ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

მრავალსახეობა ახალი წლისა. როდიდან აღნიშნავენ ადამიანები ახალი წლის დღესასწაულს

(ნაწილი მეორე)

 „ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,

ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალ წელს დილითა,

ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოჰქონდეს ქილითა;

ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…

თქვენი კოდები ყოფილა სავსე და წმინდა ფქვილითა;

თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და წითელ ღვინითა;

თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და – ცხვრითა, ბინითა…

თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა!“

(კახური მესტვირული საახალწლო სიმღერა)

 

ქართული ტრადიციის თანახმად, დღესასწაულს ისე უნდა შევხვდეთ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

მეც ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას, მრავალშვილიანობასა და სიკეთეს!

 

საქართველოს სხვადასხვა მხარეში ახალ წელს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

სამეგრელოში ახალ წელს „კალანდობას“ უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან. ოჯახის თავი ახალი წლის დილას გარეთ გადის და სახლში ჩიჩილაკი შემოაქვს. ამის შემდეგ იწყება საახალწლო საუზმე, რომელზეც ოჯახის თავი, საახალწლო მეკვლე და ოჯახის ყველა წევრი საახალწლო სადღეგრძელოებს ეუბნება ერთმანეთს.

გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს „კალანდობას“ უწოდებენ. კალანდობის მთავარი ატრიბუტი გურიაშიც ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთოს. გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში წითელი ღვინით და ქვეყანასა და ოჯახს დალოცავს.

იმერეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვს. ხონჩაზე სხვადასხვა ნუგბარი აწყვია.

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებელად უნდა იყოს აჩმა და ბაქლავა. ხორბალი მთელ საქართველოში კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება და აჭარაშიც, ბარაქის გასამრავლებლად, ოთახის ყველა კუთხეში სიმბოლურად ყრიან ხორბალს, თან ღმერთს სიკეთესა და ჯანმრთელობას შესთხოვენ.

რაჭას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონია და უხვთოვლიანობით გამოირჩევა, თავისი გამორჩეული საახალწლო წესები და რიტუალები აქვს. ერთ-ერთია მეკვლის ან მაკვრიელის დალოცვა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის და პურიანობის“, – და შემდეგ ამატებს მთელ რაჭაში ცნობილ ლოცვას: „გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“, – ამბობს მეკვლე, მოაქვს წყალი, ხელ-პირს დააბანინებს ოჯახს და შემდეგ იწყებს საახალწლო დილის საუზმეს.

სვანეთში მეკვლეობის ტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ოჯახისთვის. ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა ნუგბარს გიდელში (წნელისგან მოწნული გრძელი კონუსური კალათი) ალაგებენ და სახლის კარზე ჰკიდებენ. ის მეკვლისთვის არის განკუთვნილი. მეკვლე კარზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ), ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)“. სახლში შესული, ოთახს და კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვრიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, ოჯახის ყველა წევრს დაუვლის და დღესასწაულს მიულოცავს.

შიდა ქართლში საახალწლო დღესასწაულები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და თვეზე მეტ ხანს გრძელდება: ბარბარობიდან ნათლისღებამდე. ძველით ახალ წელს კი ამ დღესასწაულებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ტრადიციულად, ამ დღეს ყველა ოჯახში აცხობენ ბასილას კვერს – ცომისგან გამოძერწილ ადამიანის ფიგურას (IV საუკუნის კაპადოკიელი წმინდანის, სავარაუდოდ ქართველის, წმინდა ბასილი დიდის პატივსაცემად) და მზადდება საახალწლო ხონჩა: სანოვაგით გაწყობილი სინი.

ხევსურეთში ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და ყველა ოჯახი და სრულიად თემი მას დიდი სამზადისით ხვდება. ოჯახებში იხდება არაყი, ხატის დასტურები (ხატის მზარეულები) ლუდს ხარშავენ, დიასახლისები კი საახალწლო კვერებს აცხობენ. ყველაზე დიდია სამეკვლეო კვერი. მასზე გამოსახულია ჯვარი, კაცი, გუთანი, ხარი და ძროხა, ცხენი და ქერის თავთავი.

ძველად კახეთ-ჰერეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ ისე, რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო რგებოდა. ახალი წლის ღამეს კი ყველა თავის ჩამიჩიან პურს მიირთმევდა. ალიონზე ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შინ შებრუნებული კი ოჯახის წევრებს ახალ წელს მიულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას აჭმევდა.

თუ კვლავ მთავარ თემას დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ ახალი წლის ზეიმი ძველი რომის კულტურასა და ტრადიციებს უკავშირდება. რომში წლის პირველ თვეს წარმართული ღმერთის, ორსახოვანი იანუსის პატივსაცემად იანვარი დაარქვეს. იანვრის თვე ხმაურითა და აურზაურით უნდა აღნიშნულიყო და წლის ყველა თვისგან განსხვავებული უნდა ყოფილოყო. ხმაური იანვრის ზეიმების აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ, რადგან, რომაელთა წარმოდგენით, მოხეტიალე ბოროტი ძალები წლის დასაწყისში ცდილობდნენ, მყუდრო თავშესაფარი ეპოვათ, რათა მთელი წლის განმავლობაში იქიდან ჩაედინათ თავიანთი ბოროტი საქმეები. სახელმწიფოს ან ოჯახს, სადაც ისინი დაინავდებოდნენ, მძიმე ხვედრი ერგებოდა და იქაურებს მთელი წლის განმავლობაში ბოროტებასთან მოუხდებოდათ ბრძოლა. ხმაურითა და ორომტრიალით რომაელები სწორედ ამ ბოროტი სულების განდევნას ცდილობდნენ. ძვ.წ. 46 წელს კი იულიუს კეისარმა შემოიღო ახალი (იულიანური) კალენდარი და საბოლოოდ დაამტკიცა წლის დასაწყისად 1 იანვარი, რაც დღემდე არ შეცვლილა.

 

იანუსის დღესასწაული

ძველად რომაული ახალი წელი, მსგავსად შუამდინარეთის უძველესი კულტურებისა, გაზაფხულის ბუნიობას ემთხვეოდა, თუმცა მზის კალენდარში მრავალწლიანი ჩარევის შედეგად დღესასწაულმა საბოლოოდ ჩვენთვის უფრო ნაცნობ დღეს – 1 იანვარს გადაინაცვლა. რომაელებისთვის იანვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი სახელი ორსახოვანი ღვთაებისგან – იანუსისგან მომდინარეობდა, რომელიც ცვლილებებისა და დასაწყისების ღმერთი იყო. იანუსს სიმბოლურად აღიქვამდნენ ძველის გადაფასების, წარსულზე დაფიქრებისა და ახლის მოლოდინის პერსონიფიკაციას. ეს იდეა წლიდან წელში გადასვლის კონცეფციას დაუკავშირდა.

ალბათ იანუსის შესაწირავს უკავშირდება ახალი წლის საჩუქრებიც, რომლებსაც ადამიანები კეთილდღეობის მოსაპოვებლად ჩუქნიდნენ ერთმანეთს. ეს დღე, გარკვეულწილად, მომდევნო თორმეტი თვის კეთილ სურვილებს ასახავდა. წლის დასაწყისი ლეღვის, თაფლისა და სხვა ტკბილეულის ჩუქებით აღინიშნებოდა. პოეტ ოვიდიუსის ცნობით, რომაელთა უმეტესობა ახალი წლის დღეს ცოტას მაინც მუშაობდა, ვინაიდან უსაქმურობა წლის დანარჩენი ნაწილისთვის ცუდ ნიშნად ითვლებოდა.

წყარო: https://www.britannica.com/topic/Gregorian-calendar

 

ეგვიპტური ვეპეტ რენპეტი

ძველი ეგვიპტის კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნილოსთან. ახალი წელი აქ სასოფლო-სამეურნეო ციკლის დაწყებას და მდინარის დელტის ყოველწლიურ დატბორვას ემთხვეოდა (ამ დროს მდინარეს ხეობაში ჩამოჰქონდა ნაყოფიერი ალუვიური მიწის ფენა, „ჭალის მიწა“ ან „ნილოსის სილტი/ტალახი“).

რომაელი მწერლის ცენზორინუსის (Censorinus) ცნობით, ეგვიპტური ახალი წელი იწინასწარმეტყველებოდა მაშინ, როდესაც სირიუსი, ღამის ცის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, 70-დღიანი გაუჩინარების შემდეგ კვლავ გამოჩნდებოდა ცაზე. ეს, როგორც წესი, ივლისის შუა რიცხვებში ხდებოდა, ნილოსის ყოველწლიური დატბორვის წინ, რაც მომავალი წლისთვის მიწის ნაკვეთების ნაყოფიერების შენარჩუნების საფუძველი გახლდათ. ეგვიპტელები ამ მოვლენას ვეპეტ რენპეტს – „წლის გახსნას“ -უწოდებდნენ და ზეიმით ხვდებოდნენ. ახალი წელი აღდგომისა და ახალი სიცოცხლის დაბადების დროდ ითვლებოდა და უხვი სუფრებითა და სპეციალური რელიგიური რიტუალებით აღინიშნებოდა. ეგვიპტის ერთ ძველ ტაძარში (მუტის ტაძარში) ბოლო დროს აღმოჩენილმა მასალებმა აჩვენა, რომ ფარაონ ჰატშეფსუტის მმართველობის პერიოდში წლის პირველი თვე მასპინძლობდა „მეთმვრალეობის ფესტივალს“. ეს უზარმაზარი წვეულება უკავშირდებოდა ეგვიპტელთა ერთ-ერთი ქალღმერთის, დიდი რას ქალიშვილის, ომის ღვთაების, კატისთავა სეხმეთის მითს. სეხმეთს ადამიანთა მთელი მოდგმის განადგურება ჰქონდა განზრახული. შეშფოთებულმა რამ, მზის ღმერთმა, მას ლუდის ტბა სისხლისფრად შეუღება. სისხლისმსმელმა ღვთაებამ ლუდის სმისგან გონება დაკარგა და ადამიანთა მოდგმის განადგურება ვეღარ მოახერხა. კაცობრიობის გადარჩენის პატივსაცემად ეგვიპტელები ახალ წელს, მუსიკით, ცეკვით და, რაც მთავარია, ლუდის უხვი სმით ზეიმობდნენ.

 

მთვარის ახალი წელი (ე.წ. ჩინური ახალი წელი)

კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია მთვარის ახალი წელია (ასევე ცნობილი როგორც ჩინური ახალი წელი), რომელიც, სავარაუდოდ, 3 000 წელზე მეტი ხნის წინ, შანის დინასტიის დროს დაწესდა.

ჩინური ახალი წლის თარიღი განისაზღვრება ტრადიციული ჩინური კალენდრის მიხედვით, რომელიც მზისა და მთვარის კალენდრის ნაზავია და რამდენიმე სხვა ციკლსაც აერთიანებს. დღესასწაული დგება ზამთრის ბუნიობის შემდეგ (21 დეკემბერი), მეორე ახალი მთვარის გამოჩენისას. ყოველი ახალი წელი ჩინეთში გრიგორიანული კალენდრის სხვადასხვა თარიღზე მოდის და, ჩვეულებრივ, 21 იანვარსა და 20 თებერვალს შორის მერყეობს.

ეს დღესასწაული გაზაფხულის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების სეზონის აღსანიშნავად იმართებოდა, თუმცა მოგვიანებით ის მითებითა და ლეგენდებით დაიხუნძლა. ყველაზე გავრცელებული მითის მიხედვით, ყოველ გაზაფხულზე სოფლებს თავს ესხმოდა სისხლისმსმელი არსება, სახელად ნიანი (Nian, 年兽) – დღეს ეს სიტყვა ჩინურში „წელს“ აღნიშნავს. ნიანი საშიში და გაუმაძღარი რქიანი ურჩხული იყო, რომელიც ზღვის სიღრმეში ან მთებში ცხოვრობდა. ყოველი ახალი წლის საღამოს ის გამოდიოდა თავისი ბუნაგიდან, სოფლებში თარეშობდა და საქონელს, მოსავალს და ადამიანებსაც კი ჭამდა.

გლეხებმა გაიგეს, რომ ნიანს სამი რამისა ეშინოდა: წითელი ფერის, ხმაურისა და ცეცხლის. ნიანის დასაშინებლად იმ დროიდან იყენებენ წითელ ფერს და ცეცხლს, მისი გამოღვიძების დღეს კი ხმაურით აღნიშნავენ. ყველაფერი ეს საბოლოოდ დღესასწაულის განუყოფელ ატრიბუტებად ჩამოყალიბდა. X საუკუნეში დენთის გამოგონების შემდეგ კი ჩინელები პირველები იყვნენ, ვინც ახალი წელს ნიანის დასაშინებელი ფეიერვერკებით შეხვდნენ.

ყოველი წელი ზოდიაქოს 12 ცხოველიდან ერთ-ერთს უკავშირდება: ვირთხას, ხარს, ვეფხვს, კურდღელს, დრაკონს, გველს, ცხენს, თხას, მაიმუნს, მამალს, ძაღლსა და ღორს.

 

ნოვრუზი

ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში დიდი საახალწლო დღესასწაულია ნოვრუზი (Novruz (სპარს. نوروز), „ახალი დღე“ – აღინიშნება ირანსა და ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ნაწილებში – ავღანეთში, აზერბაიჯანში, ირანში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, პაკისტანში, ინდოეთში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში.

ნოვრუზის ფესვები უძველეს დროში იკარგება. ამ დღესასწაულს ხშირად „სპარსულ ახალ წელს“ უწოდებენ და ეს 13-დღიანი დღესასწაული მარტში, გაზაფხულის ბუნიობასთან ერთად იწყება; მიჩნეულია, რომ ეს დღესასწაული ზოროასტრიზმის გადმონაშთია და უძველეს დროში წარმოიშვა. ნოვრუზის შესახებ უძველესი ჩანაწერები II საუკუნიდან არსებობს, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობას მიაჩნია, რომ მისი აღნიშვნა ძვ.წ. VI საუკუნემდე, აქამენიდთა იმპერიის მმართველობის ხანაში დაიწყო. ბევრი სხვა ძველი სპარსული დღესასწაულისგან განსხვავებით, ნოვრუზი „დიდ“ დღესასწაულად დარჩა მას შემდეგაც, რაც აზიაში ისლამი გავრცელდა. ნოვრუზის საახალწლო მისალმება სპარსულად დაახლოებით ასე ჟღერს: „სალ-ნო-მობარაქ!“

ნოვრუზის უძველესი წეს-ჩვეულებები გარკვეულწილად უკავშირდება ბუნების გამოღვიძებას (გაზაფხულს), მისი სიკვდილისა და ხელახალი დაბადების ყოველწლიურ ციკლს. ნოვრუზის ტრადიციები მოიცავს მდიდარ სუფრას, საჩუქრების გაცვლას ოჯახის წევრებსა და მეზობლებთან, კოცონების დანთებას, კვერცხების შეღებვას და წყლით გაწუწვას, რაც სიმბოლურად სამყაროს დაბადებას განასახიერებს. დღეს ნოვრუზი ერთ-ერთი გლობალური დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი აღნიშნავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“