ადამიანის ფიზიკური არსებობა მჭიდროდ უკავშირდება მიწას – ვდგავართ, ვმოძრაობთ, ვხტებით და საბოლოოდ ისევ მას ვუბრუნდებით. ნებისმიერი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია დამოკიდებულია იმ უხილავ ძალაზე, რომელიც დედამიწისკენ გვიზიდავს. სწორედ ამ ურთიერთქმედებაზე დაკვირვებამ წარმოშვა ფიზიკის კანონები, რომლებიც ხსნის და განმარტავს ბუნებაში მოქმედ მრავალ პროცესს.
სამყაროში მიმდინარე ფიზიკური მოვლენები ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებით აიხსნება – ძლიერი, სუსტი, გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური. აქედან გრავიტაცია ყველაზე ნაცნობია და ამავდროულად – ყველაზე იდუმალი. ის არა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურობას განსაზღვრავს, არამედ მთელ სამყაროზე ახდენს გავლენას – პლანეტების მოძრაობიდან დაწყებული, ვარსკვლავების სიცოცხლემდე და კოსმოსის სტრუქტურამდე. გრავიტაციის ყოველდღიური, ჩვენთვის „ახლობელი“ გამოვლინებაა სიმძიმის ძალა – სწორედ ის, რაც ჩვენს სხეულსა და დედამიწას აკავშირებს.
ზოგადად, სიმძიმის ძალის აჩქარება მუდმივ სიდიდედ ითვლება, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მისი მნიშვნელობა განსხვავებულია ადგილმდებარეობისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით. სიმძიმის ძალის აჩქარება (g), მცირედით იცვლება გეოგრაფიული განედის, სიმაღლისა და დედამიწის ბრუნვის გამო.
ეს ცვლილებები შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა მეცნიერებისთვის მათი ზუსტად ცოდნა აუცილებელია. სწორედ ამ მცირე განსხვავებების გათვალისწინებით ვიგებთ, რამდენად ფრთხილად, ზუსტად არის მოწყობილი ბუნება და როგორ აისახება თითქოს შეუმჩნეველი განსხვავება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
ამ სტატიაში განვიხილავთ სიმძიმის ძალის აჩქარების დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორზე; როგორ გამოითვლება მისი მნიშვნელობა, რაზეა დამოკიდებული და როგორ ვზომავთ მას თანამედროვე ინსტრუმენტებით – მაგალითად, გრავიმეტრით; გავეცნობით იმ ფორმულებს, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ იცვლება g გეოგრაფიული განედისა და ზღვის დონიდან სიმაღლის შესაბამისად. სტატიაში წარმოდგენილი პრაქტიკული სამუშაოს მაგალითები და ცხრილები მოსწავლეებისთვისაც საინტერესო და გამოსადეგი იქნება.