პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სალომე ბენიძე- გოგოების საკითხავი

ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, ვისთვის ვწერ. ალბათ იმ წიგნის ბრალია, რომლის წერაც გასული წლის შემოდგომაზე დავასრულე და მალევე გამოიცა. ჩემს წიგნს „ქალაქი წყალზე“ ჰქვია. ის ქალებზე და გოგონებზეა, რა თქმა უნდა, ცოტა კაცებზეც და ბიჭებზეცაა, თუმცა ჩემ მიერ შექმნილი სამყარო მაინც ქალების და გოგონების სიზმრებისა და ფიქრების გარშემო ტრიალებს. რატომ? იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ და, როგორც ფრიდა კალო ამბობდა, სწორედ მე ვარ ის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე კარგად ვიცნობ.

ადრე არ მიფიქრია, ვინმე კონკრეტულისთვის მეწერა. თავიდან ჩემი თავისთვის ვწერდი, უბრალოდ, სხვანაირად არ გამოდიოდა და იმიტომ. მერე კი, როცა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა (ბიჭმა) მითხრა, თავს ვიკავებ შენი წიგნის წაკითხვისგან, რადგან მგონია, რომ გოგოებისთვისაა დაწერილი და მე არ მომეწონებაო, ჯერ მეწყინა, შემდეგ დავფიქრდი, ბოლოს გამეცინა. რა თქმა უნდა, შეუძლია, არ წაიკითხოს. რა თქმა უნდა, უფლება აქვს, ფიქრობდეს, რომ რაც დავწერე, მისთვის არ არის.

ჩემთვის ისიც ხშირად უკითხავთ, არსებობს თუ არა „ქალური ლიტერატურა“ და „მამაკაცური ლიტერატურა“. ამ კითხვის პასუხად ბევრჯერ გადაჭრით განმიცხადებია უარი და მითქვამს, რომ ლიტერატურა ლიტერატურაა და არა აქვს მნიშვნელობა, მას ქალი ქმნის თუ მამაკაცი. ალბათ მეშინოდა, ჩემი დადებითი პასუხით კიდევ უფრო არ დამეკნინებინა და ჩრდილქვეშ არ დამეყენებინა საუკუნეების განმავლობაში ისედაც მიჩქმალული და ცხრაკლიტულებში გამოკეტილი „ქალური ლიტერატურა“, ქალების მიერ შექმნილი ტექსტები, ქალების თვალით დანახული სამყარო.

სინამდვილეში „ქალური ლიტერატურა“ არსებობს, ვითარდება, სამზეოზე გამოდის და არაფრით ჩამოუვარდება „მამაკაცურს“, ლიტერატურა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდა არსებობის უფლება, ლიტერატურა, რომელიც ხშირად იყო ამოფარებული კაცების გვარ-სახელებს, ლიტერატურა, რომელსაც მტვერი ედებოდა არქივებში, უჯრებში, სხვენებსა და სარდაფებში და უფრო მეტიც, ზოგჯერ გონებაშივე კვდებოდა.

ერთხელ ვთქვი საჯარო გამოსვლაში, რომ ყოველთვის მჯეროდა ელენე დარიანის არსებობის, მჯეროდა, რომ „დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით“ ქალის დაწერილი უნდა ყოფილიყო. ეს ჩემთვის არავის უსწავლებია, არავის უთქვამს, როგორ უნდა მივმხვდარიყავი, როგორ უნდა გამომერჩია. უბრალოდ, ასე ვიგრძენი. სიმართლე დღემდე არ ვიცი. მე ამ ამბავში ჩემი წილი, შეგრძნებითი სიმართლე მაქვს და როგორც საიდუმლოებების მოყვარულ მკითხველს, ესეც მყოფნის.

მაშინ, როცა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის მწერალი ქალების სახელები, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი მათი პოპულარიზაციის მიზნით კამპანიებს აწარმოებენ (მაგალითად, ემა უოტსონმა კლუბიც კი შექმნა ფემინისტური ლიტერატურის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად), რიტმს საქართველოც უწყობს ფეხს. ქართველი მწერალი ქალები დღეს ისეთი გაბედულები არიან, როგორც არასდროს. ისინი წერენ, გამოსცემენ წიგნებს, აღარ ეფარებიან ფსევდონიმებსა და სხვის გვარ-სახელებს, დამსახურებულად ხდებიან პრემიების ლაურეატები. მათ უკან მკითხველთა მთელი არმია დგას.

მე მიყვარს ლიტერატურა, რომელსაც დღეს, საქართველოში, ქალები ქმნიან. ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ოცნებები, ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვაწუხებს, გვენატრება – ყველაფერი აქ არის. ის, რაც აქამდე არ თქმულა, ის, რაც სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოსულიყო სააშკარაოზე, დღეს მკითხველის ყურადღებასა და ემოციებს იმსახურებს. ის, რითაც ადრე არავინ ინტერესდებოდა, უკვე ბესთსელერია.

რა თქმა უნდა, წიგნებს არა აქვთ სქესი. სამაგიეროდ, სქესი აქვთ მათ ავტორებს, რომლებიც, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით წერენ. ფაქტმა, რომ დღეს, ქართულ ლიტერატურაში, ქალების ხმა ისმის, შეიძლება, თაობების აზროვნება და, უფრო მეტიც, მათი ბედი შეცვალოს, გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული განუმტკიცოს, ბიჭებს კი ცხოვრება, ურთიერთობები, სიყვარული სხვა კუთხიდან დაანახოს.

დიახ, „ქალური ლიტერატურა“ არსებობს, ოღონდ არსებობს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ კაცებისთვისაც. ქალები საუკუნეების განმავლობაში კითხულობდნენ მამაკაცების დაწერილ წიგნებს, შესაბამისად, უსამართლობაა, ქალების შექმნილი ტექსტებს იარლიყი მივაკრათ და მხოლოდ ქალების საკითხავად დავტოვოთ, რადგან თუკი თანასწორობისა და ბალანსის მიღწევა გვინდა, ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ, ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ, ისეთებს, როგორებიც საკუთარ და არა სხვების წიგნებში ვართ.

მაინც ვისთვის ვწერ მე?

რა თქმა უნდა, ყველასთვის, ვინც ჩემს ნაწერებამდე მივა.

რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, პირველ რიგში, ალბათ მაინც ქალებისთვის და გოგონებისთვის ვწერ, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, მათი კარგად ყოფნისთვის, მათთვის ვწერ, მათთვის, ვისაც ჩემი სიტყვა უფრო სჭირდება, ვიდრე სხვებს, ვინც ჩემგან გამხნევებას ელოდება, ვისთანაც საერთო სათქმელი მაერთიანებს.

ის, რასაც მე ვწერ, ალბათ ბევრისთვის „ქალური ლიტერატურაა“.

გადავწყვიტე, მეთქვა, რომ მე მხოლოდ ვამაყობ ამით.

 

სალომე ბენიძე

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი