პარასკევი, აგვისტო 8, 2025
8 აგვისტო, პარასკევი, 2025

ისკარიოტის ეკლები – ბრალი თუ გამართლება

 ფიქრები მაკა ჯოხაძის რომანზე „ისკარიოტის ეკლები“

ამ წერილის დასაწერად ჯერ კიდევ აღდგომის მარხვაში ვემზადებოდი. წიგნის კითხვაც იმ დროს დავასრულე. დიდი წონასწორობის განცდამ შემიპყრო – თითქოს წიგნებიც, წასაკითხად, სრულიად არაშემთხვევით დროს გვეძლევა. ზუსტად იმ დროს, როცა მათი ენერგია სამყაროს უმთავრეს ვიბრაციულ ტალღებს ემთხვევა და როგორც პოეტი იტყოდა, „გაღებულია სამოთხის კარი“… სწორედ დიდმარხვაში, აღდგომის მოლოდინში უნდა წამეკითხა ეს წიგნი.

მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“.

არამხოლოდ შინაარსის გამო; არც იმის გამო, რომ ეს ზღვასავით ღრმაწყლოვანი წიგნი სახარებისეულ ამბებთან ერთად მის ატმოსფეროსაც ინარჩუნებს და რაღაც მისტიკურ, ერთდროულად უცხო და ნაცნობ სამყაროში შეჰყავხარ.

მიზეზი რამდენიმეა და მათგან მთავარი მაინც ის მგონია, რამაც პირადად ჩემზე იმოქმედა – ეს წიგნი შენში რაღაცას ცვლის. მხატვრულ-ესთეტიკური სიამოვნების გარდა, დიდ დარდსაც განიცდი, დარდი კი, ხომ ვიცით, რა მანათობელიცაა… ადამიანობის გამღვიძებელი და გამღვივებელი.

მაკა ჯოხაძე პირველად წერილების კრებულით გავიცანი. „მზერის გადანაცვლება“ – ასე ჰქვია ამ კრებულს, თუმცა მე რომანივით წავიკითხე. საერთოდაც, ყველაფერი, რასაც ამ მწერლის ფიქრი და სიტყვა შეეხება, რენესანსული მასშტაბით და ძალმოსილებითაა სავსე, დოკუმენტური მოვლენა და მასალაც მხატვრულ სინამდვილედ იქცევა და კრიტიკული მსჯელობაც ღრმა ფილოსოფიურ ფიქრად.

ჯერჯერობით „ისკარიოტის ეკლები“ მისი ბოლო რომანია, რომელიც ცოტა ხნის წინ „ინტელექტმა“ დასტამბა. სათაურიდანვე ცნაურდება, თუ ვინ უნდა იყოს მისი მთავარი გმირი – ქრისტეს ისკარიოტელი მოწაფე, ქრისტიანობის ორიათასწლოვან ისტორიაში გაცემისა და ღალატის არქეტიპად ქცეული ანტიგმირი – იუდა.

ეს ის პერსონაჟია, ვინც დღემდე აფორიაქებს არამხოლოდ მორწმუნეებს, არამედ (და, ალბათ, უპირველესად) ხელოვანებს, ფილოსოფოსებს და მოაზროვნეებს. რადგან, იშვიათია იმგვარად წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული პერსონაჟი, როგორიც იუდაა. შეიძლება ითქვას, რომ ის სახარების – ამ უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული წიგნის – ჩრდილოვანი მხარეა, ქრისტეს მეორე ნაპირია, სადაც მაცხოვრის ადამიანური არსებობა უნდა დასრულდეს. იუდა სიკვდილის ანგელოზია. ამ წინააღმდეგობრიობას მის მიმართ კაცობრიული დამოკიდებულებაც ქმნის – მასზე მსჯელობენ, განჩხრეკენ, ეძიებენ, სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩენენ; ვინ არის იუდა – მოღალატე თუ „ანტირჩეული“? ქრისტეს ნების აღმსრულებელი თუ უსინანულო თვითმკვლელი?..

წმინდა ოთხთავში იუდას შესახებ მოციქულები ძუნწად ჰყვებიან: ყველაზე ადრინდელ – მარკოზის სახარებაში, ავტორი მას უბრალოდ „იესოს გამცემს“ უწოდებს; მათეს სახარებაში იუდას ღალატის მიზეზი ანგარებაა; იოანეს სახარებაში იუდა არა მარტო ხარბი, არამედ ქურდიცაა; თუმცა, იოანესთანაც, ისევე როგორც ლუკასთან, ჩნდება კიდევ ერთი აქცენტი – „სატანა შევიდა იუდაში“ – ეს ფაქტი, თითქოს ათავისუფლებს კიდეც იუდას ზნეობრივი პასუხისმგებლობისგან.

