კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

პოეტი, რომელიც ბავშვებმა შეიყვარეს

მაყვალა მრევლიშვილი ჩემი ბავშვობაა.

მაყვალა მრევლიშვილი დედაჩემის ბავშვობაცაა და, ამ ფიქრს ცოტა უფრო შორს რომ გაყვე, ვინ იცის სულაც ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი დღესასწაულის კარამდეც მიგიყვანოს.
ამ დღესასწაულს ბავშვობა ჰქვია.
მაყვალა მრევლიშვილი კი ის პოეტია, რომელმაც, ჩვეულებრივად, “დიდივით” იცხოვრა, მაგრამ ამ დღესასწაულს წამით არ განშორებია.
რამდენი დრო უნდა გავიდეს, ან ისეთი რა უნდა მოხდეს, აი ამ სტრიქონების პირველი ბავშვური შთაბეჭდილება რომ გაახუნოს: “შენ გიგალობ პატარავ, დილა მშვიდობისა…”
მომავალ წელს, 2019–ში, მაყვალა მრევლიშვილს 110 წელი უსრულდება.


ერთ ჩანაწერში “ჩემი ასაკი” პოეტს თვითონ ჩაუწერია: “ოჰ, რა ბევრია ორმოცი წელი და რა მცირეა სამოცდაათი…”
პოეტს, რომელსაც, სახელის გამო, აუცილებლად მაყვალივით შავი თვალები უნდა ჰქონოდა და, რომელიც ქალური საქმეებით გართულ-დაქანცული, კაბის ჯიბეებში ინახავდა მზიან ლექსებს.
მაყვალა მრევლიშვილი მხატვრის ოჯახში დაიბადა 1909 წლის 27 თებერვალს. მისი მამა – ალექსანდრე მრევლიშვილი, ცნობილი მხატვარი იყო, დედა კი – პელო ავალიშვილი, უფაქიზესი სულის ადამიანი, ხელსაქმის დიდი ოსტატი და სულის სიღრმით თვითონაც ხელოვანი, “ჩუსენჩის კიტელ-შარვლიდან მთლად ნაქარგ კაბებამდე, მხარჩანთებამდე მქსოველი, პირ-ბალიშთა ამომქარგველი, თან მხნეობით უბადლო…” (მაყვალა მრევლიშვილის ჩანაწერებიდან). ამ ქალის ნაქარგი სუფრები მაშინდელ დიდებულ ოჯახებში რელიკვიად ინახებოდა და მათ დასათვალიერებლად საგანგებოდაც სტუმრობდნენ ხოლმე უცხოელები ამ ოჯახებს.
საერთოდაც, ნივთები მრევლიშვილების ოჯახში – ეს ის უცნაური მადანი იყო, რომლებისგანაც სათითაოდ მომავალში ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ლექსები გამოდნა.
აი, მაგალითად: ერთი პირსახოცი ჰქონიათ. ცალ ბოლოზე ზამბახები იყო აბრეშუმის სითვით ამოქარგული, მეორეზე კი “დილამშვიდობისა” ეწერა. პირსახოცი მამას დახატული იყო, დედას კი ეს ნახატი ამოექარგა. ახლა წარმოიდგინეთ ყოველი დილა, როცა ბავშვები მასზე პირს შეიწმენდნენ. ჯერ ზამბახები შეიშრობდნენ მათი რბილი და ფაფუკი სახეების ნამს, მერე კი, უკვე გამშრალებულზე, მხიარულად მიესალმებოდა წარწერაც… და ასე გრძელდებოდა მთელი ბავშვობა. ხოლო მოგვიანებით, ბევრი წლის მერე, პირსახოცის მოგონება ყველასთვის საყვარელ ლექსად იქცა. “დილამშვიდობისა” – ასე ქვია ბავშვის პირისახის ნამიან ლექსს.
ან, ხელისგულზე შემწვარ ერბოკვერცხს რომ უძღვნის შვილი დედას, ეს ლექსიც ხომ გახსოვთ? მასაც თავისი ისტორია აქვს, ოღონდ შებრუნებული – მართლა შეუწვავს უნებურად პელო დედას, როცა ცხელ თონეში ჩაკრულ ნაზუქებს კვერცხს უსვამდა თურმე. გახურებული თონიდან ხელი რომ ამოსწია, ხელის კიდეზე, ნეკის ზურგზე ჩაყოლებით ერბოკვერცხი შემწვარიყო..
ყველაფერი მაყვალა მრევლიშვილის გარშემო, ყველა ნივთი, არსება, საგანი, რამაც ერთხელ მაინც თავისკენ გაახედა, რამაც წამით მაინც ჩააფიქრა ან სულაც თავი შეაყვარა – ლექსებად იქცა. ოღონდ, მისმა შვილებმა არასდროს იცოდნენ, როდის წერდა დედა.
მქონდა ბედნიერება, გამეცნო და მესაუბრა მაყვალა მრევლიშვილის ქალიშვილთან, მხატვარ ალდე კაკაბაძესთან. აი, ეს ფრაგმენტები მახსოვს ჩვენი მაშინდელი საუბრიდან:

ალდე კაკაბაძე: “ჩვენს სახლში ყოველთვის ბევრი სტუმარი იკრიბებოდა. ლადო გუდიაშვილს, ირაკლი აბაშიძეს ძალიან უყვარდათ ჩვენთან სტუმრობა. დედა საოცარი მეოჯახე იყო, ისეთ ხაჭაპურებს აცხობდა, ბევრი მათ გასასინჯად მოდიოდა ხოლმე. სულ საქმიანობდა, სულ ქვაბებს ჩასცქეროდა, ერთმანეთზე გემრიელ კერძებს და სალათებს ამზადებდა. მაგრამ ხანდახან, ამ ფუსფუსში რაღაცაზე გაიღიმებდა ხოლმე თვალებით, წავიდოდა ფიქრში სადღაც და მაშინ ვგრძნობდი, რომ რამე ან ჩაიფიქრა სალექსოდ, ან უკვე ფიქრშივე დაწერა.. არ უყვარდა, თუ შევეკითხებოდი – რატომ იღიმები-მეთქი.. გამიბრაზდებოდა ხოლმე, არ მიპასუხებდა. ღამღამობით წერდა, როცა ყველას გვეძინა. წერდა და ძალიან ბევრს ეწეოდა. და ესაც, რომ ეწეოდა, ისევე გვიან გავიგეთ ჩვენ, ბავშვებმა, როგორც ის, რომ – წერდა…”

ლექსებს რომ ჩახედო, იფიქრებ, ამის დამწერს დედამიწაზე ფეხიც არ დაუდგამს, ნიავივით მსუბუქად დადისო. ასეთი პოეტური ოსტატობის მიღწევა მხოლოდ დიდი ნიჭის და შრომის შედეგად შეიძლება. თუმცა, ამ ლექსების ავტორი, ბავშვების ენაზე რომ ვთქვათ, “დიდობაში” სულაც არ დანიავქარობდა. პირიქით, მტკიცედ დააბიჯებდა, მეოჯახეობდა, თხილამურებითაც უბადლოდ სრიალებდა, ცხენსაც სწორუპოვრად აჭენებდა, მთა-ბარიც ძირფესვიანად მოიარა ქალიშვილობაშიც და მერეც, უკვე ქმარ-შვილიანმა. ეძიებდა ქართული ფოლკლორის მარგალიტებს, და მერე ამ ცოდნას და გამოცდილებას საკუთარ შემოქმედებაში ახალ მარგალიტებად ბადებდა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ვახტანგ კოტეტიშვილს ახლდა ფშავ-ხევსურეთის ექსპედიციაში. ვახტანგი კი თავისი ოჯახით იყო წასული და, მაყვალა მერვლიშვილი მთელი ცხოვრება იხსენებდა თურმე დაუვიწყარ სურათს: კოტეტიანთ ორი ბავშვი – Lლეილა და მანანა, სულ პატარები, თან რომ წაეყვანათ მშობლებს მთებში, ხურჯინში ჩაესვათ ორივე მხარეს, ხურჯინი კი ცხენზე გადაეკიდათ და იქიდან თავამოყოფილ ამ პატარა გოგოებს მთელი გზა ასე მიაკონწიალებდა თურმე ცხენი…

ალდე კაკაბაძე: “ჩემ დიდ ბებიას, მამაჩემის დედას, თავიდან დიდად არ მოსდიოდა თვალში ესეთი გიჟი-გადარეული რძალი, აღმა-დაღმა რომ დამოგზაურობდა, ცხნოსნობდა, მძლეოსნობდა და ათასი რამ.. თან, უცნაური ქალი იყო ბებიაჩემი – აი ასეთი მახსოვს: იჯდა ხოლმე პირქუშად და იმხელა როდინი ედო წინ, იმხელა ქვასანაყით ნაყავდა შიგ რამეს, რომ შეგეშინდებოდა. მაგრამ ძალიან ტკბილი იყო, მისი გაზრდილები ვართ მეც და ჩემი დაც.”

ტყუპები გაჩნდნენ: ალდე და ქეთევანი. ყველა ლექსი ალბათ მათ ეძღვნებოდა, ყველა ფრაზის ფარული ადრესატები ალბათ შვილები იყვნენ, თუმცა არცერთხელ არ დაუძალებია მათთვის წაეკითხათ ისინი. არ ერეოდა მათ ცხოვრებაში, არ დაუგეგმავს მათი მომავალი. ბაბუაწვერასავით – ორივეს სულს ალბათ თავისი სული შეუბერა და გაუშვა სამყაროში.

ალდე კაკაბაძე: “დედას ნამდვილი ქართლური ხასიათი ჰქონდა. მოფერება არ უყვარდა. მისი კოცნა მენატრებოდა კიდეც. არც დიდად რამეზე შეგვაქებდა. სწრაფად დამიწნავდა ხოლმე ნაწნავებს, სიჩქარეში ეს ნაწნავები მეგრიხებოდა და სარკესთან რომ დავდგებოდი, მაინც მეტყოდა: რას უდგეხარ, ვერ ხედავ – ლამაზი ხარო! ერთი მეგობარი მყავდა – ცისანა გოგიჩაიშვილი. იმასთან რომ მივიდოდი, სულ იმის მშურდა – იჯდა დედამისი და ერთი საათი ექვსფრთიან ნაწნავს უწნავდა შვილს. მაშინ ცისანაზე ლამაზი არავინ მეგონა.. არც ვინმეს ან რამეს სათავისოდ, თუნდაც სასიკეთოდ გამოყენება უყვარდა. ერთხელ რაღაც სპექტაკლისთვის ბილეთები მინდოდა და ვიცოდი, მწერალთა კავშირიდან შეიძლებოდა მათი შოვნა. ვთხოვე, დარეკე, ორ ბილეთს შენ ვინ დაგიკავებს-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა: იცი რა? თუ გინდა, შენ თვითონ დარეკეო. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ასეთი იყო.”

ასეთი იყო. ვარაზის ხევში საყვარელი ყვავილი ჰქონდა ამოჩემებული – თეთრი ია. ჩვილის გულისპირს აგონებდა, დედები ჭამის დროს რომ გაუკეთებენ ხოლმე, რომ არ დაისვარონ… სახლში ერთი-ორი ფუტკარი მიიჩვია და ლამის მოიშინაურა, უხაროდა, რომ მათ წინაშე შიში დაძლია და, ერთმანეთს გაუგეს.. ალბათ სხვა სულიერი არსებების ენაც ესმოდა, რადგან მათზე ასე უტყუარად წერდა.. ბავშვი ყველაზე წრფელი ვინმეა, მას ვერ მოატყუებ. მაყვალა მრევლიშვილის პოეზია კი რამდენმა ბავშვმა საკუთარი გულით გამოსცადა ამ სამყაროში! ასეთი იყო – უვლიდა ყვავილებს, ხატავდა, აკეთებდა შლაპებს, დადიოდა ბაზარში, ერთხელ ქურდმა საფულე წაართვა და იმდენხანს სდია, სანამ იმ ქურდმა ხელები არ აღაპყრო და გაოცებით აღიარა: დღემდე ჩემი დამწევი კაცი არ მეგონა. გაიმარჯვეთ, ალალი იყოს თქვენზეო, და უკან დაუბრუნა ის საფულე. მერე აქეთ ეხვეწებოდა მაყვალა მრევლიშვილი – ცოტა ფული მაინც წაიღეო, მაგრამ ქურდს აღარ გამოურთმევია.. ცხოვრობდა მთაწმინდასთან ახლოს, მზე პირდაპირ მისი ფანჯრების წინ ამოდიოდა. ხანდახან, როცა დღესასწაულებზე ცაში სალუტებს უშვებდნენ, ზოგიერთი სიმაღლედაკარგული ფეიერვერკი პაწია ტრაექტორიას მოხაზავდა და უმწეო ქშუილით ჩაეშვებოდა ძირს.. მერე კი, პოეტი წერდა, რომ ეს ფეიერვერკები შემოქმედის პოტენციას, მის შინაგან ენერგიას აგონებდა. ზოგი გრიალით და ფრთაგაშლით კაშკაშებს ცაზე, ზოგი კი ისე უკვალოდ ჩაინავლება, თვალსაც ვერ მოკრავ… არადა, ფეიერვერკებისთვის კი ჩაიფიქრეს.

ცაზე, სადაც, სამყაროს წესით, დღეასწაულების ადგილია, ყოველთვის ახალ-ახალი ფეიერვერკები ბრჭყვიალებს ხოლმე.
ნამდვილი ვარსკვლავები კი ცაშივე რჩება.
მთავარია, ადამიანებმა ხანდახან აიხედონ იქ. ბავშვებს კი, ისედაც ვერაფერს მოატყუებ, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს.
მაყვალა მრევლიშვილი ყოველთვის ბავშვების ტოლი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“