ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ანუ შენ

თუ არ ვცდები, ოთარ ჭილაძეზე ადრე დავწერე ერთი ბლოგი. მისივე ტექსტის სათაური – „ადამიანი გაზეთის სვეტში“ დავარქვი. სულ, როცა ჭილაძე მახსენდება, მგონია, რომ ეს კაცი ჩვენი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და ამაში არაფერია ცუდი, იქნებ პირიქითაც არის. თვითონ პიროვნულად სულ სხვა მოცემულობას მიჰყვებოდა. არ ვიცი, რამდენად სწორად ავხსენი, რის თქმაც მინდოდა. ავტორი კი იყო ასე, თუმცა მისი ტექსტები…

ჰო, მისი ტექსტები ყველა ნაბიჯზე გეწევა, ყველა მოცემულობაში, მომენტში და სამივე დროში გიყვება სხვებზეც, საკუთარ თავზეც; რა ხდებოდა, რა ხდება და რა მოხდება. მგონი ავცდი თემასაც.

“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ვიღაცამ მაჩუქა. ახლა ვერაფრით ვიხსენებ – ვინ. მერე დიდხანს ჰქონდათ მეგობრებს, ახლობლებს და ვეღარ ჩავიგდე ხელში.

ზღვა რომ მიდის თანდათან, ზღვა რომ შორდება ქალაქს – ეს მახსენდება სულ. რაღა ეგ ადგილიო, ალბათ ბევრს გაუკვირდება. ამბავში რომ აიეტია, მფრინავი ვერძი ოქროსთმიან ბიჭთან ერთად, შავთვალება მამალო, მედეა და ფრიქსე, ჯერ პატარა, უცნაური, მერე კი ავადმყოფი, ისეთი უცნაური ავადმყოფი, რომ კითხულობ და გინდა, შენც დაწვე და უბრალოდ მიაშტერდე ერთ წერტილს ჭერზე. მოეშვა ყველას და ყველაფერს და ფრიქსე კი არა, შენივე თავი გახდე, შენი რეალური წარსული, რომელიც რეალური მომავლისკენ წაგიყვანს. ან იქნებ, როცა შენი თავი გახდები, მერე დროც ქრება.

როგორ იჭრება ვანში, ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი კარგადაა, უცხო. ცხოვრობს ქალაქი თავისთვის და უცებ ბედია დაინახავს წყალში რაღაცას, რაც მერე ვერძი და ბიჭი აღმოჩნდებიან და აქ უკვე ხვდები, ამ ძალიან დიდი რომანის პირველივე გვერდებზე ხვდები, რომ არაფერი ისე აღარ იქნება, როგორც დასაწყისში იყო; ბახას სარდაფშიც სხვა ამბებს მოჰყვებიან, ვიდრე აქამდე; მალალოსთანაც სხვა ხალხი მივა და სასახლეშიც, უფრო სწორად, სასახლეში მოხდება მთავარი ცვლილებები.

ჭილაძის ამ რომანში ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის, კონკრეტულ მოცემულობაში როცა ავტორს სიახლე შემოაქვს, ან შემოჰყავს ახალი პერსონაჟები. მკითხველი მიჩვეულია ასეთ ცვლილებას, როგორიც ზემოთაც აღვწერე. აქ კიდევ სხვა რამეც ხდება; თითქოს თვითონ ვანი მიდის თავისივე თავისგან, დგება და მიდის ზღვის იქით, სხვა ნაპირზე. ეს განცდა მაშინ მეუფლება, როცა ფრიქსეს შვილები მამასთან ერთად ქალაქს ტოვებენ. განა უკვე ვანში ჩამოდის ვინმე, რომ რამე შეცვალოს. არა. აქ რაღაც ამერიკული რომანების ამბავი უნდა იყოს. ასეთების დიდი მცოდნე არ ვარ, მარა ასე მგონია. ვანში ჩამოდის პერსონაჟი, რომ დაიწყოს ცვლილება, მთავარი ცვლილება – ვანი წავიდეს თვითონ თავისი თავისგან იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სასწაული რამეა.

მოკლედ, ამ რომანში ყველა მიდის, რომ მერე უკან დაბრუნდეს. თუმცა თავიდან შენ ეს არ იცი. არ ჩანს ამის აუცილებლობა, ამიტომ არ გიყვება მწერალი ამბავს. ყველაზე მთავარი კი, ზღვა მიდის. ზღვა ერთადერთია, რომელიც შორდება ძველ ადგილს და პირველი საწყისისკენ ბრუნდება. თუმცა არ ვიცი, რა არის ეს პირველი საწყისი. ის უბრალოდ მიდის აქედან. გამოდის, ყველა დღე ბედია და თოკს აგრძელებს და ხვდება, რომ ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო, მაგრამ თითქოს არც იმჩნევს. მარტო სველი თოკის სიმძიმე ახვედრებს ჯერ ამას – რაც უფრო შორდება ნაპირი, მით მეტი სიმძიმე აწვება მხრებზე. ის ადგილი თუ გახსოვთ, ფრიქსეს შვილები რომ თხრიან არხს. რა უცნაურია. ერთი დიდი, ძველი, მთავარი წყალი მიდის და შემოდის ახალი, კონკრეტული ვიწრო დინება და ყველაფერს ავსებს. იმ ჭასაც, რომელშიც აიეტის წარსულის მოჩვენებები სხედან და თანდათან ზედაპირს უახლოვდებიან.

ასეთი წიგნები ყოველთვის იმდენს გეუბნებიან, რამდენიმე ათეული ბლოგი რომ არ ეყოფა. იქნება კიდევ ტექსტის მეორე ნაწილზეც, მთელ ტექსტზეც დავწერო, მარა რა კარგია, როცა კითხულობ ამას და ფიქრობ, შენ რომელი შენი ზღვა დაგშორდა, როგორც ადამიანს და რა არხები გაჭერი ახალი დინებების მისაღებად, რა მოჩვენებები უახლოვდებიან შენი ბნელი ჭების ზედაპირებს, რომ უფრო მკვეთრად გაგაგონონ თავიანთი სიტყვები?!.

რაღაც ასეთის თქმაც უნდოდა ჭილაძეს ამ ტექსტით, გარდა იმ გააზრებებისა, რაც არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთის თქმაც უნდოდა. თავიდან რომ ვთქვი ჩვენი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი-მეთქი, სწორად არ გამომივიდა. უფრო თვითონ გაერიდა ამ მოცემულობას, რომ აღეწერა, როგორ დაიწყო პირველმა არხის გაჭრა ჯერ ალბათ საკუთარ თავში და მერე ამ ტექსტით ჩვენში.

აბა, გვითხარი, ის ჩიტი რას ამბობსო, ეუბნება ტექსტში მენავე აფრასიონს და გეგონება ამ დროს თვითონ ჭილაძე-მენავე გეუბნება მკითხველ-აფრასიონს, ყველაზე მარტივ რამეს, ახსნა ჩიტის ჭიკჭიკი. თან როგორი რთულია და, თუ ჩიტების ენა გესმის, როგორი ადვილი და კარგი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  სერბული დღიური

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“