ნეტარი ავგუსტინესთვის, ყველაზე მეტად დასაგმობი იუდას ისტორიაში არა გაცემა, არამედ მისი თვითმკვლელობაა. ამით მან მონანიების მისტერიაზე თქვა უარი. თუმცა, შუა საუკუნეების ხელოვნებაში ნეტარი ავგუსტინეს საპირისპირო აზრიც გამოითქვა – არაერთი მხატვრის, მუსიკოსის თუ მწერლის მიერ დამუშავებულ იუდას თემაში, ამ უკანასკნელის თვითმკვლელობა სწორედაც რომ მონანიების უკიდურეს აქტად მოიაზრება.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნში „იესო ძე კაცისა“, იუდას დედა შვილის განსაკუთრებულ პატრიოტიზმზე საუბრობს. ჩვიდმეტი წლისა უკვე ატანილი იყო რომაელთა სიძულვილით და შეიპყრეს კიდეც, ისრები რომ ესროლა რომაელ ლეგიონერებს, ჩვენს ვენახთან როცა ჩაიარეს. ჯერ კიდევ ამ ასაკში ისრაელის დიდებაზე ელაპარაკებოდა სხვა ჭაბუკებს და იმდენ უცნაურ რაღაცას ამბობდა, მე დიდი არაფერი გამეგებოდა...“. სიბორეას, იუდას დედის ამ ნათქვამში ფარული აზრია – იუდა იესოსგან ისრაელის ხსნას ელოდა, რასაც ქადაგებდა კიდეც ნაზარეველი წინასწარმეტყველი, თუმცა მისგან მხოლოდ კურნებასა და სხვა სასწაულებს ხედავდა, რომაელებთან აშკარა წინააღმდეგობას კი ვერა… იუდას მოტივაციად, მისი პატრიოტული გრძნობის მოხმობა სხვა ხელოვანებთანაც გახმიანდა…

მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ სრულიად ახალი სიტყვაა იუდას თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს შორის. მწერალმა ურთულესი ამოცანა დაისახა – იუდას ისტორიის „კანონიკური“ თხრობა, რომლის შედეგადაც ამ ტრაგიკული გმირის ახალი მხატვრული სახე შეიქმნა.

წიგნის კონცეფცია სახარებისეულ გადმოცემას ეფუძნება – ცოდვით დამძიმებულ სამყაროს ღმერთი თავის ძეს მოუვლენს მხსნელად, ხოლო მისივე მოციქული გასცემს მესიას… სწორედ ამ მოცემულობის არქეოლოგია იშლება ჩვენს თვალწინ – მაკა ჯოხაძე იმ პირველსაწყის მიზეზებს ეძიებს, საიდანაც იუდას პიროვნება უნდა ამოიზარდოს.

რომანი, შეიძლება ითქვას, რომ ორ ნაწილად იყოფა – ქრისტეს (ჭეშმარიტების) გამოჩენამდე და ქრისტესთან ერთად. ამ ორ ფაზაშია მოქცეული იუდას დრამატული, შფოთითა და ცოდვით სავსე თავგადასავალი. თხრობის პირველი (ქრისტემდელი) ეტაპი იუდას დაბადებისა და „გამოსვლის“ ამბავს აღწერს – სიზმარ-ხილვებით, მისი დევნილობითა და სისასტიკით დამუხტულს. ამ ამბის უმთავრესი ხატი კი დედაა – აბიგაილი – შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერებით სავსე, ნატიფი და მისტიკური ქალი, რომელიც შვილის მსგავსად, თავადაც სახარებისეული გარდამოცემის „მსხვერპლია“.

დიდი ხნის უშვილო ცოლ-ქმარი – აბიგაილი და სიმონ-როველი, ერთ დღეს შეიტყობენ, რომ მალე მშობლები გახდებიან. თუმცა, მათი სიხარული დარდით და ძრწოლით იცვლება – აბიგაილს საშინელი სიზმრები/ხილვები ტანჯავს, მის შფოთს კი მისი მეუღლეც იზიარებს. ეს სიზმარ-ხილვები ქალს მოსალოდნელ საფრთხეს ატყობინებენ, რაღაც გარდაუვალ ბოროტებაზე მიანიშნებენ. „ამის გაჩენას მირჩევნია, მოვკვდე…“, – ამბობს დედა, რომელიც მშობიარობის შემდეგ, ქმართან ერთად, საკუთარ პირმშოს შეთქმულებას მოუწყობს – ხის პაწია ხომალდში აწვენენ და თავიდან იშორებენ…

აბიგაილის ეს საქციელი მისი დედური ალღოს ჯანყია იმ როლის წინააღმდეგ, რომელიც ამ უცნაურ, სამყაროსეულ ამბავში მას დაეკისრა. მშობლის წიაღიდან განკვეთილ ჩვილს კი თან მიაქვს დაუფარავი ბოღმა და შურისძიების ჯერჯერობით სუსტი წყურვილი, რომელსაც საკუთარი სხეულივით გამოზრდის და საშინელ პასუხად დაუბრუნებს მათ, ვინც წესით, ყველაზე ძვირფასია… ღრმა ფსიქოლოგიური პლასტებით იხატება იუდას დედის პორტრეტი, ზღაპრის პასაჟით დაწყებული (მის შიშველ მკერდზე მიკრული ჩვილი იუდა, დედას ძუძუს კერტს მოაჭამს), ოიდიპოსური ტრაგიზმით დამთავრებული (მრავალი წლის შემდეგ, იუდა საკუთარ მამას კლავს, დედა კი ცოლად მოჰყავს, ოღონდ გვიანღა გაიგებს, რომ აბიგაილი დედამისია). უშურველი სინაზით შექმნილ ამ პორტრეტში („აგვისტოს ხვატში მოულოდნელად ჩამოვარდნილ თოვლის ფიფქს ჰგავდა აბიგაილი“) მაინც მჟღავნდება მწერლის სინანული – აბიგაილს რომ ეს შფოთვა და შიში დაეძლია, არც სიყვარული დაეშურებინა და არც შუა ზღვაში მიეტოვებინა უმწეო ჩვილი, იქნებ სულ სხვანაირად გაგრძელებულიყო იუდას ამბავი? იქნებ შეცვლილიყო რაღაც სამყაროს წონასწორობაში და ერთი ცოდვილი სული გადარჩენილიყო, რადგან არავის აქვს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე დედას და აბიგაილიც არ იყო შემთხვევითი ქალი!.. თუმცა, ვერც ის აღმოჩნდა სათანადოდ ძლიერი და დაისაჯა კიდეც. მასთან ერთად კი, მისი შვილი და მთელი კაცობრიობაც.

საერთოდაც, „ისკარიოტის ეკლები“ დიდი შინაგანი ვიბრაციებით დამუხტული რომანია, რომელიც მუდმივად უტრიალებს სწორედ არჩევანის შესაძლებლობის თემას. იმ საკრალურ მოცემულობაშიც კი, სადაც ათასწლოვანი წინასწარმეტყველებითაა დამოწმებული ყველა როლი და მოვლენა, მუდმივად არსებობს ეს შესაძლებლობათა ველი, ამბის გარდაქმნის, გმირის სულიერი გარდატეხის, არჩევანის ცვლილების პერსპექტივა. ამის გამოც არის სახარება ასეთი უნიკალური ტექსტი და ამიტომაცაა, ზოგადად, ქრისტიანობა, თავისუფლების წარმოუდგენლად ძლიერი სულით სავსე. „ისკარიოტის ეკლებში“ ეს პერსპექტივები მუდმივად იგრძნობა – მაშინაც, როცა ყოველი ცოდვით დაცემის შემდეგ, იუდას ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან, ვინც გადარჩენის შანსს აძლევენ მას და, მაშინაც, როცა თითქოს ყველაფრით „ვალმოხდილი“ და ქრისტეგაცემული გამოსავალზე ფიქრობს.

რას ნიშნავს ისკარიოტის ეკლები? ეს ყველა ის ვნება და შეცოდებაა, ბოროტება და სისუსტეა, რომლებიც გვბოჭავენ და აღარ გვაძლევენ საკუთარი არჩევანის შესაძლებლობას. იუდას შემთხვევაში ეს – მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, შური, ვერცხლისმოყვარეობა და ძალაუფლების სიყვარულია. მას არ უყვარს ოცნება და განსჯა. არ აქვს წარსული, რადგან „მხოლოდ უწარსულო აწმყოა მსუბუქი და სანატრელი, დარდისა და სინანულისგან დაცლილი“. უყვარს ამ ადამიანური ჭმუნვებისგან თავისუფალი სიმსუბუქე, უფრო სწორად – სიცარიელე, რომელსაც არა აქვს ფესვი. მხოლოდ ეკლები აქვს. და ისინი ისკარიოტის მიწისფერია.

მაკა ჯოხაძე ხატავს იუდას, რომელიც დაბადებიდანვე ამ ეკლებითაა გულდაჩხვლეტილი. ყველაფერი დესტრუქციულია მასში და რასაც ეხება, ანგრევს, ანადგურებს. თითქოს სამყარომ სწორედ თავისი ბოროტების გამო გამოარჩია იმ როლისთვის, მესიის ისტორიაში რომ უნდა ითამაშოს… მისი ცხოვრების სამივე ტოპოსში – ისკარიოტი-იერუსალიმი-კაპერნაუმი – მისი სულიერი ხაზი უიმედოდ დაღმავალია, ის ვერც ვერაფერს სწავლობს და არც აქვს ამის სურვილი. მკითხველი კი დაძაბული მოლოდინით ელოდება მისი თავგადასავლის მთავარ გარდატეხას – ნაზარეველ წინასწარმეტყველთან მის შეხვედრას…

საინტერესოა, რომ თუკი ამ მომენტამდე, ძირითადად, მწერლის ფანტაზიით შეთხზულ სამყაროში ვმოგზაურობდით, ამის შემდეგ – კაპერნაუმში, ქრისტესთან მისი შეხვედრის წუთიდან – უკვე სახარების ნაცნობი ეპიზოდებით გრძელდება თხრობა. იუდაც ამ ეპიზოდებს იერუსალიმის სასახლის პალატებივით გაივლის… ყველა დეტალი ნაცნობია (მეძავის ამბავი, მარიამის ისტორია, ორი ავაზაკი), თუმცა მაინც არ გტოვებს მძლავრი განცდა რაღაც მოულოდნელობისა, რაღაც ისეთისა, რაც თუნდაც ორიათასწლოვან ისტორიაში, პირველად უნდა აღმოაჩინო, ან, იგრძნო, რომ ამაზე შენც არაერთხელ გიფიქრია, უბრალოდ, სახელი ვერ დაგირქმევია…

იუდა ქრისტესთან არა სინანულმა, არამედ ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა. არა სულიერმა კრიზისმა და ხსნის სურვილმა (როგორც მის გარშემო ათასები), არამედ იმ ძალაუფლების ხიბლმა, რომელსაც ხალხით გარშემორტყმული მაცხოვარი ასხივებდა. მანამდე ჰეროდე ანტიპას ქვეშევრდომიც იყო და ძალაუფლების სილამაზით იქაც ტკბებოდა. ახლა კი ქრისტეს აედევნა, ეგონა, რომ მალე გამეფდებოდა და მასაც გვერდით ამოიყენებდა, მით უფრო, რომ თავიდანვე უთხრა მაცხოვარმა – მონად კი არა, მეგობრად მიგიღეო. მიიღო კიდეც – მოწაფეების საშემოსავლო სალარო მას ჩააბარა. იუდა განკარგავდა ყველა ვერცხლს, ანგარიშობდა და ფლობდა. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გაუგო – არ ესმოდა მისი უანგარო და უშურველი სიკეთე, მადლიერების გამოსახატად ქრისტესათვის „დაქცეული“ ნელსურნელება, მოძღვრის „ფუჭად“ გაფანტული ძალა, მაშინ, როცა შეიძლებოდა, ამ სასწაულებრივი ნიჭებისგან ძალაუფლების სრულიად სხვა გოდოლები აეშენებინათ!..

იუდას ისევ თავისი ეკლები ღუპავს – ცოდვის სამსჭვალები გულში. და მერე, ყველაფერი ისეა, როგორც სახარებაში – 30 ვერცხლად გასცემს, ქრისტეს ჯვარს აცვამენ, იუდა კი თავს იკლავს…

თითქოს მთელი ეს პერსპექტივა, რომლითაც აქამდე რომანის შინაგანი სივრცეები ელვარებდა, უეცრად იქუფრება და ვიწროვდება… და უცებ, იმ დროს, როცა ხეზე ჩამოკიდებული საბელი ყელზე ყულფად მოიხვია იუდამ, გოლგოთის თხემზე, ჯვარცმულ იესოს აღმოხდა: მწყურია!

„იესოს წყალი კი არა, იუდას სინანული სწყუროდა“.

აქ იხსნება საბოლოო კვანძი და მთელი რომანის სათქმელიც ცნაურდება – ეს წიგნი სინანულზეა, დიდ სინანულზე, ამქვეყნად ყველაზე მაფხიზლებელ გრძნობაზე, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს მომაკვდინებელ ცოდვას…

იუდამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მისი განაჩენი მისივე უპერსპექტივობაა, ხოლო მისი ტრაგედია – გაკვეთილი კაცობრიობისთვის;

მათთვის, ვინც ღალატის და გაცემის მეტაფორას დღემდე იუდას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ამბავი ამით სრულდება;

ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ განაჩენია ისკარიოტის ეკლები.

მაკა ჯოხაძის რომანი სინანულის დიდი წიგნია და პიროვნული აღდგომის დამმოწმებელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“