შაბათი, სექტემბერი 28, 2024
28 სექტემბერი, შაბათი, 2024

კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი მეთოდი „თევზის ფხა“

მეთოდი  ინფორმაციის გაგება-გააზრების და დამუშავების უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლიტერატურაში მას ფიშბოუნის დიაგრამადაც მოიხსენებენ (fishbone diagram). სახელწოდება გამომდინარეობს დიაგრამის ფორმიდან, რომელიც მართლაც წააგავს თევზის ფხას (fishbone სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურიდან).

ინფორმაციის დამუშავებისა და გადამუშავების უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ასე ვთქვათ, „გამჭოლი კომპეტენციაა“ და მოსწავლეს გამოადგება არა მხოლოდ კონკრეტული საგნის კონკრეტული თემის დამუშავების დროს, არამედ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და დამახსოვრებისთვის. სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება: თვალსაჩინოებები, სქემები, დიაგრამები, მარკირების სისტემის გამოყენება, ცნებათა განმარტებებისა და დამახსოვრებისთვის შემუშავებული რუკები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სურათხატების, ვიზუალური თვალსაჩინოებების და ილუსტრაციების წყალობით ადამიანი გაცილებით უკეთ იმახსოვრებს, იგებს და იაზრებს ახალ ცოდნას.

მეთოდის შესახებ

მეთოდის შექმნა მიეწერება იაპონელ მეცნიერს, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს, კაირუ ისიკავას. ის ხარისხის მართვის სპეციალისტად ითვლებოდა არამარტო იაპონიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შექმნილი აქვს არაერთი მეთოდი , დიაგრამა, სქემა მიზეზ-შედეგობრივი, ლოგიკური კავშირების დადგენისა და კვლევისთვის. მისი მეთოდი ადაპტირებულია უამრავი, ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებული დარგისა და მიმართულებისთვის. ამჯერად შევეცდებით მოგაწოდოთ მეთოდის ადაპტირების ვარიანტი სწავლა-სწავლების პროცესში.

მეთოდის უპირატესობები:

  • მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად ან წყვილებში და ეჩვევიან თანამშრომლობით სწავლების პრინციპს;
  • ხდება მიღებული ინფორმაციის რანჟირება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ( მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, არგუმენტირებისთვის საჭირო, ფაქტობრივი/შინაარსობრივი ფაქტორები და ა. შ.);
  • ივითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს, ეცნობიან კრიტიკული აზროვნების სტრატეგიებს;
  • აფასებენ მიღებულ ცნობებს სხვადასხვა მითითების მიხედვით და სწავლობენ არგუმენტირებული დასკვნების გაკეთებას;
  • იდეების გენერირებისა და პრობლემური სიტუაციების განხილვის პროცესში მოსახერხებელია მოსაზრებების დაფიქსირება სამომავლოდ გასაანალიზებლად;

 

 

აგების წესი

დიაგრამის ფორმას მასწავლებელი თავად ადგენს და გაკვეთილზე უკვე მზა შაბლონი შეაქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად შეიძლება სხვადასხვა საოფისე პროგრამის გამოყენებით დიაგრამის აწყობა. შესაძლებელია ჩვეულებრივ, ოღონდ დიდი ფორმატის ქაღალდზე ან დაფაზე წინასწარ დახაზვაც. მასალაზე თანდართულ ნიმუშში დიაგრამა ჰორიზონტალურია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ვერტიკალური ვარიანტის გაკეთებაც. გასათვალისწინებელი ისაა, რომ ვერტიკალური დიაგრამა მეტი მოცულობის ინფორმაციის განთავსების საშუალებას იძლევა „ფხაზე“, ჰორიზონტალური კი მეტად დაწურული და შეკუმშულია. შესაბამისად, სწავლების დაბალ საფეხურზე მეტად მიზანშეწონილია ვერტიკალური, მაღალ საფეხურზე კი – ჰორიზონტალური შაბლონის გამოყენება.

„თევზის ფხა“ 4 ინფორმაციული ბლოკისგან შედგება:

თავი – აქ საჭიროა გადასაჭრელი პრობლემის, საკითხის, სამსჯელო თეზისის, პრობლემური სიტუაციის დაფიქსირება.

ზედა ( დახრილი, თავისკენ მიმართული) ფხა/ფხები  – პრობლემური საკითხის გამომწვევი მიზეზების თავმოყრა.

ქვედა ფხა/ფხები – ფაქტები, რომლებიც ამყარებს ( ადასტურებს, გაამყარებს…) თავში მოცემულ პრობლემატიკას.

კუდი – დასკვნა, განზოგადება, შეჯამება.

დიაგრამაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია მოცემული ცნობების რანჟირების წესის გათვალისწინებაც – თავთან უფრო ახლოს შევსებული „ფხა“ მეტად მნიშვნელოვანი, „წონიანი“ ცნობაა.

აუცილებელია ცნობების ( ინფორმაციის) მოკლედ, ლაკონიურად, ნათლად, მკაფიოდ გამოხატვა/გამოსახვა დიაგრამაზე.

დიაგრამის შემადგენელი ნაწილების ( ბლოკების) სახელდებაც და შინაარსიც პირობითია. მთავარი  მოცემულობა ის გახლავთ, რომ თავში დაფიქსირებული საკვლევი საკითხის ირგვლივ მოხდეს იდეების გენერირება, მოსაზრებების თავმოყრა. ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ფაქტები, არგუმენტები, მოსაზრებები, ვარაუდები. მასწავლებელი კონკრეტული გაკვეთილის თემას თავად მოარგებს ფორმასაც და შინაარსსაც.

მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე

ფიშბოუნის დიაგრამა შეიძლება გამოვიყენოთ ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლის პროცესშიც, დასრულების შემდეგაც, რომელიმე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ეკრანიზაციის ნახვისა და განხილვის დროს, ისტორიული წყაროს დამუშავებისას. შესაძლებელია ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა.

ინდივიდუალური – მოსწავლეებს ურიგდებათ ერთნაირი შაბლონი და ეძლევათ მითითება – შეავსონ „ფხის“ შესაბამისი ნაწილები წესების დაცვით. შემდგომ მოსწავლეები მასწავლებელს და კლასს აცნობენ შედეგებს, მასწავლებელს შეუძლია ერთი საერთო დიაგრამის შევსება დაფაზე, სადაც კლასთან შეთანხმებულ ცნობებს დაიტანს.

ჯგუფური – სხვადასხვა ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა საკვლევი თემა ( პრობლემა, საკითხი, კითხვა…), შევსებული დიაგრამის წარდგენამდე ჯგუფი განიხილავს ჯერ თემას და შემდეგ საკუთარ დიაგრამას წარადგენს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“