კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ზღაპართერაპია და წიგნების გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე

გარდა იმისა, რომ წიგნებით ტკბობა და სიამოვნების მიღება შეგვიძლია, ამბები გვიტაცებს და გვითრევს, წარმოსახვას ვძაბავთ; სხვადასხვა სამყაროს, ქვეყანას, პლანეტას ვსტუმრობთ; სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრებას ვადევნებთ თვალს; მათ პრობლემებს განვიცდით, წიგნები სხვა, კიდევ უფრო ღრმა გავლენასაც ახდენენ ჩვენზე. ისინი ხშირად გვცვლიან, გვიცვლიან შეხედულებებს, ინტერესებს, მსოფლმხედველობას, ღირებულებებს – ანუ ყოველივე იმას, რისგანაც შედგება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალიზმი, იმას, რითაც ჩვენ „ჩვენ“ ვართ და არა სხვა, და ჩვენი „მეს“ განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ეკისრებათ. თუკი ზრდასრულ ადამიანზე წიგნების გავლენა ამ მასშტაბისაა, წარმოიდგინეთ, როგორი გავლენა შეუძლიათ იქონიონ ბავშვებსა და მოზარდებზე, როდესაც მათი ცნობიერი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და მყიფეა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ პიროვნული იდენტობა გათვითცნობიერებული, საკუთარ შეხედულებებსა და ღირებულებებში არცთუ ისე დარწმუნებული და თვითდაჯერებული არიან. ამ კუთხით წიგნები შეიძლება სახიფათონიც კი აღმოჩნდნენ, ან პირიქით – უზარმაზარი სიკეთე გაუწიონ მათ და გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც გადაალახვინონ. ზღაპართერაპია ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სპეციალურად შედგენილი ან შერჩეული ზღაპრების მეშვეობით ეხმარება ბავშვებს პრობლემების დაძლევასა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. წიგნების გავლენასა და ზღაპართერაპიაზე გვესაუბრება ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – დავით ანდღულაძე.

 

ფსიქოლოგის აზრით, ახდენს თუ არა გავლენას წიგნები ბავშვებსა და მოზარდებზე?

 

დიახ, წიგნები მეტ-ნაკლებად ყველა ასაკის ადამიანზე ახდენენ გავლენას. წიგნის გავლენის ხარისხი დამოკიდებულია ადამიანის აღქმის უნარზე. თუ ხანდაზმულ ასაკში ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მკვეთრად დაქვეითებულია, ამ შემთხვევაში მასზე ნაკლებ გავლენას მოახდენს წიგნი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახით ინფორმაცია. იგივე შეიძლება ითქვას მცირეასაკოვან ბავშვებზე. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ბავშვები ინტენსიურად ვითარდებიან და სწორედ ინფორმაციის მიღების ინტენსივობაზეა დამოკიდებული მათი განვითარების ტემპი. ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვისთვის წიგნების კითხვაა.

 

როგორი შეიძლება იყოს ეს გავლენა?

 

წიგნის გავლენაზე თუ აქამდე მხოლოდ დადებით კონტექსტში ვსაუბრობდი და განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროდ განვიხილავდი, იგივე შეიძლება ითქვას მასთან დაკავშირებულ უარყოფით შედეგებზეც. ზოგ შემთხვევაში წიგნის, ისევე როგორც ზეპირად მეტყველი ადამიანის გავლენა მეორე ადამიანზე შესაძლოა იყოს არა მარტო უსარგებლო, არამედ უარყოფითიც. თუ ადამიანს მიეწოდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც მასში იწვევს მძიმე სტრესულ რეაქციას და ვერ ახერხებს ამ ინფორმაციის მავნე გავლენის განეიტრალებას, მაშინ ეს გავლენა უარყოფით შედეგს მოიტანს.

 

ახდენენ თუ არა წიგნები გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, ხედვის, გემოვნების, ქცევების ჩამოყალიბებაზე?

 

როგორც წესი, ყოველი წიგნი სხვადასხვა ხარისხით ახდენს მოზარდზე/ბავშვზე ზეგავლენას, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე გემოვნებისა და ქცევების ჩამოყალიბების კუთხით. ბავშვებს აქვთ ძლიერი სურვილი, მაქსიმალურად მიბაძონ ზღაპრის თუ მოთხრობის იმ გმირებს, რომელთანაც საკუთარ თავს აკავშირებენ. ამის გამო ბავშვები ცდილობენ ისევე მოიქცნენ, როგორც მათი გმირები იქცევიან, იზიარებენ მათ მსოფლმხედველობასა და გემოვნებას.

 

განსაზღვრავენ თუ არა ისინი მათ მომავალ არჩევანს? იწვევენ ფობიებს, ან იხსნიან დეპრესიისგან?

 

ხშირ შემთხვევაში წიგნი მრავალ სხვადასხვა საკითხში არჩევნის განმსაზღვრელია. გარდა ამისა, წიგნებს შეუძლიათ, როგორც ფობიების წარმოქმნა ან მათი წარმოქმნისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა, ასევე ამავე ფობიებისა თუ დეპრესიული განწყობებისგან გათავისუფლებაც.

 

რას გვეტყვით ზღაპართერაპიაზე?

 

ზღაპართერაპია არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად ზღაპარს იყენებს. აღნიშნული პრაქტიკის დროს, როგორც წესი, საგანგებოდ შედგენილი ზღაპარი გამოიყენება. ნებისმიერი ზღაპარი არ არის თერაპიული ეფექტის მქონე, ისევე, როგორც ნებისმიერ საუბარს არ აქვს ფსიქოთერაპიული შედეგი. გარდა ფსიქოთერაპიული მიზნისა, ზოგი საუბრის მიზანი მეტ-ნაკლებად საჭირო ინფორმაციის გაზიარებაა, ზოგი სრულიად არასაჭირო ინფორმაციის მატარებელია, ზოგი საუბარი კი მავნე გავლენას ახდენს ადამიანზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ზღაპარზეც.

თერაპიულ ზღაპარს ავტორი საგანგებოდ ქმნის კონკრეტული პრობლემის დასაძლევად შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, იმ წესების გათვალისწინებით, რომლებიც ყოველთვის უნდა იყოს დაცული თერაპიული ზღაპრის შედგენისას. ერთი პრობლემის დასაძლევად შეიძლება მრავალი სხვადასხვა ზღაპარი შეიქმნას, მაგრამ გარდა მიზნისა, მათ აუცილებლად უნდა აერთიანებდეთ სტრუქტურა, რაც ჩამოყალიბებულია ზღაპართერაპიის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების მოცემულ ეტაპზე და რომლის ათვისება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თავის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით იქნება ეს, თუ ოჯახში, საკუთარ შვილებთან.

ზღაპართერაპიას, როგორც თერაპიულ მეთოდს, სწავლობენ და ეფექტურად იყენებენ როგორც ფსიქოლოგები, ისე პედაგოგები, აღმზრდელები, ძიძები, მშობლები და სხვა. ამ მეთოდოლოგიის ცოდნა იცავს ზღაპრის ავტორს შედგენისას (ან შერჩევისას) მოსალოდნელი შეცდომებისგან, ხოლო მათ მოსწავლეებს, პაციენტებს (კლიენტებს) თუ შვილებს უნებლიე მავნე გავლენისგან, რაც შეიძლება არასწორად შედგენილმა (ან შერჩეულმა) ზღაპარმა მოახდინოს.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბავშვებისთვის, როგორც სკოლამდელ ასაკში, ისე სკოლის დაწყებით კლასებში, თერაპიული ზღაპრის უფრო ფართო გამოყენების უდიდესი მნიშვნელობა როგორც ფსიქოკორექციული, ისე პრევენციის მიზნით. ასევე უმნიშვნელოვანესია ზღაპრის როლი აღზრდის, ღირებულებების ფორმირების საქმეში.

დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ზღაპართერაპია განსაკუთრებულად ეფექტური მიდგომაა ბავშვებთან მუშაობის დროს და აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ამ მეთოდს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა ტრენინგების ორგანიზება, სადაც პირველ ეტაპზე ჩამოგვყავს სანკტ-პეტერბურგელი ზღაპართერაპევტი, რამდენიმე წიგნის ავტორი, სანკტ-პეტერბურგის ზღაპართერაპიის სახელოსნოს ხელმძღვანელი, რომელიც ათდღიანი ინტენსიური კურსის საშუალებით (80 საათი) საქართველოში მოამზადებს ზღაპართერაპევტთა გარკვეულ რაოდენობას. ასევე ხელშეკრულება გავაფორმეთ ევროპის ზღაპართერაპიის ასოციაციის წარმომადგენლებთან. ისინი მეორე ეტაპზე ჩამოვლენ და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით რვა თვის განმავლობაში მოამზადებენ სპეციალისტებს.

მესამე ეტაპზე კი, წინა ორ ეტაპზე მომზადებული სპეციალისტების საშუალებით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელზე საუბრისგანაც ამჯერად თავს შევიკავებ.

 

რას გვეტყვით ქართულ ხალხურ ზღაპრებზე? ზოგიერთი ფსიქოლოგის მოსაზრებით ისინი ბავშვებისთვის საშიშ ელემენტებს შეიცავენ. იქ ძალიან ბევრი ჰორორი და სისხლია, როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ბავშვი?

 

ქართული ხალხური ზღაპრების დიდ ნაწილში მართლაც დიდი დოზით არის ძალადობა, რაც შესაძლოა მრავალი ბავშვის ოპტიმალური ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.

საერთოდ, ხალხურ ზღაპრებში ამ დოზით ძალადობის არსებობას თავისი საფუძვლები აქვს და ასევე დადებითი მხარეც, არსებობს გარკვეული საჭიროებებიც იმისა, რომ ბავშვმა ეს ზღაპრები უცვლელი სახით მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს ბევრი ფსიქოლოგი, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია კონკრეტული ბავშვის განვითარების თავისებურება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ყველა ბავშვს ისევე არ უნდა მიეწოდოს ყოველი ხალხური ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვს არ უნდა მოეთხოვოს ნაპირზე გამოცურვა მას შემდეგ, რაც ღრმა წყალში ჩააგდებენ. ცხადია, რომ ყველა ბავშვი ვერ მოახერხებს წარმატებით გამოცურვას ან არსებული შიშის დაძლევას. ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა და ინდივიდის თავისებურებების გათვალისწინება სჭირდება.

 

ფსიქოლოგის აზრით, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა თუ პედაგოგმა, როდესაც ბავშვს, მოზარდს წიგნს ურჩევს?

 

მშობელმა და პედაგოგმა ბავშვისთვის წიგნის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, მისი პირადი ინტერესები, ემოციური მდგრადობის ხარისხი და სხვა მახასიათებლები. კარგი იქნება, თუ წიგნის შერჩევაში ბავშვიც მიიღებს გარკვეული ფორმით მონაწილეობას.

 

არის საბავშვო წიგნები, რომელთა გმირებიც მკვეთრად გამოხატულ ხასიათს ატარებენ, მაგალითად პეპი, ემილი, ტომი და სხვ. ხშირად ისინი იმდენად საინტერესოი არიან ბავშვებისთვის, რომ მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, ბაძავენ, ემსგავსებიან რამდენად საშიში ან სასურველი შეიძლება იყოს ეს ტენდენცია? შესაძლებელია თუ არა ამ ხერხით, დავეხმაროთ კომპლექსების დაძლევაში, რომ მიიღოს საკუთარი განსხვავებულობა, ან დააფასოსსხვისი?

 

დიახ, გმირების მიბაძვა ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში. სწორედ ამ მექანიზმს იყენებს თერაპიული მიზნით შექმნილი ზღაპარი. როგორც წესი, გმირები დადებითი და სასურველი ქცევებით, აზროვნებითა თუ პიროვნული თავისებურებებით გამოირჩევიან და მათი მიბაძვა სასურველი და სასარგებლოა ბავშვებისთვის.

