გარემო, სადაც ვცხოვრობთ, სწრაფად ცვალებადია. ზოგიერთი პროფესია ქრება, ზოგიც – ჩნდება. ახალი საქმის შესწავლა ყოველთვის უკავშირდება ახალ კომპეტენციებს. თუმცა არსებობს უნარები, რომლებზეც ციფრულ სამყაროში მოთხოვნა ყოველთვის დიდია.
ასეთია კონცენტრირებისა და ყურადღების მართვის უნარი. მომავალში რუტინული სამუშაო ავტომატური გახდება, ადამიანებს კი შესასრულებლად მხოლოდ რთული ამოცანები დარჩებათ. კონცენტრირების უნარი სასარგებლო იქნება საინფორმაციო დატვირთვასთან გასამკლავებლად, ტექნიკისა და სისტემების სამართავად. ამიტომ ეთამაშეთ ბავშვებს სამაგიდო თამაშები, განუვითარეთ ამით მეხსიერება და ყურადღება. გადმოუწერეთ თამაშები გაჯეტებში. ყურადღების კონცეტრირებას აუმჯობესებს რობოტექნიკაც, კონსტრუქციის თანმიმდევრულად, სქემის მიხედვით აწყობა. ბავშვებისთვის ეს საინტერესო გასართობია. რობოტექნიკით შეუძლიათ დიდი ხანი გაერთონ, დაიწყონ და ბოლომდე მიიყვანონ საქმე.
წაახალისეთ ბავშვი მაშინ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ სწავლის მიმართ ინტერესი უნელდება, შეაქეთ და საზეიმოდ აღნიშნეთ, რომ დაწყებული საქმე დაამთავრა. მოუყევით „ინტერესის გრაფიკზე“ სწავლების პროცესში. თავდაპირველად ხომ ყველაფერი მარტივია, იოლად ისწავლება და ბავშვის ინტერესიც სწავლის მიმართ მაღალია, შემდეგ სასწავლო მასალა რთულდება და ინტერესიც იკლებს. ამ დროს ბავშვების უმეტესობას უჩნდება სწავლის მიტოვების სურვილი. მათ სჭირდებათ ზრდასრულთა მხარდაჭერა და წახალისება. დროული მხარდაჭერის პირობებში ბავშვის უკეთ სწავლობს.
შემდეგი საჭირო უნარია ემოციური ინტელექტი – ემპათია, თანაგრძნობა, მოსმენის უნარი, ანუ ის, რაც არასდროს ექნება მანქანას, რობოტს. ემოციური ინტელექტი მოიაზრებს სხვა ადამიანების მოტივებში გარკვევას და საკუთარი ემოციების მართვის უნარს, ასევე კოლექტივის მართვას. ამ უნარის განსავითარებლად ბავშვს უნდა ჰქონდეს თანატოლებთან თამაშისა და ურთიერთობის დრო, უნდა იყოს ჩართული გუნდურ თამაშობებსა და პროექტულ სწავლებაში.
მნიშვნელოვანია ციფრული ცოდნაც, რადგან უკვე ციფრულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ შეგვიძლია ონლაინ შევიძინოთ სამოსი და ყოფითი ნივთები, ვიქონიოთ ონლაინ ურთიერთობები, მეტიც, სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით მოვიძიოთ ჩვენი მეორე ნახევრები. მაგრამ გაჯეტები მხოლოდ გასართობად ხომ არ გვჭირდება. გაჯეტი ცოდნის ინსტრუმენტია და მან ბავშვს სარგებელი უნდა მოუტანოს. ციფრულ სამყაროში შეუძლებელია ცხოვრება ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. მეცნიერთა მტკიცებით, უახლოეს მომავალში პროგრამირების უნარები ისეთივე აუცილებელი იქნება, როგორც წერა-კითხვა.
ასევე, მნიშვნელოვანია კრეატიულობისა და კულტურათაშორისი კომინიკაციის უნარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუტინულ ამოცანებს მანქანები გადაჭრიან, მაგრამ არასტანდარტულად და ახლებურად ყოველთვის მხოლოდ ადამიანები იაზროვნებენ. კრეატიულობა არ არის თანდაყოლილი ნიჭი. ის განვითარებადი უნარია. რაც შეეხება კულტურათაშორის კომუნიკაციას, კაცობრიობა დიდი ხანია გლობალური გამოწვევების წინაშე დგას: კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, დემოგრაფიული პრობლემები და სხვა. კაცობრიობას მათ გადასაჭრელად გაერთიანება სჭირდება. ეს უკვე მოხდა მეცნიერებაში – მეცნიერები ერთად მუშაობენ საერთაშორისო გუნდებში. არსებობს მასშტაბური ტექნოლოგიური კომპანიებიც, სადაც სამუშაო სხვა კულტურის ადამიანებთან კომუნიკაციას, მათთან საერთო ენის გამონახვას მოითხოვს. იმ ადამიანებს, ვისაც ფართო მსოფლმხედველობა და შეუზღუდავი აზროვნება აქვს, მეტად შეუძლიათ სხვებთან ურთიერთობა, წარმატების მიღწევა. შეისწავლეთ უცხო კულტურა და ტრადიციები, აზიარეთ ბავშვს.
აუცილებელია თვითგანათლების უნარის ქონა, ვინაიდან მომავალ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში არაერთი პროფესიის შეცვლა მოუწევს. ის უნდა იყოს მოქნილი, მუდმივად მიიღოს ახალი ცოდნა და შეიძინოს ახალი უნარები, რათა არ ამოვარდეს რეალობიდან. ბავშვს უნდა ჰქონდეს ახალი ცოდნის მოპოვების ჩვევა – ამით უფრო ეფექტიანად ისწავლის ინფორმაციის ათვისებას, მისთვის უფრო ადვილი იქნება ცვლილებების მიღება. წაახალისეთ თქვენი ბავშვის ინტერესი გარემოს მიმართ, უპასუხეთ მის კითხვებს, თუ პასუხი არ გაქვთ, ერთად მოიძიეთ, მიეცით ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მას აინტერესებს.
თანამედროვე ბავშვისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინიციატივა, სურვილი, რომ გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე. ინიციატივის მქონე ადამიანი არასოდეს მიჰყვება დინებას, ის თავის გზას ირჩევს, იცის, როგორ დაიცვას თავისი პოზიცია, მას არ აშინებს პასუხისმგებლობა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს გახდეს აქტიური, მას არ სჭირდება თქვენი ზედმეტად ზრუნვა საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას. მას უნდა მიეცეს საშუალება, აირჩიოს დამოუკიდებლად საკვები, განათლება, ტანსაცმელი და სხვა.
კიდევ ერთი – კრიტიკული აზროვნების უნარი, რომელზეც დღეს ასე ბევრს საუბრობენ. მოჭარბებული ინფორმაციის ეპოქაში, სადაც ონლაინრეჟიმში უამრავ ადამიანთან შეიძლება კონტაქტის დამყარება, ბავშვმა უნდა შეძლოს ჭეშმარიტი ინფორმაციის ცრუსგან, სასარგებლო კონტენტის უსარგებლოსგან გარჩევა. ამის სწავლება მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე ბავშვი ინტერნეტით დამოუკიდებლად სარგებლობას ისწავლის.
ბავშვს უნდა ჰქონდეს სხვა ადამიანებთან საერთო ენის პოვნის უნარი, საერთო ამოცანების შესასრულებლად სხვებთან გაერთიანების უნარი – მომავალში მარტო ვერაფერს გახდები. საზოგადოების ინტერესის დაცვის უნარი ბავშვს ადრეული ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს. ამაში დაეხმარება პროექტული სწავლება, როდესაც ბავშვებს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის ერთმანეთთან ურთიერთობას ასწავლიან.
დაბოლოს, თვითორგანიზაციის უნარი. სავარაუდოდ, მომავალში, ადამიანები არ იმუშავებენ რეჟიმში დილის 9.00. საათიდან 17.00. საათამდე. 2017 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამსახურიდან დათხოვილ მუშაკთა წილი 17%-ს შეადგენდა; აშშ-სა და იაპონიაში კი აღმოჩნდა, რომ უკვე 40% ოფისგარეთ მუშაობს.
Y და Z თაობათა წარმომადგენლები სამუშაო ადგილს ყოველ ორ-სამ წელში იცვლიან და უფრო ხშირად ირჩევენ თავისუფალ გრაფიკს. ამავდროულად, ისინი სამუშაო ამოცანებს არა კონკრეტულ დროს, არამედ წარმოქმნისთანავე წყვეტენ. დამსაქმებლები აღარ აფასებენ სამუშაო საათების რაოდენობას, არამედ თანამშრომელთა ქმედითეფექტიანობასა და მიღებულ შედეგებს. ამ რეჟიმში პროდუქტიული რომ იყო, აუცილებელია თვითორგანიზების უნარის ფლობა, თვითორგანიზების მნიშვნელობის გააზრება, ნაკლებად სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანების გარჩევა. დაეხმარეთ თქვენს შვილს, ისწავლოს დროის მართვა და დღის გონივრულად დაგეგმვა.
მოამზადა ირმა კახურაშვილმა