ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

შიში და განათლება

ნუ გეშინიათ, დატოვოთ თქვენი კომფორტის ზონა. აკეთეთ ის, რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ, ამოაყირავეთ თქვენი იდეებიისწავლეთ ის მოქმედებები, რომლებიც ავტომატურ შემდეგ ნაბიჯსარ გთავაზობთჩაატარეთ ექსპერიმენტები და მანამდე უხილავ უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ თქვენ ირგვლივ…”

Tina Seelig, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

მას შემდეგ, რაც ჩვენი ცნობიერი ცხოვრება იწყება, ყველაზე მძაფრად ჩვენში იჭრება „შიში“ – დაუპატიჟებლად აღებს ცნობიერების კარს და იქ სამუდამოდ სახლდება. განათლება და კულტურა ყოველდღე კვებავს ამ შიშის ნერგს, უსხამს წყალს და აძლიერებს. ამიტომაც „შიშს დიდი თვალები“ უხდება და ის იწყებს ჩვენს მართვასა და კონტროლს. ეკლესია ნერგავს ღვთის შიშს, სკოლა – შეცდომის შიშს, ოჯახი – მომავლის შიშს, პოლიტიკა – გაურკვეველ შიშს… იზრდებიან, მრავლდებიან  და ყვავილობენ ჩვენში შიშის მცენარეები, სარეველებივით მოსდებიან ცნობიერებას და გასაქანს არ აძლევენ.

ბავშვებს „ბუათი“, „გუდიანი კაცით“, „შავი კაცით“ აშინებენ, რომლებიც მოდიან და მიჰყავთ ბავშვები, თუ დროზე არ ჭამენ, თუ დროზე არ დაიძინებენ, თუ კარგად არ მოიქცევიან…

შიშის ბუდეა თანამედროვე სკოლა, ხოლო მასწავლებლები – შიშის დამნერგავები, დამშინებლები… კარგად მოიქეცი, თორემ მშობელს ვეტყვი; ისწავლე, თორემ… სისტემა, რომელიც დღემდე ძალადობას და იძულებას ეფუძნება (ფიზიკური ძალადობის ჩათვლით: ყურის აწევა, თავში წამორტყმა, სახეში შემოლაწუნება და სხვა).

დღემდე მასწავლებლები თავს იმყარებენ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთას“ იდეებით:

„ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი“ ან: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“. სისტემა ცოდნის გადაცემაზე კი არა, შეცდომებზეა ორიენტირებული. სკოლის მთავარი ფრაზებია: „შეცდომა არ დაუშვა“, „უშეცდომოდ დაწერეთ“, „შეცდომების გასწორება“ და სხვა.

შიშით შეპყრობილი მოსწავლე ხდება მართვადი და როცა დაემუქრებიან, რომ „კლასში დარჩებიან“, ან უნივერსიტეტში „საგანი შეეტენებათ“, ავტომატურ რეჟიმში იწყებენ „გამოცოცხლებას“ და ცოდვილობას, რომ როგორმე გაათრიონ კიდევ ერთი საგანი, ჩააბარონ კიდევ ერთი გამოცდა. გამოცდის შიში – ეს კიდევ უფრო სხვა ფენომენია, იმდენად ძლიერი და უნივერსალური, რომ მეტაფორა „ცხოვრება – გამოცდაა“ – სწორედ ამ გამოცდების სიმწარეს ეფუძნება. ერთხელ თუ მაინც ამ მეტაფორის ლინზით შეგიხედავთ ცხოვრებისთვის, მიხვდებით, რამხელა ტანჯვაა. ქრისტიანული სარწმუნოებაც ხომ ამაში გეხმარებათ, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოცდაა, სამოთხეში მოსახვედრად დაწესებული…

და რა არის ასეთი სისტემის შედეგი, პროდუქტი? – შიშზე დამყნობილი კოლექტიური ცნობიერება, ანუ მომავალი მართვადი და მორჩილი მოქალაქე.

და ისმის კითხვა: სად არის ცხოვრება და ადამიანი ამ შიშით მართული ავტომატიზმის პირობებში? სად არის შემოქმედი, ღვთის სახედ და ხატად შექმნილი ინდივიდი? სად არის სიხარული და ცოდნის ზეიმი…?

ამგვარი განათლება წარმოშობს ტანჯვაზე დაფუძნებულ კულტურას და ორივე ერთად განაპირობებს ჩვენს მოსაწყენ და შეზღუდულ რეალობას, რომელშიც ყველას სული ეხუთება, მაგრამ არავინ ცდილობს, ჟანგბადი და სუფთა ჰაერი შემოიტანოს სისტემაში. განათლების მინისტრები, რომლებიც ერთობ კარიკატურულები გახდნენ ბოლო დროს, მოდიან და მიდიან, განათლების სისტემა არც მანამდე აღელვებდათ და არც მერე აღელვებთ.

ნორბერტ ბოლცი სტატიაში: „ვის ეშინის ფილოსოფიის?“  წერს: „ალან ჩარლზმა და ჰერეი სილვერგლეიტმა თავისუფლების აკადემიური ღალატის შესახებ ერთ შთამბეჭდავ, სუნთქვისშემკვრელ რეპორტაჟში თანამედროვე უნივერსიტეტი თავისუფალი საზოგადოების უდიდეს მტრად მონათლეს, ვინაიდან ის სტუდენტებს აღარ ექცევა, როგორც ინდივიდებს, არამედ მხოლოდ – როგორც ჯგუფური იდენტობების განსახიერებებს, და მათ ამის შესაბამისად ჯგუფური წესით ასწავლის.

სულის ახალი ინჟინრები ენობრივი კოდებით, ჯგუფური იდენტობის გაძლიერების განაწესებით და „sensitivity”-ის და „awareness”-ის ტრენინგ-კამპით (Camp – აღნიშვნის ციფრული კოდური სისტემა) მუშაობენ. ვინც სიტყვა „ინდივიდს“ იყენებს, მაშინვე ეჭვს აღძრავს, რომ ის ჯგუფის წმინდა სულის წინაშე სცოდავს…“ (თარგმნა დათო ბარბაქაძემ, გამომცემლობა „კალმოსანი“).

უნივერსალური კრიზისი განათლების სისტემაში, რომელშიც მეტნაკლებად მთელი სამყაროა ჩართული, ეფუძნება სწორედ კოლექტიურისა და ინდივიდუალურის პრობლემას. ამიტომ იყო თანამედროვე განათლების ექსპერტი კენ რობინსონი  ამბობდა: თანამედროვე განათლება კლავს შემოქმედებითობასო! შეგიძლიათ ლექცია მოისმინოთ ამ ლინკზე: https://www.ted.com/talks/ken_robinson_says_schools_kill_creativity?language=ka

 

სკოლა ზრდის ჯარისკაცებს, მეომრებს, მებრძოლებს…. რადგან მოქალაქე უნდა ემსახუროს სამშობლოს, დაიცვას სამშობლო, იბრძოლოს წარმატებისთვის, იყოს კონკურენტუნარიანი სამსახურის მოპოვებაში, კარგად გაყიდოს საკუთარი შესაძლებლობები. ამ ყველაფერს კი ნამდვილად სჭირდება მეომრის და ჯარისკაცის სულისკვეთება. „ცხოვრება ხომ ბრძოლაა“, ბრძოლაში კი ვიღაც უნდა დაამარცხო, მოკლა, გადათელო… ისე ვერ გაიმარჯვებ. თითქოს ეს სამყარო მხოლოდ გამარჯვებულებს ეკუთვნოდეთ. კლასიც ხომ ასეა დაყოფილი: ყოჩაღებად და ზარმაცებად… მასწავლებლებს უყვართ ყოჩაღები და არ უყვართ ზარმაცები. სიყვარული ხომ ასხვავებს… ზარმაცის სიყვარული არ შეძლება. აი, გახდეს ყოჩაღი და მასაც შეიყვარებს მასწავლებელი, მშობელიც შეიყვარებს და არა მარტო შეიყვარებს, არამედ იამაყებს კიდეც მისით.

და ამ სისტემაში მითხარით, სად არის ადამიანი, შემოქმედი ადამიანი, თავისუფალი ადამიანი, ბედნიერი ადამიანი? ისევ ბოლცის სტატიიდან მოვიყვან ციტატას: „სწავლით აღტაცება, სტუდენტთა გაცისკროვნებული თვალები – ეს ყველაფერი ხომ რა ხანია წარსულს ჩაბარდა…“

ყველაფერი ისეა, როგორც Pink Floyd-ის სიმღერის Another Brick In The Wall -ის ტექსტში:
We don’t need no education.

We don’t need no thought control.

No dark sarcasm in the classroom.

Teacher, leave those kids alone.

Hey, Teacher, leave those kids alone!

All in all it’s just another brick in the wall.

All in all you’re just another brick in the wall.

 

პ.ს. წერილი ეხება სისტემას და არა კონკრეტულ მასწავლებელს, მით უფრო არ ეხებათ კარგ მასწავლებლებს, რომლებიც ნამდვილად არსებობენ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი