შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის ახალი ნომერი გამოიცა!

რედაქტორის წერილის წერისას  მასწავლებლის იმ დიდ ძალაზე მეფიქრება, რომელიც მასწავლებელს ყოველდღე სჭირდება, როცა აქვს რწმენა,  რომ სწავლება შესაძლებელია, რომ  აუცილებელია და  რომ  ნამდვილად ღირს.

დღეს, როცა ცოდნის აგების თანამედროვე  პარადიგმის –  შინაარსობრივი, პედაგოგიური და ტექნოლოგიური – მიდგომები ციფრულ სამყაროში ახალი თანხვედრის გზებს ეძებს, ყველაზე მთავარი მაინც მიზანია. რატომ ვასწავლი ამას? როგორ გამოიყენებს ამას მოსწავლე?  როგორ  ადამიანად ყალიბდება ის ამ პროცესში?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებას საბოლოოდ  მივყავართ  მთავარ ღირებულებებთან, როგორიცაა: პატივისცემა, ღირსება, თანაგრძნობა, სამართლიანობა, თავისუფლება. ისინი არ ისწავლება მხოლოდ პედაგოგიური მეთოდით ან ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ ყალიბდება ჩვენი  პირადი მაგალითით,   მოთმინებით, მაშინაც კი,  როცა გრძნობ, რომ თითქოს ყველაფერს აზრი ეკარგება და  მაინც არ ჩერდები.

ციფრული სამყარო ვითარდება სწრაფად, თუმცა ვერავინ შეძლებს დააპროგრამოს განათლების მომავალი ისე, როგორც ამას მასწავლებელი აკეთებს-  ყოველდღე, უშუალოდ მოსწავლეებთან პირისპირ ურთიერთობით.

ჟურნალი „მასწავლებელი“ მუდმივად ცდილობს, გაგიზიაროთ ახალი ხედვები, ტექნოლოგიის მიღწევები და გამოწვევები, პრაქტიკული მაგალითები,  კოლეგების თუ საერთაშორისო  გამოცდილება. ჟურნალის უპირველესი მიზანი კი ის არის, გვახსოვდეს მასწავლებლის  მნიშვნელობა –  რადგან მომავალი უფრო მეტად ჩვენზეა დამოკიდებული, ვიდრე რომელიმე ალგორითმზე.

ახლა როცა საკლასო ოთახების კარი გამოვხურეთ და სასკოლო არდადეგები დაიწყო, უფრო მეტი დრო გვაქვს იმის გასააზრებლად, ახალი სასწავლო წლიდან, რას ელოდებიან ჩვენი მოსწავლეები, ხომ არ შეიცვლება და როგორ შეიცვლება ჩვენი  როლი ციფრულ ეპოქაში და  როგორი იქნება პასუხი ძალიან მგრძნობიარე კითხვაზე – ხომ არ ჩაანაცვლებს მასწავლებელს ხელოვნური ინტელექტი?

ჩემი , როგორც რედაქტორის, პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით მყარია – ვერ!

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

თინათინ ზარდიაშვილი, ნინო ლომიძე, თამთა დოლიძე, მაია ფირჩხაძე, ნათელა ბაღათრიშვილი, ლელა მანგოშვილი, ინა იმედაშვილი, მეგი კავთუაშვილი, ლელა კოტორაშვილი, ნესტან მიქაძე, ქეთევან ოსიაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, თემურ სუყაშვილი, ცირა ბარბაქაძე, დათია ბადალაშვილი, დიანა ანფიმიადი, ლევან ლორთქიფანიძე, შორენა ტყეშელაშვილი.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“