შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

მშობლების ორგანიზებული წიგნის კლუბი სკოლაში

მშობელთა კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა, რაც მოსწავლეთა ოჯახის წევრების მონაწილეობით შეიძლება სკოლაში გაკეთდეს. კლუბის მუშაობა კი შედეგიანი უმეტესად მაშინ არის, როცა მკაფიო მიზანთან ერთად სამოქმედო გეგმაც აქვს და გულანთებული წევრებიც ჰყავს.

საქართველოს სკოლებში მრავლად მოიძებნებიან მშობლები, რომელთაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. აღნიშნული სტატია სწორედ მათთვის არის. მიმოვიხილავთ წიგნის კლუბის შესაძლო მიზანს, ამოცანებს, აქტივობებს, მონაწილეებისა და დაფინანსების საკითხებს. დაინტერესებული მშობლები შეძლებენ სტატიაში განხილული თემების ერთ კონცეფციად შეკვრას, დირექციისთვის შეთავაზებასა და სკოლაში წიგნის კლუბის დაფუძნებას.

დღესდღეობით აღარავინ დავობს, რომ წიგნი კომპიუტერულმა მოწყობილობებმა ჩაანაცვლა. მშობლები წუხან, რომ ბავშვები ან საერთოდ არ კითხულობენ, ან დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობენ მხატვრულ ლიტერატურას, დანარჩენ თავისუფალ დროს კი ეკრანთან ატარებენ. ეს ის წუხილია, რომელიც ერთნაირად აღელვებს სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანს.

რადგან წიგნი განათლებისა და აღზრდის უნივერსალური იარაღია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლების გაერთიანება მის ირგვლივ არცერთ სკოლაში არ გაჭირდება. კლუბის იდეაზე მუშაობა თანამოაზრე ადამიანების შეკრებით იწყება. იდეის გარშემო გაერთიანების შემდეგ კი მშობლებმა რამდენიმე ფურცელზე უნდა გაწეროთ თავიანთი ჩანაფიქრი და დირექტორის კაბინეტს მიაშურონ.

რა უნდა ეწეროს წიგნის კლუბის კონცეფციაში? ჩანაწერები შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს:

  • რა მიზანი გვაქვს მშობლებს?
  • კონკრეტულად რა ამოცანებით უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს?
  • თითოეული ამოცანის განსახორციელებლად როგორ აქტივობებს ჩავატარებთ?
  • რომელ კლასებში გვინდა აქტივობის გაკეთება?
  • რა დროს ჩატარდება აქტივობები?
  • აქვს თუ არა სკოლას ბიბლიოთეკა, სადაც აქტივობები ჩატარდება თუ საკლასო ოთახები ან სხვა სივრცეები უნდა გამოვიყენოთ?
  • რაში შეიძლება დაგვჭირდეს მასწავლებლის დახმარება?
  • ვინ გავუძღვებით და ვინ მივიღებთ მონაწილეობას აქტივობებში? რა დროის გამოყოფა დაგვჭირდება ამისთვის?
  • გვაქვს თუ არა იმის კომპეტენცია, რის სურვილიც გვაქვს?
  • გარეშე პირთაგან ვისთან შეიძლება ვითანამშრომლოთ და რა პროცედურებით უნდა შევათანხმოთ ეს აქტივობები სკოლის ადმინისტრაციასთან?

ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად თანამოაზრე მშობლებს რამდენჯერმე შეხვედრა დასჭირდებათ, ჯერ სკოლისგან დამოუკიდებლად, შემდეგ კი მასწავლებლებთან და დირექციასთან ერთად. საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას უფლება არ აქვს, უარი უთხრას მშობლებს წიგნის კლუბის გაკეთებაზე, თუმცა საკითხების უმრავლესობა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ან კლასის დამრიგებელთან უნდა შეთანხმდეს.

 

რა მიზნებს შეიძლება მივაღწიოთ მშობლებმა წიგნის კლუბის ამოქმედებით და რომელი ღონისძიებები გაგვიყვანს ამ მიზნებზე?

 

  • მოსწავლეთა ოჯახების მიერ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის გამდიდრება;
  • ბავშვების გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კითხ­ვის კლუბ­ში, წიგ­ნის არ­ჩე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა და კონსულ­ტა­ცი­ე­ბის გაწევა;
  • კლასებში რეგულარული ლიტერატურული შეხვედრების ორგანიზება, სადაც წაკითხული ნაწარმოების შესახებ მსჯე­ლო­ბა­ მოეწყობა;
  • მწერლების მოწვევა და ლიტერატურული საღამოების მოწყობა;
  • აქციების ორგანიზება, სადაც ბავშვები მაკულატურას შეაგროვებენ და წიგნებში გადაცვლიან;
  • წიგნის ჩუქების დღეს ერთმანეთისთვის საყვარელი ნაწარმოებების ჩუქება;
  • წიგნების ბაზრობის მოწყობა და მიღებული შემოსავლით სოციალურად შეჭირვებულ ბავშვების დასაჩუქრება;
  • მშობლების მიერ სკოლაში ლიტერატურული კაფეს დღეების მოწყობა, სადაც მოსწავლეებს წიგნებთან ერთად გემრიელ და ჯანსაღ სასუსნავს დაახვედრებენ.
  • ყველა სკოლას აქვს პროექტორი, რომლითაც შეიძლება ფილმების ჩვენება, შემდეგ კი განხილვის მოწყობა.
  • თუ მშობლებს შორის არიან შესაბამისი კომპეტენციის პირები, შეიძლება საყვარელი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლის დადგმა და სხვა

 

იმისთვის, რომ მშობლებმა ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება შეძლონ, მათ სკოლის და თემის დახმარება დასჭირდებათ. ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მოლაპარაკებით უნდა შეირჩეს დრო, როცა აქტივობა დაიგეგმება. თუ აქტივობა საგაკვეთილო საათებს ემთხვევა, დამრიგებლის მონაწილეობა და კლასის საათის გამოყენებაც შეიძლება. მშობლებს დასჭირდებათ სივრცეც, სადაც საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად შეიკრიბებიან. სასურველია, მათ ხელი მიუწვდებოდეთ კომპიუტერსა და „პრინტერზე“, რათა რესურსების მომზადება და დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკება შეძლონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კლუბის დაფინანსების მოძიებაა. მოკლევადიანი მუშაობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყება მოხალისეობრივ საწყისებზეც შეიძლება. თუმცა, თუ გეგმა სრულ სასწავლო წელზე ან უფრო დიდ დროზეა გაწერილი, ბიუჯეტის გაწერა და ფინანსების მოძიება აუცილებელი იქნება კლუბის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წიგნის კლუბის დაფინანსება შესაძლებელია, როგორც სკოლის, ისე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. თანხის მობილიზება მშობლებს ე.წ. სახალხო დაფინანსებითაც („ქრაუდფანდინგი“) შეუძლიათ. ასევე, მოლაპარაკება შეიძლება ადგილობრივ ბიზნესკომპანიებთან და სკოლის კურსდამთავრებულებთანაც.

წიგნის კლუბის წევრობა მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სკოლის შიდა სივრცეში თვალი ადევნოს შვილის განათლების პროცესს; დაეხმაროს სხვა ბავშვებს, ვისი მშობლებიც ვერ ახერხებენ მონაწილეობას; გააუმჯობესოს ურთიერთობა მასწავლებლებთან, დირექციასთან; სიამოვნება მიიღოს ბავშვებთან მუშაობით და რაც მთავარია, თავისი პატარა წვლილი შეიტანოს სასკოლო საზოგადოების წიგნიერების ამაღლების საქმეში.

როგორც წესი, წიგნის კლუბს მშობლები ჯილდოსთვის არ აკეთებენ, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებისთვის ირჯებიან, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების მხრიდან შესაბამისად უნდა დაფასდნენ. აქტიური მშობლების წახალისება სიტყვიერად, საჯარო მადლობით ამ სიგელით შეიძლება, რაც მათ მოტივაციას გაზრდის, სხვა მშობლებს კი აქტიურობისკენ უბიძგებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“