შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლება ქმედებით, ანუ როგორ უნდა გახდე ლადო მასწავლებელი   

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა ცხოვრობს. მის სკოლას ორიოდე საათით ვსტუმრობთ. დერეფნები და საკლასო ოთახები ნათელი და მოწესრიგებულია. ლადო მასწავლებელი ჯერ პირველ სართულს გვათვალიერებინებს და თან მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ გვიყვება. შემდეგ მეორე სართულზე ავდივართ. აქ გველიან ბავშვები და აქ უნდა გაიმართოს ლადო მასწავლებლის პრეზენტაციაც.

ლადო აფხაზავა თავდაპირველად რელიგიიის ისტორიას ასწავლიდა, შემდეგ სამოქალაქო განათლების საათები აიღო და ამ საგნის გარეშე დღეს უკვე რთულად წარმოუდგენია საკუთარი თავი. პროგრამა „მომავლის თაობა“ ლადო მასწავლებელს პროფესიული შესაძლებლობების განავითარებაში დაეხმარა. პროგრამის საქმიანობის ნაწილი სამოქალაქო პედაგოგთა შესაძლებლობების ხელშეწყობაა – მრავალფეროვანი ტრენინგებით, მრგვალი მაგიდებით, სამოდელო გაკვეთილებისა და გაზიარების ჯგუფების შეხვედრების გზით.

სულ ტრენინგკურსი „დემოკრა ტიული მოქალაქეობის სწავლება“ 700-მდე პედაგოგმა გაიარა. კვლევამ აჩვენა, რომ აქედან დაახლოებით 80%-მა ტრენინგზე მიღებული ცოდნა კლასში გამოიყენა. ასეთია ლადო მასწავლებელიც.

ის მართლაც განსაკუთრებულია – მის დამოკიდებულებას მოსწავლეებისადმი მომენტალურად გრძნობ. ის არავის უყურებს ზევიდან. არ ცდილობს მასწავლებლებისთვის ასე ნაჩვევი აკადემიური ლექსიკის შენარჩუნებას. ლადო აფხაზავა ისეთია, როგორიც არის – უშუალო, ენერგიული, პოზიტიური, კრეატიული და მეგობრული. ასეთი ადამიანები იოლად გენერირებენ ახალ იდეებს, მათი ხორცშესხმისთვის კი არ საჭიროებენ ფანტასტიკურ რესურსს. მაგალითად, იმისათვის, რომ სავარჯიშო ჩაეტარებინა, ჩვენს თვალწინ ჩვეულებრივი კარტოფილი და კომბოსტო, რომელშიც ფერადსტიკერრებიანი ხელნაკეთი დროშები „გადანერგა“ და დამხმარე თვალსაჩინოებად აქცია.

ლადო აფხაზავა აქამდე მხოლოდ სატელევიზო სიუჟეტებში რომ გვენახა, ის მასწავლებელი აღმოჩნდა, ვისაც სკოლის შენობაში თუ მის გარეთ გუნდურად დაჰყვებიან ბავშვები, ვინც გაკვეთილების ჩატარებას მშვენივრად ახერხებს სკოლის ეზოშიც. ბავშვებთან ურთიერთობა მისი სტიქიაა – მინდობითი ოჯახების პროგრამის ფარგლებში ის რვა მოზარდსაც ზრდის.

ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლები დღესაც ვერ იაზრებენ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას. არადა, ამ საგანს ქართულ სკოლებში უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს და, რაც მთავარია, ის პირდაპირი კავშირი სამოქალაქო ცნობიერებასთან. ეს არის საგანი, რომელიც ასწავლის იმას, რის დეფიციტსაც განვიცდით – აქტიურ მოქალაქეობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას (პროგრამა „მომავლის თაობის“ ერთ-ერთი მიმართულება საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა და ადვოკატირებაა).

სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგის, ლადო მასწავლებლის შრომისუნარიანობა, სიხალისე და პროფესიული მონდომება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი და როგორ უნდა ასწავლიდეს ტავის საგანს. ლადო მასწავლებელს მიაჩნია, რომ სამოქალაქო განათლება არის ის, რაც ავითარებს არა მხოლოდ მოსწავლეებს, ცვლის მათ ხედვას და სძენს ახალ უნარებს, არამედ ავითარებს სკოლასაც, აუმჯობესებს პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობის პროცესს. მეტიც, მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტები შეიძლება სასარგებლო იყოს სოფლის თემისთვის ან ქალაქის მასშტაბით.

განათლების სპეციალისტთა შეფასებით, ბოლო პერიოდში სამოქალაქო განათლების მიმართ ინტერესმა იმატა და ალბათ ეს პროგრამა „მომავალი თაობის“ (USAID ფინანსური მხარადაჭერით) განმახორციელებელი ორგანიზაციისა PH Internationa-ის ჭეშმარიტი დამსახურებაცაა, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს 480 საჯარო სკოლა მოიცვა, ამ წლიდან კი დამატებით 230 სკოლას გაუწევს დახმარებას, გააუმჯობესებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხს და მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ეს პროგრამა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. სამინისტროს წარმომადგენლისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტ შალვა მეკრავიშვილის შეფასებით, სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება თანამედროვე სკოლასა და მოსწავლეებში აუცილებელია. უახლოეს მომავალში სკოლებში აქტიური მოქალაქის აღზრდა და ჩამოყალიბება უფრო ადრეული ასაკიდან მოხდება – საგნის სწავლება დაწყებითი საფეხურიდან გაძლიერდება. მე-III-IV კლასებში შევა ახალი საგანი „მე და საზოგადოება“ – ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული კურსი, სადაც სამოქალაქო განათლების ნაწილი წამყვანი იქნება. საგნის პილოტირება საქართველოს მასშტაბით 15 სკოლაში უკვე დაიგეგმა.

შალვა მეკრაშვილის აღნიშნავს, რომ სამოქალაქო განათლებაში, გარდა იმისა, რომ ეს საგანი მეორეხარისხოვნად აღიქმება, სხვა პრობლემებიც არსებობს: საგნის პედაგოგთა დეფიციტი, დაბალი მოტივაცია და ზოგჯერ დაბალი კვალიფიკაციაც. აგრეთვე, არ გაგვაჩნია სამოქალაქო განათლების ფაკულტეტი (სკოლაში ამ საგანს ხშირად ისტორიის მასწავლებლები ითავსებენ).

პროგრამა „მომავლის თაობას“ გურიის რეგიონში 7 პარტნიორი სკოლა ახორციელებს.

ლადო აფხაზავას სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბი, რომელმაც სკოლის სივრცე ნოვატორული იდეების ეპიცენტრი გახადა. ასეთი კლუბები სხვა სკოლებშიც იხსნება.  საკლასო პროექტების მეშვეობით, კლუბი მოსწავლეებისთვის აქტუალურ პრობლემებზე საპასუხო ინიციატივებს ახორციელებს, ასეთი შეიძლება იყოს სკოლის სივრცეში ძალადობის შემცირება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა და სხვ. პროექტის თემებს მოსწავლეები არჩევენ.

იმისათვის, რომ სამოქალაქო განათლებაში ჩართულ მასწავლებლებს მოტივაცია გაეზარდოს, სხვადასხვა კონკურსების ფარგლებში ჩატარდება კონკურსები, დაჯილოვებები. რაც შეეხება კლუბებს, გამართული მუშაობისთვაის პროგრამის ფარგლებში შექმნილია სასწავლო მასალა „საკლასო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო“ და „ინსტრუქციები სასკოლო სამოქალაქო კლუბის მუშაობისთვის“. სპეციალური ბარათების კრებული გამოცემულია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შარშან საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ლადო მასწავლებელს ერგო, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს არ ყოფილა მისი მიზანი. მას უბრალოდ სურდა მის მოსწავლეებს ხარისხიანად ესწავლათ, შეძლებოდათ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ბავშვებთან ურთიერთობის დროს ის თვითონ იყენებს ინოვაციურ და განსხვავებულ მიდგომებს, უვითარებს მოზარდებს იმ საკვანძო უნარებს, რომლებიც სწრაფცვალებად ზრდასრულ სამყაროში გამოადგებათ. ლადო მასწავლებელი პროექტებით რთავს მოსწავლეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აგრძნობინებს პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და ერთმანეთის წინაშე.

ჩიბათის საჯარო სკოლაში 168 მოსწავლე სწავლობს. სკოლას ახალგაზრდა დირექტორი ჰყავს, რომელიც ცდილობს აიტაცოს მოსწავლეთა მიერ ინიცირებული საინტერესო იდეები. იდეების ნაკლებობას კი ბავსვები ნამდვილად არ უჩივიან.

ლადო მასწავლებელი სლაიდების დახმარებით გატაცებით გვიყვება, თუ როგორ იღებენ მოზარდები ცოდნას პროექტული სწავლების გამოყენებით. მისი პრეზენტაცია თითქმის საათი გრძელდება. ლადო მასწავლებელი წარმოგვიდგენს სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტების წყებას. დეტალურად გვიყვება, თუ როგორ ისწავლეს მისმა მოსწავლეებმა პროექტის წერა და ადგილობრივი თვითმართევლობისა და გამგეობის ჩართულობით, გააკეთეს რკინის დამცავი ბარიერი იმისათვის, რომ სოფლის მცხოვრებლები ხევში არ გადავარდნილიყვნენ.

პროექტი „დიდი პრობლემები პატარა ხარჯებით“ კი იმით დასრულდა, რომ ადგილობრივმა თვითმართველობამ სოფლის ცენტრში მდინარეზე გადასასვლელი ხიდი მოაწესრიგა. პროექტის ინიციატორი X კლასის მოსწავლე მირიან სულაბერიძე და მისი მეგობრები იყვნენ.

