პარასკევი, ივლისი 4, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

როგორ დავიწყოთ წერა

 

II ნაწილი

წერის დაწყება ნოტის აღებას ჰგავს, რომელიც იწვევს პირველ ემოციას, განწყობას, გვიბიძგებს ფიქრისკენ და გვკარნახობს შემოქმედებით მელოდიას. სწორედ, პირველმა სიტყვამ, წინადადებამ თუ აბზაცმა უნდა გადააქციოს ავტორი  “კაცთა მესათხევლედ”. შესაბამისად, წერის დაწყება დიდი პასუხისმგებლობაა. ეს წერილი წინა სტატიის გაგრძელებაა, სადაც თანამედროვე ავტორები გვიზიარებენ  გამოცდილებებს, მიგნებებს, გულახდილად გვიამბობენ დაძლეულ სირთულეებზე, წერის პროცესებსა და შემოქმედებით ძიებებზე.

წერილი გამოცდილი თუ გამოუცდელი მკითხველისთვის, შესაძლოა  დიდ მოტივაციად იქცეს.

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?
  2. რა გეხმარებათ, ვიდრე წიგნის (მოთხრობის, სტატიის) წერას დაიწყებთ?
  3. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი (რიტუალი, ჩვევა), რასაც მიმართავთ წერის დაწყებამდე?

 

ირმა მალაციძე („სატკბილეთის ქვეყანა“, „ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში“, „ზუზუნები და ღრუტუნები“, „ექიმი კოდალა“, „ანდაზები-არაკები“ და სხვ.)

  1. ამბის წერას სხვადასხვანაირად ვიწყებ. ამბის ბიძგს მაძლევს ზოგჯერ კადრი, შესაძლოა ნივთი, ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზია. ზოგი ამბავი დიდხანს მწიფდება თავში. ზოგჯერ კი წლებიც კი გრძელდება. ზოგი კი სპონტანურად იბადება. წამიერად აინთება ხოლმე თავში ნათურა და ვწერ, ხშირად ვინიშნავ ფრაზებს, წერის პროცესში კი ზოგჯერ, შესაძლოა სხვა თემამ იჩინოს თავი.
  2. ხშირად, შვილებისგან მიმიღია ინსპირაცია. ზღაპარი „ქერამუჭა“ მაშინ დავწერე, როდესაც ჩემი შვილი საბავშვო ბაღში დამყავდა. გზად ლოკოკინები გვხვდებოდნენ და ჩემი შვილი მათ ესაუბრებოდა. ამ ზღაპრის ინსპირაციაც ეს დიალოგები გახლავთ. სათაურიც კი ჩემი შვილის მოფიქრებულია. ზღაპრის „ თეთრი ბელი და ფერადი ყინულოვანი ოკეანე“ ინსპირაცია გახდა ერთი საახალწლო რეკლამა, სადაც თეთრი ბელი ჩანდა, სწორედ ამან მიბიძგა დამეწერა ზღაპარი. ბავშვების ნააზრევიდან ბევრ იდეას ვიღებ. მათი დიალოგებით, ხშირად, ჩემი გმირები ამეტყველებულან.
  3. მქონდა რიტუალი – ვრთავდი ამოჩემებულ მუსიკას, რაც მიქმნიდა განწყობას, ხშირად, ტრანსპორტში კი ვწერდი, მგზავრობისას. ამჯერად, კი როცა იდეა ჩნდება, ვცდილობ, ხმოვანი შეტყობინებების სახით შევინახო რომ არ მიმავიწყდეს.

დიანა ანფიმიადი („დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, „ახალი წელი აგვისტოში“, ლექსების კრებული და სხვ.)

  1. მგონია, განსაკუთრებული რუტინის ქონა და განწყობის ლოდინი ერთგვარი ფუფუნებაა, რომელიც თანამედროვე, ათას ფრონტზე მყოფ ადამიანს ვერ აქვს, ამიტომ განსაკუთრებულ დროს არ ველოდები. ყოველი დრო, რომელიც უამრავი მოვალეობის მიღმა ვიპოვე და შემიძლია წერას დავუთმო, უკვე განსაკუთრებულია.
  2. ამბის წერას სანამ დავიწყებ, მანამდე ამბავი გონებაში მაქვს უკვე კარგად დალაგებული, თუმცა წერისას შეიძლება საერთოდ სხვა მხარეს წავიდე და ეს მომწონს, ეს დაუგეგმავი პროცესი წერის მთავარი სიამოვნებაა.
  3. მეთოდი არანაირი-მთავარია, დრო გამოვჩხრიკო, წერას აუცილებლად სჭირდება ყველა სხვა საქმისგან თავისუფალი თავი.

