ორშაბათი, ივნისი 8, 2026
8 ივნისი, ორშაბათი, 2026

არდადეგები – დასვენება თუ აკადემიური მარათონი

სასწავლო წელი მთავრდება, ახლოვდება  არდადეგები და მშობლების უმრავლესობას უჩნდება კითხვები:
როგორ შევინარჩუნო ბავშვების ცოდნა ზაფხულის განმავლობაში?
 როგორ დავეხმარო შვილს?
 რა სახის დავალებებით დავტვირთო, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული აკადემიური უნარებით წარსდგეს მასწავლებლებისა თუ თანაკლასელების წინაშე?
მშობლები, რომლებიც ასე ფიქრობენ, დამატებით ეძებენ მასწავლებლებს, საზაფხულო სკოლებს და ასევე, მათი შვილის/შვილების მოქმედ მასწავლებლებს სთხოვენ დავალებებით დატვირთულ ზაფხულს.
 სინამდვილეში, ეს არის ზაფხულის მთავარი დანიშნულება?
სამუშაო ფურცლები თუ თავისუფალი შემეცნება – ჩემი მასწავლებლობის მრავალი წლის გამოცდილება მაჩვენებს, რომ საუკეთესო შედეგსდიდი რაოდენობით სამუშაო ფურცლები და რვეულებში უწყვეტი წერა  ყოველთვის არ იძლევა. ბავშვებისთვის (და მასწავლებლებისთვისაც) ზაფხული, უპირველესად, დასვენების, ძალების აღდგენისა და ახალი გამოცდილებების მიღების დროა.
  აქტივობა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ზაფხულში სასწავლო პროცესთან კავშირის შენარჩუნება,  არის კითხვა. საინტერესო, ასაკის შესაბამისი წიგნები ავითარებს აზროვნებას, მეტყველებას, წარმოსახვასა და ცნობისმოყვარეობას. თუმცა, კითხვა უნდა იყოს სიამოვნება და არა ვალდებულება. კითხვასაც აქვს თავისი „წესები“ – ძალდატანებითი კითხვა ბავშვის ფსიქო-ემოციურ ფონზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
კითხვის სიყვარული, ცნობისმოყვარეობა და შემეცნების სურვილი არ ყალიბდება მხოლოდ მერხთან ჯდომით. მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი:
  • თამაშობს და აქტიურად მოძრაობს;
  • აკვირდება ბუნებას და სვამს კითხვებს;
  • აღმოაჩენს ახალ ადგილებსა და ურთიერთობს ადამიანებთან;
  • კითხულობს მისთვის საინტერესო წიგნებს.
დღეს, როდესაც ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  ზაფხულში მეტი დრო გაატარონ ეზოში, ბუნებაში, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. სირბილი, თამაში, ველოსიპედით სეირნობა, ლაშქრობა, ცხოველებსა და მცენარეებზე დაკვირვება მხოლოდ გართობა არ არის — ეს არის სწავლა ცხოვრებისგან. სწორედ ასეთი გამოცდილებები ავითარებს აზროვნებას, ფანტაზიას, შემოქმედებითობასა და დამოუკიდებლობას.
მითი და რეალობა: როგორ ვამზადებთ ბავშვს სკოლისთვის
ხშირად გვგონია, – რაც უფრო მეტ დავალებას მივცემთ ბავშვს, მით უკეთესად მოემზადება ახალი სასწავლო წლისთვის.  სინამდვილეში კი კარგად დასვენებული, ბედნიერი ბავშვი (და მასწავლებელიც) სექტემბერში გაცილებით მეტი ენერგიით, ინტერესითა და  მოტივაციით ბრუნდება სკოლაში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბოლო წლებში  დამკვიდრებული დამოკიდებულება პირველ კლასში შემსვლელ მოსწავლეთა წინასასკოლო მზაობასთან დაკავშირებით. ბევრი მშობელი მთელ ზაფხულს ბავშვის აკადემიურ მომზადებას ახმარს, რაც გარკვეულ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
რა გვგონია სწორი?
სინამდვილეში, რა მოეთხოვება ბავშვს?
პირველკლასელმა წინასწარ უნდა იცოდეს წერა-კითხვა და მათემატიკა.
არცერთი სკოლა არ ითხოვს წინასწარ აკადემიურ ცოდნას; პირველი კლასის სტანდარტი სწორედ ამ ცოდნის ნულიდან შეძენას ითვალისწინებს.
საზაფხულო სკოლა და ბანაკი სტანდარტული გაკვეთილების გაგრძელებაა.
ბანაკებისა და საკვირაო სკოლების მიზანია ბავშვის განვითარება თამაშით, შემეცნების გზით და არა მათემატიკისა თუ ინგლისურის დამატებითი მეცადინეობებით.
პირველკლასელის რეალური საჭიროებები: აკადემიური უნარები VS საბაზისო უნარები
იმის ნაცვლად, რომ ბავშვს პირველი კლასის პროგრამა წინასწარ შევასწავლოთ, უპრიანია, ვიზრუნოთ იმ ფუნქციურ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც მას სასკოლო გარემოში ადაპტაციისთვის ჰაერივით დასჭირდება.
პირველკლასელის საბაზისო უნარების მატრიცა
უნარების კატეგორია
კონკრეტული ჩვევები და თვითმომსახურება
საკლასო ქცევა და ორგანიზება
სკამზე ჯდომის კულტურა და ყურადღების კონცენტრაცია.
ჩანთიდან წიგნების დამოუკიდებლად ამოლაგება-ჩალაგება.
 საკუთარი სასკოლო ნივთების მოვლა-მოწესრიგება.
ფიზიკური დამოუკიდებლობა
 ქურთუკის დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა.
 ელვა-შესაკრავის გახსნა და შეკვრა.
ფეხსაცმლის თასმის შეკვრა.
ჰიგიენა და პირადი სივრცე
 საპირფარეშოში დამოუკიდებლად გასვლა.
საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელის სწორად დაბანა.
საუკეთესო საზაფხულო დავალება
ზაფხულის მთავარი ხიბლი თავისუფლებაშია — ირბინო, ითამაშო, იოცნებო, აღმოაჩინო და შეიმეცნო სამყარო საკუთარი გამოცდილებით. სწორედ ამ დროს ივსება ბავშვი  ემოციებით, შთაბეჭდილებებითა და ენერგიით, რომელიც აუცილებელია წარმატებული სწავლისთვის.
ამიტომ, თუ მკითხავენ, რა არის საუკეთესო საზაფხულო დავალება მოსწავლისთვის, ჩემი პასუხი მარტივი იქნება: „იკითხე. უყურე საბავშვო ფილმებსა და ანიმაციებს. ითამაშე. იმოძრავე. აღმოაჩინე. იოცნებე. დააგროვე მოგონებები. დატკბი ბავშვობით.“
მშობლებო, მასწავლებლებო, მიეცით შვილებსა და მოსწავლეებს საშუალება, ბუნებრივად შეიმეცნონ სამყარო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“