ორშაბათი, მარტი 9, 2026
9 მარტი, ორშაბათი, 2026

მუსიკალური განათლების სარგებელი და მისი გავლენა მოსწავლის განვითარებაზე

„არქეოლოგიაში ვმუშაობდი. [ამან] ძალიან ბევრი რამ მომცა – სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და მუსიკაც ძალიან მეხმარება. ეს ორი დარგი, მუსიკა და არქეოლოგია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ახლაც არის. მიწერია კიდევაც ამაზე და ხშირად ვამბობ – ხელოვნების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი… მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ნახატის ნახვა თუ მუსიკის მოსმენა – ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო…“

გურამ დოჩანაშვილი

 

მუსიკალურ განათლებას უზარმაზარი, ფასდაუდებელი სარგებლობა მოაქვს სასკოლო ცხოვრებისთვის. მუსიკა დადებითად მოქმედებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას და სახავს შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზებს. მუსიკალურ განათლებას სწავლა-სწავლების პროცესი ახალ სიმაღლეზე აჰყავს, ამიტომ ის უნდა განიხილებოდეს როგორც მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესის ცენტრალური ნაწილი.

 

მუსიკალური განათლება და მისი გავლენა სწავლაზე

მუსიკალური განათლება ავითარებს ბავშვის ენობრივ უნარებს. მუსიკა ასტიმულირებს ტვინს, ხოლო მრავალფეროვანი ბგერებისა და ტექსტების მეშვეობით მოსწავლეები მოკლე დროში ითვისებენ დიდ ლექსიკურ მარაგს. მუსიკა ასევე გვაძლევს სხვა ენებთან ზიარების შესაძლებლობას, რაც ქმნის საფუძველს უცხო ენაზე კომუნიკაციისა და მისი გაგების უნარების სწორად ფორმირებისთვის.

მუსიკა საუკეთესო შესაძლებლობაა მეხსიერების გასავარჯიშებლად. გქონიათ შემთხვევა, როცა სიმღერას დიდი ხნის შემდეგ პირველად უსმენთ, ტექსტი კი მაინც გახსოვთ? მუსიკას შეუძლია, რიტმულ-მეტრული პატერნების დამახსოვრების გზით ხელი შეუწყოს ტექსტის სრულად გახსენებას. უცხოური სიმღერის სწავლების ერთ-ერთი სტრატეგიაა ტექსტის დალაგება რიტმულ-მეტრული ფაზების სირთულის მიხედვით. იმავე მეთოდის გამოყენება შეიძლება მელოდეკლამაციის, რიტმოდეკლამაციის ხერხების ჩართვით მშობლიურ და უცხოურ ენებზე დაწერილი ტექსტების დამახსოვრებისას.

საზოგადოდ, მუსიკის სწავლა აფართოებს მოსწავლეთა გონებრივ შესაძლებლობებს. მაგალითად, ღონისძიებაზე სიმღერის ტექსტთან ერთად მათ უნდა დაიმახსოვრონ მუსიკის ენის ყველა ასპექტი: რიტმი, ბგერის სიმაღლე, დინამიკა, ინტონაციური თხრობის მანერა… მოსწავლეებს შეუძლიათ, დამახსოვრების, დასწავლის ეს გზები შემდგომში აკადემიურ გარემოში გადაიტანონ და ნებისმიერი დისციპლინის სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენონ.

 

მუსიკალური განათლების სოციალური სარგებელი

გონებრივთან ერთად, მუსიკას სოციალური სარგებლობაც მოაქვს. მუსიკალური განათლება მოითხოვს გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას. ინსტრუმენტებზე ერთობლივი დაკვრისას მოსწავლეებს უვითარდებათ სმენის/მოსმენის/კოორდინაციის უნარი. მათ უნდა უსმინონ სხვებს, რათა უკეთ დაარეგულირონ ხმის სიმძლავრე თუ დინამიკა. გუნდური მუშაობა ასევე აუცილებელია მარტივი მუსიკალური დავალებების, რიტმული და მელოდიური ფორმულების შესრულებისას. ამ დროს მოსწავლეები სწრაფად სწავლობენ სხვისი აზრის დაფასებას და იდეების ეფექტურ გენერირებას დასახული მიზნის მისაღწევად.

გარდა თანამშრომლობისა, მუსიკალური განათლება ხელს უწყობს ხანგრძლივი მეგობრობის ჩამოყალიბებას. საკლასო აქტივობის თუ გუნდურად სიმღერის ან ინსტრუმენტული მუსიკის შესრულებისას ბავშვები ერთმანეთს მუსიკის სიყვარულით უკავშირდებიან. ისინი ერთად განიცდიან ამაღელვებელ მომენტებს, ეხმარებიან ერთმანეთს შესაძლებლობების განვითარებაში და ერთმანეთის საყრდენ ძალად იქცევიან. ეს განსაკუთრებული კავშირი ზრდის მოსწავლეების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

მუსიკის საგანი და, საზოგადოდ, მუსიკალური განათლება მოსწავლეებს აძლევს შანსს, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, ეპოქებისა და პერიოდების ისტორიას, სტილებს, ჟანრებს, ეთნოგენეზისს. მოსწავლეები იგებენ, რა შინაარსის მატარებელია ამა თუ იმ ქვეყნის მუსიკა და სიმღერები. მათ შეუძლიათ, ეს ცოდნა გამოიყენონ, შეადარონ ერთმანეთს და პარალელი გაავლონ მშობლიური კულტურის ნიმუშებთან. ეს ავითარებს სხვა კულტურების გაგებისა და მიმღებლობის უნარს. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ განსხვავებულობა კარგია, რაც სხვების მიმართ მეტ პატივისცემას ბადებს. მულტიკულტურალიზმი ხომ უნარია, დაინახო და დააფასო სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიისა და ტრადიციის მქონე ადამიანების არსებობა შენ გვერდით, ნაცვლად მათი იგნორირებისა ან გაკიცხვისა. ამიტომ მუსიკის საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სამოქალაქო განათლების, მედიაწიგნიერებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების გვერდით, ინტეგრირებულ კურიკულუმში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 

სხვა სიკეთეები

კოორდინაცია: მუსიკა აუმჯობესებს ხელისა და თვალის კოორდინაციას. მუსიკის მოყვარული ან მუსიკოსი უნდა იყოს მულტიტასკერი (მრავალფუნქციური) – მან ერთდროულად უნდა წაიკითხოს ნოტები, მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია და ფიზიკურად ააჟღეროს ინსტრუმენტი. საჯარო სკოლებში ეს უნარი ისევ გუნდურ მღერასა და გუნდურად შესასრულებელ სავარჯიშოებზე შეგვიძლია განვავრცოთ.

სამუშაო ეთიკა და დისციპლინა: მოსწავლეები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ მუსიკას, აცნობიერებენ, რომ წარმატებისთვის საჭიროა შრომისმოყვარეობა, მონდომება და პოზიტიური განწყობა, თუმცა ამ ყველაფერს თან უნდა სდევდეს მუდმივი პრაქტიკა და წვრთნა. ისინი ხვდებიან, რომ ოსტატობა, პროფესიონალიზმი იოლად არ მოდის და მოითხოვს საათობით მეცადინეობას. ეს თვისებები მათ მომავალშიც, პროფესიულ ცხოვრებაში, დიდ დახმარებას გაუწევს.

სტრესის მოხსნა: მუსიკა შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებაა, შემოქმედებითი თვითგამოხატვა კი სტრესის შემცირებას უწყობს ხელს. სასკოლო სტრესის ფონზე (ტესტები, ნიშნები, მოლოდინები) მუსიკა ბავშვებს აძლევს შანსს, ნაკლები შეზღუდვებით გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან, მარტივად დააღწიონ თავი დაძაბულობას და კონფლიქტს.

https://www.youtube.com/watch?v=VQgnAWkYp-w

სასკოლო კურიკულუმში მუსიკის სავალდებულო საგნად ჩაშენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი ის არის, რომ მუსიკაში წაშლილია ენობრივი დილემები. ის აერთიანებს ადამიანებს ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური ფონის მიუხედავად. მუსიკაში ასევე არ არსებობს აკადემიური ბარიერები – მასში ყველა მოსწავლეს შეუძლია იყოს წარმატებული. ხშირად ბავშვები, რომლებსაც უჭირთ მათემატიკა, საოცარ შედეგებს აღწევენ მუსიკასა და ხელოვნებაში. ეს მათ თვითრწმენასა და თავდაჯერებას მატებს. ყველა ბავშვს სურს, რაღაცაში იყოს კარგი, რეალიზებული, მუსიკალური განათლება კი იდეალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მოსწავლემ დაისახოს მიზანი.

მუსიკის ჩართვა სავალდებულო სასწავლო გეგმაში გაცილებით დიდ მიზანს ემსახურება, ვიდრე უბრალოდ სიმღერების სწავლაა. როდესაც ვსაუბრობთ ჰოლისტიკურ განათლებაზე, ვგულისხმობთ ბავშვის, მოსწავლის როგორც პიროვნების, სრულფასოვან განვითარებას. რითია მნიშვნელოვანი ჰოლისტიკური მიდგომა?

თუ განათლება მხოლოდ აკადემიურ საგნებზე (მათემატიკა, ენა…) იქნება ფოკუსირებული, ჩვენ მივიღებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ინფორმაცია, მაგრამ არ აქვს შემოქმედებითი ხედვა. მუსიკა არის ხიდი ტვინის მარცხენა (ლოგიკურ) და მარჯვენა (შემოქმედებით) ჰემისფეროებს შორის.

დაბოლოს: „მუსიკა და რიტმი არის უმოკლესი გზა თვითაქტუალიზაციისკენ. განათლება მუსიკის გარეშე ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან სწორედ მუსიკა და ხელოვნება ასწავლის ადამიანს ყოფიერების სიხარულს“ (აბრაამ მასლოუ).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“