„მათემატიკა უძველესი მეცნიერებაა რიცხვების შესახებ. ის არაბეთში იღებს სათავეს. მათემატიკა არ არის მხოლოდ რიცხვები, მაგალითები და არითმეტიკული მოქმედებები – ის ლოგიკური აზროვნებაა. მათემატიკას თავისი ენა აქვს და მისი წაკითხვა ციფრებით შეიძლება“.
მათემატიკის შესწავლა პირველ კლასში იწყება. სასურველია, სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო და თამაშის ელემენტებით გაფორმებული იყოს.
პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირი პრობლემაა ის, რომ ბავშვებს ციფრი და რიცხვი ერთმანეთში ერევათ. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწერა სცენარი ზღაპრის ელემენტებით, სადაც მოსწავლეები მოირგებდნენ ციფრების როლს.
რა განსხვავება ციფრსა და რიცხვს შორის?
„ციფრი არის რაოდენობის შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო რიცხვი – რაოდენობის შესაბამისი სახელწოდება. მათემატიკაში სულ 10 ციფრია: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, – ხოლო რიცხვი – უამრავი. ციფრებით შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი რიცხვი“.
ქვემოთ მოყვანილი სცენარი წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც სწავლებასა და გართობას აერთიანებს. მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ციფრების ფორმებსა და მნიშვნელობებს, არამედ მათ გამოყენებასაც ორნიშნა რიცხვების ჩასაწერად.
ეს სასწავლო აქტივობა შექმნილია პირველკლასელებისთვის ციფრების შესწავლის გასაადვილებლად. ეს სახალისო და ინტერაქციული მეთოდი ბავშვებს ციფრების გაცნობასა და მათი მნიშვნელობის გაგებაში ეხმარება.
სცენარი: „ციფრების ქვეყანა“
მოკლე მონახაზი
იყო და არა იყო რა, იყვნენ პატარა პირველკლასელები, რომლებმაც მათემატიკის შესწავლა დაიწყეს. ისინი ციფრების ქვეყანაში აღმოჩნდნენ.
ამ ქვეყანაში მხოლოდ ციფრები ცხოვრობდნენ. მეორენაირად მათ ერთნიშნა რიცხვებიც ერქვათ. ამ ქვეყანაში ერთი საინტერესო ქუჩა იყო. იქ სახლები ზრდადობით ჩამწკრივებულიყო: ყოველი მომდევნო – წინაზე დიდი და მშვენიერი. მხოლოდ ნულს არ ჰქონდა სახლი.
ერთხელ ციფრთა ქვეყანაში, ერთნიშნების ქუჩაზე, დიდი აურზაური ატყდა. ახირებულმა უსახლკარო ნულმა თავისი ადგილი დატოვა და მეზობლების გაცნობა მოინდომა.
ნულმა დაიწყო მოგზაურობა ციფრების ქვეყანაში. პირველად ერთიანს შეხვდა, რომელიც ამაყად იდგა სწორ ხაზზე…
სცენარი ასახავს ნულის საინტერესო და მხიარულ მოგზაურობას ციფრთა ქვეყანაში . მოგზაურობას ბედნიერი დასასრული აქვს:
0: – ასე არ ჯობია? ვიმეგობროთ და უფრო ძლიერები ვიქნებით.
ასე ბედნიერად დასრულდა ნულის მოგზაურობა ციფრების ქვეყანაში. ამ ამბის შემდეგ ერთნიშნების ქუჩაზე სიმშვიდემ დაისადგურა. ყველა მიხვდა, რომ ნული მეტად საჭირო ციფრია და დღემდე მეგობრობენ მასთან.
ნული იქ და ნული აქა,
ჭირი იქ და ლხინი აქა.
აქტივობები სცენარის გამოყენებით:
- ბავშვები ჰყვებიან ამბავს
- როლური თამაში: მოსწავლეები განასახიერებენ ციფრებს და ახასიათებენ მათ.
- ორნიშნა რიცხვების შედგენის პრაქტიკა
მოსწავლეებს ეცვათ ფორმები, გვქონდა „ციფრების სახლების“ დეკორაციები, ჰელიუმის ბუშტები ციფრების გამოსახულებით და აქტივობები „ჭკვიანი დაფის“ გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები:
- ციფრების ვიზუალური აღქმის გაუმჯობესება
- რიცხვების მნიშვნელობის გაგება
- ორნიშნა რიცხვების კონცეფციის ათვისება
- მათემატიკის მიმართ ინტერესის გაზრდა
სცენარი ზღაპრის ელემენტებით „ციფრების ქვეყანა“ წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო აქტივობას, რომელიც აერთიანებს მათემატიკის სწავლების ინტერაქციულ და თამაშზე დაფუძნებულ ფორმებს. სცენარის გამოყენებით მოსწავლეები მხოლოდ მექანიკურად კი არ სწავლობენ ციფრებს, არამედ გაიაზრებენ თითოეული რიცხვის მნიშვნელობას. როლური თამაშები და ამბების თხრობა მათ ეხმარება როგორც მათემატიკური უნარების, ისე შემოქმედებითი და კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ორნიშნა რიცხვების კონცეფციის ბუნებრივ ათვისებას და მათემატიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) https://ka.wikipedia.org/ ; www.kargiskola.ge
2) ეროვნული სასწავლო გეგმა
3) ნათია აბულაძე – ლექსები ციფრებზე



