ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მე ადამიანი ვარ

ქვის სამტეხლოში ტუსაღები წერაქვებით ებრძვიან უშველებელ ლოდებს, ტეხენ და მზით გადამწვარი, გახრიოკებული მინდვრისკენ ეზიდებიან. ბიჭი თავის ურიკასაც დაატარებს და მოხუცი კაცისასაც, რომელსაც შრომა აღარ შეუძლია, ფიჩხივით აქვს მაჯები.

ცხელა, სუნთქვა ჭირს, თითქოს შრომა არ ეყოფოდათ სასჯელად.

ნახევრად მთვლემარე ზედამხედველი ბიჭის ხშირმა მისვლა-მოსვლამ გამოაფხიზლა და რაღაც იეჭვა: არც შემცდარა – უკან მიდევნებულმა დაინახა, როგორ წამოავლო ბიჭმა ხელი ქვით დატვირთულ ურიკას მოხუცის მაგიერ.

მიათრევდა ბიჭი მოხუცის ურიკას და მონაცრისფრო შავქოჩორა ვირუკელა ახსენდებოდა.

ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაბინდებამდე ატრიალებდა, რათა ჭიდან ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო. ვირუკელაც მასავით ქანცს იწყვეტდა შრომით, მასავით თაყვანდებოდა. მაგრამ ახლა, როცა მოხუცს ეხმარებოდა, ბიჭს თავისი შრომა უნაყოფოდ აღარ ეჩვენებოდა, რადგან მიხმარება მოხუცს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა.

პირისახეგაოფლიანებულმა ზედამხედველმა, რომელსაც მძიმე ხელკეტი ეჭირა ხელში, ბიჭი გააფრთხილა, მოხუცს აღარ მიხმარებოდა, თორემ ცემით ამოხდიდა სულს. ბიჭმა იცოდა, რომ ეს ტყუილუბრალო ტრაბახი არ იყო. ბევრჯერ უნახავს, როგორ შემოჰკვდომიათ ცემაში ზედამხედველებს კატორღელები, მაგრამ რა ექნა? თავის გადარჩენას სხვისი გადარჩენა ერჩივნა.

მეორე დღეს ბიჭს ადევნებულმა ზედამხედველმა დაინახა, საკუთარი ურიკის დაცლის შემდეგ როგორ მოითქვა ბიჭმა სული სულ ერთი წამით და ახლა მოხუცის ურიკას წამოავლო ხელი.

ზედამხედველს ამჯერად აღარ გაუფრთხილებია, გზაზე გადაუდგა და პირდაპირ დასცხო. მთელი ძალით ურტყამდა ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ ხელებზე.

გული რომ იჯერა და ქოშინიც აუვარდა, ნაცემ ბიჭს დაჰყვირა, ახლა გააგრძელე მუშაობაო და თავისი ხელკეტის ძალაში დარწმუნებულმა, მეორე დღეს თვალებს არ დაუჯერა, როცა ბიჭი ისევ მოხუცის ურიკით დაინახა.

ისევ დასცხო, ახლა – უფრო გამეტებით. ბიჭს ეჩვენებოდა, რომ ყველა ძვალი დაემსხვრა. ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა.

ზედამხედველი თავზე დასდგომოდა ბიჭს, ცალკე ბრაზისგან და ცალკე დაღლილობისგან ქოშინებდა. ბიჭს თამბაქოს სიმყრალე ეცა ცხვირში და გონს მოვიდა.

– ვინ ხარ შენ?! გეკითხები, ვინ ხარ შენ–მეთქი?!

ნაცემ ბიჭს ისევ ის საწყალი ვირუკელა გაახსენდა, მასავით დილიდან საღამომდე რომ შრომობდა და ამოიხრიალა:

– ადამიანი ვარ!

 

ამ მოთხრობას „ერთი პასუხის ამბავი“ ჰქვია და მისი ავტორი ზაალ სამადაშვილია, მასწავლებელი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და საყვარელი ბაბუა. ის კვირაობით ბევრისთვის საოცნებო საქმეს აკეთებს: გვერდით მოისვამს ბავშვებს და ზღაპრებს უკითხავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“