე „მინიკონსტრუქტორების“ (კითხვები სავარაუდო პასუხებით) გამოყენება მოსწავლეებს უქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ისინი თავად არჩევენ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს, შედეგად კი უკეთ იაზრებენ და იმახსოვრებენ ინფორმაციიას. სინკვეინის მთავარი ძალა მისი სიმარტივე და სტრუქტურაა.

სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიყენოთ სინკვეინის შემდეგი ტიპები:

  1. არასრული სინკვეინის ანალიზი – გამოტოვებული ნაწილის აღსადგენად (მაგალითად, სინკვეინი პირველი სტრიქონის გარეშე);
  2. მზა სინკვეინის გაუმჯობესება/კორექტირება;
  3. გართულებული ვერსია – ორი სინკვეინის შედგენა ერთსა და იმავე თემაზე (მაგალითად, წყალზე: 1. წყალი ატომურ-მოლეკულური მოძღვრების თვალსაზრისით და 2. წყლის ქიმიური თვისებები).

ქიმიის გაკვეთილზე ეს ტექნიკა ხიდს დებს მეცნიერულ ცნებებსა და შემოქმედებით აზროვნებას შორის.

გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების ნიმუშებს:

თემა: პოლიმერები

  1. პოლიმერები
  2. მსუბუქი, გამძლე
  3. იწვის, იშლება, გარდაიქმნება
  4. ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი
  5. მაკრომოლეკულები

(1 სტრიქონი: სინკვეინის თემა – თანამედროვე მასალები/პოლიმერები

II სტრიქონი – ორი ძირითადი თვისება, რომლებიც მის გამოყენებას განსაზღვრავს

III სტრიქონი – ფიზიკურ/ქიმიური პროცესები, რომლებიც დამახასიათებელია პოლიმერებისთვის.

IV სტრიქონი – პოლიმერის მნიშვნელობა

V სტრიქონი – სინონიმი)

 

თემა: ჟანგბადი

  1. ჟანგბადი
  2. მარტივი, აუცილებელი
  3. ჟანგავს, ხელს უწყობს წვას, წარმოქმნის
  4. მის გარეშე სუნთქვა შეუძლებელია
  5. სიცოცხლე

 

ქვემოთ მოცემულია თემა „ქიმია“ ორი განსხვავებული ინტერპრეტაციით:

 

 I მოსწავლე

  1. ქიმია
  2. ფერადი, რთული
  3. ქმნის, ასწავლის, ეხმარება
  4. ჩვენ ვცოცხლობთ ქიმიის სამყაროში
  5. მომავალი

 

II მოსწავლე

  1. ქიმია
  2. შემეცნებითი, აუცილებელი
  3. აერთიანებს, გარდაქმნის, სწავლობს
  4. აღმოჩენების და გარდაქმნების ხელოვნება
  5. გარდასახვა

ეს ნიმუშები ნათლად აჩვენებს, რომ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეები განსხვავებულ აქცენტებს სვამენ: ზოგი პროცესზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგი – მნიშვნელობაზე, ზოგი კი – ემოციურ დამოკიდებულებაზე. სწორედ ეს განსხვავებები გამოკვეთს სინკვეინის როგორც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ტექნიკის საგანმანათლებლო ღირებულებას.

რატომ უნდა გამოვიყენოთ სინკვეინი?

  • ზრდის ინტერესს შესასწავლი მასალის მიმართ.
  • ამდიდრებს ლექსიკას, ავითარებს წარმოსახვით აზროვნებას.
  • ავითარებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას.
  • გამოიყენება დიდი მოცულობის მასალის ანალიზისა და შეჯამებისთვის.
  • სწრაფი ინსტრუმენტია რეფლექსიისთვის.
  • შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს როგორც თამაში ბავშვებთან ერთად, გზაში ან მეგობრების წრეში.
  • გვეხმარება განტვირთვაში, განსაკუთრებით – სტრესულვითარებაში.
  • საუკეთესო ინსტრუმენტია საშინაო დავალებისთვის სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე.

 

საგაკვეთილო პრაქტიკაში სინკვეინის გამოყენებამ დამარწმუნა, რომ სწავლების ეფექტიანობა არ განისაზღვრება მხოლოდ გადაცემული ინფორმაციის მოცულობით. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ამ ინფორმაციის გააზრება, სტრუქტურირება და საკუთარი სიტყვებით ფორმულირება. სინკვეინი სწორედ ამას ემსახურება – ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, მოკლედ გამოხატოს არსი, ერთმანეთს დაუკავშიროს ფაქტი და აზრი, ცოდნა და ემოცია.

ხუთსტრიქონიანი სტრუქტურა არ ზღუდავს მოსწავლეებს, პირიქით, უქმნის უსაფრთხო ჩარჩოს, რომელშიც თითოეული მათგანი ავლენს ინდივიდუალურ ხედვას. ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი განსხვავებული სინკვეინები ნათლად აჩვენებს, რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ერთი და იმავე საგნობრივი მასალის გააზრება. ამ თვალსაზრისით სინკვეინი მთლიანად ეხმიანება შედეგებზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს და ესგ-ით გათვალისწინებულ უნარებს.

სინკვეინი არ არის მხოლოდ შემოქმედებითი დავალება ან ლიტერატურული თამაში. ეს არის აზროვნების ფორმულა, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ზრდის შინაგან მოტივაციას და გარდაქმნის გაკვეთილს აღმოჩენების სივრცედ. თუ მოსწავლეს შევაძლებინებთ საკუთარ ცოდნასთან დიალოგს, ის ერთი პატარა სინკვეინის წყალობით დიდ ნაბიჯს გადადგამს დამოუკიდებელი აზროვნებისკენ. სწორედ ამიტომ მივიჩნევ ამ ტექნიკას არა უბრალო მეთოდად, არამედ მოსწავლის გონებისკენ მიმავალ გზად. ხუთ სტრიქონში მოქცეული არსი ხშირად უფრო მეტს ამბობს მოსწავლის მიერ მასალის გააზრებაზე, ვიდრე მრავალგვერდიანი დაზეპირებული ტექსტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“