ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა, სადაც არავინ განგსჯის

ბლეკპულის ერთ-ერთ ქუჩაზე, მოკრძალებულ აგურის შენობაში, პატარა გოგონას მუხლებამდე თეთრი წინდები, ტყავის კედები და თეთრი მაისური აცვია, ფრთხილად აწყობს ფაზლს და სკოლის ამბებს გვიყვება. მარია 13 წლისაა და ძალიან უყვარს ინგლისური ლიტერატურა. შესანიშნავად სწავლობდა “რომეო და ჯულიეტას”, ასევე მოსწონდა სტეინბეკის “თაგვებსა და ადამიანებზე”, თუმცა საკლასო ოთახში თავის კონტროლი ძალიან უჭირდა. ადმინისტრაციამ მას სკოლის დატოვება მოსთხოვა და ამჟამად სპეციალურ სკოლაში სწავლობს, სადაც მასავით “ჯიუტი” ბავშვები დადიან. მარია მათთან ერთად ემზადება სხვა სკოლაში გადასასვლელად, სადაც, იმედი აქვს, თვითკონტროლს შეძლებს.

თავის საქციელში არავის ადანაშაულებს. “გაკვეთილებს ვშლიდი. მასწავლებლებმა ბევრი შანსი მომცეს, მაგრამ არ გამოვიყენე”, – ამბობს. მისი მთავარი პრობლემა გაბრაზებაა. მას შეუძლია, დეტალურად ჩამოთვალოს, რაც კარგი ცხოვრებისთვის სჭირდება: ტაიმ აუტი, სიმშვიდე, ჯილდო, რომელიც წაახალისებს, მეტი ძილი და მასწავლებლების მიერ აღიარება. ახალი სკოლის მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ მარიას ძველი ამბები დაავიწყონ, წაახალისონ და ახალი გამოწვევებისთვის მოამზადონ.

მარია ერთ-ერთია იმ 220 მოსწავლიდან, რომლებიც ამ სპეციალურ სკოლაში დადიან. ახალი კვლევების თანახმად, მისი მსგავსი მოსწავლეების რაოდენობა ინგლისში დღითი დღე იზრდება.

სკოლის ატმოსფერო ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი, საჯარო სკოლებისგან. აქ კედლები ჭრელია და ღია ფერებში გადაწყვეტილი. კედლებზე პოსტერებია, რომელიც განსხვავებულ გრძნობებს გამოხატავს. “მე და ჩემი ცუდი დღე”, – ამბობს ერთი პოსტერი. “მინდა, შინ წავიდე. მინდა, ვიბრძოლო. მინდა, მიზანი მქონდეს”, – ამბობს მეორე. მეორე სართულზე ხელოვნების ოთახია, სადაც მოსწავლეები ორიგინალურ ნახატებს ხატავენ. პირველ სართულზე ორი წლის კოკერსპანიელი წევს, რომელსაც არჩის ეძახიან და მოსწავლეებს ეკუთვნით. სწორედ ისინი ეთამაშებიან და უვლიან ძაღლს მორიგეობით. ბავშვები ძალიან მშვიდად ხატავენ და მხიარულები ჩანან. ისინი ერთ დროს სკოლიდან პანიკური შეტევებისა და დაუმორჩილებელი ხასიათის გამო გარიცხეს.

საკლასო ოთახები პატარაა, მასწავლებლები მოსიყვარულეები და მხიარულები არიან. “მნიშვნელობა არ აქვს, როგორ განწყობას გამოამჟღავნებენ მოსწავლეები ჩვენ მიმართ. ჩვენ არასოდეს, არასოდეს ვნებდებით, – ამბობს უფროსი მასწავლებელი ვენდი ქასონი. – წელიწადის სხვადასხვა დროს მოსწავლეები სხვადასხვა პრობლემებით მოდიან: ბრაზი, გაღიზიანება, დაუმორჩილებლობა. ჩვენი მიზანია, მოსწავლეები კალაპოტში ჩავაყენოთ. ყურადღება და სითბო არ მოვაკლოთ, რთული გამოწვევების დასაძლევად მოვამზადოთ და საჯარო სკოლებში დავაბრუნოთ, თუმცა ხშირად მათ აქედან წასვლა აღარ უნდათ. საჯარო სკოლებში მათ ბევრი რამ აღიზიანებთ: კლასში მოსწავლეების სიმრავლე, მეტისმეტად ბევრი საშინაო დავალება. ვითარება უფრო მეტად მძიმდება, როცა ბავშვები სახლშიც აწყდებიან პრობლემებს. ჩვენ ვცდილობთ, თითოეულს დამოუკიდებელი სასწავლო გეგმა შევუდგინოთ და შეძლებისდაგვარად მალე დავაბრუნოთ სკოლაში. ყველა მათგანს, ცხადია, სხვადასხვა დრო სჭირდება მიზნის მისაღწევად”.

ქასონს, რომელიც ბლეკპულში დაიბადა და სწავლების ოცწლიანი გამოცდილება აქვს, თავი მოაბეზრეს ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ სკოლას გამუდმებით უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ. არგუმენტად მათ გამოცდების ცუდი შედეგები მოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ინგლისის საგამოცდო მონაცემების მიხედვით, სკოლა თითქმის ბოლო ადგილზე გავიდა. ქასონი იცინის და უკვე, ვინ იცის, მერამდენედ განმარტავს: ეს არ არის სკოლა, სადაც მოსწავლეებს მაღალი დონის განათლებას აძლევენ. ეს ის ადგილია, სადაც მათ ამშვიდებენ, ასწავლიან ადამიანებთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობას, უხსნიან სწავლის დადებით მხარეებს და შინ გაწონასწორებულებს და მოტივირებულებს აბრუნებენ.

ქასონი ამბობს, რომ მთავარი მასწავლებლების შერჩევაა და სწამს, რომ სკოლა კიდევ არაერთ წელს იარსებებს.

წყარო: theguardian.com

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“