საშინაო დავალება ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია სასკოლო ცხოვრებაში – განსაკუთრებით არდადეგებზე. ნაწილი მას აუცილებელ აქტივობად მიიჩნევს, ნაწილი კი ბავშვის დასვენების უფლებას უსვამს ხაზს. თუმცა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მთავარი: რას ემსახურება დავალება და რა ხდება მას შემდეგ, რაც მოსწავლე მას ასრულებს?
რეალური პედაგოგიური პრაქტიკა აჩვენებს, რომ საშინაო დავალება თავის საგანმანათლებლო ღირებულებას მაშინ კარგავს, როცა მას არ მოჰყვება გააზრებული უკუკავშირი. დაუფასებელი შრომა მოსწავლეში იწვევს გულგრილობას, შფოთს და სწავლაზე უარყოფით დამოკიდებულებას. ამ სტატიაში წარმოდგენილია მასწავლებლის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება მცირე, ზომიერი დავალებები და გულწრფელი კომენტარები იქცეს მოსწავლის მოტივაციის, ემოციური კეთილდღეობისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების წყაროდ.
რატომ რჩება საშინაო დავალება დღემდე საკამათო თემად?
სასკოლო ცხოვრებაში არდადეგებსა და მოკლე უქმე დღეებში საშინაო დავალების მიცემა კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მასწავლებლებისა და მშობლების ერთი ნაწილი თვლის, რომ ზაფხული და უქმეები დამსახურებული დასვენებაა როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყოველდღიური რუტინა დისციპლინას აყალიბებს და მის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.
რას აწყდებიან ოჯახები საშინაო დავალებების შესრულების დროს?
ოჯახებში ხშირია კამათი საშინაო დავალებების ირგვლივ. არაერთხელ მომმართავენ მშობლები და ახლობლები დახმარების თხოვნით, როცა დავალების შესრულება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს რეალობა კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დავფიქრდეთ – რამდენად პროფესიულად და გააზრებულად ვარჩევთ დავალებებს. სასკოლო სახელმძღვანელო თავად გვაძლევს მინიშნებას: მასში არის როგორც კლასში დასამუშავებელი მასალა, რომელიც განხილვასა და მსჯელობას მოითხოვს, ისე სახლში შესასრულებელი სავარჯიშოები, რომელთა დამოუკიდებლად შესრულება მოსწავლეს რეალურად შეუძლია.
რატომ იზრდება შფოთი დავალებასთან მიმართებაში განსაკუთრებით არდადეგებზე?
უქმეებსა და ზაფხულის არდადეგებზე საშინაო დავალებების შესრულებას თან ახლავს შფოთი და ღელვა, მაშინ როცა ორივე მხარეს დასვენება, გართობა და ფიზიკური აქტივობა სჭირდება. ამ დროს ხშირად გვესმის არგუმენტები:
– „ისედაც ბევრი დრო აქვთ“
– „კომპიუტერთან ჯდომას წეროს ჯობია“
– „რაც იცის, ისიც დაავიწყდება“
ამ მიდგომებს მოჰყვება ბავშვის ხშირად სრულიად სამართლიანი პროტესტი:
– „რატომ დავწერო, მაინც არ მიმოწმებს“.
ვინ ასრულებს რეალურად საშინაო დავალებას?
მოსწავლეების ერთი ნაწილი დავალებას დამოუკიდებლად ასრულებს, მეორე ნაწილი კი მშობლების, რეპეტიტორების ან ოჯახის წევრის დახმარებას ეყრდნობა. ხშირია შემთხვევა, როცა დავალებას საერთოდ უფროსები წერენ ბავშვის ნაცვლად. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ვის ემსახურება ეს პროცესი?
რა არის საშინაო დავალების ნამდვილი მიზანი?
საშინაო დავალებას, როგორც ყველაფერს, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისი მთავარი დანიშნულებაა გაკვეთილზე ახსნილი და დამუშავებული მასალის განმტკიცებაა. თუმცა აქ გადამწყვეტია ზომიერება. მაგალითად, მათემატიკაში ათი მაგალითის ნაცვლად ხუთიც საკმარისია იმის გასაგებად, რამდენად გაიგო მოსწავლემ მასალა. ამით ერთდროულად ვამსუბუქებთ სტრესს და ვუყალიბებთ დადებით დამოკიდებულებას საშინაო დავალების მიმართ.
როგორი უნდა იყოს შემოქმედებითი დავალება ჰუმანიტარულ საგნებში?
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ვცდილობ, დავალება იყოს თავისუფლების სივრცე. არასდროს ვაძლევ კითხვებზე წერილობით პასუხს – ეს მოძველებული პრაქტიკაა. კითხვებს კლასში ვამუშავებთ, ხოლო დავალებად ვაძლევთ ტექსტის გაგრძელებას, დასასრულის შეცვლას, ილუსტრაციის ან კომიქსის შექმნას, როლურ კითხვას. ასეთ დავალებებში მოსწავლე აზროვნებს, ფანტაზიორობს და სწავლობს სიამოვნებით.
როგორ ვგეგმავ საშინაო დავალების მოცულობას?
ყოველთვის ვითვალისწინებ სხვა საგნების მასწავლებლების დავალებებსა და მოსწავლეების სკოლისგარე აქტივობებს. ჩემი მიზანია დავალება იყოს მცირე, რეალისტური და მოსწავლემ შეძლოს მისი დამოუკიდებლად და მოკლე დროში შესრულება.
რატომ კარგავს დავალება აზრს უკუკავშირის გარეშე?
უკუკავშირის გარეშე დავალება კარგავს ფუნქციას და მოსწავლე მოტივაციას. „ყოჩაღი“ და ე.წ. „ვარსკვლავი“ ვერასდროს იქნება სრულფასოვანი უკუკავშირი. წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ სიტყვას ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს. უარი ვთქვი წითელ კალამზე, შემდეგ – ნიშნებზე და გადავედი გულწრფელ, პოზიტივით გაჯერებულ კომენტარებზე.
როგორ ცვლის მასწავლებლის კომენტარი მოსწავლის დამოკიდებულებას სწავლაზე?
დავიწყე კვირის შემაჯამებელი კომენტარების წერა, სადაც აკადემიურ მიღწევებთან ერთად ქცევაზეც ვამახვილებდი ყურადღებას. თითოეულ კომენტარს ვიწყებდი მოსწავლის სახელითა და მადლობით. შენიშვნები გადმომქონდა სიფრთხილით, ისე, რომ მოსწავლეს ჩემი მხარდაჭერა ეგრძნო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მთელი კლასი მოუთმენლად ელოდებოდა უკუკავშირს. სწორედ აქ დავრწმუნდი, რომ კომენტარს აქვს დიდი ძალა.
ავიწყდება თუ არა მოსწავლეს ნასწავლი არდადეგებზე?
მტკიცება, თითქოს მოსწავლეს ნასწავლი ავიწყდება, მითია. ოცდაათწლიანი გამოცდილება მაჩვენებს, რომ განსაკუთრებით არ ავიწყდება ის, რაც კეთებითაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ სჭირდება ახალ სასწავლო წელს მხოლოდ მცირე დრო განვლილი მასალის გასახსენებლად.
რა არის ჩემი არჩევანი, როგორც მასწავლებლის?
მე ვირჩევ მოსწავლის ნათელ მხარეს – მის ჯანსაღ ფსიქიკას, ემოციურ უსაფრთხოებასა და სწავლისგან მიღებულ სიხარულს. ვემიჯნები ყველაფერს, რაც სტრესს იწვევს. ჩვენი მთავარი ამოსავალი ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი მოსწავლეა. სწორედ ამისთვის ვშრომობთ ყოველდღე.
საშინაო დავალება საშუალებაა, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მას თან ახლავს უკუკავშირი. მასწავლებლის სიტყვას აქვს ძალა: შეუძლია გააძლიეროს მოსწავლე, გაუღვიძოს ინტერესი, შეუმსუბუქოს შფოთი და შეცდომა განვითარების შესაძლებლობად აქციოს.
ზომიერად დაგეგმილი დავალებები, არჩევანზე დაფუძნებული აქტივობები და სითბოთი მიწოდებული კომენტარები ქმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლე არ სწავლობს შიშით, არამედ ინტერესით. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის მთავარი არჩევანი ყოველთვის უნდა იყოს მოსწავლის ნათელი მხარე – მისი ემოციური ჯანმრთელობა, შინაგანი მოტივაცია და სწავლისგან მიღებული სიხარული.
უკუკავშირის გარეშე დავალება მართლაც დაკარგული შესაძლებლობაა, ხოლო გააზრებული კომენტარი – ის ხიდი, რომელიც მოსწავლეს სწავლასთან აკავშირებს.