გურამ მეგრელიშვილი („საქართველოს ალტერნატიული რუკა“,  „ჯვარცმობანა“, „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“,  „მკითხველის მეგზური“, „როგორ დავწეროთ მოთხრობა“ და სხვ.)

  1. როდესაც ამბის დაწყება რთულდება, ვიწყებ ნებისმიერი რამის წერით, რომელიც თემასთანაა ახლოს. ეს მეხმარება მივუახლოვდე სათქმელს. მთავარი აქ ის არის, რომ წერო ხშირად, ყოველდღიურად, გამოყო დრო და იმუშაო.
  2. მეხმარება წინასწარ მოფიქრებული სქემა, და ამბის თავში დალაგება. ამის მიხედვით ვხვდები საით წავიყვანო ტექსტი და მოთხრობა.
  3. განსაკუთრებული ჩვევა არ მაქვს, მაგრამ, ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რასაც ჩაღრმავებულ ფიქრს ვეძახი, სრული კონცენტრაცია უნდა მოახდინო ფიქრის, აზრების, გამორთო ყველაფერი და ჩაუღრმავდე წერის პროცესს, მოახდინო ვიზუალიზაცია და მერე იწყებ წერას და მუშაობას.

თამარ გეგეშიძე („სული-ჩიტი“, „საშლელები“, „ჩუმად უნდა იჯდე“)

  1. ყველაზე რთული ამბავია, როგორც წესი, ტექსტის დაწყება. სტატია იქნება, წიგნი თუ პატარა კვლევა. პირველ წინადადებაზე ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რადგან ტექსტის გასაღებივითაა. მგონია რომ პირველ შთაბეჭდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ფიქრს დავუთმო რამდენიმე კვირაც კი, თუ როგორ დავიწყო წერა. ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ პირველ წინადადებას. თუმცაღა, გამუდმებით ამაზე ორიენტირებაც არ ვარგა
  2. ხანდახან, შეიძლება პატარა ამბავმა, დეტალმა მოგცეს ინსპირაცია. მაგ. არ იცი როგორ დაიწყო, ელოდები გარე სამყაროსგან როდის მოგივა ნიშანი, ან გაიგონებ რაღაც ფრაზას, ან აღმოჩნდები ისეთ გარემოში, რომელიც გკარნახობს, რა არის საჭირო. სათაურზეც შეიძლება დიდხანს ფიქრი.
  3. რიტუალი არ მაქვს, არც მეთოდი, ჩვეულებრივ ველოდები როდის ამომიტივტივდება სათქმელი პერსონაჟზე ან სიტუაციაზე. ამ დროს მეხმარება ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება. გეგმა, ჩანაწერები, წინარე მასალა აუცილებელია, რომელსაც დაეყრდნობი. ცარიელი ფურცლიდანაც შეიძლება დაწყება, მაგრამ ასე უფრო მარტივია.

ჩანაწერები ჩანაწერები საჭიროა ინსპირაციისთვის.

მაკა ლდოკონენი („ცხენის კუდები დილასთვის“, მოთხრობების კრებული“ლიტერატურული პროექტი“ და სხვ.)

  1. ამბავი იწყება რიტმის მიგნებით. მერე მაჟორს ან მინორს ვირჩევ, ან ერთმანეთს ვანაცვლებ, ლეგატოები საჭირო ადგილებს ერთმნეთთან აკავშირებს. იმის თქმა მსურს, რომ ყველა ამბავს საკუთარი მელოდია აქვს.
  2. ნებისმიერი რამ, რაც გამომიწვევს. რაც კონტექსტიდან ამოვარდნილია და ჩვეულებრივების სიაში არ ეწერება;
  3. ტუჩებსა და გამობერილ ლოყაზე ფანქრის რიტმული, მონაცვლეობითი მიკაკუნება ფურცლის მინდვრებზე ხატვა.

