სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სასკოლო მზაობის დილემა – „ნახე, სკოლაში რომ მიხვალ, რამდენი გეცოდინება“

„ლოკდაუნის დროს სახლში გამოკეტილებს რა უნდა გვეკეთებინა, ავდექი და წერა-კითხვა ვასწავლე“.

ჩემი შვილის მეგობრის დედა

 

„ბაღში სკოლის მზაობის ტესტი ჩაგვიტარეს, ყველაფრისთვის მზად ვარ, მარტო თასმის შეკვრა არ ვიცოდი.

ჩემი 6 წლის შვილი

სკოლისთვის მზად ყოფნა, საზოგადოებაში მიღებული აზრის თანახმად, გულისხმობს, რომ ბავშვმა იცის წერა-კითხვა, ანგარიში და შეუძლია ლექსების დაზეპირება. ითვლება, რომ თუ ბავშვი ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს, მას სკოლაში სწავლა აღარ გაუჭირდება.

ვფიქრობ, თუ ბავშვი თავადაც იჩენს ინტერესს წერა-კითხვის, ანგარიშისა თუ ლექსების მიმართ, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ხშირად მშობლები ვცოდავთ და ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე ვაღწევთ „შედეგს“.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს ფეხსაცმლის ზონარის შეკვრა, ყოველთვის, როდესაც ბავშვებისთვის ფეხსაცმელს ვყიდულობდი, „ფხრიწიანს“ ვარჩევდი, რომ მისთვისაც კომფორტული ყოფილიყო და არც ბაღის მასწავლებელი შეწუხებულიყო მისი გახდა-ჩაცმით. თანაც იშვიათად გაეხსნებოდა. რა თქმა უნდა, ჯობდა, მისთვის თასმის შეკვრა მესწავლებინა…

სკოლისთვის მომზადება ბევრი ისეთი საგულისხმო უნარის სწავლებასაც გულისხმობს, რომლებიც ბავშვს უფრო დამოუკიდებელს გახდის და თავდაჯერებას შემატებს. ასეთი უნარი ბევრია, ფეხსაცმლის ზონარის შეკვრით დაწყებული, პირადი ჰიგიენით და თავის მოვლით დამთავრებული. ის, რაც მშობლებს მეორეხარისხოვანი გვგონია, ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ხოლმე იმისთვის, რომ ბავშვი მუდმივად უფროსების დახმარების იმედად არ იყოს.

 

როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, რას ველით მისგან?

ახლა, როცა ჩემი გოგონას სკოლაში წასვლის დრო მოდის, უფრო მეტი ყურადღებით ვაკვირდები, რამდენად არის მზად ამისთვის, რამდენად მეგობრულია უცხო გარემოს მიმართ, როგორ გრძნობს თავს სოციუმში, როგორ იწყებს ახალ ურთიერთობებს და როგორია ეს ურთიერთობები.

ვაკვირდები, რა შეუძლია, რამდენად მიზანდასახულია, რა აინტერესებს და შეუძლია თუ არა, ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად საჭირო ძალისხმევა გაიღოს.

ვაკვირდები, შეუძლია თუ არა ამბის სრულყოფილად გადმოცემა, საკუთარ განცდებზე საუბარი და მათი სახელდება.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბავშვის წახალისება, რათა საკუთარ განცდებზე ისაუბროს. ორივე მხარეს – მშობელსაც და შვილსაც – გაუადვილდება ერთმანეთის გრძნობების გააზრება და გაზიარება.

რა სურს? რისი კეთება მოსწონს ყველაზე მეტად? რის მიმართ ამჟღავნებს განსაკუთრებულ ინტერესს? მშობელი უნდა იცნობდეს შვილის მისწრაფებებს და პატივს სცემდეს მათ.

როგორ იღებს წარუმატებლობას, რამდენად შეუძლია იმედგაცრუებასთან გამკლავება? თუ მარცხს მეტისმეტად მტკივნეულად აღიქვამს, ამის გადალახვაში უნდა დავეხმაროთ.

როგორი თვითშეფასება აქვს, როგორ აღიქვამს საკუთარ შესაძლებლობებს, სჯერა თუ არა თავისი რესურსების და იყენებს თუ არა ამ რესურსებს საჭიროების შემთხვევაში?

რამდენად მეგობრულია? უჭირს ახალი ურთიერთობების წამოწყება თუ, პირიქით, ადვილად უმეგობრდება თანატოლებს და ხალისით წარმართავს კომუნიკაციას? თუ ვამჩნევთ, რომ დამეგობრება უჭირს, მორცხვობს თანატოლებთან, ამ ბარიერის გარღვევაში დავეხმაროთ.

შეუძლია თუ არა, ჩასწვდეს სხვის განცდებს, ამოიცნოს სხვისი წუხილი, გაიგოს სხვისი ემოციური მდგომარეობა და თანაუგრძნოს მას?

Როგორ აღიქვამს საკუთარ პიროვნებას, როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარი თავის შესახებ, მოსწონს თუ არა ის?

სკოლისთვის ბავშვის მომზადება კომპლექსური, მაგრამ ერთიანი პროცესია და მისი დანაწევრება შეუძლებელია. სწორედ ამას გულისხმობს ბავშვის ჰოლისტური განვითარება. ამ დროს ბავშვს არა მარტო მიმატება-გამოკლებას და წერა-კითხვას ვასწავლით, არამედ პოზიტიური გამოცდილების მიღების შანსსაც ვაძლევთ და ვეხმარებით, ბოლომდე გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“