ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
16 თებერვალი, ორშაბათი, 2026

მოსწავლეთა თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარება დაწყებით საფეხურზე

თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოსწავლეთა თანამშრომლობითი კომპეტენციის განვითარება წარმოადგენს. თანამშრომლობის უნარი არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ, სახოგადოდ, ცხოვრებაში, მის სხვადასხვა ეტაპზე, წარმატების აუცილებელი ფაქტორია. იგი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, საერთო მიზნისკენ მიმართული კოლექტიური ძალისხმევა და პრობლემის ერთობლივი გადაჭრა. საერთაშორისო საგანმანათლებლო პრაქტიკა და კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლობითი სწავლის ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ განვითარებას.

ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს მრავალი გამოწვევა, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე, სადაც მოსწავლეთა სოციალური უნარების ფორმირება აქტიურ ფაზაშია.

 

თანამშრომლობა როგორც საგანმანათლებლო ღირებულება

თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ავტორიტეტული თეორიული და პრაქტიკული საფუძველი წარმოდგენილია Johnson, Johnson & Holubec-ის (1995) ნაშრომში „Cooperative Learning: Theory, Research and Practice“. აღნიშნული თეორიული ჩარჩო იძლევა ღრმა ანალიზისა და პრაქტიკული მიდგომების შესაძლებლობას.

 

Johnson-ების თანამშრომლობითი სწავლების მოდელი

Johnson-ები თანამშრომლობით სწავლებას განსაზღვრავენ, როგორც სრტუქტურირებულ, მიზანმიმართულ პროცესს, სადაც მოსწავლეები საერთო მიზნის მისაღწევად მუშაობენ მცირე ჯგუფებად და ამ პროცესში არა მხოლოდ საგნობრივ მასალას, ისე სოციალურ, კომუნიკაციურ და ორგანიზაციულ უნარებსაც ითვისებენ.

ავტორები თანამშრომლობითი სწავლის ხუთ ფუნდამენტურ ელემენტს გამოყოფენ. ესენია:

  • პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება – მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ წარმატების მისაღწევად დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე;
  • ინდივიდუალური და ერთობლივი პასუხისმგებლობა – ყოველი წევრი პასუხს აგებს როგორც საკუთარ წვლილზე, ისე მთლიანად ჯგუფის შედეგზე;
  • პირისპირ ხელშემწყობი ინტერაქცია – მოსწავლეები ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციით იზიარებენ იდეებს და ეხმარებიან ერთმანეთს;
  • სოციალური უნარჩვევების განვითარება – ნდობა, კომუნიკაცია, ლიდერობა, კონფლიქტების მართვა;
  • ჯგუფური პროცესების რეფლექსია – ჯგუფი აანალიზებს საკუთარ მუშაობას და გეგმავს სხვადასხვა სტრატეგიას მის განსავითარებლად.

დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით გამოსადეგია შემდეგი სტრატეგიები:

  • „Think – Pair – Share“ – მოსწავლე პრობლემაზე ინდივიდუალურად ფიქრობს, შემდეგ იდეას მეწყვილეს უზიარებს და საბოლოოდ ჯგუფში განიხილავენ.
  • “Jigsaw” მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა თემას ინდივიდუალურად, მერე კი უზიარებენ ჯგუფს, რაც ქმნის მთლიან სურათს.
  • „Group Investigation“ – ჯგუფი იკვლევს თემას დამოუკიდებლად და ამის შემდეგ აკეთებს კოლექტიურ პრეზენტაციას.

თანამშრომლობითი კომპეტენციებისთვის ხელშემწყობი სწავლების მეთოდები და სტრატეგიები

ჯგუფური პროექტები და თემატური კვლევები

ჯუფური პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, საერთო მიზნის მისაღწევად ერთად იმუშაონ და იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები. ჯგუფის თითოეული წევრი სამუშაოს კონკრეტულ ნაწილზე იღებს პასუხისმგებლობას, რის შედეგადაც იქმნება ერთობლივი პროდუქტი. ამ ტიპის დავალებები მოსწავლეებს მოსმენის, დაგეგმვის, მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს უვითარებს.

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

თანამედროვე განათლების სისტემა აქტიურად ეძებს გზებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარებას. ამ პროცესში პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning – PBL) ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდად სახელდება. J.W. Thomas-ის (2000) კვლევა „A Review of Research on Project-Based Learning“ წარმოადგენს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ არსებული კვლევების ფართო და სიღრმისეულ მიმოხილვას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ PBL-ის არსი, უპირატესობები და გამოწვევები.

კვლევის მიხედვით, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მთავარი მიზანია, მოსწავლეები რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაში ჩართოს. PBL-ის არსებითი ნიშანია ის, რომ სწავლა ხდება არა მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მიღებით, არამედ ინფორმაციის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენებით. პროექტები აღემატება ჩვეულებრივ სასწავლო დავალებებს – ისინი მოითხოვენ კომპლექსურ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრისა და თანმიმდევრულად მუშაობის უნარს.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც სწავლა რეალურ, ცხოვრებისეულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში მიმდინარეობს. მეთოდის მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის კრიტიკული, ანალიტიკური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაა.

PBL-ის გამოყენებისას მასწავლებელს პირდაპირ ეკისრება მოვალეობა, იყოს მოსწავლეთა აქტიური სწავლის პროცესის მხარდამჭერი და ორგანიზატორი. PBL გარემოში თანამშრომლობა სწავლების ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს. მოსწავლეები ერთად მუშაობენ პრობლემის განსაზღვრაზე, სხვადასხვა ალტერნატივის განხილვაზე, საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაზე. ამ პროცესში მათ უვითარდებათ კონფლიქტის მართვის, აზრის გამოხატვისა და ჯგუფური პასუხისმგებლობის უნარები.

 

თანატოლთა სწავლება / ურთიერთსწავლება

თანამშრომლობითი სწავლება როგორც სწავლების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თანატოლთა სწავლების (Peer Teaching) მიდგომას (რომელსაც, მისი ფორმატიდან გამომდინარე, შეგვიძლია ურთიერთსწავლებაც ვუწოდოთ), სადაც მოსწავლეები ცვლიან როლებს: ერთი ასწავლის, მეორე სწავლობს. ვინაიდან ბავშვები დაწყებით საფეხურზე ემოციურად მეტად გახსნილნი არიან, აღნიშნული მიდგომა ძალზე ეფექტურია. ამ დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ სოციალური და კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები და მზად არიან, ერთმანეთისგან ისწავლონ.

Özgür BABAYİĞİT-ისა და Bahattin ERKUŞ-ის კვლევა (2022), მიზნად ისახავდა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე თანატოლთა სწავლების გავლენის შეფასებას. აღმოჩნდა, რომ კლასში, სადაც გამოყენებული იყო ურთიერთსწავლების მიდგომა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, ექსპერიმენტული ჯგუფის საშუალო ქულა იყო 47.85 და გახდა 62.96. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ თანატოლთა ურთიერთსწავლება ხელს უწყობს, როგორც ინფორმაციის უკეთ ათვისებას, ისე მისი გააზრებულად გადაცემის უნარის განვითარებასაც (Babayiğit და Erkuş, 2022).

აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგის როლი ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თანატოლთა სწავლება უშუალოდ მოსწავლეთა აქტიურობაზეა ორიენტირებული, მასწავლებლის ჩართულობა განსაზრღვრავს პროცესის ხარისხს, მიმართულებასა და ეფექტიანობას. მასწავლებელი იწყებს მოსწავლეთა ანალიზით და არჩევს ისეთ წყვილებსა თუ ჯგუფებს, სადაც ბავშვები შეძლებენ ერთმანეთისგან სწავლას. ამასთანავე, ის ადგენს კონკრეტულ მიზნებს, ამზადებს მასალას და, რაც მთავარია, პასუხისმგებელი ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და თავისუფლად იგრძნობენ. მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ნამდვილი თანამშრომლობა.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ მოსწავლეები უფრო მეტ ენთუზიაზმსა და თავდაჯერებას იჩენდნენ მაშინ, როდესაც როლები იცვლებოდა და თავად ხდებოდნენ „მასწავლებლები“. სტრატეგიის კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენდა მათ ასაკზე მორგებული ენა, ვინაიდან ხშირად პედაგოგის მიერ ახსნილი ყველასთვის ერთნაირად გასაგები არ არის. თანატოლებისგან მიღებული ინფორმაცია უფრო მარტივად აღსაქმელია და სტრესის დონეც შედარებით დაბალია. ეს გარემოება პირდაპირ უწყობს ხელს თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარებას – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იყვნენ მოსმენის, განხილვის, შეთანხმებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის პროცესის  აქტიური მონაწილეები.

თანამშრომლობითი სწავლება თანამედროვე განათლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და პერსპექტიულ მიდგომად გვევლინება. ის მოიცავს როგორც აკადემიური ცოდნის ამაღლებას, ისე სოციალური, კომუნიკაციური და პიროვნული უნარების განვითარებასაც, რაც სასკოლო ცხოვრების ფარგლებს სცდება. დაწყებით საფეხურზე, სადაც ბავშვები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან, თანამშრომლობითი სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაინახონ გუნდის წევრობის მნიშვნელობა, ისწავლონ მოსმენა, შეთანხმება და პასუხისმგებლობის გაზიარება.

საერთაშორისო კვლევები და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიების გამოყენება არა მხოლოდ სწავლის ხარისხს ამაღლებს, არამედ ისეთ საგანმანათლებლო გარემოსაც ქმნის, სადაც ბავშვები ემოციურადაც ეთანხმებიან ერთმანეთს და სწავლობენ ურთიერთპატივისცემას. შესაბამისად, თანამშრომლობითი სწავლების სისტემური დანერგვა ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. სწორედ ამ გზით შევძლებთ, მომავალ თაობას მივცეთ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებიც, რომლებიც შეუცვლელია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“