გმირის მიბაძვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საშიში ან არასასურველი, როცა საქმე ეხება სახიფათო, სარისკო ქცევებს. შეიძლება გავიხსენოთ არა მარტო ბავშვებში, არამედ საკმაოდ დიდი ასაკის მქონე ახალგაზრდებში მასობრივი მოტეხილობები და სხვა მძიმე ფიზიკური ტრავმები კინოფილმ „ტარზანის“ ჩვენების შემდეგ. კინოფილმის გავლენის ქვეშ მოქცეული ახალგაზრდები ცდილობდნენ ტოტიდან ტოტზე დაკიდებით გადახტომას, ფილმის გმირის მიბაძვას, რაც ხშირ შემთხვევაში კრახით სრულდებოდა. იგივეა მოსალოდნელი ზღაპართან დაკავშირებითაც. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება და გონიერება მოეთხოვება როგორც ზღაპრის ავტორს, ისე იმ ადამიანს, რომელიც ბავშვისთვის სასარგებლო ზღაპარს არჩევს.

ზღაპარს მრავალი თერაპიული ეფექტი აქვს. მათ შორის საკუთარი ან სხვისი განსხვავებულობის მიღება, თანაგრძნობის სწავლა, კომპლექსების დაძლევა და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ სწორად შერჩეული ზღაპრის საშუალებით მნიშვნელოვნად ჩქარდება ბავშვის ღირებულებების ფორმირებისა და პიროვნული ზრდის პროცესი.

 

როგორც ფსიქოლოგი, როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად როგორი წიგნები იზიდავთ ბავშვებს/მოზარდებს?

 

ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით საკმაოდ ფართოა მოსაწონ წიგნთა სპექტრი. თუ სკოლამდელ ასაკში მთავარია წიგნის ვიზუალური მხარე, ანუ წიგნი უნდა იყოს ფერადი და უხვად ილუსტრირებული, მოგვიანებით ასაკში ინტერესი იზრდება შინაარსობრივი მხარის მიმართ. რაც შეეხება თავად შინაარსს, პატარა ასაკში უფრო ზღაპრული, ფანტასტიკური სიუჟეტები ხიბლავთ, გმირობის, რაინდობის მაგალითებით, სადაც გმირი ამარცხებს ბოროტებას და ყველაფერი ბედნიერად მთავრდება. მოგვიანებით იზრდება ინტერესი სათავგადასავლო ჟანრის მიმართ. ოდნავ მოგვიანებით კი ჩნდება დეტექტივისა და სხვა ჟანრების მიმართ ინტერესი.

 

რას ფიქრობთ, გარდა განათლებისა, კიდევ რა განსხვავებაა იმ ბავშვებსა და მოზარდებს შორის, რომლებიც კითხულობენ და რომლებიც არ კითხულობენ?

 

თუ ვადარებთ ისეთ ბავშვებს, რომლებიც თავიანთი ხასიათით, უნარებით, სოციალიზაციის ხარისხით, გარემო პირობებითა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებით ერთნაირი არიან და მხოლოდ წიგნის მიმართ დამოკიდებულებით განსხვავდებიან, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ნაკითხი ბავშვების უპირატესობაა მათი სითამამე, საზრიანობა, შემოქმედებითობა, გამოცდილების მეტი ხარისხი (რაც კითხვის დროს ავტორთა თუ პერსონაჟთა გამოცდილების გაზიარების შედეგია), სტრესგამძლეობა, გარემოში უკეთ ორიენტირება, უკეთესი კომუნიკაციის უნარი, თავდაჯერებულობა და სხვა.

 

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წიგნს შეცვალოს მათი ცხოვრების სტილი ან ინტერესების სფერო?

 

წიგნის გავლენა გარდაუვალია. შეუძლებელია, რომ ადამიანმა წიგნების საშუალებით გაიგოს ბევრი ახალი რამე და ამან არანაირი გავლენა არ მოახდინოს მასზე. ადამიანზე გავლენას ახდენს ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაცია. წიგნის გავლენა კი შედარებით მეტად არის გამოხატული, რადგან წიგნის კითხვისას ადამიანის ყურადღება უფრო მეტად არის მიმართული საკითხავისკენ, უფრო აქტიურად მუშაობს მისი წარმოსახვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კითხვისას, განსხვავებით ფილმის ყურებისგან ან აუდიოჩანაწერის მოსმენისგან, მკითხველს საშუალება ეძლევა, აირჩიოს მისთვის ოპტიმალური სიჩქარე, ინტენსივობა. მკითხველს ნებისმიერ დროს შეუძლია შეყოვნდეს, ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ საკითხს, დაუბრუნდეს რამდენიმე წუთის წინ წაკითხულს, შეჩერდეს და დაუკავშიროს ახლახან წაკითხული და აღქმული თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მოახდინოს მომავლის მოდელირება, წარმოსახვა და სხვა. მსგავსი პროცესები ფილმის ნახვის დროსაც გარდაუვალია, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს სერიოზული ტექნიკური შეზღუდვა თავსმოხვეული რიტმის სახით. ფილმის მაყურებელი ან აუდიოჩანაწერის მსმენელი ვერ ჩამორჩება მოცემულ რიტმს, მკითხველი კი ამ შეზღუდვისგან თავისუფალია და ამიტომ წიგნის გავლენაც უფრო მეტია.

მაღალი ღირებულების მქონე ნაწარმოების კითხვის დროს ადამიანი მუდმივად იზრდება, იცვლება, რაც ბუნებრივად განაპირობებს ინტერესთა სფეროს გაფართოებას და შესაძლოა ცვლილებებსაც. იგივე ცვლილებები მოსალოდნელია ცხოვრების სტილთან (წესთან) მიმართებაშიც.

 

შეუძლია თუ არა წიგნს იმოქმედოს პროფესიის არჩევაზე?

 

დიახ. ამის მაგალითად საკუთარი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ. ბავშვობიდან ბევრ ზღაპარს თუ მოთხრობას უმოქმედია ჩემი მომავალი ცხოვრების შესახებ ოცნების ფორმირებაზე. ხან ჯონ ჰანტერის მსგავსად აფრიკაში ლომებზე და მარტორქებზე ნადირობას ვუკავშირებდი ჩემს მომავალს, ხან დედამიწის გარშემო მოგზაურად წარმომედგინა თავი და ხანაც ასტრონომად, თუმცა იყო წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩემი პროფესიული არჩევნის განსაზღრვაში – ეს გახლდათ ლეონიდ ვასილიევის სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი „ადამიანის ფსიქიკის იდუმალი მოვლენები“. წიგნი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოფელში, ბიძაჩემის ბიბლიოთეკაში, სადაც ზაფხულში ვისვენებდი. ამ დროს 12 წლის ვიყავი და იოლი წარმოსადგენია რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ამ ასაკის ბავშვზე თუნდაც ის ილუსტრაციები, რომლებიც ამ წიგნში უხვად იყო. აქ ნაჩვენები იყო ცხოველთა და ადამიანის დაჰიპნოზების სხვადასხვა სცენა, მაგალითად, სკამებს შორის ფიცარივით გადებული ადამიანი, რომელზეც მეორე ადამიანი იყო შემდგარი; აღწერილი იყო ჰიპნოზური შთაგონებით ღრმა დამწვრობის წარმოქმნის მექანიზმი; იყო ტელეპათიასთან (აზრების შორ მანძილზე წაკითხვა, აღქმა) დაკავშირებული ცდები და თეორიები, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიდნენ ამ ფენომენს. განხილული იყო ძილისა და სიზმრის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური საფუძვლები. ამ და კიდევ სხვა ბევრმა საინტერესო საკითხმა ღრმა კვალი დატოვა ჩემზე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეებიდან დავინტერესდი ფსიქოლოგიით. თუკი თავდაპირველად ჩემი ასაკის გამო მთავარი ინტერესის საგანი ფსიქოლოგიაში  იმ განსაკუთრებული ცოდნის და გამოცდილების მიღება იყო, რომელიც მსგავს „სასწაულებს“ გამაკეთებინებდა, სულ მალე უკვე ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხით – ადამიანით დავინტერესდი. მალე დაიკარგა ძალაუფლებისა და ადამიანებზე ზეგავლენის ხიბლი, რამაც ადგილი დაუთმო გაცილებით მეტს – ადამიანის თანაგრძნობას, მათი ტკივილისა თუ სიხარულის შეცნობას, წვდომას, გაზიარებას, საჭიროების შემთხვევაში თანადგომისა და დახმარების ძლიერ სურვილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი