კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ოჯახის გავლენა წიგნიერების განვითარებისთვის

მშობლები წუხან, რომ ბავშვებს კითხვა ეზარებათ, წიგნები არ უყვართ. ხშირად ასეცაა, რადგან წიგნამდე ბავშვის მიყვანა, წიგნით მისი დაინტერესება რთული და შრომატევადი პროცესია. წიგნიერების განვითარება ადრეული ასაკიდანვე, ბავშვის უახლოეს გარემოში იწყება და აქ ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია. მშობლები აქტიური ზეპირი კომუნიკაციით, ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემით ეხმარებიან ბავშვებს სააზროვნო უნარების განვითარებაში და უკვალავენ გზას წიგნიერების სამყაროსკენ. თუ რაიმე მიზეზით ბავშვის გარემოში ზეპირი კომუნიკაცია და ტექსტებთან შეხება შეზღუდულია, სასკოლო ასაკში სერიოზულ პრობლემას შევეჯახებით. რაც უფრო გაიზრდება ინფორმაციის მოცულობა და რაც უფრო მრავალფეროვანი გახდება ის, მით უფრო მწვავედ წარმოჩნდება პრობლემაც.

წიგნიერება ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენციაა თანამედროვე მსოფლიოში და მის განვითარებას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე სკოლის შემდგომ ასაკში. თანამედროვე გაგებით, წიგნიერება უშუალოდ არის დაკავშირებული ისეთ უნარებთან, როგორებიცაა ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა და სხვა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) წიგნიერებას განმარტავს როგორც განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის, კომუნიკაციის, გამოთვლის, ამა თუ იმ კონტექსტთან დაკავშირებული ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარ-ჩვევების ერთობლიობას. წიგნიერებგულისხმობს სწავლის პროცესის უწყვეტობას და ინდივიდის პოტენციალს, მიაღწიოს მიზნებს, აიმაღლოს ცოდნა, გაიუმჯობესოს შესაძლებლობები და სრულად მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება.

ჩვენს ჟურნალში ხშირად შეხვდებით პროფესიონალთა რჩევებს წიგნიერებისა და კითხვითი უნარების გაუმჯობესებაზე, რომლებიც ხშირად გამომდგომია შვილებთან ურთიერთობისას. ახლა მინდა, საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც შვილებთან ერთად წიგნების შთამბეჭდავ სამყაროში მოგზაურობისას დამიგროვდა.

 

ვიკითხოთ ყველგან

დიდხანს მჯეროდა, რომ კითხვა მხოლოდ მყუდრო გარემოში შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილები დაიბადნენ და ჩემი ცხოვრება უფრო დახუნძლული, საინტერესო და აქტიური გახდა, კითხვისთვის დროის მოხელთება დიდ გამოწვევად მექცა, ამიტომ დავნერგე ასეთი მეთოდი: კითხვა ყველგან. ამისთვის ერთი უბრალო რამ არის საჭირო: ჩანთაში მუდამ უნდა გეწყოს წიგნები საკუთარი თავის და შვილებისთვის. საცობებით ისე გადატვირთულ ქალაქში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გასაყვანად წიგნის კითხვა შესანიშნავი საშუალებაა.

 

ვხატოთ და ვიკითხოთ

კითხვა კონცენტრირებას მოითხოვს, ამიტომ სასურველია, ბავშვებისთვის წიგნის საკითხავად ისეთი დრო შევარჩიოთ, რომ ბავშვები მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. ისეც ხდება, რომ თავად ბავშვები გვკარნახობენ სასურველ დროსა და გარემოს. ასე აღმოვაჩინე, რომ ჩემს შვილებს ხატვის დროს სიამოვნებთ კითხვა. მათ ნახატებში ხშირად აირეკლება კითხვის დროს მიღებული შთაბეჭდილებები, გასაოცარი ამბები და წარმოუდგენელი მოვლენები.

 

სიტყვების დაფა

„განხეთქილება, თავის კანტური, გაპარტახება, უკმეხად, გულახდილობა, განასახიერა, მოიქუფრა, უხეირო, არ ეპიტნავებოდათ, ვეება” – ეს იმ სიტყვების ნაწილია, რომლებსაც კითხვის დროს ვინიშნავთ და მერე სიტყვების დაფაზე განვმარტავთ. ასეთ სიტყვებთან დამეგობრება ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია – ახალი სიტყვების მნიშვნელობის გაგება მის ლექსიკურ მარაგსაც ამდიდრებს და თვალსაწიერსაც აფართოებს.

 

დასახე ლიტერატურული გეგმა და მიჰყევი

გასული ზაფხული წიგნების კითხვის თვალსაზრისით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩემი ეჭვები იმის თაობაზე, რომ ზაფხულის თავგადასავლები კითხვის დროს არ დაგვიტოვებდა, არ გამართლდა. კარგი წიგნის საკითხავად დრო ყოველთვის შეიძლება გამოინახოს. რამდენიმე შესანიშნავი წიგნი წავიკითხეთ, ვიმსჯელეთ, საკუთარი შეხედულებები ერთმანეთს გავუზიარეთ. საოცრად ილუსტრირებულმა „პინოკიოს თავგადასავალმა“, საბავშვო ბიბლიამ (იაკობ გოგებაშვილისა და ნესტორ ყუბანეიშვილის მიხედვით), მარია ფარის „ვაფლის გულებმა“, არნე სვინგენის „ბალადამ გატეხილ ცხვირზე“, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცმა“, ასტრიდ ლინდგრენის „ემილის თავგადასავალმა“, ანე-კატარინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანამ“, ლიზ პიშონის „ტომ გეიტსის დღიურმა“, ენიდ ბლაიტონის შესანიშნავი შვიდეულის ამბებმა, არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალმა“ ზაფხულის მშვიდ საღამოებს კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.

 

ლიტერატურული პარალელები

გახსოვთ, სალამურა, თოკზე მოსიარულეთა ქალაქში რომ მოხვდება და ყოფილ ჯამბაზს, დაკოჭლებულ ალე ჰოპს ჩაუვარდება ხელში, რომელიც ცდილობს, სალამურას დახმარებით დაკარგული დიდება დაიბრუნოს და გამდიდრდეს კიდეც? ეს ეპიზოდი რას მოაგონებდა ბავშვებს, თუ არა „პინოკიოს თავგადასავალს“? უჭკუო და გამოუცდელი პინოკიოც ხომ ხვდება მეთოჯინე ჭამაცეცხლასთან, რომელიც, ალე ჰოპისგან განსხვავებით, პინოკიოს კიდეც შეიწყალებს და ხუთი ოქროს მონეტითაც დაასაჩუქრებს.

ზემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან მიღებული ცოდნა ჩემმა შვილებმა ერთმანეთს დაუკავშირეს, ლიტერატურული ეპიზოდები ერთმანეთს შეადარეს, გაავლეს პარალელები… წიგნიერების განვითარების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ხომ წინარე ცოდნის გააქტიურება და ადრეულ გამოცდილებასთან დაკავშირებაა…

 

პ.ს. იმ სიამოვნებასა და სიკეთესთან ერთად, რაც წიგნების კითხვას სდევს თან, მთავარი ის სიხარულია, რომელსაც საბავშვო ამბების ფერად სამყაროში მოგზაურობა გვანიჭებს ყველას, დიდსა თუ პატარას. წიგნიერების განვითარებისა და ბავშვის კარგ მკითხველად ჩამოყალიბების გზაზე კი ოჯახის აქტიურობა მიზანს უფრო მალე მიგვაახლოებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია. წიგნიერება. მასწავლებლის სახელმძღვანელო

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი