თოვლი, მარხილში შებმული ძაღლები და ინდიელები, – რამდენიმე სიტყვით ასე გადმოვცემდი ჯეკ ლონდონის მოთხრობებისგან გამოყოლილ, ბავშვობისდროინდელ მოგონებებს. იისფერი წიგნი „საბჭოთა საქართველოს“ გამოცემული „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ ერთერთი ტომი გახლდათ. სწორედ მისგან დავიწყე ჯეკ ლონდონის სამყაროში მოგზაურობა. ეს წიგნი დღემდე გამორჩეულად მიყვარს და ვერც ერთი თანამედროვე ფერადი გამოცემით ვერ ჩავანაცვლე… მაშინ წავიკითხე, როდესაც სქელტანიანი წიგნები ბუნების ვრცელი აღწერებით არ გვაფრთხობდა, როდესაც ბიბლიოთეკების სურნელს ვცნობდით და სასაუბრო თემების ნახევარს წაკითხულს ვუთმობდით.
დრომ წიგნებთან დამოკიდებულებაში ბევრი რამ შეცვალა. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მოზარდები ჟიულ ვერნის, დანიელ დეფოს, ჯონათან სვიფტის, დიუმას, შარლოტა ბრონტეს თუ სხვა კლასიკოსი ავტორების ნაწარმოებებს იშვიათად რომ კითხულობენ. ისიც სამწუხაროა, უფროსი თაობისთვის საყვარელი წიგნების წაკითხვ-არწაკითხვის საკითხი დღის წესრიგში რომ დადგა. თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორიც ითარგმნა და თაყვანისმცემლები გაუჩნდა ახალგაზრდებში.
და მაინც, „ძველ“ წიგნებს იოლად არ უნდა შეველიოთ – მოსწავლეებს საინტერესო თემებზე თუ გავუმახვილებთ ყურადღებას და ახლებურად შევუფუთავთ, იქნებ, მოვაწონოთ კიდეც ისინი. ექსპერიმენტი მეც ჩავატარე – „თეთრი მდუმარებისა“ და „გზების გასაყარის“ მაგალითზე გავარკვიე არწაკითხვის საფრთხე სამართლიანად ემუქრებოდა თუ არა ჯეკ ლონდონის მოთხრობებს.
***
– „დიდი-დიდი კარმენმა ორი დღე კიდევ იცოცხლოს,“ – დავიწყე…
– კარმენი ვინაა მას, რა სჭირს? – ზოგიერთი მართლა დაინტერესდა, ზოგიერთმა მექანიკურად, სიტყვის მასალად წამოიყვირა.
მალე აღმოაჩინეს, რომ კარმენი ძაღლია, მის გვერდით თუ კვალდაკვალ სხვა ძაღლების ჰაერში გაელვებული თეთრი კბილებიც დააფიქსირეს. თვალებში სხივი ჩაუდგათ და დააზუსტეს, ამბავი მართლა ძაღლებზე იქნებოდა თუ არა. ეს ხომ ჯეკ ლონდონია, – გავფიქრე და დავაიმედე, – არა მხოლოდ ძაღლებზე, მათ მარეკებზეც! – რამდენიმე წინადადებაში კი ნამდვილი ვაჟკაცი, მელმუტ კიდსიც წარვუდგინე. სწორედ ის მელმუტ კიდსი, ერთი დარტყმით ხარს რომ აქცევდა, ზოგჯერ ძალზე უხეში რომ იყო, მაგრამ საბრალო პირუტყვის ცემას ვერაფრით იტანდა. „იშვიათად შეხვდებოდა კაცი ჩრდილოეთში ასეთ ლმობიერ ძაღლების მარეკს. ხანდახან ცრემლებით აევსებოდა ხოლმე თვალები მათი საცოდაობის შემყურეს.“
– ძაღლის ცემა, მასწ?.. ეგ რა საშინელებაა, არ შეიძლება! – აპროტესტებენ და უამრავი ნანახი თუ გაგონილი მაგალითი მოჰყავთ.
მე კი ჩრდილოეთის მკაცრ წესებზე ვუამბობ, ვუხსნი, რომ ვიდრე პირუტყვს ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მოსაკლავად არავინ გაიმეტებს; რომ ჩრდილოეთში მოგზაურობა მომაკვდინებელ შრომაზე უარესია; რომ იქ ბუნება ათასგვარ ხერხს მიმართავს, რათა დაარწმუნოს ადამანი, მოკვდავი ხარო; რომ საზარელი და თავზარდამცემია უდრტვინელი თეთრი მდუმარება!
– რას ნიშნავს თეთრი მდუმარება?
– როდესაც „ირგვლივ არაფერი იძვრის, ცა სპილენძივით კრიალებს, დაჩურჩულებაც კი მკრეხელობაა. როდესაც ადამიანს საკუთარი ხმაც კი აშინებს.“
კლასთან ერთად ვინაცვლებ ჯეკ ლონდონის სამყაროში. ბავშვობისას გაკვალულ ბილიკებს ადვილად ვცნობ, ამ ბილიკებზე კი „მკვდარი სამყაროს იდუმალ სივრცეებში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი,“ უმწეო მეგზური მოჩანს, რომელიც შიშისგან ცახცახებს და გრძნობს, როგორი „მატლივით პატარა და უსუსურია ადამიანი უსასრულო მდუმარებაში…“ თუმცა ავტორი უიმედოდ არ გვტოვებს და უმწეო მეგზურს ისეთ მეგობარს ამოუყენებს გვერდში, „ერთად რომ გაიარეს არა ერთი და ორი მდინარე თუ ბილიკი, ერთად რომ ათევდნენ ღამეებს სადგომებზე და სარეწებში, ერთად რომ დახვედრიან სიკვდილს მინდვრად თუ წყალდდობისას…“ იმაშიც კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად დაგვარწმუნებს, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია; რომ ადამიანმა მართალია ბევრი ცხოველი მოაშინაურა, მაგრამ მხოლოდ ერთგულებით გამორჩეული დაიმეგობრა.
თვალის დახამხამებაში „გზების გასაყარზე“ გადავდივართ. ამჯერად პირველყოფილ ზნე-ჩვეულებებზე აღზრდილი ინდიელი გოგონა სიპსუ გვაოცებს. სიპსუ ველური წესების ტყვეა და ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ბუნებრივ აუცილებლობად მიაჩნია, ამიტომ საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს, ტომის ბელადები განგების ძალებისთვის მის შეწირვას რომ დააპირებენ. ახალგაზრდა ვაჟი გვარად ჰიჩკოკი კი „ახალი დროის პირმშო გახლავთ“ და მსგავს დამოკიდებულებებს ვერ ეგუება. ჰიჩკოკისა და ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი მეგზურების არჩეული გზები მოსწავლეებისთვის სერიოზული განსჯის საგნად იქცევა (ერთი გაკვეთილს ნამდვილად ვერ ვიკმარებთ).
– კიდევ წავიკითხოთ ჯეკ ლონდონის მოთხრობები? – ვკითხულობ ღიმილით.
პასუხი ერთმნიშვნელოვანია, – აინტერესებთ დარჩენილი მოთხრობებიდან რომელი რაზეა, სარჩევს ათვალიერებენ და აზუსტებენ, კიდევ თუ შეხვდებათ ამბები ძაღლებზე.
ეს ხომ ჯეკ ლონდონია! – ამჯერად ხმამაღლა ვამბობ და მოსწავლეებს ავტორის შესახებ ვუამბობ – როგორ შრომობდა პატარაობიდან, ხან დილის გაზეთებს ყიდდა, ხან ლუდხანებს ალაგებდა, ხან კი კეგლის მოედნებს ემსახურებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საკონსერვო ქარხანაში მუშად მოეწყო, რესტორნებს ამარაგებდა, ფაბრიკაში მუშაობდა, თეთრეულს აუთოვებდა, ცეცხლფარეშიც იყო. 1893 წლის 12 ნოემბერს კი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა და სან-ფრანცისკოს ერთერთი გაზეთის პრემია დაიმსახურა. ასე დაიწყო მისი ლიტერატურული კარიერა.
ვთანხმდებით, რომ აუცილებელი საკითხავის სიაში უნდა შევიტანოთ „წყურვილი სიცოცხლისა“ – მოთხრობა ადამიანზე, კანადის ტუნდრაში რომ მიიკვლევდა ხიფათით სავსე გზას და შიმშილს ებრძოდა. არც რომანები უგულვებელვყოთ, მითუმეტეს, რომ „თეთრი ეშვი,“ იმ ძაღლის ხვედრზეა, რომლის ძარღვებშიც მგლის სისხლიც ჩქეფდა; „წინაპართა ძახილი“ კი – იმ ლეკვის უმძიმეს ცხოვრებაზე, იძულებით რომ დაივიწყა თბილი ხალიჩა, საკვები, მოსიყვარულე პატრონი და ველურ მონადირედ იქცა.
იისფერი წიგნი გაცრეცილ-გახუნებული ფურცლებით კიდევ ერთხელ უძლებს გამოცდას. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იშვიათია, მწერალი ჯეკ ლონდონივით შეუმჩნევლად რომ მოგწყვეტს მყუდრო ბინას და გაუსაძლის სიცივეში აღმაფრენით გაგატარებს ასობით მილს ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანს არაფერი ესქმება. მისი გმირები ბუნებისგან სწავლობენ ფიზიკას, მხნეობით ხვდებიან განსაცდელს, პათეტიკური ფრაზებისა და უთავბოლო მსჯელობების გარეშე, თავიანთი საქციელითა და ფიქრებით გვახვედრებენ ცხოვრების არსს და ჩვენს უმთავრეს დანიშნულებას.