ხანდახან ვფიქრობ, რომ სპორტის გაკვეთილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელსაც ბავშვები იღებენ. შეიძლება მათ აღარ ახსოვდეთ, რამდენი გოლი გაიტანეს ან რომელი თამაში მოიგეს, მაგრამ თუ ცხოვრებაში ერთ დღეს, სირთულის წინაშე დგომისას, გაიხსენებენ, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა შესაძლებელია, რომ გუნდში ყოფნა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას და რომ ღირსეულად ბრძოლა უკვე გამარჯვებაა – მაშინ ვიტყვი, რომ სპორტის გაკვეთილმა თავის მიზანს მიაღწია.
ამაზე ვფიქრობ მაშინ, როცა გაკვეთილის შემდეგ დარბაზი ცარიელდება და ბურთის ხმა ნელ-ნელა ჩუმდება. სწორედ ამ დროს ყველაზე მკაფიოდ ვგრძნობ, რომ სპორტის გაკვეთილი მხოლოდ მოძრაობა და თამაში არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ ბავშვმა ცხოვრების პირველი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღოს.
სპორტის გაკვეთილი, როგორც აღზრდა – ხშირად, როცა ბავშვები პირველად შედიან სპორტულ დარბაზში, მათი ნაწილი მორცხვად დგას. ზოგს ეშინია ბურთის, ზოგს – შეცდომის, ზოგს კი თანატოლების შეფასების. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერა, რომელიც მათ უსაფრთხო გარემოს უქმნის და აძლევს შესაძლებლობას ნელ-ნელა ჩაერთონ პროცესში.
სპორტის გაკვეთილზე ხშირად ხდება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები. პირველად რომ გაბედავს სირბილს, პირველად რომ აღარ იტირებს წაგების შემდეგ, პირველად რომ თანაგუნდელს ამხნევებს – ეს თითქოს უმნიშვნელო მომენტები ბავშვის თავდაჯერებას და შინაგან სიმტკიცეს აყალიბებს. სპორტი მოზარდს ფიზიკურად აკაჟებს და აძლიერებს, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ხასიათის ფორმირებაა.
სპორტის გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების თანამედროვე თეორიების გათვალისწინება. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია არის – ური ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიური განვითარების მოდელი.
ამ მოდელის მიხედვით, ბავშვის ყოველდღიური განვითარების ყველაზე ძლიერი გავლენა აქვს გარემოს. სკოლა სწორედ მიკროსისტემის ნაწილია, ხოლო სპორტის გაკვეთილი ამ გარემოში განსაკუთრებულ სოციალურ სივრცეს ქმნის. აქ ბავშვი თანატოლებთან თანამშრომლობს, სწავლობს წესების დაცვას, ემოციების მართვას და პასუხისმგებლობის გაზიარებას.
თამაშში დამალული გაკვეთილები –სპორტული თამაშები ხშირად ქმნის სიტუაციებს, რომლებიც რეალური ცხოვრების პატარა მოდელს ჰგავს. თამაშის დროს ბავშვებს უწევთ: გადაწყვეტილების მიღება, სტრატეგიის დაგეგმვა და თანამშრომლობა:
- გუნდში როლების განაწილება;
- თამაშის წესების დაცვა;
- კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გადაწყვეტა;
- წაგების მიღება და გამარჯვების გაზიარება.
ამგვარი გამოცდილება ბავშვებს პრობლემის გადაჭრის უნარს უყალიბებს. ისინი სწავლობენ, რომ შეცდომა განვითარების ბუნებრივი ნაწილია და რომ წარმატება ხშირად თანამშრომლობის შედეგია.
სპორტის მასწავლებლის როლი – სპორტის მასწავლებლის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური უნარების სწავლებით. მისი მთავარი ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობას და შესაძლებლობას. სწორედ ამ გარემოში ხდება მოსწავლეების პიროვნული ზრდა და თავდაჯერების ზრდა.
შესაძლოა, წლების შემდეგ მოსწავლეებს აღარ ახსოვდეთ კონკრეტული თამაშები ან ვარჯიშები. შეიძლება არც ის ახსოვდეთ, რამდენჯერ მოიგეს ან წააგეს. მაგრამ თუ ერთხელ მაინც გაიხსენებენ, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა შესაძლებელია, რომ გუნდში ყოფნა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას და რომ ღირსეულად ბრძოლა უკვე გამარჯვებაა – მაშინ ვიფიქრებ, რომ სპორტის გაკვეთილმა თავისი წილი აგური დადო მათი ფსიქო-ემოციური და სოციო-კულტურული განვითარების პროცესში.
სპორტი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის ცხოვრების პატარა მოდელი, სადაც ბავშვები სწავლობენ, როგორ იყვნენ ძლიერები არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქო-ემოციურად.


