სამშაბათი, მარტი 10, 2026
10 მარტი, სამშაბათი, 2026

eTwinning – განათლება საკლასო ოთახის მიღმა

21-ე საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკაში მისი დანერგვა. განათლების ეს ფორმა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საინტერესო თემებს, გამოიკვლიოს სასურველი საკითხი მეგობრებთან ერთად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს და განახორციელოს მრავალი სახალისო აქტივობა. არაფორმალური განათლების სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა ორიენტირებული. მოსწავლე სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, უყალიბდება კრიტიკული, არგუმენტრებული მსჯელობის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.

არაფორმალური განათლების ერთ-ერთი საინტერესო ფორმაა ითვინინგი (eTwinning) – სკოლებისთვის განკუთვნილი ინტერნეტპლატფორმა, სადაც სკოლებს თანამშრომლობა შეუძლიათ. ითვინინგი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მთელი ევროპის მასშტაბით სთავაზობს უსაფრთხო და უფასო სივრცეს, რათა ერთად იმუშაონ პროექტებზე, იმსჯელონ ონლაინჯგუფებში, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და განივითარონ პროფესიული უნარები.

მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, ამ პლატფორმის მეშვეობით აქტიურად ჩავერთე საერთაშორისო პროექტებში. განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა „I Live My Culture, I am Acculturating“. ამ პროექტზე სხვადასხვა ქვეყნიდან 18 მასწავლებელი და 160 მოსწავლე ვმუშაობდით. ის მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობას, მატერიალური და სულიერი კულტურის ელემენტების შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა განვახორციელეთ:

  • პროექტის ლოგო, პოსტერის მომზადება;
  • სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეების წარდგენა;
  • დავალებების გადანაწილება;
  • მასწავლებლებისა და მოსწავლეების ონლაინშეხვედრები Zoom-ის პალტფორმაზე;
  • დებატების გამართვა, მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა;
  • გაცნობა ტრადიციებისა, რომლებიც თაობისგან თაობას გადაეცემა, ვიდეორგოლების მომზადება;
  • ხალხური მუსიკის, ცეკვის, ნაციონალური სამოსის გაცნობა;
  • მშობლების, სასკოლო თემის ჩართვა პროექტში;
  • დაიწერა ერთი საერთო ისტორია – Story Book;
  • შევქმენით საერთო აკროსტიქი.

მთელმა ამ პროცესმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და პასუხისმგებლობის განცდა გამოიწვია.

 

აქტივობა მოკლე აღწერა განვითარებული უნარები
1 პროექტის ლოგოსა და პოსტერის მომზადება მონაწილეებმა მოიფიქრეს პროექტის ვიზუალური იდენტობა შემოქმედებითი აზროვნება, ვიზუალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
2 სკოლის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარდგენა მონაწილეთა ოფიციალური პრეზენტაცია პარტნიორი მხარისთვის პრეზენტაციის უნარი, კომუნიკაცია, თვითწარდგენა
3 დავალებების გადანაწილება პროექტის სამუშაოების როლების მიხედვით განაწილება პასუხისმგებლობა, ორგანიზება, თანამშრომლობა
4 ონლაინშეხვედრები (Zoom) მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ონლაინშეხვედრები ციფრული კომპეტენცია, ინტერკულტურული კომუნიკაცია
5 დებატები და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა თემატური საკითხების განხილვა და არგუმენტირებული მსჯელობა კრიტიკული აზროვნება, არგუმენტაცია, მოსმენის კულტურა
6 ტრადიციების გაცნობა და ვიდეორგოლების მომზადება თაობიდან თაობას გადაცემული ტრადიციების კვლევა და ვიზუალური პრეზენტაცია კვლევითი უნარები, მედიაწიგნიერება, კულტურული ცნობიერება
7 ხალხური მუსიკა, ცეკვა, სამოსი ეროვნული კულტურის ელემენტების გაცნობა კულტურული იდენტობა, ესთეტიკური აღქმა
8 მშობლებისა და სასკოლო თემის ჩართვა პროექტში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა სამოქალაქო ჩართულობა, პარტნიორობა
9 საერთო ისტორიის შექმნა (Story Book) მონაწილეებმა ერთობლივად დაწერეს ერთი ისტორია წერითი უნარები, კოლაბორაცია, კრეატიულობა
10 საერთო აკროსტიქის შექმნა თემატური სიტყვისგან ლექსის ერთობლივი შექმნა ენობრივი უნარები, შემოქმედებითი აზროვნება

 

ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს როგორც საკუთარი, ისე უცხო კულტურის მიმართ, გაიაზრეს ტოლერანტული დამოკიდებულების მნიშვნელობა მშვიდობიან გარემოში თანაარსებობისთვის, შეძლეს ამა თუ იმ საკითხსა თუ პრობლემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენება. ერთობლივმა პროექტმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. შედგა კულტურული დიალოგი. დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, რომელიც გამოგვადგება მომავალშიც მსგავს პროექტებზე მუშაობისას.

პროექტისთვის მივიღეთ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნები, სერტიფიკატები. ჩვენი პროექტი ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა თურქეთში, eTwinning-ის ეროვნულ კონფერენციაზე.

eTwinning-ის წყალობით დიდი გამოცდილება შევიძინე ვებ-ისტრუმენტების გამოყენებაში, მივიღე სიახლეებზე წვდომა, შევძელი სასწავლო პროცესის უფრო მეტად გახალისება. სასურველ შედეგამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მჯერა – შრომით და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გამოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“