ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ექიმთა სახეები მსოფლიო ლიტერატურაში

„ექიმი ყოველთვის ბრძოლის ველზეა, ჯერ ერთი, მუდამ ადამიანის ტანში შესაპარად მომზადებულ სენს ებრძვის. აქეთ კიდევ, გასაპარად მომზადებულ ჯანმრთელობას სდარაჯობს.“

მორის დრიუონი

 

სანამ ექიმებზე ახალი ნაწარმოებები დაიწერება, მსოფლიო ლიტერატურის არსებულ ნიმუშებს გადავავლოთ თვალი. საინტერესოა, რომელი ექიმი რატომ იქცა ამა თუ იმ მწერლის შთაგონების წყაროდ, როგორი თვისებები აღმოჩნდა პრიორიტეტული მოთხრობებსა თუ რომანებში წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, უკვე არაერთი პერსონაჟი ექიმი გაგახსენდათ წაკითხული წიგნებიდან. ჩვენი სიები შესაძლოა ერთმანეთს დაემთხვეს ან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს – ექიმები მხატვრულ ლიტერატურაში ხომ უამრავია. მე მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ როგორც ქართული, ასევე უცხოური  წიგნებიდან.  

 

ზურიკელას ექიმი

 

ამ ქვეყნად ყველაზე მხიარული ექიმი ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მეგულება. გახსოვთ ალბათ, ყანის გასათოხნად ზურიკელას სკოლა რომ აქვს გასაცდენი. ავადმყოფობის ცნობის მოსაპოვებლად ერთი საათით ლოგინში ჩაწოლა და ექიმის მოტყუება მოუწევს. ილიკო, ილარიონი და ოლღა საგანგებოდ გაამზადებენ: დილიდან აშიმშილებენ, ავადმყოფის ფერი რომ დაედოს და თავს პირსახოცით გაუკრავნ. ზურიკელასა და ექიმს შორის გამართული კვიმატი დიალოგიც მინდა შეგახსენოთ:

 

  • რა გჭირს, ბიჭო?
  • ვკვდები, ექიმო.
  • რა გტკივა?
  • ყველაფერი.
  • თმა გტკივა?
  • კი.

 

სიტუაციის გასამძაფრებლად საუბარში ილარიონიც ერევა და ამტკიცებს, რომ „ბაღანას ჭამის მადა აქვს დაკარგული… ამას წინათ ერთი კეცი ჭადი და სამი საინი ლობიოს მეტი ლუკმა არ ჩაუდია პირში… წინათ ყველსაც აყოლებდა და ახლა ერთი ლუკმაც ვერ გადავაცდინეო.“ ილიკო კი საფეთქელთან საჩვენებელ თითს იტრიალებს და ექიმს ანიშნებს, ვერ არის კარგად ზურიკელაო.

საბოლოოდ ავადმყოფობის ცნობისა რა გითხრათ, ჯანმრთელობას კი გულითადად უსურვებს ექიმი თავის პაციენტს და სწორედ იმ არყით ადღეგრძელებს, ოლღა ბებიას დანიშნულებით საფეთქლების დასაზელად რომ იყო გადანახული.

 

 ნუნუ ექიმი

 

ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ყველაზე ფერადი და სიცოცხლით სავსე პერსონაჟი, ყოველ დღე წამლები რომ დააქვს ციხის საკნებში – ნუნუ ექიმია. „შეყოფს ხოლმე კარის ჭრილში თავის პუდრმოყრილ, ლამაზ, აპრეხილ ცხვირს, უსაშველოდ წითელი პომადით მოთხუპნულ ტუჩებს, უზარმაზარ წამწამებს ააფახულებს, ოცდათორმეტივე, მარგალიტივით ჩაწიკწიკებულ კბილს გამოაჩენს და ნარნარი ხმით კითხულობს: – ბოროტმოქმედებო, რამე ხომ არ გტკივათ?..“ და რომ უპასუხონ, ფეხში ეკალი შეგვერჭოო, მაინც ლუმინალს სთავაზობს.

 

  • რაო, რას გაჩუმებულხართ, არაფერი არ გტკივათ?
  • თავი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • კბილი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • კუჭი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • გული, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი
  • ყელი, ნუნუ ექიმო!
  • ბაწარი! – პასუხობს და მაინც ლუმინალს აძლევს.

 

ნუნუ ექიმი „ზოგისთვის დედა იყო, ზოგისთვის – და, ზოგისთვის – შვილი, ზოგისთვის – დეიდა, მამიდა, საყვარელი, მეგობარი, მოწყალების და და უბრალოდ ვნებისმომგვრელი  დედაკაცი.“ ამიტომ მისი ყოველი ვიზიტი პატიმრებისთვის გაზაფხულის მოსვლას ჰგავდა, ზვავივით აწყდებოდნენ კარებს.

და რადგან ვნებები ვახსენეთ, ის თავიც გავიხსენოთ, „ტანო, ტატანო“ რომ ჰქვია და პატიმარი დედვდარიანი (იგივე ლიმონა) ბესიკის ლექსის ფონზე ამაღელვებელ პერფორმანსს მართავს. შუა საკანში, სკამზე მდგარი, სპეტაკ ხალათში გამოწყობილი, მხარზე წითელჯვრიან ჩანთაგადაკიდებული ნუნუ ექიმი კი აცრემლებულ-მოჯადოებული უსმენს…

 

ექიმი იაკობი

 

ექიმი იაკობი რეზო გაბრიაძის საშობაო მოთხრობის („ექიმი და ავადმყოფი“) გმირია: „ბებერი კაცი, შესახედავად ვიდნი, ზორბა, სწორ ცხვირზე მძიმე სათვალე რომ ედო საიმედოდ.“ ქუთაისში ყველას ძალიან უყვარს და ეიმედება. ბატონი რეზო ქუთაისში „საქმის დიდი მცოდნე ორი ექიმის, უსპეტაკესი ადამიანების (გიორგი ლორთქიფანიძისა და გიორგი გელოავნის)“ მეზობლად ცხოვრობდა და ყოველთვის აინტერესებდა ექიმთა საზოგადოება. ეს ნოველა სწორედ თავისი ბავშვობისდროინდელ ექიმებს, მათ უანგარო, კეთილშობილურ მოღვაწეობას მიუძღვნა.

სადაცაა შობა გათენდება, ექვსის ნახევარია, უკვე ღამესავით ბნელა, ექიმ იაკობს კი ოთხი გამოძახება წინ აქვს: „ორი არაუშავს გამოძახებაა, სკოლამდელები, აქვე, თეთრხიდსგადაღმა (ტემპერატურა 38,5), ერთიც უხსენებელში, ბაკისუბანში და ერთიც მთლად გადასაკარგავში…“ თუმცა ჯადოსნური ღამე დამატებით სიურპრიზსაც უმზადებს – ყველაფერს რომ მოითავებს, ჩიტო ГК-49-54 მიადგება თავისი „პაბედით.“

ჩიტო ГК-49-54, წარმოსახვითი მანქანით რომ დაიარება ქუთაისსა და მის შემოგარენში, სათაურში მოხსენიებული ავადმყოფი გახლავთ. თავის დროზე მართალია ბევრი უმკურნალეს: „ვის არ უჩვებნეს: თბილისში პროფესორს, ხარკოვში და მენჯში მკითხავს, კურდღლის ფრჩხილიც ჩაუკერეს პიჯაკში, როლანდას თმაც გამოიტანეს საპარიკმახეროდან და რიონს გააყოლეს მთვარიან ღამეს. არაფერმა არ უშველა. მაინც დარბოდა უთენიიდან გვიან ღამემდე.“

ექიმისა და ავადმყოფის ფეხაწყობილი ურთიერთობა ცრემლიან-ღიმილიან აბზაცებში მჟღავნდება. ვკითხულობთ და ზოგჯერ ჩვენც გულუბრყვილოდ ვუმატებთ ორმოებზე ხტუნვას, ხან კი ექიმი იაკობივით ვღიზიანდებით: „გადარეულს როგორ ავყევი, როგორ ჩავუჯექი მანქანაშიო!“ და ეს სიტყვა „ჩაუჯექი“ რამ გვათქმევინაო, – კდევ უფრო ვაბრაზობთ და ვხარხარებთ.

 

ექიმი ფრანკენშტაინი

 

XIX საუკუნის ბრიტანელი მწერლის, მერი შელის რომანი „ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ გამოქვეყნებიდან დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ექიმი ფრანკენშტაინი და მისი ქმნილება უნიკალური წყვილია, არაერთი ადაპტირებული წიგნის, სპექტაკლისა თუ ფილმის გმირად რომ ქცეულა.

ექიმი ფრანკენშტაინი უსულო მატრიისგან ცოცხალი არსების შექმნას განიზრახავს და მიაღწევს კიდეც სასურველ მიზანს. მოავლენს არსებას, რომელიც არა მხოლოდ მკითხველს, მის შემქმნელსაც შიშის ზარს ჰგვრის. ამ საზარელი ქმნილების აწყობა-შეკოწიწებისა თუ გაცოცხლების მეთოდები წიგნში არ გახლავთ აღწერილი. ავტორი მეცნიერულ სიზუსტეებს თავს არიდებს იმ მიზეზით, რომ „თავად ფრანკენშტაინს არ სურდა საიდუმლოს გამხელა, რათა მისი შეცდომა არავის აღარ დაეშვა.“ მერი შელის შემოქმედების მკვლევარები კი მიიჩნევენ, რომ გასაიდუმლოების მიზეზი სამედიცინო თუ მეცნიერულ საკითხებში მწერლის არაკომპეტენტურობა იყოო.

ექიმი ფრანკენშტაინის სამზარეულოს პიკანტური დეტალები და საყოველთაოდ ცნობილი მეთოდები კი (სხეულის ნაწილების გადაკერება და გვამის ელვის ნაკადით გაცოცხლება) კინემატოგრაფების ფანტაზიის შედეგი გახლავთ.

 

ექიმი ვატსონი

 

შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერილი მოთხრობების მთავარი გმირი, შერლოკის საუკეთესო მეგობარი და ბიოგრაფი ექიმი ვატსონი გახლავთ. არტურ კონან დოილის  ზოგიერთ დეტექტივში ის მთხრობელადაც გვევლინება.

ერთერთი ვერსიის მიხედვით ექიმი ვატსონის პროტოტიპად თავად არტურ კონან დოილია მიჩნეული. ოჯახური ტრადიციის თანახმად, დოილი ხელოვნების რომელიმე სფეროს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ მან ექიმის კარიერა აირჩია და ოფთალმოლოგი გახდა. ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს მან გაიცნო ექიმი ჯოზეფ ბელი (შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპი), ვის ასისტენტადაც კლინიკაში მუშაობდა.

კეთილმა, მგრძნობიარე და ალღოიანმა ექიმმა ვატსონმა იმთავითვე დადებითი შთაბეჭდილება მოხდინა მკითხველზე. გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის უზადო მცოდნეა, მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულიც გამოარჩევს, სასარგებლო რჩევებს აძლევს სახელგანთქმულ გამომძიებელს და რამდენჯერმე სიკვდილისგანაც კი იხსნის მას. ექიმ ვატსონთან ერთად ყავის მირთმევა, ფილოსოფოსობა და ჭადრაკის თამაში საუკეთესო თავშესაქცევია შერლოკ ჰოლმსისთვის.

ექიმი ჰანიბალი

 

ექიმი ჰანიბალი თომას ჰარისის რომანების („წითელი დრაკონი,“ „კრავთა დუმილი,“ „ჰანიბალი,“ „ჰანიბალის აღზევება“) პერსონაჟია. ჰარისის წიგნებში და მათ მიხედვით გადაღებულ ფილმებში ექიმი ლექტორი უაღრესად კულტურულ, განათლებულ და ინტელექტუალურ გმირად წარმოგვიდგება. სამედიცინო წრეებში საკმაოდ ცნობილი და აღიარებული ფსიქიატრია, თუმცა ნიღბის მიღმა კანიბალიზმის სენით შეპყრობილი სერიული მკვლელი და სოციოპათი იმალება.

 

აბრაამ ვან ჰელსინგი.

 

ზემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟებს ექსცენტრიკულობაში არც ბრემ სტოკერის რომანის  „დრაკულას“ გმირი ჩამორჩება. აბრაამ ვან ჰელსინგი ექიმი მეტაფიზიკოსი, ფილოსოფოსი და ოკულტისტი გახლავთ. იგი რომანის მთავარი გმირის, ლუსი ვესტენრას გამოსაკვლევად ამსტერდამიდან პრენსილვანიაში მიემგზავრება. საგანგებოდ იწვევნ როგორც „იდუმალებით მოცული დაავადებების საუკეთესო მცოდნეს.“ სწორედ ჰელსინგი  მიხვდება, რომ ლუსის დაავადების მიზეზი ვამპირის ნაკბენია და ძალისხმევას არ იშურებს ახალგაზრდა ქალის სულისა და სხეულის გადასარჩენად.

ექიმ აბრაამ ვან ჰელსინგის მთავარი იარაღები ვამპირების წინააღმდეგ ბრძოლაში ინტელექტთან ერთად ჯვარცმა, ნაკურთხი წყალი და ვერხვის შუბია.

 

ექიმი ჟივაგო

 

ბორის პასტერნაკის  შემოქმედებაში „ექიმი ჟივაგო“ პროზაულ შედევრად გახლავთ აღიარებული. თუმცა საბჭოთა ცენზურამ წიგნი ნეგატიურად შეაფასა და მისი დაბეჭდვა აკრძალა (რმეთუ ავტორს „არ გააჩნდა ერთგვაროვანი პოზიცია 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციასთან დაკავშირებით“). სამაგიეროდ, ანტისაბჭოური რომანი უყურადღებოდ არ დატოვეს ევროპაში და 1958 წელს პასტერნაკს ნობელის პრემია მიანიჭეს. საბჭოთა ხელისუფლებამ ხრუშოვის მეთაურობით პასტერნაკს უარი ათქმევინა პრემიაზე. კუთვნილი დიპლომი და მედალი 1989 წელს ბორის პასტერნაკის შვილს, ევგენი პასტერნაკს გადაეცა.

რომანის მთავარი გმირი იური ჟივაგო პროფესიონალი ექიმი და ამავდროულად ნიჭიერი პოეტიც გახლავთ. მისი არაორდინალურობა ახალგაზრდობიდანვე თვალშისაცემია. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნის აზრით, ავტორმა რომანში საკუთარი ცხოვრება აღწერა, ოღონდ რეალური კი არა – საოცნებო.

 

ექიმი სენწაამლია

 

მორის დრიუონის სიტყვებით დავიწყე და მისივე ნაწარმოებით დავასრულებ. გამოგონილი ექიმი სენწამლია „მწვანეთითება ტისტუში“ ერთერთი გამორჩეული პერსონაჟია. მისი აზრით, „მედიცინას არაფერი შეუძლია თუ ადამიანის გულში სევდა ჩაჰბუდებია.“ ამიტომ „ადამიანებს კარგად რომ უმკურნალო, ძალიან უნდა გიყვარდეს ისინი.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“