სამშაბათი, ივლისი 23, 2024
23 ივლისი, სამშაბათი, 2024

ყავლი

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სოფელში, ბებიასთან სტუმრობა. მიზეზს რა დალევს: ბუმბერაზი მთები, არაგვი, მურყნის ჭალა, იქაური თანატოლები, მთვარიან ღამეებში გვიანობამდე ეზოში ბურთის თამაში… და კიდევ ერთი – კარადებისა და კომოდების უჯრები მეორე სართულის დიდ ოთახში.

ეს ოთახი თითქმის მთელი წელი დაკეტილი იყო, მხოლოდ ზაფხულობით იღებოდა რამდენიმე კვირით ქალაქიდან ასული შვილიშვილებისთვის. იქ რამდენიმე დიდ საწოლთან ერთად უძველესი, მასიური ხის კარადები და კომოდები იდგა. წვიმიან ამინდში თუ ეზოში გასვლის ნებას არ მოგვცემდნენ, გასართობს სწორედ მათ უჯრებში ვპოულობდი. რას აღარ ნახავდით ამ უჯრებში – ძველ, მივიწყებულ, მტვრიან, წლების განმავლობაში ხელუხლებელ, ჟანგ- და ხავსმოკიდებულ, წარწერებგადაშლილ, ისტორიის ფერფლით დაფარულ ნივთებს: მედალიონებს, რატომღაც თუ შემთხვევით გადანახულ პატარ-პატარა ლამაზ ყუთებს, ძველ ბლოკნოტებსა და უბის წიგნაკებს, დიდი ხნის წინ გაჩერებულ მაჯის საათებს, პატეფონის ნემსებს და ვინ მოთვლის, კიდევ რას. მხიბლავდა რატომღაც ეს სიძველეები. ვალაგებდი სათითაოდ, დიდი რუდუნებით და ვცდილობდი გამომეცნო, რა ნივთი იყო. ბევრ მათგანს არათუ დანიშნულება, არამედ სახე, ფორმა და მოგონებაც კი დაჰკარგვოდა… თუ თავსატეხს ვერ ამოვხსნიდი, უფროსებს მივმართავდი დასახმარებლად, მაგრამ ამ ნივთების უმეტესობა მშობელთა მეხსიერებიდანაც ამოშლილიყო…

სიძველეებისადმი ინტერესი დღემდე შემომრჩა… ახლა ძველ ქართულში ვიქექები და მივიწყებულ სიტყვებს დავეძებ. ძველი ტექსტები იმ მტვრიანი კომოდის უჯრებს მაგონებს. რამდენ ისეთ სიტყვას ვაწყდები, რომელთაც დიდი ხანია აღარ ვიყენებთ. ზოგი დანახვისთანავე გვაგონებს თავს, ზოგს ისე მოჰკიდებია ხავსი და ჟანგი, რომ ხეირიანად ვერც კი ვიხსენებთ, რას ნიშნავს და რაში ვიყენებდით, ზოგი კი ისე გამოფშუტულა, რომ ვეღარ ვცნობთ…

სიტყვაა „ყავლიც” ერთი მათგანია – როგორც ჩანს, „ყავლსაც” გაუვიდა ყავლი.

ჟამთასვლის შორეული მწვერვალებიდან მონაბერ სიოს სიცივე და ფერფლი მოაქვს, რომელიც ისტორიის მტვერში მარხავს ყველაფერს – იმპერიებსა და სახელმწიფოებს, პირამიდებსა და მდაბიოთა სადგომებს, მეფეებსა და გლახაკებს, ურმებსა და კოსმოსურ ხომალდებს, სიტყვებსა და ენებს, ტრადიციებსა და ზნეობის კოდექსებს, თვით კერპებსა და ღმერთებსაც კი… გამონაკლისები არც მოლეკულები არიან…

ინსექტიციდ DDT-ს, რომლის სისტემური დასახელება უფრო გრძელი სიტყვა: 1,1,1-ტრიქლორ-2,2-დი(პ-ქლორფენილ)ეთანი, – ხალხში დუსტის სახელით იცნობენ (მტვრისმაგვარმა ფხვნილმა ეს ფსევდონიმი სიტყვა „dust” -ისგან მიიღო).

DDT პირველად ოტმარ ცაიდლერმა მიიღო ჯერ კიდევ 1873 წელს თეთრი უსუნო კრისტალების სახით, თუმცა მან ნახევარ საუკუნეზე მეტი დაყო უფუნქციოდ თაროზე შემოდებულმა. მხოლოდ 1939 წელს შეამჩნია შვეიცარიელმა ქიმიკოსმა პოლ მიულერმა, რომ მას ინსექტიციდური თვისება ჰქონდა. ეს აღმოჩენა 1948 წელს ნობელის პრემიით აღინიშნა, რომელიც მედიცინის (!) დარგში გაიცა და ნობელიანტს დიპლომში ჩაუწერეს: „ძლიერ ეფექტური კონტაქტური შხამის DDT-ს აღმოჩენისთვის”.

რით დაიმსახურა „შხამმა” ასეთი ყურადღება? საინტერესოა ისიც, რომ ქიმიკოსმა მედიცინის დარგში პოვა საერთაშორისო აღიარება!

DDT წარმოადგენს უაღრესად ეფექტურ ინსექტიციდს, რომლის მიღება ტექნოლოგიური სიიაფის წყალობით ძალიან ადვილია: ქლორბენზოლის კონდენსაციით ქლორალთან გოგირდმჟავას თანაობისას. იგი მომაკვდინებლად მოქმედებს და მწერებს, ტილებს და ხოჭოებს ნერვულ სისტემას უზიანებს. ამასთანავე, ამას იმდენად მცირე კონცენტრაციის პირობებში ახერხებს, რომ ეს რაოდენობა თბილსისხლიანებისთვის (მათ შორის – ადამიანებისთვისაც) უვნებელია. მაგრამ, ცხადია, მარტო ამ თვისებების გამო მედიკოსთა ყურადღებას ვერ მიიპყრობდა. საქმე ის არის, რომ:

* 1944 წლის იანვარში DDT-მ ნეაპოლში ტიფის ეპიდემიის აღკვეთა მოახერხა. 1.3 მილიონ კაცს ეპკურა მისი 15 გრამი მტვერი (5%-იანი შემცველობით) და არც ერთ მათგანზე მავნე ეფექტი არ მოუხდენია. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ დუსტი უვნებელი იყო ადამიანისთვის. ნეაპოლში მიღწეული გამარჯვების შემდეგ მისმა არტილერიამ გადაინაცვლა ეგვიპტეში, მექსიკაში, კოლუმბიაში, გვატემალაში და ყველგან ტრიუმფალურ თაღქვეშ გაიარა.

* 1965 წელს ინდოეთში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა მალარიით, მაშინ როდესაც 1948 წელს მან 3 მილიონი კაცი იმსხვერპლა. DDT-ს მოლეკულების პატრულირებამ 5 მილიონზე მეტი სიცოცხლე იხსნა.

* 1938 წელს საბერძნეთში მალარიით დაავადებულთა ნუსხა მილიონამდე კაცს ითვლიდა, ხოლო 1959 წელს მათი რიცხვი 1200-მდე შემცირდა და ა. შ.

და ამ შედეგებმა მისი როლი სოფლის მეურნეობაში, მოსავლიანობის  ზრდის კუთხით, შესამჩნევად დაჩრდილა.

მიუხედავად ამისა, დღეს DDT-ს გამოყენება აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანაში კი კანონით ისჯება! მიზეზი? ყავლი გაუვიდა. თავისი კერკეტკაკლობა არცთუ სასიკეთოდ წაადგა. აღმოჩნდა, რომ მისი მოლეკულები გარემო ფაქტორების გავლენით არ იშლებიან და ცოცხალ ორგანიზმებში შეუძლიათ დაგროვება. განსაკუთრებით ფრინველებმა ვერ იგუეს – კვერცხში მოხვედრილი ემბრიონსაც კლავდა.

ამიტომაც შემოსწყრა კაცობრიობა, მისი შემცვლელი იპოვა და DDT იმავე თაროზე დააბრუნა, საიდანაც ცოტა ხნის წინ ჩამოიღო….

…საბჭოთა სკოლა ერთ დროს უძლიერესად მიიჩნეოდა, მაგრამ მისი პროდუქტი – განსწავლული ადამიანი – გეგმური ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის იყო ვარგისი. მასაც გაუვიდა ყავლი, რადგან საბაზრო ეკონომიკას სხვაგვარი განათლება სჭირდება…

P.S. რამდენიმე ათეული წელი შევალიე ქიმიას. არცთუ ცოტა რამის შესწავლა მომიწია… მაგრამ მხოლოდ ერთი წლის წინ ვისწავლე, როგორ გამომეყენებინა ეს ცოდნა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“