იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა პრინცი…
ლეონ ვერტს
ნუ მიწყენთ, პატარებო, რომ ამ წიგნს ასაკოვან ადამიანს ვუძღვნი. ამისათვის რამდენიმე მიზეზი მაქვს: ჯერ ერთი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია; მეორეც, მას ყველაფრის გაგება ძალუძს, თვით საბავშვო წიგნებისაც კი. დაბოლოს, ის ახლა საფრანგეთშია, სცივა და შია, ამიტომ თანადგომა სჭირდება. თუკი ესეც არ კმარა, ამასთან ვიტყვი: ჩემი მეგობარი ერთ დროს ბიჭუნა იყო, ჰოდა, მეც წიგნს სწორედ იმ ბიჭუნას მივუძღვნი, ყველა დიდი ოდესღაც პატარა იყო (ბევრს ეს აღარც ახსოვს), ამრიგად, მე ვცვლი ჩემს მიძღვნას:
ლეონ ვერტს,
როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.
წელს (2026) ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა პრინცის გამოცემას 80 წელი შეუსრულდა. ავტორი საკუთარი წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო, ის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი და აქტუალური. პატარა პრინცი, დღესდღეობით ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნია, ბიბლიის შემდეგ. ეს ერთი შეხედვით საბავშვო წიგნი – ფილოსოფიური ზღაპარია და ერთნაირად ხიბლავს დიდსა თუ პატარას.
პატარა პრინცის სიყვარულმა და საიუბილეო თარიღმა გადამაწყვეტინა დღეს ამ სტატიის დაწერა. შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. ძალიან ხშირად, საგაკვეთილო პროცესში, ფრანგულის მასწავლებლები პატარა პრინცს ვიყენებთ სასწავლო რესურსად. მრავალ მიზანთა შორის, ერთ-ერთი ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაცაა.
უცხოური ენის სწავლებისას ლიტერატურული ნაწარმოების გამოყენებას ბევრი მიზანი და სარგებელი აქვს. ის ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს ადამიანის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში. ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნებისა და ემპათიის უნარების განვითარებას. უცხოური ენის სწავლებისას, ამ მიზნებს ენობრივი კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაც ემატება. შესაბამისად, მისი გამოყენება ძალიან საინტერესო და მიზნობრივია უცხოური ენის გაკვეთილზე. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ როგორც კი ლიტერატურაზე დაყრდნობით ენის სწავლებას ვახსენებთ, გონებაში ტრადიციული მეთოდი მოდის. განიხილავენ, რომ ლიტერატურის გამოყენება ენის სწავლებისას ინოვაციური მეთოდი არ არის. გამომდინარე აქედან, ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდი იშვიათად გვხვდება თანამედროვე სახელმძღვანელოებში. ეს იშვიათობა ძირითადად, სწავლის დაწყებიდან მეორე ან მესამე წელს ხდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, უცხოური ენების მასწავლებლები თანხმდებიან იმაზე, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტი არის რესურსი, რომელიც ძალიან კარგ მიზანს ემსახურება. მთავარი აქ არის ამ რესურსის გამოყენების სწორად დაგეგმვა და შესაბამისი აქტივობების შერჩევა, რათა იგი გადაიქცეს სწავლის მასტიმულირებელ და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ ინსტრუმენტად.
საინტერესო და მნიშვნელოვანია ის სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებელი იყენებს ლიტერატურის შესწავლისას. სახელმძღვანელოებში მოცემული აქტივობების თუ ძირითად და ზოგად ანალიზს გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ სავარჯიშოები წაკითხულის გაგება/გააზრებაზეა ორიენტირებული. რაც საბოლოოდ ენობრივი კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს. იშვიათად და თითქმის არც კი გვხვდება, უცხოური ენის სახელმძღვანელოებში აქცენტი ტექსტში იმპლიციტური ელემენტების შესახებ. შესაბამისად, რატომაც არ შეიძლება ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტის გამოყენება ბიძგის მიმცემად, იმისათვის, რომ მოსწავლეებს წიგნის კითხვის სურვილი გავუღვიძოთ და ამით წიგნიერების განვითარებას შევუწყოთ ხელი. თუმცა რესურსის შერჩევისას, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებასთან ერთად, ლიტერატურული ტექსტის ენობრივი დონეც მნიშვნელოვანია, რადგან ლიტერატურული ტექსტი გაგება მარტივი არ არის, ამასთანავე კლასში ყველა მოსწავლეს არ აქვს თანაბარი ენობრივი შესაძლებლობა. თუმცა წიგნიერებისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნის შესაბამისად ამ რესურსის გამოყენება არ არის ურიგო. მეტიც ზოგჯერ აუცილებელიცაა, მოსწავლის ცნობიერების გასავითარებლად. ხოლო გამარტივებულ ტექსტში კი შესაძლებელია დიფერენცირების ელემენტებიც ამოვიცნოთ.
ლიტერატურული ნაწარმოებით სწავლებასთან ერთად ასევე ძალიან ბევრს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე უცხოური ენის სწავლებისას. დღეს ამ სტატიაში გაგიზიარებთ ძალიან მარტივ ტექნიკას, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებითა და ზუსტი პრომტის მიცემით რთული ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტი გავამარტივოთ და მოსწავლის აკადემიურ ცოდნას მოვარგოთ.
მაგალითისთვის, ავიღოთ ის მიძღვნა, რომელიც სტატიის თავში მოვიყვანეთ, და ვნახოთ ის ვარიანტები, თუ როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი მის გამარტივებას.
ავიღოთ ის ნაწილი, რომლითაც დავიწყეთ სტატია, მივცეთ შესაბამისი პრომტი – განსაზღვრე მოცემული მონაკვეთის ენობრივი დონე და შემდეგ გაამარტივე ის A1 და A2 დონემდე (Identifie le niveau d’après le CECRL. Adapte au niveau A1 et A2):
« À LÉON WERTH
Je demande pardon aux enfants d’avoir dédié ce livre à une grande personne. J’ai une excuse sérieuse : cette grande personne est le meilleur ami que j’ai au monde. J’ai une autre excuse : cette grande personne peut tout comprendre, même les livres pour enfants. J’ai une troisième excuse : cette grande personne habite la France où elle a faim et froid. Elle a bien besoin d’être consolée. Si toutes ces excuses ne suffisent pas, je veux bien dédier ce livre à l’enfant qu’a été autrefois cette grande personne. Toutes les grandes personnes ont d’abord été des enfants. (Mais peu d’entre elles s’en souviennent.) Je corrige donc ma dédicace : À LÉON WERTH QUAND IL ÉTAIT PETIT GARÇON».
მონაკვეთს თუ წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ ის ენის ფლობის დამადასტურებელი ჩარჩოს მიხედვით B1 დონე და B2 დონეს შეესაბამება. აღნიშნული დონე (B1), მეორე უცხოური ენის სწავლებისას, სკოლაში მხოლოდ საშუალო საფეხურის დასასრულს მიიღწევა. შესაბამისად, მისი შეტანა მანამდე შეუძლებელია. თუმცა, თუ ჩვენ შევეცდებით და გავამარტივებთ მას, შეგვიძლია უფრო დაბალ საფეხურზეც შევიტანოთ. მისი გამარტივებული ვარიანტი შეიძლება ასე ჟღერდეს:
«À Léon Werth
Je dédie ce livre à mon ami Léon Werth. C’est mon meilleur ami.
Je demande pardon aux enfants, parce que ce livre est pour une grande personne.
Mais mon ami comprend aussi les livres pour enfants.
Aujourd’hui, il habite en France et la vie est difficile pour lui. Je veux lui donner un peu de consolation.
Toutes les grandes personnes ont été des enfants, mais souvent elles l’oublient».
ეს გახლავთ A2 დონის ტექსტი, მან მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ძირითადი ფორმა და გადმოგვცა ძირითადი შინაარსი.
აღნიშნული ტექსტის A1 დონეს შეესაბამება შემდეგი ვარიანტი:
«À mon ami Léon Werth
Je dédie ce livre à mon ami. Il s’appelle Léon Werth. C’est mon meilleur ami. Il aime les livres. Avant, il était un enfant. Tous les adultes ont été des enfants».
აღნიშნულ მონაკვეთშიც შენარჩუნებულია ძირითადი სათქმელი. ენობრივი დონის შესაბამისად გამარტივებულია ლექსიკა და გრამატიკული კონსტრუქციები.
ენის გაკვეთილზე აღნიშნული ტიპის დავალება შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ კლასისა და საფეხურის მიხედვით, არამედ დიფერენცირებული სწავლების თვალსაზრისითაც. რესურსის – სამუშაო ტექსტის შექმნაც მარტივია, რადგან ხელოვნურ ინტელექტს მივაწოდებთ მონაკვეთს, გავუწერთ სწორ პრომტს და მივიღებთ სასურველი ენობრივი დონის შესაბამის ტექსტს.
ამის შემდეგ კი მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, რა ტიპის დავალებებს შესთავაზებს მოსწავლეს. შესაძლებელია, გამოწვევის ფაზაზე, მოსწავლეებს ვთხოვოთ, მოსაზრებების გაზიარება, თუ რის შესახებ იქნება ტექსტი. შემდეგი შეიძლება იყოს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული დავალებები, ენობრივი დონის შესაბამისად. ხოლო ბოლო ეტაპზე, კრეატიული – შემოქმედებითი დავალება. A1-ის დონეზე შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეებს შეგვიძლია, შევთავაზოთ შემდეგი ტიპის დავალება: „Je dédie ce livre à… pourquoie…“. A2-ის დონეზე „Cher moi quand j’étais petit(e)…“. B1-ის დონეზე შესაძლებელია შემდეგი დავალების შესრულება „Pourquoi dit-on que les adultes oublient leur enfance“. აღნიშნული ტიპის დავალება, სამივე საფეხურზე შემოქმედებითი წერის განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო ბიძგის მიმცემი (მამოტივირებელი) რესურსი კი ლიტერატურული ნაწარმოებია.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამუშავებული ლიტერატურული ნაწარმოები მოსწავლეებში ავითარებს ემპათიას, აღძრავს კითხვის მოტივაციას.
ეს კონკრეტული მაგალითი წარმოადგენს ერთ შემთხვევას, თუმცა ამგვარად შესაძლებელია უფრო სიუჟეტური ნაწყვეტებისა და ნაწარმოებების შერჩევა.


