საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა წარმოადგენს. მაშასადამე, სახელმწიფოს დონეზეა აღიარებული, რომ საქართველო ყველაფერს უნდა აკეთებდეს ჩრდილოეთიდან მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
სამოქალაქო საზოგადოების ერთ ნაწილს დამპყრობელთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ვერბალური ჯანყი მიაჩნია. ისინი ჩხუბობენ, ყვირიან, ილანძღებიან, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს აფრქვევენ, გულს იოხებენ და ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების ამოცანის გადაწყვეტაშიც ლომის წილი მიუძღვით. საუბედუროდ, ასე მარტივად არ არის საქმე, მხოლოდ ბრაზითა და მისი გამოხატვით საქმე არ კეთდება. ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება გამოგვადგეს, ეს ცოდნაა. განსაკუთრებით კი რუსეთის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური წარსულის გააზრება გვჭირდება.
თუმცა, რუსეთის შესახებ ცოდნის დაგროვების გზაც დანაღმულია. იდეოლოგიზებული მეცნიერები ათწლეულია ქარხნული წესით აწარმოებენ წიგნებსა და სახელმძღვანელოებს, რომელთა მიზანი ისტორიის სარკის გამრუდება და სიმართლის სიცრუით ჩანაცვლებაა. დანაღმულ ველზე შესვლა საქართველოში არავის სურს. ნელ-ნელა ქრება ინსტიტუტები, რომელთაც საკითხის შესწავლა ოფიციალურად ევალებოდათ. მაგალითად, ქვეყნის N1 უნივერსიტეტში რუსეთისმცოდნეობის განყოფილება პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ურთულესი ვითარების მიუხედავად, უდაბნოში მაინც დაეხეტებიან იდეალისტები, ეძებენ საუკეთესო მასალებს და ცდილობენ, ნაპოვნი მარგალიტები ჩვენც გაგვიზიარონ. მეუდაბნოეთა შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ მარინა და ირაკლი ლომოურები.
და-ძმა ლომოურებმა შეუძლებელი შეძლეს. მათ გულდასმით წაიკითხეს ქართული წარმოშობის თანამედროვე რუსი მწერლის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის – ბორის აკუნინის ცხრატომეული „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“.
გრიგოლ ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინის ნამდვილი სახელი და გვარი) პროფესიით ისტორიკოსია, ბოლო რამდენიმე ათეული წელია უამრავ დროს უთმობს რუსეთის წარსულის გააზრებას. მისი მიზანია, ისტორიის მეცნიერება და ლიტერატურა ერთმანეთთან დააკავშიროს და თანამემამულეებს ადამიანურ ენაზე, პოლიტიკური კლიშეების გარეშე მოუყვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს წარსული. რაც მთავარია, აკუნინს სხვებთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვს. ჩხარტიშვილი მხოლოდ ნიჭიერი მწერალი, გამორჩეული მთარგმნელი და კარგი ისტორიკოსი კი არ არის, „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ ავტორი პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და უკომპრომისო კრიტიკოსია. 2011 წელს ჩართული გახლდათ „ბალოტნაიას“ წინააღმდეგობის მოძრაობაში, იყო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრი, გმობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და რუსეთ-უკრაინის ომს. ამჟამად, აკუნინი რუსეთის ფედერაციის მიერ „უცხოეთის მსახურად“ არის გამოცხადებული, ირიცხება „ტერორისტთა და ექსტრემისტთა რეესტრში“, აკუნინი 2014 წლიდან ემიგრაციაში (ლონდონში) ცხოვრობს, რუსეთში კი მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ლომოურები აკუნინის ცხრატომეულის წაკითხვას არ დასჯერდნენ. თუმცა, ისიც მალევე გააცნობიერეს, რომ ასობით გვერდის გადმოქართულებისთვის საკმარისი დრო და რესურსი არ გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, საქმეს შემოქმედებითად მისდგომოდნენ და ორიგინალური მეთოდების გამოყენებით გამოენახათ გამოსავალი. ქ-ნმა მარინამ და ბ-ნმა ირაკლიმ ქართველ ახალგაზრდობას „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ მიმოხილვა-გზამკვლევი მოუმზადეს. მიმოხილვა-გზამკვლევი აკუნინის ცხრავე ტომის შესავალსა და დასკვნას აერთიანებს. მაშასადამე, მათ წიგნების სერიის კონსპექტი შეადგინეს, რათა ქართველ ახალგაზრდებს გაუადვილდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმა ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევის შესწავლის საქმეში. და-ძმამ პირველი კენჭი ჩააგდო უზარმაზარ უფსკრულში მის ამოსავსებად. აღსანიშნავია, რომ წიგნი ლომოურებმა თავიანთი სახსრებით გამოსცეს, უფასოდ გაავრცელეს და გზამკვლევის ელექტრონული ვერსიაც გაასაჯაროვეს.
რა არის მიმოხილვა-გზამკვლევის მთავარი სათქმელი?
აკუნინის ცხრატომეული რუსეთის ისტორიის შესახებ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომია. ის რუსეთის წარსულის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს კრიტიკულად, სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს. აკუნინი ოსტატურად აღწერს, როგორ დაიბადა ვიკინგებისა და ბიზანტიის დამაკავშირებელ სავაჭრო გზაზე დასავლური ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, როგორ გაანადგურეს იგი თათარ-მონღოლთა ურდოებმა და საბოლოოდ დაუმახინჯეს ევროპული შინაარსი. ზესტაფონში დაბადებული ავტორი გვიმტკიცებს, რომ თანამედროვე რუსეთს ორი მშობელი ჰყავს – კიევის რუსი და ოქროს ურდო. ამასთანავე, ხაზს უსვამს, რომ ოქროს ურდოს მემკვიდრეობა გაცილებით უკეთ არის შემონახული, ვიდრე კიევის პერიოდისა.
„ოქროს ურდოს“ მემკვიდრეობა რუსეთის საბედისწერო პარადიგმაშია განხორციელებული, რომელიც, მწერლის აზრით, შემდეგ ხუთ პრინციპს ეფუძნება:
- სახელმწიფო უნდა იყოს ცენტრალიზებული, ყველაფერი ყაენის იურტაში, „ყაენის სადგომში“ უნდა წყდებოდეს. უზარმაზარი ქვეყნის ბედსა თუ წვრილმანების განკარგვის საკითხს ხელმწიფე და მისი გარემოცვა უნდა განსაზღვრავდნენ.
- ხალხი უნდა ცხოვრობდეს, შრომობდეს, იბრძოდეს სახელმწიფოსთვის და არა პირიქით. ხალხი ხელისუფლების მსახურია და არა პირიქით.
- ხელმწიფე საკრალური, გაღმერთებული ფიგურაა. სისტემაში არ არსებობს ძალაუფლების რაიმე სხვა ცენტრი ან ინსტიტუტი.
- ხელმწიფის ნება, სურვილი, აკვიატება, მისწრაფება, თუ განზრახვა კანონზე უფრო მაღლა დგას.
- პირადი უფლებების ნაცვლად უცილობლად ყალიბდება პირადი პრივილეგიების სისტემა, რომელსაც ზემოდან ანიჭებენ (ან ართმევენ), რაც „ხელისუფლების ვერტიკალს“ გარკვეულ სიმწყობრეს სძენს და მმართველობას აუმჯობესებს.
აკუნინი ლომოურების პირით გვიმტკიცებს, რომ საბედისწერო პარადიგმის ხუთ პრინციპს რუსეთის ისტორიაში ვერავინ მოერია. ვერც პეტრე პირველის მიერ გაჭრილმა ფანჯარამ შეცვალა რუსეთის მეფეთა ძალაუფლებრივი ლოგიკა, ვერც ეკატერინეს რეფორმებმა უყვეს ძვრა ჩაბეტონებულ პოლიტიკურ კულტურას და ვერც XIX საუკუნის შედარებით პროგრესულმა „ცარებმა“ გამოასწორეს რაიმე – პარადიგმა მაინც პარადიგმად დარჩა.
ისტორიისა თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე აკუნინის ფორმულის განხილვამ შეიძლება რომელიმე მოსწავლეში ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელი ინტერესი გააღვიძოს. დღეს სკოლის პედაგოგებზეა დამოკიდებულია, თუ როგორ გამოვიკვლევთ მომავალში ჩვენს სამეზობლოს.