კატო ჯავახიშვილი („სიყვარულით, ელლი“  არაერთი პოეტური კრებული)

  1. ამბის წერამდე ამ ამბის ტარება და გადამუშავებაა საჭირო და ხშირად, ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე თავად წერის რიტუალი. თუმცა, პოეზიასთან მისვლა კიდევ სხვა ჯადოქრობაა და ჩემ შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რადაც ვიქცევი ხოლმე, როცა პროზაულ ტექსტზე ვმუშაობ. გეტყვი პოეზიისას: დადიხარ, დაგაქვს, ალაგ ფრაზას წამოკრავ ხოლმე ფეხს, ალაგ – ნაბიჯს რიტმს უწყობ. ხან კაფეში ზიხარ და გვერდით მაგიდიდან შემთხვევით შენკენ წამოსული სიტყვა მოგწვდება, მერე ეს სიტყვა სახლში მიგყავს და სადმე, უჯრაში მიუჩენ ადგილს, რომ როცა დრო მოვა, გახსნა სკივრი და ამოიყაროს იქიდან: ამბები, ფრაზები, შეგრძნებები.
  2. ამაზე მგონი ზევითაც ვისაუბრე, ამიტომ აქ ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, საკმაოდ სასტიკი და ემოციური სცენა მაქვს დასაწერი. ვჯდები, ვითომ ვიქმნი გარემოს, ვკითხულობ მანამდე დაწერილს და არა, არ მოაქვს რა. ვერაფრით ვაგრძელებ იმ წერტილიდან, სადაც გავჩერდი. ემოციურად გამოსული ვარ ამბიდან და ვერაფრით ვბრუნდები. რა არ ვცადე, რა გამაღიზიანებელი არ გამოვიყენე – არ გამოდის. მახსოვს, ქუჩაში გავედი და აღმაშენებლის გამზირზე უაზროდ ვიარე რამდენიმე საათი. მერე დავბრუნდი და გზად სასმელი ვიყიდე. მოვედი სახლში, ცოტა დავლიე, მუსიკა ჩავრთე – ისევ არაფერი. მერე მახსოვს, როგორ დავხუჭე თვალები, გულაღმა დავწექი და შევეცადე ფიქრით გამეღწია ამბავში. ოღონდ ისე, საკუთარ სხეულზე გამომეცადა მთელი სისასტიკე. ხომ დაგუხუჭავს თვალები და გიმოგზაურია რაღაც ამბავში – აი, ისე. უღრან ტყეში აღმოვჩნდი. მთელი ემოციური სპექტრი მიზანზარებდა. გამოვიდა. ასე დავბრუნდი იქ, ათვლის წერტილთან, საიდანაც უკვე წერის გაგრძელება შევძელი.
  3. ზოგადად, ჩემთვის აბსოლუტური სიჩუმეა საჭირო. უძრავი სიჩუმე და ამ უძრაობაში შემოსული მუსიკის ხმა. როგორც წესი, მუსიკას ვუსმენ ვოკალის გარეშე. ბგერაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ: ბევრად განვითარებული მაქვს ეს უნარი, ვიდრე დავუშვათ, ტაქტილური, მხედველობითი და ა.შ. სამყაროსიც უფრო მეტად მოსმენა ვისწავლე, ვიდრე დანახვა. ალბათ აქედან გამომდინარეობს, რომ სრულ უძრაობაში მხოლოდ მუსიკის შემოსვლა მიყვარს. ვუსმენ კომპოზიციებს, ძირითადად კლასიკას, და ეს მუსიკა ყველა ჯერზე სხვანაირია – სხვანაირია ჩემი აღქმა და ემოციები. ასე იბადება ტექსტი, ამ ტალღებს აყოლილი. ესაა ჩემი ჯადოქრობა.

ნინია სადღობელაშვილი („ბამბაზიის სამოთხე“, „დაბადების დღე“, „განძის თეატრი“, „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“ , პოეტური კრებულები და სხვ.)

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?

ერთი კონკრეტული ფორმულა არ მაქვს, სულ სხვადასხვაგვარი ემოციით და მოტივაციით ვჯდები საწერად. უბრალოდ, ჩვევად მექცა, რომ ვიდრე უშუალოდ წერაზე გადავიდოდე, ჯერ ფიქრში (თავში) უნდა მოვამწიფო, ვატარო და საწერ მაგიდას მერე მივუჯდე. ზოგჯერ თავი გამომიჭერია, რომ ქუჩაში ხმამაღლაც კი ვფიქრობ, პერსონაჟს ველაპარაკები, რაღაცას ვუმტკიცებ, მერე ის მიმტკიცებს და ასე… ამასობაში ჩემში წერის სურვილიც ღვივდება და ერთი სული მაქვს, როდის მივუბრუნდები ფურცლებს.

პირველ სტრიქონებს დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, დასაწყისი თუ ზუსტია, მერე დანარჩენი ტექსტიც ამ სიზუსტით აიგება.

  1. რა გეხმარებათ, რომ დაიწყოთ წერა?

ალბათ ის თავდაპირველი იმპულსი, რამაც ამა თუ იმ ტექსტის იდეა გააჩინა. ვთქვათ, ყური მოვკარი რაღაც საინტერესო ისტორიას, ან ქუჩაში ჩემ თვალწინ ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა; ეს ყველაფერი უკვე მიზიდავს, რომ წერა დავიწყო – ზოგჯერ ნანახი თუ მოსმენილი ამბავი იმდენი საიდუმლოთია სავსე, რომ სწორედ მის ამოსახსნელად ვიწყებ წერას, ზოგჯერ კი უკვე ამოხსნილი საიდუმლოს სიხარული მინდა სხვასაც გავუზიარო…

წერის დროს სიჩუმე მეხმარება. სასურველია, თუ ისეთ გარემოში დავიწყებ წერას, სადაც ზედმეტი ხმაური არ იქნება და შემეძლება საკუთარ ფიქრებს მოვუსმინო.

  1. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი, რიტუალი…

რიტუალი ძალიან ინდივიდუალური, ინტიმური პროცესია და მეც საიდუმლოდ დავიტოვებ ჩემს პატარა რიტუალს, რომელიც, ცხადია, წერის დაწყების წინ მაქვს… თუმცა, დიდად დამაინტრიგებელიც არაფერია, უბრალოდ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდე და ჩემს წინ გაშლილი თეთრი, ცარიელი ფურცელი უკვე დაწერილ ტექსტად წარმოვიდგინო… ყოველთვის ხელით ვწერ, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ხელით წერა კიდევ სხვანაირად ავარჯიშებს ტვინს და პროცესში მთელი სხეულით ერთვები. მართალია, შრომას ვიორმაგებ – მერე ეს ხელნაწერი მე თვითონვე უნდა ავკრიფო, მაგრამ ასე მირჩევნია. ჩემი „დედანი“ ყოველთვის ხელნაწერია. ხელნაწერები კი არასდროს, არასდროს იწვიან… J

მარიამ წიკლაური („მხიარული რეცეპტები“, „ქართული ანბანი“, „ჭიჭიტა“, „რა ჰქვია შენს მეგობარს?“, „ჩემი აფრიკელი ბებია“, პოეტური კრებულები და სხვ.)

1.მე ჟანრობრივად ვმუშაობ, მეტწილად საბავშვო პოეზიაში, ლექსს ვქმნი უფრო სწრაფად, ემოციურ დონეზე და მხოლოდ იმას ვითვალისწინებ, რა თემაზე მსურს წერა. მაგრამ ლექსი ისე მეწერება არასოდეს ვიცი საით წავა დაწყებული სიტყვა, რა ფინალს მოიტანს, როგორ განვითარდება სიუჟეტი. ლექსს მართლა აქვს შინაგანი „წამიერი განათების“, გაელვების, „მოკლე ჩართვის“ დამახასიათებელი მექანიზმი.

ამბავს თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს, გააზრებული უნდა გქონდეს დასაწყისიდან დასასრულამდე ერთი საკვანძო ამბავი დაიწყებ ქსოვას, ქმნი „ორნამენტს“, და იცი სად მიდიხარ, რის გამოსახატავად გჭირდება ესა თუ ის ფრაზა, ხასიათი, პერსონაჟი. პროზის პლიუსია დასამახსოვრებელი სახასიათო პერსონაჟები! ორიგინალური ამბავი, მით უფრო ახლა, როცა დედამიწაზე ლამის ყველა წიგნი დაწერილია! საუკეთესოებიც, მათ შორის!   ეს ამბისა და სიუჟეტის ორგინალურობა, რომელიც თავის მხრივ ბადებს ინტერესს მკითხველში და ნდობას ნაწარმოებისადმი. პირველივე აბზაციდან უნდა იგრძნოს მკითხველმა ეს. ტექსტი უნდა იკითხებოდეს მარტივად, არ დაიღალო, იყოს გარკვეულწილად ჩამთრევიც და უპროგნოზოც. ამბავი უნდა მომიმწიფდეს თავში. თუ ამბავი გაქვს, ეს უკვე საქმის ნახევარია, მერე საინტერესო პერსონაჟები, სახელები, და მერე იწყება წერა, რომელიც ჩემთვის როლის მორგებაა, მე ვთამაშობ ყველა პერსონაჟს თვითონ, ეს მიმიკებზეც მეტყობა წერისას, თეატრია, სცენაა ჩემთვის წერა.

