სელფისთვის წამებული ჩვილი დელფინი

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა ფოტო პატარა დელფინის, რომელიც არგენტინის ერთ-ერთ პლაჟზე გამორიყული, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ტურისტების ჯგუფმა ხელიდან ხელში ატარა მასთან სელფის გადაღების მიზნით. მსოფლიო ინტერნეტი აღშფოთდა ადამიანების გამო, რომლებიც ასე დაუდევრად მოექცა პატარა, დაუცველ არსებას და მისი დანახვისას ერთადერთი სურვილი, რაც გაუჩნდათ, პოზირება იყო, იმის დაფიქსირება და გაზიარება ნაცნობებისა და უცნობებისთვის, რა მაგარ ადგილას არიან, რა მაგარი რამე ნახეს, რა საოცრება ხდება მათ თავს, პატარა, ჩვილი დელფინი ჩაუვარდათ ხელში.

მსოფლიო ინტერნეტში მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს იმას, რაზეც დღეს აღშფოთებულები არიან. დისტანცირება რომ არ გამომივიდეს, პირველ პირში ვიტყვი: –  ინტერნეტს მილიონობით ადამიანი და მათ შორის მეც, ხშირად ვიყენებთ მოდელირებული რეალობის შესაქმნელად, ნამდვილი გარემოდან ჩვენთვის სასურველ ფრაგმენტებს ვსვამთ ფოკუსში, ვაქცევთ კადრებად, ფრაზებად, ამბებად, ვადებთ სასურველ ფილტრებს, ვუკეთებთ ჰეშტეგებს და ვიყენებთ მათ ჩვენს შესახებ საზოგადოებრივი აზრის საშენ მასალად.  ყველაფერ იმას, რასაც ყოველდღიურად ვეხებით, მომხმარებლების თვალით აღვიქვამთ და ვცდილობთ ისინი არა ცალკე განყენებულად, არამედ ჩვენთან კავშირში აღვიქვათ.

პატარა დელფინმა სანაპიროზე გამოცურა? რა კარგია, მასთან სელფის გადავიღებ.

მოწყალების მთხოვნელი ბავშვი?  სტატუსს დავწერ ქვეყანაზე, სადაც ბავშვებს ამათხოვრებენ.

მარტოხელა მოხუცი? გადასარევი,  ყველას მოვუყვები, როგორ შემეცოდა, როცა გზაზე გადადიოდა და მანქანები გზას არ უთმობდნენ.

საშინელი მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და საეჭვო სტანდარტით? არაჩვეულებრივი, საუკეთესო შანსია აღვნიშნო, რომ ჩემი ბინა უკეთეს კორპუსში მდებარეობს.

ზარ-ზეიმით არჩეული პოლიტიკოსები თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ? აბა რა ეგონათ მათ, ვინც მათ ხმას აძლევდა. ახლა ვიტყვი, რომ ყველაფერი მათი ბრალია  და ასე დაუსრულებლად.

selfi

ვინმე იტყვის, მერე რა, რატომაა მოდელირებული რეალობა ცუდი, რატომ არის ცალკეულ ფრაგმენტებად დაჭრილი ამბები ცუდი, ან იმაში რაა განსაკუთრებული, როცა ადამიანი თავის დადებით თვისებებზე აკეთებს აქცენტს და  ვერაფერსაც ვერ ეტყვი ან შეიძლება ის საწყალი, არგენტინის სანაპიროზე დაღუპული ჩვილი დელფინი გაიხსენო ან რომელიმე შენი კარგი ნაცნობის გამაღიზიანებელი პოსტი.

ალბათ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მეტი დრო ინტერნეტში მაქვს გატარებული. არც ერთ სივრცეში არ მიცხოვრია ამდენ ხანს, რაც ინტერნეტში. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, ვფიქრობ კარგად მესმის აქ მოქმედი კანონები და წესები. მეც ბევრს ვფიქრობ ფილტრებზე, სელფებზე, ჰეშთეგებზე…

იმ დროის განმავლობაში, რაც ონლაინ ვყოფილვარ,  ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მივხვდი, ისაა, რომ ძალიან მარტივია სხვების უარყოფით მხარეებზე აპელირებით საკუთარი დადებითი თვისებების ხაზგასმა, მაგრამ რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ეს ძალიან იაფფასიანი საქციელია, არაფრით ჩამორჩება ჩვილი დელფინის მკვლელობას. გაცილებით საინტერესოა, თუ შენზე უფრო ჭკვიან, ძლიერ, გაბედულ, პრინციპულ, მაგარ ადამიანებს მოძებნი და დაფიქრდები, რა გჭირდება იმისთვის რომ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთო, რა გიშლის ხელს უფრო ძლიერი იყო.

ასე უფრო მშვიდად ვარ, როცა კომპიუტერული გამორთულია.

ასე უფრო მკაფიოდ ჩანს, როგორი მომავალი მინდა და რა მაქვს ამისთვის გასაკეთებელი.

ასე უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვილი დელფინი არ შემომაკვდება.

კომენტარები

comments