ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

იცნობთ მეზღაპრე დიუმას?

მეზღაპრე დიუმაზე თუ გსმენიათ? – სწორედ „სამი მუშკეტერის,“ „დედოფალი მარგოს,“ „ასკანიოსა“ და სხვა უამრავი  სათავგადასავლო წიგნის ავტორზე გეკითხებით… ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო მისი ჯადოსნური ზღაპრების აღმოჩენა: ყდაზე სხელი და გვარი რამდენიმეჯერ წავიკითხე, წიგნის მაღაზიის კონსულტანტთანაც დავაზუსტე, საბოლოოდ კი შესავალი წერილით დავრწმუნდი, რომ სწორედ ისალექსანდრედიუმა  გახლდათ ავტორი!

დიუმასეულ ზღაპრებში  მისთვის ჩვეულ ინტრიგებს, დუელებს, დევნისა და ხელჩართული ბრძოლის ამსახველ პასაჟებს ნამდვილად ვერ შეხვდებით – ისინი მსუბუქი, მომხიბვლელი, ჯადოსნური დეტალებით შეზავებული და ამვდროულად ყოფითი პრობლემებით გაჯერებულია. ლიტერატურის კრიტიკოსები მეზღაპრე დიუმას შარლ პეროს ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მიიჩნევენ.

ქართულ ენაზე დიუმას „ჯადოსნურ ზღაპრები“ ცოტა ხნის წინ ითარგმნა. წიგნში მწერლის სამი ზღაპარი შევიდა: „პიერი და მისი ბატი,“ „კეგლის მეფე“ და „მოგზაურობა მთვარეზე ანუ მოკეს კოშმარი.“ არ იფიქროთ, რადგან ჯადოსნურია, მხოლოდ პატარებმა უნდა წაიკითხონ. ჩემი აზრით, ისეთი წიგნია, უფროსი და უმცროსი თანაბრად რომ გაიყოფს, თუმცა… აჯობებს, თავად გადაწყვიტოთ სად გაავლოთ ზღვარი საბავშვო და სადიდო ლიტერატურას შორის.

***

პიერი და მისი ბატი ტრადიციული ზღაპარია, იყოდაარაიყორათი რომ იწყება და გვიამბობს ობლად დარჩენილ ბიჭუნა პიერზე, თვითონვე რომ გახდა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.

პიერს „დედ-მამის დაკარგვა ძალიანაც აწუხებდა, მაგრამ გული სიამაყით ევსებოდა, როცა ახსენდებოდა, რომ  ამიერიდან სრულიად დამოუკიდებელი იყო. გასნსაკუთრებით კი ის უხაროდა,  რომ ვერავინ დააძალებდა რამის კეთებას,“ – აი, ასეთ ზღაპრულ სიტუაციას გვთავაზობს ავტორი და ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით ამხილებს სიზარმაცის თანმდევ მანკიერებებს.

როგორც ცნობილი ხდება, პიერი მანამდეც ყოფილა მუქთახორობისა და უმიზნო ხეტიალისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა. გამრჯე დედ-მამის დატოვილმა, კარგად მოვლილმა ფერმამ კი წისქვილის ქვაზე წყალი დაუსხა – დიუმას ენაზე რომ ვთქვათ „არ გასჭირვებია ცოდვაში ჩავარდნა.“ დიახ, მწერალი სწორედ სიტყვა ცოდვას იყენებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სიზარმაცე ყველაზე დიდი ცოდვაა, რომელიც შეიძლება ადამიანს ვუსაყვედუროთ.“

პიერი თავს არ იტკიებდა ხვალინდელ დღეზე ფიქრით… ცოტა ხანში კი მის ყველაზე სასიამოვნო და ამავე დროს ერთადერთ საქმიანობად ძილი იქცა (დღეში ოთხჯერ დასანაყრებლად ადგომას თუ არ ჩავთვლით)… ალბათ დაგაინტერესებთ როგორ განვითარდება ზღაპარი, რა ჯადოსნობას შემოგვთავაზებს მეზღაპრე, წინასწარ რომ აფრთხილებს პატარა მკითხველს: „ბავშვებო, თვად ნახავთ რა მოჰყვა მის საქციელს და როგორ დაისაჯაო…“

და აი, ახალი პერსონაჟი, მოლაპარაკე ბატი (იმავდროულად ფერია) გამოჩნდება. მისი სასწაულმოქმედი კვერცხები გატეხვისთანავე სურვილებს ასრულებს, თუმცა… ერთ ადამიანზე მხოლოდ თხუთმეტი კვერცხია გათვლილი. დარწმუნებული ვარ, გაგახალისებთ მუქთახორა პიერის გარდასახვებისთვის თვალყურისდევნება. პიერის სურვილები წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, მაგრამ მათ ასრულებას ყოველთვის როდი მოჰყვება სანუკვარი შედეგი: ფრინველის მაღალ ფეხებზე სიარული და გრძელი ნისკარტის წკლაპუნი შესაძლოა, დისკომფორტული აღმოჩნდეს, ჯარისკაცობას კი თურმე ტყვიების ზუზუნი, ჭურვებისა და ყუმბარების ხმაური ახლავს თან, არც უკაცრიელი კუნძულია ყოველთვის სტუმართმოყვარე…

თავს აღარ შეგაწყენთ, თავად წაიკითხეთ და გადაწყვიტეთ – „ბატი უფრო გონიერი არსება იყო თუ  პიერი იქცეოდა ბატივით.“ შემდეგ კი საკუთარი თავს ჩაუფიქრდით – რას ინატრებდით, მოლაპარაკე ბატს თქვენთვისაც რომ გადმოეცა თხუთმეტი ჯადოსნური კვერცხი?

კეგლის მეფე შესანიშნავ, ტანად, ლამაზ, სიმართლის მოყვარულ ხარატზე მოგვითხრობს, რომელსაც გოტლიბი ერქვა და ბერლინში კუზიანი და გრძელკუდა ფრედერიკის მეფობის დროს ცხოვრობდა.

ხომ არ გგონიათ, უბრალო ხარატი იყო? არამც და არამც! მან წერა-კითხვა, ანგარიში, ხატვა იცოდა და თავად ქმნიდა ტანსაცმლის ახალ მოდელებს, რომლებითაც სახელი გაითქვა და უამრავი თაყვანისმცემელიც გაიჩინა. მაგრამ… „უპირატესობამ ამპარტავნებაში ჩააგდო“ და მოვლენათა ჯაჭვი მის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. ერთ დღეს გოტლიბმა კეგლის დიდოსტატთან დამარცხება და ხალხისგან უყურადღებობა ვერ აიტანა, თავი გარიყულად იგრძნო და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა…

„ძვირფასო ბავშვებო, შური ცუდი თვისებაა და მალე შეიტყობთ ამ გრძნობამ რა ცუდი შდეგი გამოიღო,“ – ავტორი ამ ზღაპარშიც მიმართავს პატარა მკითხველს და რეალური ამბავს ჯადოსნური ელემენტებით ამდიდრებს.

„კეგლის მეფე“ ისევე როგორც „პიერი და მისი ბატი“ ქრისტიანულ მოტივებზე აგებული ტექსტებია, თუმცა დიუმა ჩვეული პიკანტურობით გადის ბეწვის ხიდზე – პათეტიკური მიმართვებით კი არ გვტვირთავს, ცდილობს მარტივად, ადამიანურ ენაზე აგვიხსნას, რომ „გულიდან ამოსული ლოცვა ძალას მატებს ადამიანს და სიმშვიდე მოაქვს…“  რომ ხშირად, „რაც უფრო დიდია საფრთხე, მით მეტია დახმარება…“

მოგზაურობა მთვარეზე ანუ მოკეს კოშმარი მოფარიკავე მოკეზეა, რომელიც რეალობას დაშორდა და სიზმრებში გადასახლდა. ამ უცნაურმა პერსონაჟმა მე ბარონი მიუნჰაუზენი მომაგონა. არ იფიქროთ, მხოლოდ იმის გამო, მთვარეზე რომ იმოგზაურა. მოკეს სხვა ბევრი უცნაურობაც სჭირს და არაფრით ჩამოუვარდება რასპეს გმირს.

„მოგზაურობა მთვარეზე ანუ მოკეს კოშმარი“ ვფიქრობ, უფროსებს უფრო დააინტერესებს. ამ ზღაპართან მიმართებაში ერთი ორიგინალური გარემოებაც გახლავთ გასათვალისწინებელი – დიუმა მას სწორედ იმ პერიოდში თხზავდა, როდესაც არა თუ ციფრული ტექნოლოგიები, ტელეფონი, რადიო და ავტომობილიც არ არსებობდა. სწორედ ამ განსხვავებული რაკურსიდან უნდა აღვიქვათ მოკეს კოშმარები და ამბავი გაცილებით თავშესაქცევი მოგვეჩვენება – იმჟამინდელი ეპოქის ადამიანების მსოფლმხედველობასა და განცდებზე დავფიქრდებით და ალაგ-ალაგ გემრიელადაც ჩაგვეღიმება.

***

ინტერნეტში ალექსანდრე დიუმას სხვა ზღაპრებსაც მივაგენი და იმედი მაქვს, ქართულ ენაზე მათ წაკითხვასაც მალე შევძლებთ. მანამდე კი ამ მინიატურულ წიგნს დავჯერდეთ და განსხვავებულ ლიტერატურულ ამპლუაში  შევაფასოთ საყვარელი მწერალი. უმცროსი თაობა კი თავდაპირველად ზღაპრებით გაიცნობს დიუმას შემოქმედების და მომავალში ალბათ ასე იტყვიან: ნახეთ, „სამი მუშკეტერიც“ იმან დაწერა, ვინც „პიერი და მისი ბატიო?!.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“