ადამიანი ქმნის თავის ბედს, თუ უჩინარი შემოქმედის მიერ ყველაფერი წინასწარ განზრახულია, როლები გადანაწილებულია, როგორც შექსპირი იტყოდა და მხოლოდ ის არის საფიქრალი, როგორ შეასრულებ. ცნობილი თანამედროვე შვეიცარიელი მწერალი პეტერ შტამი რომანში „სამყაროს მშვიდი გულგრილობა“ ცხოვრებას წარმოაჩენს, როგორც ერთგვარ არტისტულ თამაშს, რომლის მონაწილენი ცდილობენ ამ გზით ჩასწვდნენ სიცოცხლის საიდუმლოს, არსებობის აზრსა და მიზანს. რომანის სათაურშივე გამოიტანა მწერალმა მთავარი საფიქრალი, თუ რას წარმოადგენს ადამიანი სამყაროსთვის. თუ ამ პერსპექტივას არ დავივიწყებთ, მაშინ უფრო იოლად გავიკვლევთ გზას საკუთარი თავის შემეცნების გზაზე. სემუელ ბეკეტის სტრიქონებიც, რომლებიც რომანს აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული, მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, როგორ უნდა გასცდეს ადამიანი არსებობის ვიწრო ჩარჩოებს და მარადისობის გადასახედიდან შეაფასოს საკუთარი ცხოვრება, როგორც „დიდი მოძრაობის“ ნაწილი: „გარინდულები ვიწექით, მაგრამ გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, ჩვენც ამ მოძრაობაში ჩავებით“.
ბორხესის აზრით, მსოფლიო ისტორია „წმინდა წერილია“, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ ვშიფრავთ, არამედ ვწერთ კიდევაც და „რომელშიც გვწერენ ჩვენ“. იგი იმოწმებს ფრანგი მწერლისა და მისტიკოსის, ლეონ ბლუას, თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, „ისტორია უზარმაზარი ლიტურგიკული ტექსტია, სადაც იოტებსა და წერტილებს არანაკლები დანიშნულება აქვთ, ვიდრე სტრიქონებსა და თავებს, მაგრამ მნიშვნელობა ერთისაც და მეორისაც ჩვენთვის დაფარულია“. ბლუა ფიქრობს, რომ არცერთმა სულიერმა არ იცის თავისი ჭეშმარიტი სახელი „წუთისოფლის მატიანეში“, ამიტომაც დაასკვნის, რომ „ჩვენ მაგიური წიგნის სტრიქონები ვართ, ან სიტყვები, ან ასოები“.
გვახსენდება რეალური ადამიანები თუ გამოგონილი პერსონაჟები, რომლებიც გაუცხოვდებიან ხოლმე საკუთარი თავისაგან სხვადასხვა გზით, ან გვარ-სახელს იცვლიან, ან საკუთარ სიკვდილს გაითამაშებენ, რათა ჭეშმარიტ „მეს“ მიუახლოვდნენ, გარემოსა თუ საზოგადოების ძალადობით შექმნილი ნიღაბი ჩამოიშორონ და ამგვარად გაიაზრონ საკუთარი ვინაობა, იდენტობა (ლუიჯი პირანდელოს „განსვენებული მატია პასკალი“, მაქს ფრიშის „შტილერი“ და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ და სხვ.).
პეტერ შტამი რომანში ქმნის ერთგვარ ფანტასმაგორიულ ვითარებას, როდესაც გმირი თავისი რომანის პერსონაჟებს ხვდება იმისთვის, რომ ცხოვრების ნახევარგზაზე მისულმა, გაიაზროს და გააცნობიეროს, სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა. რომანი მისივე ცხოვრების ტრანსფორმირებული განზომილებაა, ამიტომაც ქრისტოფი ხვდება იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი ცხოვრების რაობა განსაზღვრეს. ამგვარად, წარსული ჩავლილი კი არ არის, არამედ აწმყოს ცოცხალი ნაწილია. ამის განცდას მთავარი პერსონაჟი იმით აღწევს, რომ მხატვრული სამყაროს ნაწილად აქცევს თავის ცხოვრებას. რეალობა და ილუზია ერთმანეთს ერწყმის. მწერალი ამ გზით პერსონაჟის სულიერ სამყაროში გვამოგზაურებს. მთავარი გმირი მწერალია, რომელიც საკუთარ ცხოვრებას „იკვლევს“ თავისივე ნაწერის საშუალებით. იგი იმდენად იხლართება წარმოსახულსა რეალურს შორის გაბმულ თავისსავე ქსელში, რომ ვეღარ გაურკვევია, თვითონ ორიგინალია თუ ასლი, თუ საკუთარი თავის ორეული.
რომანში საინტერესოდ არის აღწერილი მთავარი გმირის, მწერალ ქრისტოფის შეხვედრა 20 წლის მაგდალენასთან. მისთვის 50 წელი ის ასაკია, როცა უკან უნდა მოიხედოს და შეაფასოს განვლილი გზა, ის მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები, რომლებმაც ის პიროვნებად ჩამოაყალიბა. იგი ქალს პაემანს სასაფლაოზე უნიშნავს და უყვება საკუთარი ცხოვრების თავგადასავალს. ყურადღებას იქცევს შეხვედრის ადგილი, სასაფლაო, სამლოცველო, რომელიც ქრისტეს ამაღლების სახელობისაა; საათი, რომლის აქ დაკიდება სადგურს მოაგონებს ადამიანს. ყოველივე ეს სიმბოლურ-ალეგორიული გააზრებისკენ გვიბიძგებს. სიკვდილ-სიცოცხლის შეყრის ადგილზე შეხვედრა, „საბოლოო გაჩერება“, სახელი მაგდალენა-მარიამ მაგდალინელის ალუზიით, თავიდანვე ქმნის უჩვეულობის განცდას და მკითხველს უცნაურის შესახვედრად დაძაბულ მოლოდინის უჩენს. სიყვარული იქცა ქრისტოფისთვის როგორც შემოქმედების იმპულსად, ასევე მუზის დაკარგვის წყაროდაც. სატრფოსთან მოულოდნელი განშორების ტკივილი რომ შეემსუბუქებინა, ყველაფერი რომანში აღწერა. ამგვარად, რეალური ამბავი ილუზიად გადააქცია. ასე რომ, საკუთარი თავიც პერსონაჟად გარდასახა. იგი ფიქრობს, ხომ არ იყო ეს ყველაფერი უფრო დიდი ილუზიის ნაწილი, რასაც ცხოვრება ჰქვია? სწორედ ამას მივადევნებთ თვალს რომანში, რომელიც სავსეა ამგვარი მისტიკური შეხვედრებითა და „აღმოჩენებით“. აქაც წარმოჩნდება წარმოსახულის, ირაციონალურის, მეტაფიზიკურის მატერიალურზე აღმატებულობის განცდა: „ვიგრძენი წერის დროს, რომ ცოცხალი სამყარო შევქმენი, თუმცა რეალობა უფრო და უფრო ხელიდან მისხლტებოდა. ყოველდღიურობა მომაბეზრებლად და უფერულად მეჩვენებოდა“.
წიგნი იქცა მისთვის საუკეთესო თავშესაფრად, გრძნობდა, თითქოს სიყვარულის დაკარგვის ფასად შეიძინა წარმატება, თითქოს მთელი შემოქმედებითი ენერგია ამ ერთ რომანში ამოწურა, რადგან ვეღარ პოულობდა სტიმულს, ვერც შთაგონებასა და მოტივაციას მეორე რომანის შესაქმნელად. ამიტომ გრძნობდა სულიერ კრიზისს, რომელიც როგორმე უნდა დაეძლია. მის ცხოვრებაში გარდამტეხად იქცა მშობლიურ სოფელში გამართულ პრეზენტაციაზე წასვლა. ქრისტოფი გაორებას გრძნობს, თითქოს პერსონაჟად გადაქცევამ რეალურადაც შეცვალა. იგი თვალ-ყურს მიადევნებს შინაგან სამყაროში მიმდინარე ძვრებს და ეჭვობს: „იქნებ იმიტომ დავიწყე წერა, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი ლანდშაფტი, მისი საიმედოობა აღმედგინა, ადგილი, საიდანაც თავად გამოვიძევე თავი“.
მწერალი კლასიკურ პარადიგმას მიმართავს, რომლის მიხედვითაც, ადამიანი ბავშვობის სამოთხიდან გამოდევნილი, მარტოობისა და ტანჯვისთვის განწირულია. იგი კარგად აღწერს იმ შფოთვას, რომელიც გაუცხოებულ ქრისტოფს ახალგაზრდობის დროინდელ მშობლიურ სანახებთან შეხვედრისას ეუფლება. სოფლის პასტორალური ყოფა, მიწასთან სიახლოვე სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს: „წელიწადის ყოველ დროს თავისებური სუნი ჰქონდა, წვიმის დროს წვიმის სუნი ასფალტზე, ცხელი კუპრის, სველი ფოთლების… თვით თოვლსაც ჰქონდა სუნი, საოცრად ნორჩი, რომლის გემოსაც პირში შევიგრძნობდი“. ღამის სიგრილე, სიმთვრალე იქცევა იმ ბიძგად, რომელიც პერსონაჟს იდუმალ პორტალს გაუხსნის წარსულისკენ. იგი საკუთარ თავს დალანდავს, პორტიეს, რომელიც იმავე სასტუმროში შემოდის. საგულისხმოა, რომ ქრისტოფი იცნობს საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, თუმცა პორტიე მას გულგრილად ჩაუვლის. ბუნებრივია, რაც უკვე მოხდა, იმასთან შეხვედრა შეიძლება. ბიჭისთვის კი ქრისტოფი ის მომავალია, რომლის შესახებაც შეუძლებელია, რამე იცოდეს.
ამ შეხვედრამ საკუთარ წარსულთან შემოქმედებითი კრიზისი დააძლევინა და მან თავის ორეულზე დაიწყო ახალი რომანის წერა. მეორე დეჟავიუ მას მაშინ ჰქონდა, როცა შვეიცარიის მშობლიურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან ლიტერატურულ სემინარზე მიიწვიეს და ისევ საკუთარი თავი დაინახა. ისიც ისევე იწერდა ბლოკნოტში რაღაცებს, როგორც თვითონ. შემდეგ თვალი მიადევნა, როგორ შევიდა იმ სახლში, რომელშიც ახალგაზრდობაში თვითონ ცხოვრობდა. ქრისტოფს საშინელი ეჭვი ეუფლება, ვიღაცის დაწერილ სცენარში როლს ხომ არ ასრულებს? საგულისხმოა, ამ თვალსაზრისით, მსახიობ მაგდალენას გამოცდილებაც, რომელსაც ქრისტოფს უზიარებს: „ხანდახან როლს მე კი არა, როლი მთამაშობს, დამცინის, მასხარად მიგდებს“.
მწერალი დეტექტივისთვის დამახასიათებელი თხრობის ფანდებს იყენებს, რათა გამუდმებით გვეუფლებოდეს გამოცნობის იმედგაცრუება. მაგდალენა, იგივე ლენა, რომელსაც საკუთარ თავთან შეხვედრის ამბავს უყვება, მისი ორეულის, კრისის, შეყვარებულია. გამოდის, რომ ქრისტოფი თავის 20 წლის წინანდელ შეყვარებულს ხვდება.
შეუძლია თუ არა მას წარსულის შეცვლა? ამაზე არაერთი მხატვრული ტექსტია დაწერილი და ფილმია გადაღებული. მაგალითად, ფილმ „დროის მანქანაში“ ეს ფილოსოფიურ კონტექსტშია გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, წარსულს ვერ შეცვლი, რამდენჯერაც გინდა დაბრუნდე უკან, სამაგიეროდ, მომავლის შეცვლა შეგიძლია. ეს ადამიანისთვის სამწუხაროც არის და საბედნიეროც. ქრისტოფი ცდილობს გააანალიზოს, რა იყო შეყვარებულთან დაშორების და, შესაბამისად, მისი ბედნიერების დასრულების მიზეზი? იქნებ ის, რომ რომანში პერსონაჟად გადაქცეულ ქალთან მეტ სიახლოვეს გრძნობდა?
თხრობა თავბრუდამხვევ რიტმს იძენს მაშინ, როდესაც ქრისტოფის დაწყებულ ამბავს, თუ როგორ გაიცნო მაგდალენა მთაში, როგორ დალაშქრა მასთან ერთად მწვერვალი, ქალი აგრძელებს. თუმცა იგი იმასაც ამბობს, რომ ეს ამბავი რომანში აღწერა კრისმა, ამიტომ გაოცებულია, რომ ქრისტოფიც იმასვე უყვება. იგი ქალს ეუბნება, რომ თვითონ დაწერა ეს 20 წლის წინ, რაზეც მაგდალენა ცინიკურად უპასუხებს: „იქნებ ისიც მითხრათ, როგორ დასრულდება მათი ამბავი?“ ძალიან საინტერესოდ ვითარდება თხრობა, როცა წარსულში შეჭრილი ქრისტოფი ყოფილ სატრფოსთან ერთად ისევ აბამს სასიყვარულო კავშირს, მასთან ერთად დასეირნობს და ათას რამეზე საუბრობს. იგი უმხელს კიდევაც ქალს მთავარ საფიქრალს: „სულ მცირე, რამდენიმე საათს მაინც მინდოდა მეცხოვრა ილუზიებში, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და შემეძლო საკუთარი ცხოვრებისთვის სხვა მიმართულება მიმეცა…“.
ამბავს უფრო მეტი ფანტასმაგორიულობა მაშინ ენიჭება, როდესაც ქრისტოფი ფიქრობს: „როცა ლენას უკან მივდევდი, თავში ერთმა აზრმა გამიელვა: „ნეტავი ამ 16 წლის წინ ჩემს მაგდალენასაც თუ აედევნა ვინმე? იქნებ მე ორეული სულაც არ მყავდა და თავად ვტრიალებდი მოჯადოებულივით ცხოვრების დაუსრულებელ წრეში? შევეცადე გამეხსენებინა, რას მიყვებოდა მაშინ მაგდალენა სტოკჰოლმში გატარებულ დღეებზე. ნეტა ვინმე მამაკაცთან ერთად სასაფლაოზე ხომ არ გაისეირნა? თუმცა გამანდობდა კი ამ ყოველივეს?“. მაგდალენას გაოცებას: „გამოდის სამყაროც გამეორებულია? არადა სამყარო ხომ ვერ გამეორდება?“ – ქრისტოფი ასე უპასუხებს: „ეს იმას ჰგავს, თითქოს ერთსა და იმავე სცენარს სხვადასხვა რეჟისორი დგამდეს. სცენები სხვადასხვანაირია, ტექსტებიც კი შეიძლება შეიცვალოს ან შემოკლდეს, მაგრამ მოქმედება ისევ შეუცვლელი რჩება“. ქრისტოფს ეცოდება საკუთარი თავი წარსულში: „რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მთელი მისი ცხოვრება წინასწარ იყო დაგეგმილი, ანუ ჩემ მიერ ნაცხოვრები“.
მკითხველისთვის, ისევე როგორც ქრისტოფისთვის, გასაოცარი ისაა, რომ საკუთარ თავთან შეხვედრა აწმყოში, რეალურ დროში ხდება, ე.ი. ეს განსხვავდება ფანტასტიკური მოგზაურობისაგან დროსა და სივრცეში. გარემო ახალია, დღევანდელი, მაგრამ ადამიანია „იგივე“: „სამყარო შეიცვალა, საუნივერსიტეტო საათების გეგმაც, მატარებლების განრიგიც, მას სულ სხვაგვარი ტანსაცმელი ეცვა, საკომუნიკაციოდ მობილური ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს ცვლიდა“.
ქრისტოფი გაურბის თავის „მეს“, ბარსელონაში ერთ გერმანულენოვან სკოლაში იწყებს მუშაობას, მიდის სრულიად უცნობ ქალაქში იმის რწმენით, რომ ორეულს ვერასოდეს შეხვდება, თუმცა საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. იგი კვლავ ხვდება ორეულს, რომელიც სხვაგვარად ცხოვრობს, ესე იგი, აღარ იმეორებს მის განვლილ გზას, თუმცა, ესეც ილუზიაა. ყურადღებას იქცევს ეპიზოდი, როდესაც ბარში შეშლილსახიანი მოხუცი შემოდის და ქრისტოფს ეტყვის, ყველაფერი უკვე გვიანიაო. მკითხველს განცდა აქვს, რომ იგი თავის მომავალს ხვდება. გამოდის, რომ ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე ერთდროულად არის მომცველი თავისი ყველა ასაკისა.
მკითხველს უფრო დიდ საგონებელში აგდებს და აბნევს ეპიზოდი, როცა ქრისტოფი ორეულს გამოელაპარაკება და ყველაფერს მოუყვება. თვითონ გმირიც ნერვული აშლილობის ზღვარზეა, მისი ფიქრები დრამატულ იერს იძენს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს: „უცბად მივხვდი, რომ მე მხოლოდ მისი სიკვდილი გამათავისუფლებდა, ისევ ჩემს ნამდვილ მე-ს რომ დავბრუნებოდი“. ეს განზრახვა ახალი რომანის დაწერის იდეამ ჩაანაცვლა, რომელშიც სიყვარული და თავისუფლება ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდა. როდესაც მკითხველს ჰგონია, რომ მიუხვდა ავტორს და მოვლენები ერთმანეთს ლოგიკურად დაუკავშირა, მწერალი ისევ ახალ გამოცანებს ქმნის და ამ გზით თხრობას ექსპრესიულობასა და დრამატიზმს მატებს.
მწერალი რომანში მკითხველს მნიშვნელოვან დილემაზე აფიქრებს – სწორია თუ არა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ცხოვრებაში იმპულსურად ვიღებთ? სწორია თუ არა უამრავი მსხვერპლშეწირვა სახელისა, კარიერისა თუ კეთილდღეობისათვის? 50 წლის გადასახედიდან გაიაზრებს ქრისტოფი განვლილ გზას და ფიქრობს, რომ „ლიტერატურის გზა აირჩია“ და ამას შესწირა სხვა დანარჩენი, მათ შორის, სიყვარული. სიმბოლურია ეპიზოდი, როდესაც მაგდალენა ცაზე აახედებს, ტყუპ ვარსკვლავს აჩვენებს და ეტყვის: „იცით მათი ისტორია? ერთი იყო ღვთიური, მეორე – მოკვდავი, მიუხედავად ამისა, განუყრელნი იყვნენ“. ასეთივე განუყრელია ადამიანში ღვთაებრივი და წარმავალი, სული და სხეული. ქრისტოფი ამბობს: „წერა არაა რამის შექმნა, ესაა მიგნება. წერის დროს რას მიაგნებს კაცი, წინასწარ არასოდეს იცი“. ქრისტოფი კვლავ ხვდება კაცს მოხუცთა თავშესაფრიდან: „გზაში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე და ამ მოხუცს რაღაც გვაკავშირებდა, გეგონება, ერთარსებანი ვიყავით, ოთხ ფეხზე მოსიარულე ერთი არსება: ერთდროულად მოხუციც და ახალგაზრდაც, დასასრული და დასაწყისი“.
ამ რომანით, რომელიც მაია მირიანაშვილმა შესანიშნავად თარგმნა, მწერალი მკითხველს ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე დააფიქრებს, სიცოცხლისა და სიკვდილის განუყოფლობას შეახსენებს. მართალია, სამყარო სრულიად მშვიდი გულგრილობით ხვდება ჩვენს არსებობა-არარსებობას, ჩვენს ბედნიერებასა თუ უბედურებას, მაგრამ ადამიანმა აწმყოში უნდა იცხოვროს და სიცოცხლის მშვენიერებით დატკბეს.