სათემო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ლადო მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ასწავლის როგორ უნდა დაისახონ მიზანი და მიაღწიონ მას. მისი თქმით, ბავშვები საკრებულოს სხდომებსაც კი ესწრებოდნენ, უფროსებთან ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა ინიციატივებს.

ლადო მასწავლებლის ხელმძღვანელობით სოფლის მოსახლეობამ, რომელსაც ყოველ დღე  უწევდა ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთა პირუტყვის საძოვრებზე გასარეკად და რომელიც მუდმივად იყო ავტოავარიების რისკის ქვეშ, „ზებრა“ გადასასვლელები მიიღო. ეს პრობლემა X კლასის მოსწავლე იზა მიქაძის და მისი კლასელების აქტიურობით გადაიჭრა.

ჩიბათის სკოლაში არსებული რეიტინგული სისტემის ფარგლებში პრობლემის აღმოჩენა 100 ქულით ფასდება, მოგვარება კი – 350 ქულით. ქულების ცხრილი პირველ სართულზეა გაკრული და ყველა მოსწავლეს შეუძლია თავისი და სხვისი შრომის შეჯამება.

სკოლაში განხორციელებული პროექტი უამრავია. აი, ბავშვებმა მდინარე ნარჩენებით დაბინძურებას გადაარჩინეს და მათი ადვოკატირების შედეგად სოფელში ურნები დაიდგა. აი, მათ სოფელ-სოფელ იარეს, დაკალმების უძველესი მეთოდებს იკვლიეს, ჩარგეს ქოთნებში  სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, დააწერეს საკუტარი სახელები – თავიანთი, მშობლებიის და მასწავლებლის და სათითაოდ მეურვეობდნენ. მშობლებიც იძულებულები გახდნენ ევლოთ სკოლაში და მოეარათ მცენარეებისთვის. ახლახან კი სოფლის გამგეობამ მიაწოდა მასალა და ერთობლივი ძალებით სკოლის ეზოში სათბური გააკეთეს, მისი აღჭურვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის თანხა უკვე მოპოვებულია.

ჩიბათის საჯარო სკოლას სოცქსელებში თავისი გვერდი აქვს, სადაც ყველა აქტივობა იტვირთება. სხვათა შორის, მას 2 ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს! მოზარდებს სჯერათ, რომ აქტიური მოქალაქეობა „გადამდებია“ და ყველას შეუძლია შეცვალოს რაიმე თავის ირგვლივ. საკუთარ გამოცდილებას ისინი უკვე ახლომდებარე სკოლებშიც აზიარებენ.

„თუ გაკვეთილი ისწავლე, სულაც არ არის საჭირო მასწავლებლის წინაშე მოყვე და ქება დაიმსახურო. ჩიბათის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს აქვთ საშუალება შექმნან პატარებისთვის ტრენინგ-მოდული და მათვის გასაგებ ენაზე აუხსნან, თუ რა ისწავლეს თვითონ და რატომ არის ამ თემის ცოდნა მათთვის აუცილებელი. დღეს მე-10 კლასელმა თეონა ფუტკარაძემ და დავით პატარაიმ მე-6 კლასელ პატარებს კონფლიქტის თემაზე სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარეს, მოახერხეს კლასის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, დებატებსა და სახალისო აქტივობებში,“ – ვკითხულობთ ჩიბათის სკოლის „ფეისბუქზე“.

პროგრამა „მომავლის თაობის“ დირექტორი მარინა უშვერიძე ამბობს, რომ ბავშვებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მხოლოდ თეორიული ცოდნა კი არ უნდა დააგროვონ მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენონ.

„ჩვენ ვუწყობთ ხელს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად. ეს არის ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებსაც ვერ შეიძენენ დიდობაში, ისინი ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს: სხვაზე ზრუნვა, საერთო სარგებელზე ფიქრი და ბევრი სხვა რამ. პროგრამის ხიბლი არის პრაქტიკული სწავლება, სწავლება ქმედებით.  ეს არის საგანი ინდივიდის როლზე საზოგადოებაში,“ – აზუსტებს ქალბატონი მარინა.

ასევე, მისი თქმით, ინფორმაცია მცირე გრანტებზე სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის მასწავლებლებს შეუძლიათ ნახონ ინტერნეტ გვერდზე www.initiatives.ge, ელექტრონული რესურსების და სხვა საჭირო ინფორმაცია პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის სამოქალაქო განათლების შესახებ კი პორტალზე www.civics.ge. პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმიცაა, რომელსაც დღეს ათასზე მეტი წევრი ჰყავს.

ვიდრე ჩიბათის სკოლის მეცხრეკლასელები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ მოაგვარონ სოფელში წვიმით დაზიანებული შიდა გზები, ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის კონკურსზე საქართველოს სახელით წარსდგა. მომავალი წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო კი სხვა პედაგოგს ელის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი