ორშაბათი, დეკემბერი 11, 2023
11 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

გზად

ავტორი: სალომე შენგელიძე

 

Bochum Schauspielhaus-კენ მივდივართ. „DÄUMELINCHEN” უნდა ვნახოთ, საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი ცეროდენა, მაგრამ უზარმაზარგულიანი გოგოს შესახებ, ყვავილისგან რომ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთს ახლახან გადასცდა, ბნელა. ე. ი. ზამთარია, რომელიც აქ კიდევ უფრო გრძელია, ვიდრე საქართველოში. ნილსი შვიდი წლისაა, მანქანებით გატაცებულს სპეციალურად შევურჩიე ცოტათი ფემინური სიუჟეტი, მაინტერესებს, როგორ გალღვება მეტალი. შვიდი წლის ნილსის მამა ჩემი მეგობარია და მამამისივით დიდი, მწვანე და წყლიანი თვალები აქვს.

 

ფეხით მივდივართ. ზამთრის ჰაერი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე და სუფთაა. მინდა, ნილსი გრძნობდეს, რომ ზამთრის ჰაერი გამჭვირვალე და სუფთაა. ამიტომაც ვართ ერთად. ამიტომაც წამოვედით. ამიტომაც მინდა, დავმეგობრდეთ. იმიტომაც, რომ მამამისის თვალები აქვს და მამამისმა კი შესანიშნავად იცის, როგორი გამჭვირვალე და სუფთაა ზამთრის ჰაერი.

გზად იმაზეც მეფიქრება, რომ მოსაწყენად სტერეოტიპული ვარ, აი, ისეთი, რომელიც ვერაფრით დაუშვებს, მანქანებზე შეყვარებულ შვიდი წლის ბიჭებს, მეტალის გარდა, სხვა ნამდვილი რამეებიც აინტერესებდეთ. კაცმა რომ თქვას, კიდევ ერთი ტრაგედია ისაა, რომ ეს „მეტალი” არანამდვილი რამე მგონია. ამიტომაც ვართ ერთად, – კარგი იქნება, თუ გადამარწმუნებს. ისე კი, ისეთი ბიჭია, ფრთხილად უნდა ვიყო: ბევრი რამე გაეგება, სრულყოფილი პასუხებია საჭირო.

ათას რამეზე ვფიქრობ. ამ თხელი ბიჭის როგორ მეშინია- მეთქი. ან მამამისი, ეს ჩემი ამხელა მეგობარი რამ გააბრიყვა, ნილსი რამ დაარქმევინა, მარვინი უნდა დაერქმია ან იულიანი, ნილსი ისეთი სახელია, მკვირცხლი, სულ მოქმედებას, სულ სიმამაცეს, დაუსრულებელ ოინებსა და გადატყავებულ მუხლებს მოითხოვს- მეთქი. ეს კი მოდის ჩემ გვერდით, დინჯი და განსწავლული, ერთი ოინის ჩადენასაც ვერ შეჰკადრებ.

ბავშვების დამეგობრებაზე რთული საქმე ამქვეყნად არ მოიპოვება. და არც მათზე ნამდვილი მეგობრები არსებობენ. მაგრამ ასე ადვილად არ დაგიმეგობრდებიან, ასე ადვილად არ შეგიყვარებენ, ჯერ მათი ნდობა უნდა მოიპოვო და მსხვერპლიც გაიღო. ბავშვი მეგობრები მხოლოდ ყველაზე კარგ და კეთილ ადამიანებს ჰყავთ,- ნამდვილ მეგობრობას ვგულისხმობ. ის არ ითვლება, ბავშვმა თუ უბრალოდ თავი გაგიყადრა.

ელაპარაკე იმაზე, რაც ნამდვილად გაინტერესებს, – საკუთარ თავს შევახსენე და დავიწყე. დამეგობრება ასე დაიწყო. ისე, რომ სულმოუთქმელად არ მომიყოლია ჩემი და მამამისის ამბები. საკუთარი ამბებით დავიწყეთ, მაგალითად, იმით, თუ როგორი შემზარავია ღამით ჯუნგლები.

დასავლეთ გერმანიის ეს პატარა, ლამაზი, მოწესრიგებული და საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული ქალაქი ამაზონის გაუვალ ჯუნგლებად ისე სწრაფად ვაქციეთ, თითქოს ყავის აპარატიდან პატარა, პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში „მოკას” ვასხამდით. ასე გადავწყვიტეთ: თეატრამდე გზა ჯუნგლებზე გადის, თეატრი კი ერთადერთი უსაფრთხო, მშვიდი და მყუდრო ადგილია. იქ მშიერი აფთრები ბოლთას არ სცემენ და არც მგლების შემზარავი ყმუილი ისმის. არც უზარმაზარი ანაკონდა მოსრიალებს ჩვენს გადასაყლაპავად და არც ტარანტულებს ვუყურებთ თვალებში.

გავიქცეოდით, ამოვეფარებოდით რომელიმე მაღალ ხეს. მერე ფრთხილად გავყოფდით თავს, მივიხედ-მოვიხედავდით და მეორე ხისკენ გავრბოდით. გულის ხეთქვით. კანკალით. გადარჩენის იმედით. პირზე ხელებაფარებულები. ვაითუ, შეშინებულებს ჩვენი შიში წამოგვცდენოდა. ვაითუ, ამ შიშს რომელიმე გააფთრებული მხეცი გამოჰყოლოდა.

ასე ვიარეთ. თეატრშიც მალულად შევიძურწეთ. სამშვიდობოს გასულებმა ჩვენი ჭრელი ზურგჩანთები ფეხებთან დავყარეთ და ჭუჭყიანი ბათინკები შევითვალიერეთ: მთელი ამაზონის ტალახი შემოგვიყოლებია. არა უშავს, ეს ჭუჭყი ჩვენს სიმამაცეზე მეტყველებს და გვახსენებს, რომ ცოტათი გმირები ვართ. წარმოდგენის დაწყებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და მე კიდევ იმაზე მეფიქრება – რა მაგარია, გყავდეს ნამდვილი მეგობარი, აი, ისეთი რომელთან ერთადაც ამაზონია გაქვს გამოვლილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ორნახადის სიყვარულით

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი