შეიძლება ერთი ნამდვილად ჩვეულებრივი კარის შეღება უჩვეულო ამბის დასაწყისი აღმოჩნდეს. საინტერესო ისტორიის ნაწილი კი შემთხვევით ნამდვილად ვერ გახდები. მჯერა, რომ არც ჩემი და ჩემი მოსწავლეების შეხვედრა ყოფილა უბრალო დამთხვევა.
ერთხელ მოსწავლემ დაუჯერებელი რამ მითხრა: მასწავლებელო, წარმოიდგინეთ, გავიზარდე და ჩემს შვილიშვილებს ჩვენს პროექტებზე ვუყვები. ალბათ მათ ძალიან გაუკვირდებათ პაპამისმა მოსწავლეობის დროს, ანა ფრანკის მუზეუმის შექმნაში რომ მონაწილეობა მიიღოო.
ამ დროს მე და გიომ ჯერ არ ვიცოდით, რომ შვილიშვილებისთვის კიდევ ბევრი ისტორიის მოყოლა მოუწევდა.
საკლასო ოთახის კარი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად შევაღე. კლასში ყველა მოსწავლე უკვე შემოსულიყო და გაკვეთილის დაწყებას ელოდებოდა. მათ ვთხოვე, წიგნები დაეხურათ და ერთად გვესაუბრა მომდევნო სასწავლო პროექტის იდეაზე. დაახლოებით უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი პროექტი ტოტალიტარულ რეჟიმს უნდა შეხებოდა. ასოციაციებით რეზო გაბრიაძის „უცხო ჩიტი“ და ამავე ნაწარმოების მიხედვით ელდარ შენგელაიას გადაღებული ფილმი – „შერეკილები“ გამახსენდა. დავინტერესდი, ჩემს მოსწავლეებს ჰქონდათ თუ არა ნანახი ის. საოცრად გამიხარდა, როცა ილიამ ფილმში გამოყენებული ჯანსუღ კახიძისა და გია ყანჩელის მელოდიები გაიხსენა. პეტრემ წამოიძახა:
- მას, თუ „შერეკილებს“ ავირჩევთ, მფრინავი აპარატის შექმნაც მოგვიწევს, ჰო?.
- მერე რა პრობლემაა? შენ არ იცი, შარშან ანა ფრანკის მუზეუმიც კი შევქმენით. თუ ძალიან მოვინდომებთ, მაგასაც ვიზამთ! – თქვა ანასტასიამ.
მოკლედ, გადავწყვიტეთ, „შერეკილებზე“ პროექტი გაგვეკეთებინა და გეგმის დასახვას შევუდექით. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო, გავცნობოდით ისტორიულ ფაქტებს, დეტალურად წაგვეკითხა რეზო გაბრიაძის სცენარი და ერთად, სულ სხვა თვალით გვენახა „შერეკილები“. ფილმის ყურების შემდეგ, ბავშვებმა საკუთარი აზრები დააფიქსირეს. მათ უკვე კარგად იცოდნენ, რომ ერთაოზ ბრეგვაძისა და ქრისტეფორე მგალობლიშვილის ქვევრში შეხვედრაც არ იყო უბრალოდ დამთხვევა. რომ სწორედ იქ და სხვაგან არსად უნდა დასახულიყო ცადმფრენის აგების გეგმა და ამას შეყვარებული და თავისუფლებაზე მეოცნებე ადამიანების გარდა, სხვა ვერავინ შეძლებდა. ბავშვებმა ნაწარმოებისა და ფილმის მეტაფორული ხასიათიც კარგად გაიგეს. შემდეგ იყო საინტერესო წერით აქტივობებზე მუშაობა, რამაც მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში დიდი დახმარება გაუწია. ისინი ისე დაინტერესდნენ ამ თემატიკით, რომ წინასწარ განსაზღვრული აქტივობები დაგეგმილზე ადრე შეასრულეს. პროექტის ფარგლებში, ლიტერატურული პარალელებისთვის, დამატებითი მასალის გაცნობის შესაძლებლობაც მოგვეცა. წავიკითხეთ გოდერძი ჩოხელის ,,თევზის წერილები“ და ჭაბუა ამირეჯიბის ,,მოსე ზამთარაძის ნაამბობი“. ტექსტების გააზრების შემდეგ ტოტალიტარულ რეჟიმზე ანალიტიკური ესეიც კი დავწერეთ.
დადგა, ალბათ, ყველაზე საინტერესო მომენტი. ერთად უნდა აგვეგო ცადმფრენი. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, სკოლის ადმინისტრაციამ იზრუნა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თითოეულ რესურსზე და ახლა ყველაფერი ჩვენს მარჯვე ხელებსა და ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული.
ბავშვებმა ფუნქციები დამოუკიდებლად გადაინაწილეს და ჯგუფურად შექმნეს ცადმფრენის აგებისთვის საჭირო თითოეული დეტალი. დასახული გეგმა განხორციელდა. ჩვენ უკვე გვქონდა პირადი საფრენი აპარატი. „მას, ძრავა რომ გავაკეთო და ცადმფრენმა, რომ იფრინოს ჰო, მაგარი იქნებოდა?“ – მითხრა ილიამ. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს ჩვენ მიერ აგებული მფრინავი აპარატის პროპელერი დატრიალდა და ცადმფრენმა ტაატით დაიწყო ჰაერში ლივლივი. ყველაფერი დაუჯერებელ ამბავს ჰგავდა.
ვინმეს, რომ ჩემთვის ეთქვა, ოდესმე ერთაოზ ბრეგვაძეს, დათო ჟღენტს, დაურეკავ და სკოლაში პროექტის პრეზენტაციაზე მოიწვევო, ბევრს ვიცინებდი და არაფრით დავიჯერებდი. ნომერიც გავიგე, დავრეკე კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ჩვენი პროექტის პრეზენტაციას მოსწავლეთა მშობლები და ჩვენი დღის სპეციალური სტუმარი, კინომცოდნე და ჟურნალისტი, ზაკ მირიანაშვილი ესწრებოდა. ჩვენმა სტუმრებმა ბავშვების მიერ გამოგონილ თამაშში „კინომანშიც“ მიიღეს მონაწილეობა. მათ წაიკითხეს ფრაზები და გამოიცნეს, თითოეული მათგანი რომელი პერსონაჟის მიერ იყო თქმული. საჩუქრად კი „აბი გლუკოზა“ მიიღეს, რომელზეც მამოტივირებელი ფრაზები ეწერა.
ჩვენმა პატარა ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ალტერნატიულ მეთოდად. იგი წარმოადგენს სწავლების სტრატეგიულ ინსტრუმენტს და მოსწავლეებს ამზადებს ჩვენი საუკუნის საგანმანათლებლო და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
პროექტის აღწერა:
თემა: „შერეკილები“ , ანუ ტოტალიტარული რეჟიმი კინოსა და ლიტერატურაში
პროექტის მიზნები:
- მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების განვითარება;
- ტექსტისა და ფილმის კრიტიკული ანალიზი;
- ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ პარალელებზე მუშაობა;
- თავისუფლების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულების გააზრება;
- შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება;
- თანამედროვე რეალობასთან კავშირის დამყარება.
საკვლევი კითხვები:
- როგორ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში იქმნება ტექსტი?
- რა ნიშნებით ხასიათდება საბჭოთა რეჟიმი საქართველოში?
- როგორ აისახება ისტორიული რეალობა ხელოვნებაში მეტაფორულად?
- რატომ მიმართავენ მწერლები და რეჟისორები ალეგორიასა და სიმბოლოს?
- რას ნიშნავს „მწერლობის მოთვინიერება“ საბჭოთა ეპოქაში?
- რა საფრთხეებს შეიცავდა თავისუფალი აზრის ღიად გამოხატვა?
- რატომ ჰქვია ფილმს „შერეკილები“ და ვის უწოდებს სისტემა შერეკილს?
- რა სიმბოლური დანიშნულება აქვს პერსონაჟების გაფრენის სურვილს?
- როგორ წარმოჩინდება ტექსტში თავისუფალი ადამიანი?
- რა როლი აქვს იუმორს ტექსტსა და ფილმში?
- როგორ უკავშირდება რეზო გაბრიაძის „შერეკილები“ ჭაბუა ამირეჯიბისა და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს?
- როგორ შეიძლება დავიცვათ თავისუფალი აზრი დღეს?
პროექტის განხორციელების ეტაპები:
- შესავალი — ეპოქა და ქვეტექსტი
- მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნის გაცნობა;
- საბჭოთა ეპოქის მოკლე დახასიათება;
- 1921 წლის მოვლენები და საქართველოს გასაბჭოება;
- ტოტალიტარული რეჟიმის ძირითადი ნიშნები;
- მწერლისა და ხელოვანის მდგომარეობა საბჭოთა სივრცეში;
- „მწერლობის მოთვინიერების“ იდეის მიმოხილვა;
- ისტორიული წყაროების გამოყენება კონტექსტის შესაქმნელად.
- ძირითადი ნაწილი:1. ხელოვნება, როგორც რეალობის ანარეკლი:
- რატომ მიმართავს ხელოვნება ალეგორიას?
- სიმბოლოსა და ქვეტექსტის როლი;
- ხელოვნება, როგორც „ჩუმი“ წინააღმდეგობა.
- „შერეკილები“ — ტექსტი და ფილმი:
- ფილმის შექმნის დრო და გარემო;
- სცენარისა და რეჟისურის თავისებურებები;
- მთავარი პერსონაჟების მოკლე დახასიათება;
- სათაურის მნიშვნელობა;
- ძირითადი სიმბოლოები (გაფრენა, სიყვარული, სხვანაირობა);
- ფილმის მთავარი სათქმელი.
- ლიტერატურული პარალელები:
- ქრისტეფორე და თავისუფალი ადამიანის სახე;
- „შერეკილები“ და „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“;
- „თევზის წერილები“, როგორც თავისუფალი სიტყვის მეტაფორა.
III. დასკვნა – პროექტის პრეზენტაცია
- მთავარი გზავნილის შეჯამება;
- კითხვა აუდიტორიისთვის: „ვინ არის შერეკილი?“
- თამაში ან დიალოგი მშობლებთან.
პროექტის საბოლოო პროდუქტი/პროდუქტები:
ერთობლივი გამოფენა – „ტოტალიტარული რეჟიმი კინოსა და ლიტერატურაში“, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები: ვიდეომასალა; საფრენი აპარატის მაკეტი; სიმბოლური ფრთების კედელი – „ოცნების ფრთებით“ (რომელზეც მოსწავლეები საკუთარ ოცნებებს განათავსებენ).
პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო ფურცლები: პერსონაჟის ანკეტა; ინტერვიუ მწერალთან; ჩემი თვალით დანახული პერსონაჟები; ანალიტიკური ესეი ტოტალიტარულ რეჟიმზე დამუშავებული ლიტერატურულ მასალის დამოწმებით.
ინტერაქციული თამაში „კინომანი“ – მოსწავლეების მიერ შექმნილი თამაში მშობლებისთვის.