  1. მეხმარება სურვილი. წადილი ამ საქმის კეთების, ასევე შთაგონება, ხან საჭიროება.

კარგია თუ ერთმანეთს ემთხვევა სურვილი, შთაგონება, თავისუფალი დრო და განწყობა, თუ შენი თავი შენ გეკუთვნის, ზიხარ და წერ. ვისთვის ეს გართობაა, ვისთვის სამსახური, მაგრამ  საამისო  პირობები უნდა გქონდეს.

3.რიტუალი და ჩვევა , რომელზეც დაუფიქრებლად გიპასუხებთ არის ის რომ ვალაგებ და ვასუფთავებ კომპიუტერს ზედმეტი მასალისგან , ვაწესრიგებ სამუშაო გარემოს და ვხსნი ახალ საქაღალდეს იმ სათაურით, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ბედნიერებაა თუ კარგ სათაურს მივაგნებ. სათაურიც საქმის მეოთხედია.  დილა მიყვარს, სუფთა დაუღლელი გონებით წერა. ღამე ვეღარ ვმუშაობ, ადრე

დაეშურეთ ახალგაზრდულ ენერგიებს. გაუფრთხილდით დროს. იპოვეთ საინტერესო ორგინალური სათქმელი.

ლიტერატურა და ხელოვნება ეს მაინც ღვთისმაძიებლობის, ანუ საკუთარი თავის ძიების მარადიული გზაა და თავისი კანონსამართალი აქვს, მაგრამ ხელოვნება ახლებურად ქმნის ოსტატობაცაა, უკანონობის ოსტატობაც, ახალი გზების ძიებისაგაგვმართლებოდეს!

 

მოსწავლეების გამოცდილებიდან ამონარიდები, ვფიქრობ, არანაკლებ ემოციური, გულწრფელი და საინტერესოა:

თემო

მე ვასო გულეურთან ბევრი საერთო ვიპოვე – როგორ იბადება აზრი, განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ ორივე ვფიქრობთ, რომ თუ ცუდ განწყობაზე ხარ, ვერ დაწერ კარგად, რადგან ხასიათი იქვე აისახება. იმაშიც ვეთანხმები, რომ თუ ამბის წერა გინდა და გინდა პირველი სიტყვა იპოვო, ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება – ნივთებს, ფიქრებს, სიტყვებს და სიზმრებსაც კი.

ანა

ქალბატონი ნატო დავითაშვილის მოსაზრება სრულიად მისაღებია ჩემთვის. მასთან საერთო ის გამაჩნია, რომ ამბის წერის ბიძგი წარმოსახვაში გაჩენილი კადრი ხდება და შემდეგ ამ კადრს ვავრცობ. ასევე, დაწყებაში მეც მეხმარება პერსონაჟების აღწერა და სიუჟეტზე საუბარი. მეც ვუზიარებ მეგობარს მონახაზს. მირჩევნია სიწყნარეში ვწერო, რომ ფიქრი არ გამექცეს.

მარიამი

მე როდესაც ვწერ, სულ მგონია შეცდომებს ვუშვებ, ან სასაცილოა და როცა წავიკითხავ დამცინებენ. Წერის დროს მიყვარს როდესაც  ოთახში მარტო ვარ და სიჩუმეა.  ამ დროს წერა უკეთესად გამომდის. Სიჩუმე მეხმარება.

დავითი

მასწავლებელი როდესაც წერას გვავალებს, ხშირად ვერ ვასწრებ. Ზარი მალე ირეკება.  მერე სახლში მეზარება გაგრძელება, ზოგჯერ მავიწყდება. Სკოლაში რომ იყოს წერისთვის გამოყოფილი დრო, კარგი იქნებოდა. დაჯდები და მარტო წერაზე იფიქრებ. აი, „მწერლების ოთახი“.

ელენე

მარი მასისი სტატია რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა მწერლების აზრები, ისინიც თუ ასე ბევრს ფიქრობენ წერის დაწყებამდე ე.ი მეც გამომივა, ისე არა როგორც მაგათ, მაგრამ აღარ შემეშინდება თუ უცებ ვერ დავიწყებ წერას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“