ნაწილი პირველი
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების სისტემის მიზნებსა[1] და პასუხობს შეკითხვას – რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს, რა ტიპის ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულის დასრულების შემდეგ? ხელოვნების საგნის სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე სხვადასხვა თემატურ ბლოკში წარმოდგენილი თემებით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად მიმდინარეობს. სტატიაში წარმოდგენილია ზოგადი განათლების პირველი ხუთი მიზანი[2] და ვიზუალური ხელოვნების გაკვეთილებზე მათი მიღწევის გზები.
ა) ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ღირებულებების, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის აღზრდა
დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატური ბლოკი „ადამიანები და ხელოვნება“ მოიცავს თემებს, რომლებიც შეეხება ქართულ კულტურას, ხელოვნებას, საზოგადოებას. წარმოდგენილი თემების ფარგლებში მოსწავლე ქართული და მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს ეცნობა. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს კი მოსწავლეს შეუძლია, შექმნას საქართველოს რომელიმე კუთხისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლის მარტივი ფორმისა და მცირე ზომის მაკეტი. კლასის წინაშე პრეზენტაციისას კი ისაუბროს ნაგებობის ფუნქციაზე, საკუთარ არჩევანსა და დამოკიდებულებაზე. ამ ტიპის აქტივობების დროს მოსწავლე აცნობიერებს საკუთარი ქვეყნის კულტურის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას. გაკვეთილებზე, რომლებიც საზოგადოებას შეეხება, მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად; ქმნიან პოსტერებს თემებზე – „ჩემი ოჯახი“, „მეგობრობა“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები, რომლებიც გულისხმობს სამუშაოზე პასუხისმგებლობის აღებას, თანაკლასელის პატივისცემას, მისი აზრის გათვალისწინებასა და საკუთარის გამოხატვას.
საბაზო საფეხური: თემატურ ბლოკში „ადამიანი და ხელოვნება“ გაკვეთილის თემა შესაძლებელია იყოს ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება. საგაკვეთილო აქტივობა კი – ფიროსმანის რომელიმე ნამუშევრის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. ამ აქტივობით მოსწავლე აცნობიერებს ქართული და მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში ფიროსმანაშვილის მხატვრულ როლს, რაც ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას.
ბ) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა
დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატური ბლოკის, „ხელოვნება ჩვენ გარშემო“, ფარგლებში მოსწავლე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს ეცნობა. მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეებში გააღვივოს ინტერესი საუკუნეების წინ შექმნილი ხელოვნების ამა თუ იმ ნიმუშის მიმართ. გაკვეთილის თემა შესაძლებელია იყოს ხელნაწერი წიგნი. გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ანბანის სამი სახის დამწერლობის განვითარებისა და გამოყენების მაგალითებს. ხელნაწერებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაიგონ, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა. პრაქტიკული სამუშაო კი მოსწავლეების მიერ ხელნაწერი წიგნის შექმნას შეეხება. ამგვარი აქტივობის შესრულებისას შესაძლებელია ქართული ენისა და ლიტერატურის საგანთან ინტეგრაცია. საგანთაშორისი ინტეგრაცია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვები გაიგებენ, როგორ იქმნებოდა საუკუნეების წინ ქაღალდი, როგორ წერდნენ ჩვენი წინაპრები მელნისა და ბუმბულის გამოყენებით, რას ნიშნავდა კალიგრაფის პროფესია და როგორ იხატებოდა წიგნის გვერდები მინიატიურებით. ხელნაწერი წიგნის შექმნა, რომელიც მოიცავს მინიატიურების შექმნას, კალიგრაფიულ ნამუშევრებსა და ქაღალდის დეკორატიულ შემკულობას, მოსწავლეებში ქართული სამწიგნობრო კულტურის მიმართ ინტერესს აღვივებს, რაც საბოლოოდ, ხელს უწყობს ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნების აღზრდას.
საბაზო საფეხური: საბაზო საფეხურზე თემატურ ბლოკში „ხელოვნება და საზოგადოება“ წარმოდგენილია სარეკომენდაციო თემა „კულტურული მემკვიდრეობა“. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისტორიულ ძეგლებს ზრუნვა და მოვლა სჭირდება. გაკვეთილზე განსახორციელებელი აქტივობა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან ელექტრონული სახის გზამკვლევის შექმნა, რომელშიც აღწერილი და ვიზუალურად წარმოდგენილი იქნება, თუ რა მხატვრული და ისტორიული ღირებულება აქვს ამა თუ იმ ძეგლს და რის გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს მის შესანარჩუნებლად.
გ) ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა
დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატურ ბლოკში „ხელოვნება ჩემ გარშემო“ წარმოდგენილია სარეკომენდაციო თემები: „მოგზაურობა“ და „შთაბეჭდილებები“. ორივე თემის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ტრადიციებს, ეროვნულ თუ რელიგიურ დღესასწაულებს ეცნობიან. გაკვეთილზე ისინი საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებზე, ადარებენ მათ ერთმანეთს, გამოყოფენ მსგავს და განმასხვავებელ ნიშნებს. ეცნობიან სხვადასხვა ხალხის ეროვნულ სამოსს, ტრადიციებს, საუბრობენ დღესასწაულების აღნიშვნის თავისებურებებზე. მსჯელობის შემდეგ პრაქტიკული სამუშაოს შესრულება სხვადასხვა ფორმით შეიძლება. შესაძლებელია, მაგალითად, პირამიდების მაკეტის ან დეკორატიულ-გამოყენებითი ნივთის – მარაოს შექმნა და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, რომ V-VI კლასებში ნამუშევრის ანალიზისას მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშების მხატვრული მახასიათებლების ამოცნობა და შედარება.
საბაზო საფეხური: თემატური ბლოკის, „ხელოვნება და საზოგადოება“ ფარგლებში მოსწავლე ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებს. გაკვეთილზე შესასრულებელ აქტივობას წარმოადგენს ნამუშევრების ანალიზი. გაკვეთილი ეთმობა მსჯელობას, ნამუშევრებზე საუბარს, მათ შედარებას, მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობასა და ნამუშევრების ეპოქის კონტექსტში გააზრებას.
დ) მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდა
ყველა საფეხურზე ხელოვნების საგნის სწავლება მიმართულია მოსწავლის ჰარმონიული განვითარებისკენ. ხელოვნების ყველა გაკვეთილი მოსწავლეებს საკუთარი აზრის, ემოციის, განცდის გამოხატვასა და სახელდებაში ეხმარება. ხელოვნების გაკვეთილზე შესასრულებელი ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: ნამუშევრის შექმნა და წარდგენა, ხელოვნების რომელიმე დარგის ნიმუშის განხილვა და საკუთარი აზრის გამოხატვა ხელს უწყობს მოსწავლეებში ემოციური ინტელექტის განვითარებას, სძენს მათ მიმღეობის, ემპათიისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
ე) დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს პატრიოტიზმთან, სახელმწიფოებრიობასა და საკაცობრიო იდეალებთან
დაწყებითი საფეხური: სავალდებულო თემატურ ბლოკში, „მე და გარე სამყარო“, წარმოდგენილი თემები მასწავლებელს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს. მოსწავლეები სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით თავიანთი მხატვრული ამოცანის შესაბამისად ქმნიან ნამუშევრებს; ფიქრობენ, იაზრებენ, საუბრობენ თემატურ ბლოკში დასმულ ღირებულებით აქცენტებზე. ამ გაკვეთილების მთავარი თემებია მეგობრობა, ურთიერთდახმარება, ზრუნვა ახლობლებზე, ცხოველებზე და ა.შ. ამ ტიპის გაკვეთილებზე მოსწავლეები, სურვილისამებრ, ძერწავენ, ხატავენ, ქმნიან მცირე ზომისა და მარტივი ფორმის მაკეტებს, იყენებენ აპლიკაციისა და კოლაჟის ტექნიკას და ქმნიან თემასთან დაკავშირებულ ნამუშევრებს.
საბაზო საფეხური: სავალდებულო თემატურ ბლოკში „საზოგადოება და ხელოვნება“ წარმოდგენილი თემები ხელოვნების საზოგადოებრივ დანიშნულებას გულისხმობს. გაკვეთილებზე შესაძლებელია ხელოვნების იმ ნიმუშებისა და შემთხვევების განხილვა, რომლებიც ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალურ კონტექსტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიის პრინციპების გააზრებასა და სამართლიანი მოქალაქის აღზრდას. ასეთი ნამუშევრების რიგს განეკუთვნება ეჟენ დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“, ფრანცისკო გოიას „1808 წლის 3 მაისის დახვრეტა“, პაბლო პიკასოს „გერნიკა“ და ა.შ. ამ ტიპის გაკვეთილებზე მოსწავლეები ხელოვნების ნიმუშებს შესაბამის კონტექსტში განიხილავენ. ნამუშევრის ანალიზის, მსჯელობის, დიალოგის, დისკუსიის, დებატების საშუალებით კი მოსწავლეებში ვითარდება კრიტიკული აზროვნება, რაც აუცილებელია მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
ნათელია, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ხელოვნების ყველა გაკვეთილზე თავისთავად მიიღწევა, რადგან სწორედ ხელოვნების საგნის შინაარსი და სწავლის მეთოდიკა ჰოლისტურად განვითარებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ამასთანავე, ემპათიური და კულტურული ადამიანის აღზრდას ისახავს მიზნად.
გამოყენებული წყაროები:
- საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი I ზოგადი განათლების დებულება, მუხლი 2 ტერმინთა განმარტება, ნაწილი ნ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=115
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6193624?publication=0
- ვიზუალური ხელოვნება – რევიზირებული საგნობრივი სტანდარტი
[1]საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი I ზოგადი განათლების დებულება, მუხლი2, ტერმინთა განმარტება, ნაწილი ნ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=115
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6193624?publication=0


