ხომვერ მეტყვით, საით უნდა წავიდე?
– გააჩნია, სად გინდა მისვლა.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს.
– მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, საით უნდა წახვიდე”.
ლუის კეროლი
„ელისი საოცრებათა ქვეყანაში“
თუკი სასწავლო პროცესს მოგზაურობას დავარქმევთ, მაშინ განმავითარებელ შეფასებას შეიძლება დავარქვათ – მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება.
სასურველი აკადემიური შედეგის მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად ადევნონ თვალი, საით მიდიან მათი მოსწავლეები. განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც შეძენილ ცოდნასა და უნარებს აფასებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ გავარკვიოთ, მივაღწიეთ თუ არა შედეგს. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა მოგზაურობის კონკრეტული მონაკვეთი სრულდება. მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა დაინახონ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ, მაგალითად, A პუნქტს, ან იქნებ გზა აებნა და B პუნქტში მოხვდა. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეს – მუდმივად თვალყური ადევნოს მას, მისცეს სწორი მიმართულება, რათა მოსწავლე არ ასცდეს გზას. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გზას არ გადაუხვიონ.
გამოცდილი მასწავლებლები ხშირად მიმართავენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ არქმევენ ამ სახელს და არ გამოყოფენ ცალკე, როგორც სწავლებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს. ალბათ ამიტომაა, რომ პირად საუბრებში, როცა მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, გვპასუხობენ: „იშვიათად ვიყენებთ, ამისთვის დრო თითქმის არ გვრჩება…“. ისინი განმავითარებელ შეფასებაში მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ წერილობით კომენტარსა და უკუკავშირს გულისხმობენ.
განათლების სპეციალისტებმა განმავითარებელი შეფასების არაერთი განმარტება შემოგვთავაზეს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტერმინი (Wiliam, 2011) პირველად გამოიყენეს. თუ ამ დეფინიციებს შევაჯამებთ, დაახლოებით ასეთ განმარტებას ჩამოვაყალიბებთ: „განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად“. იმ საშუალებებს, რომლებითაც მსგავს ინფორმაციას ვაგროვებთ, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს ვუწოდებთ.
ნებისმიერი აქტივობა/სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუ ის ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რის გაგება უჭირთ და რატომ; გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები; ნათელი წარმოდგენა შეიქმნან, რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად.
როგორ ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს?
განმავითარებელი შეფასება, გარდა გაგების/გააზრების დონის დადგენისა, ეხმარება პედაგოგს, სწორად დაგეგმოს სწავლების პროცესი; აძლევს საშუალებას, დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და მოსწავლეთა მიღწევებზე; განსაზღვროს, რა დაეხმარება მოსწავლის სრულყოფაში.
განმავითარებელი შეფასება ყველაზე ეფექტურია, მაშინ როცა მოსწავლეებმა:
- ზუსტად იციან, რა უნდა ისწავლონ;
- იღებენ რეგულარულ უკუკავშირს;
- ახდენენ პროგრესის შეფასებას;
- მასწავლებლისაგან საფეხურებრივად იღებენ ინსტრუქციებს.
1998 წელს, ბლექმა და უილიამმა გააანალიზეს 21 კვლევითი ნაშრომი და 580 სტატია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული შეფასება მოსწავლის წარმატებაზე. მათ აღმოაჩინეს, რომ ინოვაციები, რომლებიც განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესებას ეხება, მნიშვნელოვან, ზოგჯერ ფუნდამენტურ ცვლილებასა და სარგებელს გვაძლევს. ამ ტიპის შეფასება ყველა ტიპის მოსწავლის სასწავლო პროგრესს უწყობს ხელს, დაწყებული საბავშვო ბაღიდან დამთავრებული უნივერსიტეტის სტუდენტით. კვლევების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც დამატებითი დახმარება სჭირდებათ, ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ განმავითარებელი შეფასებიდან.
მოსწავლეზე ორიენტირებულ კლასში, პედაგოგები სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით აფასებენ მოსწავლეებს. მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს, ბოლოს მიმართავენ თვითშეფასებას, რა დროსაც ისინი ეძებენ არა მხოლოდ შეცდომებს, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მათი ნამუშევარი ფასდება.
ყოველდღიური პრაქტიკა მეტისმეტად რთული არაა და არც ისე დიდი დრო სჭირდება განმავითარებელი შეფასების გამოყენებას, რამდენიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. საერთაშორისო კვლევებით დადასტურდა (OCED, 2005; Black and William, 1998), რომ ის იმდენად შედეგიანია, ღირს დროის დახარჯვა. თუ აღნიშნული შეფასება ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა, მომავალში ბევრ დროს დაგვიზოგავს და შესაბამისად, ხელი შეეწყობა მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.
სწავლებისას მნიშვნელოვანია, რომ შეფასების განხორციელებამდე მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს:
- რა ფასდება
- რა ჩაითვლება მიზნის მიღწევად
- როგორ უნდა მოხდეს შეფასება
- როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება.
საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო, თუმცა უნიშნო შეფასების პრაქტიკას ექსპერიმენტულ დონეზე ჩვენში ხანგრძლივი ისტორია აქვს.
დიმიტრი უზნაძე აღზრდის ტრაგედიის დაძლევის ერთადერთ გზად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთნდობაზე, პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას მიიჩნევდა. ქალთა გიმნაზიაში 1916 წელს უზნაძემ სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფერო შექმნა, რასაც, მისი აზრით, დიდად უშლიდა ხელს ქულებით შეფასება. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ნიშანი ყოველთვის სუბიექტურია, მასწავლებელი შეფასებისას ორიენტირებულია კონკრეტული საგნის მოთხოვნებზე, მოსწავლის მომავალ მიზანზე. ბავშვს კი ეს არ ესმის, ვინაიდან იგი თავისი არსით აწმყოზეა ორიენტირებული. ამიტომ პედაგოგიურმა საბჭომ, რომელსაც უზნაძე ხელმძღვანელობდა, უარი თქვა ნიშნით შეფასებაზე. მასწავლებლები ცალკე რვეულში ინიშნავდნენ, რა იცოდნენ მოსწავლეებმა და რა – არა, მერე კი რეკომენდაციებს აძლევდნენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
უზნაძის აზრით, უნიშნო შეფასებამ, მართალია, მასწავლებლებს სამუშაო დაუმატა, მაგრამ სწავლა უფრო მიზანმიმართული და შედეგიანი გახადა, მათ შორის იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც მანამდე წარუმატებელ მოსწავლეებად მიიჩნეოდნენ. 1960-1961 წლებში თბილისის 53-ე სკოლაში პირველკლასელთათვის წერის სასწავლებლად შეიქმნა განსხვავებული პროგრამა. ვინაიდან წერა პატარა მოსწავლეებისთვის ახლად დასაუფლებელი ჩვევა გახლდათ, მიიჩნეოდა, რომ ნიშნით შეფასება მათ მოტივაციას ჩაუქრობდა. აღნიშნული ექსპერიმენტი საქართველოში 17 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ქობულეთის, ზესტაფონისა და სტეფანწმინდის საექსპერიმენტო სკოლებში.
„განმავითარებელი შეფასება სწავლა/სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომის ნაწილია. ის თავის თავში მოიაზრებს განმავითარებელ თვითშეფასებას, მოსწავლეების მიერ კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობას და მათ მიერ პასუხისმგებლობის აღებას შეცდომების მართვის პროცესზე“ – ამ განმარტების მიხედვით, მოსწავლის მონაწილეობა შეფასებების დროს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავს პროცესებში რეალიზდება მოსწავლის მონაწილეობის უფლება ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, რაც მას ეხება (ბავშვის უფლებათა კონვენცია). ამ ტიპის ურთიერთობები ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლის მოტივაცია დიდწილადაა დაკავშირებული განმავითარებელ შეფასებასთან და განაპირობებს მაღალ აკადემიურ შედეგებს. დღეს, მეცნიერები აღარ დავობენ იმაზე, თუ რომელი ფაქტორები (გარეგანი თუ შინაგანი) განაპირობებს სწავლის მოტივაციას. მათ შორის მკაფიო ზღვრის გავლება არც თუ იოლია. მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენას ახდენს მათი ასაკი, ოჯახური თუ სასკოლო გარემო, ურთიერთობა თანაკლასელებთან, ინდივიდუალური შესაძლებლობები, ზოგ შემთხვევაში დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავის არაკომპეტენტურობის ილუზია, რაც არ შეესაბამება რეალობას. მოზარდის მოტივაციაზე პოზიტიურად მოქმედებს სწავლების სტრატეგიების ვარირება და საკუთარი პროგრესის დანახვა (და არავითარ შემთხვევაში შედარება სხვა მოსწავლეებთან). განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის უნდა გამორიცხავდეს ყოველგვარ საფრთხეს. ამიტომ ცხადია, რომ მაღალი ხარისხის განმავითარებელი შეფასება მიიღწევა კლასში, სადაც ჯანსაღი, ტოლერანტული გარემოა.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები
იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს განმავითარებელი შეფასების მიზნობრივად გამოყენება, საჭიროა, ჰქონდეს სათანადო ცოდნა და შესაბამისი ინსტრუმენტები. ეს შეიძლება იყოს როგორც სწრაფი შეფასების, ისე გაგება-გააზრების სიღრმისეული შეფასების ინსტრუმენტები.
სტატიაში წარმოგიდგენთ განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებსა და თითოეული ინსტრუმენტის აღწერილობას, რეკომენდაციებსა და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიზნით, როდის და როგორაა შესაძლებელი კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენება. ესენია: „შესასვლელი და გასასვლელი ბარათები“, „დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე“, „სწრაფი წერითი სამუშაო-სწრაფი ჩანაწერი, ერთწუთიანი ესეი, ერთწინადადებიანი შეჯამება და დაუსრულებელი წინადადება“, „ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება“, „ვიცი-მინდა, ვიცოდე-ვისწავლე“, გრაფიკული ორგანიზატორები – „მთავარი კითხვა“, „დისკუსიის რუკა“, „პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა“, „სიტყვის რუკა“, „დადებითი, უარყოფითი, საინტერესო“ და „ორმაგი ჩანაწერების დღიური“.
შესასვლელი და გასასვლელი ბარათები.
შესასვლელ და გასასვლელ ბარათებში მოცემულია მასწავლებლის მიერ სასწავლო მასალასთან დაკავშირებით მომზადებული ერთი ან რამდენიმე მოკლე კითხვა/დავალება, რომელთა შესრულებაც 5-10 წუთს მოითხოვს.
შესასვლელი ბარათების მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში:
ა. ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა წინარე ცოდნის, ინტერესების, მანამდე არსებული ღირებულებების/დამოკიდებულებების შესახებ.
ბ. მიღებული ინფორმაციის გამოყენება გაკვეთილში ცვლილებების შესატანად.
გასასვლელი ბარათების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთილის ბოლოს მიიღოს ინფორმაცია:
ა) მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ;
ბ) მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ;
გ) სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ.
დ) მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით.
შესასვლელი და გასასვლელი ბარათების საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება ერთგვარ რუტინას უდებს საფუძველს – მოსწავლეებმა იციან, როგორ შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბარათი ეხმარება პედაგოგს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთიდან მოსწავლეთა ყურადღება მიმართოს შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. გასასვლელი ბარათების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს კლასის ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. ამგვარი საკლასო რუტინის არსებობა კი კლასისა და დროის მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის გასაცნობად ისარგებლეთ ბმულით: https://shorturl.at/HHZ2d).
სწრაფი წერითი სამუშაო
არსებობს სწრაფი წერითი სამუშაოს რამდენიმე ვარიაცია. მაგალითად:
- სწრაფი ჩანაწერი
- ერთწუთიანი ესეი
- ერთწინადადებიანი შეჯამება
- დაუსრულებელი წინადადება
აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქცია სხვადასხვანაირია, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი რამ – მათი დახმარებით მასწავლებელს შეუძლია, ძალიან მოკლე დროში შეიქმნას წარმოდგენა სასწავლო საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა მზაობის, გაგება-გააზრების, ინტერესებისა და დამოკიდებულების შესახებ. არ არის საჭირო პედაგოგმა ყოველ ჯერზე შეაგროვოს მოსწავლეთა წერითი ნამუშევრები და სათითაოდ გააცნოს მათ.
სწრაფი წერითი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებში ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და სტრუქტურირებული წერის უნარების განვითარებას, რადგან სათქმელის მოკლედ გადმოსაცემად მნიშვნელოვანია განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის დახარისხება, მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება და დასკვნების გაკეთება. აღნიშნული მეთოდისთვის შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენება სასარგებლოა იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებსაც სათქმელის ზეპირად გამოხატვას მისი წერილობით გადმოცემა ურჩევნია. ასევე, მათთვის, ვისთვისაც წერა არ არის საყვარელი საქმიანობა.
სწრაფი წერითი სამუშაოსთვის შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელია ახალი თემის შესწავლის დაწყებამდე, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით; უშუალოდ საკითხის შესწავლის პროცესში და თემის განხილვის შემდეგაც, საბოლოო შეჯამების ეტაპზე. ამ დროს მოსწავლეთა ყურადღება მაქსიმალურად ფოკუსირებულია კონკრეტულ თემაზე და რეფლექსიის გაკეთება საკითხის კიდევ უფრო საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური დავალებების შესრულების დროს. ზოგჯერ მოსწავლეებს შეიძლება, გაუჭირდეთ წერილობითი დავალების შესრულება და განაცხადონ, რომ ვერაფერს წერენ, ან სულაც შეწყვიტონ წერა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადად, ყველა სამუშაოს შესრულების დროს, მასწავლებელი უნდა მივიდეს მოსწავლესთან, დაეხმაროს მას თუნდაც ერთი წინადადების დაწერაში. მან უნდა დაარწმუნოს მოსწავლე, რომ თუ მოინდომებს, მომავალში უკეთესად შეძლებს წერას.
სწრაფი ჩანაწერი
სწრაფი ჩანაწერები მოსწავლეებმა სხვადასხვა მიზნით შეიძლება აწარმოონ. ეს შეიძლება იყოს: ნასწავლის ძირითადი აზრის გადმოცემა, მთავარი ტერმინების ჩამონათვალის შექმნა, კოგნიტიური სქემების შედგენა, ნასწავლის პრაქტიკასთან დაკავშირება, საკუთარ სწავლაზე რეფლექსიის გაკეთება და სხვ.
ნასწავლის გაცნობიერებისა და მეტაკოგნიტიური უნარების განვითარების მიზნით, პედაგოგს შეუძლია, მოსწავლეებს მისცეს 3-5 წუთი და სთხოვოს, რამდენიმე წინადადებით გააკეთონ რეფლექსია იმის შესახებ, თუ რა იცოდნენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაკვეთილის დასაწყისში და რა ისწავლეს გაკვეთილის ბოლოს.
ერთწუთიანი ესეი
გაკვეთილის დასაწყისში, მისი მიმდინარეობისას ან დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასწავლებელს შეუძლია კითხვა დაუსვას კლასს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და სთხოვოს, წერილობით უპასუხონ მას. ამისთვის კი ეძლევათ 1 წუთი ან ოდნავ მეტი. მნიშვნელოვანია, რომ მართლაც იყოს შესაძლებელი მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის ასეთ მოკლე დროში გაცემა.
კითხვები შეიძლება შემდეგნაირად ფორმულირდეს:
- თქვენი აზრით, რა იყო დღევანდელი გაკვეთილის ძირითადი მიზანი?
- ეთანხმებით თუ არა წარმოდგენილ მოსაზრებას? მოიყვანეთ თქვენი არგუმენტი;
- როგორ გამოიყენებდით პრაქტიკაში დღევანდელ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას?
- რა კავშირს ხედავთ დღეს განხილულ საკითხსა და თქვენ მიერ წინა გაკვეთილზე ნანახ ფილმს შორის?
ერთწინადადებიანი შეჯამება
მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს, ერთი წინადადებით შეაჯამონ გაკვეთილზე განხილული მასალა. იქნება ეს ტექსტი, ახალი ფიზიკური კანონი, ხსნარების თვისებები, გულსისხლძარღვთა სისტემა და ა.შ.
საკითხის ერთი წინადადებით შეჯამება მოსწავლისგან მოითხოვს მის სიღრმისეულად გააზრებას და მაღალი დონის სააზროვნო უნარების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, ის, რომ საჭიროების შემთხვევაში პედაგოგი უნდა დაეხმაროს და ურჩიოს მოსწავლეს – გამოიყენოს რაც შეიძლება მარტივი ენა. გარდა ამისა, სასურველია მასწავლებელმა თვითონ უჩვენოს მოსწავლეებს რომელიმე სასწავლო მასალასთან დაკავშირებით ერთწინადადებიანი შეჯამების მაგალითი, მათთან ერთად გააკეთოს და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვოს კლასს, იმუშაოს დამოუკიდებლად.
დაუსრულებელი წინადადებები
აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებისას მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები, რომლებიც შეიძლება მიზნად ისახავდეს მოსწავლეთა ცოდნის დონის, ინტერესების, ღირებულებების ან საჭიროებების შეფასებას. ინსტრუმენტის „დაუსრულებელი წინადადებების“ გამოყენება საკითხის შესწავლის ყველა ეტაპზეა შესაძლებელი.
დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე
ნაცვლად იმისა, რომ სასწავლო მასალასთან დაკავშირებით მოსწავლეებს მზა დასკვნები მივაწოდოთ, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ მოსწავლეები დაფიქრდნენ საკითხის შესახებ. ამის შემდეგ ისინი იმსჯელებენ მეწყვილესთან ერთად, ბოლოს კი მოსაზრებებს მთელ კლასს გაუზიარებენ. სასწავლო მასალის შესწავლის ამგვარი სტრატეგია მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ჩაუღრმავდნენ საკითხს; მოისმინონ და კრიტიკულად გააანალიზონ განსხვავებული მოსაზრებები; შეაჯამონ მიღებული ინფორმაცია და გამოიტანონ დასკვნები. ამას გარდა, ერთმანეთთან ინტერაქცია მოსწავლეებს უვითარებს მოსმენის, სხვისი აზრის გათვალისწინებისა და კომუნიკაციის უნარებს. მასწავლებელს კი ამ პროცესზე დაკვირვებით შეუძლია შეაფასოს, რამდენად სწორად მსჯელობენ, რამდენად კარგად გაიგეს სასწავლო მასალა და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა შეთავაზებული საკითხი მოსწავლეებისთვის. (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/v8fMV).
ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება
აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებისთვის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება სასწავლო თემასთან დაკავშირებით. ეს დებულება შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე ფაქტს, მოვლენას, თეორიას, მათემატიკური ამოცანის ამონახსნს, პრობლემური საკითხის გადაჭრის გზას. ამის შემდეგ, მოსწავლეები დებულებებს თანაკლასელებს უზიარებენ, რომლებსაც ევალებათ, ამოიცნონ მცდარი დებულება. დებულებების მოფიქრების დროს მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოამჟღავნონ ცოდნა, მოიძიონ ინფორმაცია, ორიგინალური ფორმით წარმოადგინონ ფაქტები ან საკუთარი მოსაზრებები. ამავე დროს, ამ ტიპის აქტივობას შემოაქვს ხალისი გაკვეთილზე და უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას. თავის მხრივ, მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოსწავლეებში სასწავლო საკითხის ცოდნისა და გაგება-გააზრების დონე.
„ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულების“ გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. ის შეიძლება ემსახურებოდეს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას, ისე ნასწავლი მასალის გახსენებას და მის სიღრმისეულად გაანალიზებას. აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებისას მასწავლებელს შეუძლია დაყოს მოსწავლეები მცირე ჯგუფებად და სთხოვოს მათ, დებულებები გაუზიარონ თავიანთი ჯგუფის წევრებს. შესაძლოა, მოდიფიცირებაც. კერძოდ, სთხოვოს ყველა მოსწავლეს დებულებების მოფიქრება, ხოლო შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით, რამდენიმე მოსწავლეს დაავალოს დებულებების გაზიარება მთელი კლასისთვის. გარდა ზეპირი მსჯელობისა, მოსწავლეებს შეუძლიათ, წერილობით წარმოადგინონ მათ მიერ მოფიქრებული ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება; ასევე, მოსაზრებები ამ დებულებების შესახებ.
„ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულებების“ შესახებ ზეპირი მსჯელობის დროს მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააკეთოს მოკლე ჩანაწერები. მაგალითად: რა სირთულის დებულებები მოიფიქრეს მოსწავლეებმა; რამდენად შეძლეს მათ ცოდნისა და მაღალი სააზროვნო უნარების გამომჟღავნება; რამდენმა მოსწავლემ ამოიცნო სწორად მცდარი დებულება; ყველა მოსწავლე აქტიურობდა თუ არა და ა.შ. ამდაგვარი ჩანაწერების გაანალიზებით მასწავლებელი შეძლებს როგორც მოსწავლეთა, ასევე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შეფასებას, რაც დაეხმარება მას მომდევნო გაკვეთილის ეფექტიანად დაგეგმვაში.
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე – მოსწავლის თვითშეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია, რომელიც აღძრავს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და უბიძგებს მას ახლის შემეცნებისკენ. მოსწავლემ ქვემოთ მოცემულ ცხრილში უნდა წარმოადგინოს, რა ცოდნას ფლობს, რის შესწავლა სურს და რის სწავლას შეძლებს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.
მოცემული ინსტრუმენტის გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, გაააქტიუროს და შეაფასოს მოსწავლეთა წინარე ცოდნა, გააძლიეროს მოსწავლის სურვილი, შეისწავლოს ახალი მასალა და, ამავე დროს, ხელთ ჰქონდეს მოსწავლეთა პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტი. თავის მხრივ, მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ, რა იცოდნენ და რა ისწავლეს ახალ სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებაში ეხმარება.
აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებას მოსწავლე იწყებს ახალი თემის შესწავლამდე, ხოლო თემის შესწავლის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ თანდათან ავსებს მას ინფორმაციით. ცხრილის შევსება შესაძლოა გაგრძელდეს ერთი ან მეტი გაკვეთილის განმავლობაში. მოსწავლეებს ცხრილის შევსება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან მცირე ჯგუფებში. ეს დამოკიდებულია მასწავლებლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამომდინარეობს კლასის კონკრეტული საჭიროებებიდან. (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/kE7K0).
გრაფიკული ორგანიზატორები
გრაფიკული ორგანიზატორები გულისხმობს სქემებს, რომლებიც გამოიყენება ფაქტებს, ცნებებს, მოვლენებს შორის არსებული ურთიერთმიმართების სახით გამოსახატავად. მათი დახმარებით ხდება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით არსებული „ცოდნის ვიზუალური სახით წარმოდგენა“.
აღნიშნული ინსტრუმენტები მოსწავლეს საშუალებას აძლევს, კარგად გააანალიზოს სასწავლო მასალა-ერთმანეთისაგან გამოყოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნა, მიიღოს გადაწყვეტილება, გადაჭრას პრობლემა. გრაფიკული ორგანიზატორები უადვილებს მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ორგანიზებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ნასწავლის მარტივად გახსენებასა და კონკრეტული ინფორმაციის გამოყენებას. ასევე, ხელს უწყობს მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების სტიმულირებას.
მთავარი კითხვა
კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვლევი კითხვის დასმა და მასზე პასუხის მოძიება. ამისათვის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად უნდა მოიფიქრონ „მთავარი კითხვა“ და მომდევნო ეტაპზე უპასუხონ გრაფიკულ ორგანიზატორში მოცემულ ქვეკითხვებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეკითხვები შეიძლება იცვლებოდეს „მთავარი კითხვის“ შინაარსიდან გამომდინარე. აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით პედაგოგი, მოსწავლეთა ნაშრომების გაანალიზებისას მარტივად შეძლებს შეაფასოს, რა ფაქტობრივი ცოდნა აქვთ მოსწავლეებს, რამდენად კარგად ესმით, აანალიზებენ და აფასებენ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის გასაცნობად გამოიყენეთ ბმული: https://shorturl.at/1WREE).
დისკუსიის რუკა
კონკრეტული საკითხის ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების გაანალიზებისა და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის მიზნით მოსწავლეებისთვის შეიძლება შეთავაზებულ იქნას გრაფიკული ორგანიზატორი: „დისკუსიის რუკა“ (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის გასაცნობად ისარგებლეთ ბმულით: https://shorturl.at/OdsZQ ).
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა ეხმარება მასწავლებელს, შეაფასოს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს:
- აღმოაჩინონ რაიმე პრობლემის გამომწვევი მიზეზები;
- იპოვონ ამ პრობლემის გადაჭრის გზა;
- მოიყვანონ არგუმენტები, თუ რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს პრობლემის ამგვარი გზით გადაჭრა.
(მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის გასაცნობად გამოიყენეთ ბმული: https://rb.gy/tnfws9).
სიტყვის რუკა
ამ გრაფიკული ორგანიზატორის გამოყენებით მასწავლებელს (განსაკუთრებით უცხო ენის) ძალიან სწრაფად შეუძლია შეაფასოს, რამდენად კარგად ფლობს მოსწავლე ახალ სიტყვასთან/ტერმინთან/ცნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის სანახავად გამოიყენეთ ბმული: https://rb.gy/z183ri).
დადებითი, უარყოფითი, საინტერესო
მოსწავლეთა იდეების, მოსაზრებების, დამოკიდებულებების შეფასების მიზნით მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს გრაფიკული ორგანიზატორი: „დადებითი, უარყოფითი, საინტერესო“. მოსწავლემ უნდა გამოყოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი ფაქტორები/გარემოებები/მახასიათებლები და მიუთითოს, რა მიაჩნია საინტერესოდ, ან რა კითხვები გაუჩნდა (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის სანახავად გამოიყენეთ ბმული: https://rb.gy/jvakd3).
ორმაგი ჩანაწერების დღიური
ორმაგი ჩანაწერების დღიური წარმოადგენს სამუშაოს, რომელსაც მოსწავლეები ასრულებენ წერილობით და გულისხმობს ერთგვარ რეფლექსიას სასწავლო მასალაზე. აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებისთვის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაკეცონ ფურცელი ორად, ან დახაზონ ორსვეტიანი ცხრილი. შემდეგ ფურცლის ერთ მხარეს/ცხრილის პირველ სვეტში ჩაწერონ ფაქტები, ტერმინები, განმარტებები ან ნაწყვეტები შესასწავლი მასალიდან. მეორე მხარეს/მეორე სვეტში კი ჩამოაყალიბონ ამ ფაქტის/ტერმინის/განმარტების/ნაწყვეტის შესახებ საკუთარი დამოკიდებულებები, შეხედულებები, მოსაზრებები ან კითხვები.
მოცემული ინსტრუმენტი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ყურადღებით გაეცნონ შესასწავლ მასალას და გააკეთონ რეფლექსია – გამოკვეთონ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები და ამ გზით უფრო აქტიურად ჩაერთონ სწავლების პროცესში. აღნიშნული მიდგომით პედაგოგს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს, რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა კონკრეტული თემა, მოხვდა თუ არა მათი ყურადღების ცენტრში მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხები, შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა განხილული მასალის შესახებ მსჯელობა (მოცემული ინსტრუმენტის შაბლონის გასაცნობად გამოიყენეთ ბმული: https://rb.gy/nit6j2).
„ორმაგი ჩანაწერების დღიურის“ შევსება რეკომენდებულია ახალი მასალის გაცნობის პროცესში, ამასთან ნებისმიერ საგანში, რისთვისაც პედაგოგმა წინასწარ უნდა განსაზღვროს დღიურის შესავსებად საჭირო დრო (10-15 წუთამდე) და შესაბამისად დაგეგმოს გაკვეთილები.
მოცემული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაუღრმავდეს შესასწავლ მასალას და კარგად გააცნობიეროს საკუთარი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ამგვარი რეფლექსია აღვიძებს მოსწავლის მოტივაციას, გააგრძელოს თემის შესწავლა და მეტად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა. https://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
- 2. სოფო გორგოძე, „ეფექტური განმავითარებელი შეფასება“. 2016 წ, .26 ოქტომბერი.
https://mastsavlebeli.ge/?p=11953
- მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი. „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, 2018 წ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/310397.pdf
- ნინო ლაბარტყავა, „რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება“, 2014წ, 19 მარტი, https://mastsavlebeli.ge/?p=2076
- ლ, კოჰენი და სხვები, „კვლევის მეთოდები განათლებაში“, მეექვსე გამოცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ინტელის სასწავლო პროგრამა, „განმავითარებელი შეფასება“
7. ქართულ -გერმანული სკოლა „სხივი“, „მოსწავლეთა შეფასება“
https://skhivi.edu.ge/მოსწავლეთა-შეფასება/
- ირინა კიკვიძე. „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება“ , 2013 წ. https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_5265_1.pdf