პედაგოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსწავლეთა მიღწევებზე დაკვირვება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სარგებლობენ ინდივიდუალური გეგმით. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევა არც სხვა მოსწავლებისთვისაა მარტივი.
პრობლემები სხვადასხვა სახისაა – მოსწავლეთა მოტივაციას, აკადემიურ და ემოციურ ფაქტორებს მოიცავს.
ვფიქრობთ, საინტერესოა, რა ტიპის კვლევა/აქტივობა შეიძლება განახორციელოს სკოლამ, რათა ჰქონდეს ზუსტი მონაცემები მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სკოლა შეძლებს დაეხმაროს მოსწავლეებს სწავლის პროცესის დადებითი დინამიკის მიღწევაში.
ამ მიზნით გავეცანით უცხოურ პრაქტიკას და გთავაზობთ მოსწავლეთა პროგრესის გაზომვის ინსტრუმენტებს.
პროგრესის მონიტორინგის ინსტრუმენტები და მათი გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში
პროგრესის მონიტორინგი არის მოსწავლის მიღწევების შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და შეფასების თანმიმდევრული პროცესი.
კურიკულუმზე დაფუძნებით მოსწავლეთა პროგრესის შეფასება საკმაოდ პოპულარული ხერხია, რათა გაიზომოს კითხვის, გაგების, წერის, ანგარიშისა და სხვა უნარები, მოკლე შეფასებებით გაკონტროლდეს მოსწავლეთა მიღწევები.
მიღებული მონაცემები საშუალებას მისცემთ მასწავლებლებს, განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები დაგეგმონ; ასევე შესაძლებელია იმ მოსწავლეთა ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებაც, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი მხარდაჭერა.
პროგრესის მონიტორინგი ეფექტიანია ყველა მოსწავლისთვის – ისინი საკუთარ მონაცემებს შეადარებენ არა თანატოლების მონაცემებს, არამედ თავიანთ საწყის მოცემულობას.
მრავალსაფეხურიანი სისტემები
განვიხილავთ უცხოურ პრაქტიკაში გამოყენებული მოდელების მთავარ მახასიათებლებს.
პროგრესის მონიტორინგი ნიშნავს მხარდაჭერის მრავალდონიან სისტემას. ეს არის ჩარჩო, რომელსაც ბევრი სკოლა იყენებს მიზნობრივი მხარდაჭერისთვის.
პროგრესის მონიტორინგი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სკოლებს მოსწავლეთა საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებასა და ინტერვენციის განხორციელებაში. პროგრესის მონიტორინგის სისტემა განიხილავს აკადემიურ ზრდას ინდივიდის შესაძლებლობების შესაბამისად. იგი სხვადასხვა სფეროს მოიცავს: ქცევას, სოციალურ და ემოციურ მოთხოვნილებებს და გაცდენების მიზეზის კვლევასაც კი.
ძირითადი ელემენტები
პროგრესის მონიტორინგი არ არის კონკრეტული სასწავლო გეგმა. ეს არის პროაქტიული, მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომა, მუშაობა წარიმართება რამდენიმე მიმართულებით:
- საჭიროა კომპლექსური მიდგომა საკითხთან. მასწავლებლების, მრჩეველების, ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების ჩართვა პროცესში, რათა შეაფასონ მოსწავლეები და დაგეგმონ ინტერვენციები;
- ოჯახის ჩართულობა, რათა მშობლებმა და აღმზრდელებმა გაიგონ მოსწავლის საჭიროებები და დახმარება გაუწიონ სახლში;
- ყველა მოსწავლის დიაგნოსტირება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
- ინტეგრირებული გეგმები, რომლებიც პასუხობენ მოსწავლეების აკადემიურ, ქცევით, სოციალურ და ემოციურ საჭიროებებს;
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება მხარდაჭერის ყველა დონეზე;
- მოსწავლეთა პროგრესის ხშირი მონიტორინგი, რათა გადაწყდეს, სჭირდებათ თუ არა მეტი მხარდაჭერა;
- მიზნობრივი დახმარების გაზრდა მათთვის, ვისაც აქვს პროგრესი;
- განმახორციელებელი პერსონალის პროფესიული განვითარება;
პროგრესის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი: იდენტიფიცირება, მრავალდონიანი შეფასების სისტემა, პროგრესის მონიტორინგი და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.
- იდენტიფიცირება
პირველ ეტაპზე ხდება იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც აქვთ აკადემიური, ქცევითი, სოციალური და ემოციური მიმართულებებით სხვადასხვა პრობლემა.
პედაგოგები აკვირდებიან პირვანდელ ვითარებას დამატებითი ტესტირებით ან პროგრესის მოკლევადიანი მონიტორინგით, რათა გამოავლინონ მოსწავლეების სტატუსი. დაკვირვების პროცესში გუნდები ირჩევენ მოქმედ და სანდო ინდიკატორებს, მონიტორინგს უწევენ და უზრუნველყოფენ განხორციელების სანდოობას.
1. დაგეგმვა
გუნდები შეიმუშავებენ იდენტიფიცირების ფორმებს, საშუალებებს, რომლებიც ნათლად განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფის თავისებურებებს. შემდგომ საჭიროა, გაიწეროს მოქმედების გრაფიკი, განსახორციელებელი პროცედურები და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები. აღნიშული ხელს შეუწყობს, რომ პროცესი წარიმართოს გეგმიურად და მიზნობრივად.
იდენტიფიცირების ინსტრუმენტების შერჩევისას გუნდები ითვალისწინებენ სამიზნე ჯგუფის/ობიექტის საჭიროებებს, კონტექსტსა და პრიორიტეტებს, ასევე იმას, რომ გატარებული ღონისძიებები იყოს ადეკვატური.
- განმახორციელებელი პერსონალი
საჭიროა იყოს შერჩეული კომპეტენტური პერსონალი, რომელიც მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდაზე. ამასთან, საჭიროა, პერსონალმა გაიაზროს პროგრესის მონიტორინგის მიზანი, ჰქონდეს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა პროცესი სწორად განახორციელოს.
- მონაცემების შეგროვება და სანდოობა
პროცესში ჩართული პერსონალი შეიმუშავებს მკაფიო გეგმას იდენტიფიცირებისა და შეფასების პროცესის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მონაცემების ანალიზი
მონაცემების შეგროვების შემდეგ იწყება მათი გაანალიზება, შეფასება და პირველადი დასკვნების წარმოდგენა.
- მრავალდონიანი შეფასების სისტემა
იდენტიფიცირების საფუძველზე გამოვლინდება მოსწავლეთა ჯგუფები, რომელთაც გარკვეული ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ან არ სჭირდებათ:
პირველ დონეს შეიძლება მივაკუთვნოთ მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური, ემოციური და სოციალური უნარები. აღნიშნული დონისათვის განსახორციელებელი ინტერვენციები არის სტანდარტული.
მეორე დონე მოიცავს მცირე ჯგუფს. მასში ერთიანდებიან მოსწავლეები, რომელთაც აქვთ გარკვეული სირთულეები, თუმცა ჯერ მკაფიოდ არ არის გამოვლენილი.
მესამე დონეს შეიძლება მივაკუთვნოთ მოსწავლეები, რომელთაც უკვე დადასტურებულად აქვთ გარკვეული სირთულეები და რომლებიც ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებენ.
- პროგრესის მონიტორინგი
პროგრესის მონიტორინგი არის მონაცემების მუდმივი, ხშირი შეგროვება და გამოყენება, რათა შეფასდეს:
ა. მოსწავლეების საქმიანობა;
ბ. მოსწავლეების შედეგები;
გ. ინსტრუქციისა და ინტერვენციის ეფექტურობა;
- 1. პროგრესის მონიტორინგის პროცესი
შერჩეული გუნდი გაწერს შესაბამის აქტივობებს, თუ როგორ და რა სიხშირით შეგროვდება მონაცემები. შემდეგ კი მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება.
- 2. პროგრესის მონიტორინგის ინსტრუმენტების არჩევა
პროგრესის მონიტორინგის ინსტრუმენტების შერჩევისას გუნდები ითვალისწინებენ სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს, კონტექსტსა და პრიორიტეტებს, ასევე ღონისძიებების ადეკვატურობას.
- 3. მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის გეგმების შემუშავება
აუცილებელია, რომ ჩართულმა საზოგადოებამ შეიმუშავოს შესაბამისი გეგმა, რომელიც მოიცავს განსახორციელებელ აქტივობებს, საბაზისო მონაცემებს, მიზანზე ორიენტირებულ სტრატეგიებს, გადაწყვეტილების მიღების წესებსა და მონაცემთა განხილვის თარიღებს.
- შეცდომებისა და უზუსტობების პრეცენცია
გუნდები შეიმუშავებენ მკაფიო გეგმას პროგრესის მონიტორინგის პროცესის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შეაგროვებენ პროგრესის მონიტორინგის მონაცემებს და შეაფასებენ სანდოობასა და შესაბამისობას.
- 5. პროგრესის მონიტორინგის მონაცემების ანალიზი
მონიტორინგის გუნდი მონაცემებს იყენებს შესაბამისი რეაგირებისთვის და ინტერვენციების განხორციელებისთვის. შედეგები ნათლად ასახავს დინამიკას და საშუალებას იძლევა, შეადაროთ წინა მონაცემებს.
- მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება
მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღება განხორციელების ყველა დონეზე.
- შექმენით გუნდები
საჭიროა ზუსტად განისაზღვროს თითოეული გუნდის მიზანი, მოამზადეთ გუნდის წევრები, და ჩამოაყალიბეთ თითოეული გუნდის პასუხისმგებლობა და გათვლილი იყოს განსახორციელებელი პროცედურები.
- გუნდური პროცესის ჩამოყალიბება
მკაფიო დღის წესრიგი, განსაზღვრული როლები და პროცედურები გვეხმარება მონაცემების გაანალიზებასა და სწორი ინტერვენციების დაგეგმვაში.
- გუნდური მუშაობის მნიშვნელობა
გუნდური შეხვედრების რეგულარული მონიტორინგი ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
ამრიგად, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სკოლებში სწავლის ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
იგი ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და, ამასთან, მოსწავლეს აძლევს საშუალებას, განვითარდეს მისი შესაძლებლობების შესაბამისად.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.understood.org/en/articles/mtss-what-you-need-to-know
https://www.pbis.org/pbis/what-is-pbis
https://www.understood.org/en/articles/understanding-response-to-intervention
https://www.prodigygame.com/main-en/blog/student-progress-monitoring-tools/