(ნაწილი მეორე)
(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის)
„ნუ შეგეშინდება ნელა ზრდის. გეშინოდეს უძრაობის“
ძველი ტაივანური ანდაზა
რატომ ვერ გვარდება ტაივანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონფლიქტი?
ტაივანისა და ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონფლიქტის მთავარი მიზეზები. ტაივანის კონფლიქტს, მსგავსად სხვა ტერიტორიული თუ ეთნო-კულტურული კონფლიქტებისა, უამრავი გამომწვევი მიზეზი აქვს და მის მოგვარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ქვემოთ გთავაზობთ მოკლედ ტაივანის კონფლიქტის ანალიზს, რომელიც, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, „დიდი ომის“ მიზეზად შეიძლება იქცეს!
ტაივანის კონფლიქტის მძიმე ისტორიული ისტორიული მემკვიდრეობა: 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კომუნისტებმა (ჩინეთის კომუნისტური პარტია, ჩკპ) დაამარცხეს ნაციონალისტები (გომინდანი), რომლებიც ტაივანზე გაიქცნენ და კუნძულზე ჩინეთის რესპუბლიკა (ROC) გამოაცხადეს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსთან დაკავშირებული ტაივანის ის „უცნაურობები“, რომლებსაც შეიცავს 1952 წლის სან-ფრანცისკოს ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულებით ფორმალურად დასრულდა მეორე მსოფლიო ომი იაპონიასა და მოკავშირე ძალებს შორის).
- სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებაში ბუნდოვანია, თუ ვის რჩება ტაივანი. ერთი მხრივ, ხელშეკრულების ტექსტი ამბობს, რომ „იაპონია უარს ამბობს ყველა უფლებაზე და პრეტენზიაზე ფორმოზისა და პესკადორების (პენგჰუ) კუნძულების მიმართ“, მეორე მხრივ კი არ აზუსტებს, თუ ვის გადაეცემა სუვერენობა ტაივანის მიმართ, განსხვავებით ხელშეკრულებაში აღნიშნული სხვა ტერიტორიებისგან (!), ეს ორაზროვნება, უმეტესწილად, დღესაც ართულებს ტაივანის სტატუსის იურიდიული კუთვნილების პრობლემას დღეს და ხელს უშლის საკითხის მოგვარებას.
- ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩსრ) და არც ტაივანი (ე.წ. „ჩინეთის რესპუბლიკა“ – ROC). იმ დროს არსებული გარემოებების გამო, ხელშეკრულების ხელმოსაწერად არ მიუწვევიათ არც ჩინეთი – ჩსრ (დაარსებული 1949 წელს) და არც ტაივანი (ე.წ. ROC – იმ დროს გახიზნულნი ტაივანზე, სამოქალაქო ომის შემდეგ). ამასთან, ტაივანი, ფორმალურად წარმოადგენდა ე.წ. მოკავშირე ძალებს, თუმცა „ცივი ომის“ პოლიტიკის გამო, აღარ განიხილებოდა მოკავშირედ; ჩსრ არ მიიწვიეს ხელმოსაწერად, რადგან ბევრი დასავლური ქვეყანა იმ დროისათვის არ აღიარებდა კომუნისტურ ჩინეთს და ჩინეთის მმართველის, მაო ძე-დუნის შექმნილ სახალხო რესპუბლიკას; ჩინელების არმონაწილეობამ და არმიწვევამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე გამოიწვია ის, რომ არცერთი ჩინური მხარე არ აღიარებს სან-ფრანცისკოს ხელშეკრულების ძალაუფლებას ჩინურ მხარეებზე.
მხარეთა მიდგომა ტაივანის კონფლიქტისადმი და მათი პოზიციები: ჩინეთის პოზიცია – ჩინეთი (ჩსრ) მიიჩნევს, რომ ტაივანი მისი „განუყოფელი ნაწილია“ და სპეციალური სტატუსის მქონე პროვინციაა.
კონფლიქტის მიზეზი: ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი დროებით განცალკევებული პროვინციაა და მისი დაბრუნება პეკინის კონტროლის ქვეშ უნდა მოხდეს მშვიდობიანი ან ძალის გამოყენების გზით.
მოტივაცია: ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალაუფლების პრესტიჟის საკითხი (რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის ნაწილის „გამოყოფას“); ტაივანის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა: საწარმოო სიმძლავრეები, მათ შორის მსოფლიო მასშტაბის ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების წარმოება.
დამოკიდებულება გარე ჩარევისადმი: მკვეთრად უარყოფითი. განსაკუთრებით აშშ-სა და მისი მოკავშირეებისადმი, რომლებიც მხარს უჭერენ ტაივანს.
- სუვერენიტეტის დისპუტი: ტაივანი დეფაქტოდამოუკიდებელი ერთეული 1949 წლიდან (ჰყავს საკუთარი მთავრობა, არმია, კონსტიტუცია; აქვს განვითარებული ეკონომიკა), მაგრამ დეიურე, მისი საერთაშორისო სუვერენიტეტი სადავოა. ჩსრ აცხადებს, რომ ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვევს ჩინეთის სამხედრო ჩარევას კუნძულის საქმეებში.
- გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: ტაივანი არის აზიის ციფრული ეკონომიკისა და ნახევარგამტარების წარმოების გლობალური ცენტრი (TSMC, UMC, Mediatek, Realtek Semiconductor, Novatek Microelectronics, სხვა) და სტრატეგიული მნიშვნელობის „პირველი კუნძული“ ჩინეთის სანაპიროსთან. აშშ და მისი მოკავშირეები ტაივანს უზრუნველყოფენ შეიარაღებით და აქვთ მათი პოლიტიკური მხარდაჭერაც, რაც ჩინეთის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.
- იდეოლოგიური დაპირისპირება: ჩინეთი ტაივანს „განშტოებულ პროვინციად“ მიიჩნევს, ხოლო ტაივანის მრავალი მოქალაქე თვლის, რომ ისინი ჩინეთისგან განსხვავებული ერი არიან.
- სამხედრო ესკალაციის რისკები: ჩინეთის მიერ კუნძულის შესაძლო ანექსია და სამხედრო ოპერაციის ჩატარების მუქარა (მაგ. სამხედრო-საზღვაო სასწავლო წვრთნები 2022, 2024 და 2025 წწ).
- აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობა (ტაივანი შეიძლება გახდეს „ახალი უკრაინა“). ტაივანის სტატუსი რჩება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებად წერტილად და შეიძლება გადაიქცეს ქვეყნებს შორის „განხეთქილების ვაშლად“.
ტაივანის პოზიცია – მთავარი თეზისი: ტაივანი, ფაქტობრივად დამოუკიდებელი
ქვეყანაა თავისი პოლიტიკური სისტემით, ჯარითა და საგარეო პოლიტიკით. კონფლიქტის მიზეზი (ტაივანის გაგებით): ტაივანს არ ცნობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანს სურს შეინარჩუნოს, ან ოფიციალურად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა; მის შიგნით ერთნი მხარს უჭერენ „სტატუს-კვოს“ შენარჩუნებას (დე-ფაქტო დამოუკიდებლობას, ოფიციალური გამოცხადების გარეშე); მეორენი კი მხარს უჭერენ ტაივანის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადებას (თუმცა ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტი).
აშშ-ს პოზიცია – მთავარი თეზისი: დემოკრატიისა და მშვიდობიანი დარეგულირების მხარდაჭერა. ოფიციალური პოზიცია: აშშ აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას (ანუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, როგორც ერთადერთი ოფიციალური ჩინეთი), მაგრამ იგი ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობებს ტაივანთან. ჩარევის მიზეზი: აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ინდო-წყნარი ოკეანეების რეგიონში (აშშ-ს სამხედრო ბაზები იაპონიაში და ფილიპინებზე); ტაივანის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა; ჩინეთის შეკავება და მოკავშირეების დაცვა (იაპონია, სამხრ. კორეა, სხვები). სამხედრო ასპექტი: აშშ ყიდის იარაღს ტაივანში და ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, პოტენციურად შეუძლიათ ჩაერიონ სამხედრო დაპირისპირებაში.
რუსეთის პოზიცია – მთავარი თეზისი: ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარ-დაჭერა. პოზიციის მიზეზი: ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაახლოება, დასავლეთთან კონფლიქტის ფონზე; „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერა; რუსეთის სიმეტრიული ინტერესი საკითხისადმი (სეპარატიზმის დაგმობა, ჩეჩნეთისა და ყირიმის ანალოგიების გამორიცხვა, სხვა). დამოკიდებულება ტაივანისადმი: რუსეთი არ ცნობს ტაივანს და მის დამოუკიდებლობას და არ აქვს ოფიციალური ურთიერთობები მასთან.
ჩრდილოეთი კორეის პოზიცია – მთავარი თეზისი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უპირობო მხარდაჭერა. პოზიციის მიზეზი: ჩინეთის ტრადიციული მოკავშირე და ჩინეთის მიერ ჩრდ. კორეის მფარველობა; იდეოლოგიური სიახლოვე; დაპირისპირება აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან; ტაივანთან დამოკიდებულება: ანტაგონისტური; ჩრდილოეთი კორეა ტაივანს განიხილავს, როგორც აშშ-ს მარიონეტს.
გაერო და ტაივანის სტატუსი – 1971 წელს გაერომ მიიღო რეზოლუცია 2758, რომლითაც ჩინეთი (ჩსრ) წარმოადგენს ჩინეთის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენელს გაეროში და ტაივანი (ე.წ. ჩინეთის რესპუბლიკა) ორგანიზაციიდან გარიცხა. ამ ფაქტმა გააძლიერა ტაივანის იურიდიული იზოლაცია.
ტაივანის კონფლიქტის გაურკვეველი მომენტები და კუნძულის სუვერენიტეტის გაურკვევლობა — სან-ფრანცისკოს ხელშეკრულებით, იაპონია „გადის“ ტაივანიდან, მაგრამ ხელშეკრულების ტექსტი არ ამყარებს გასვლას და ტაივანის ჩინეთისათვის გადაცემას.
ტაივანის თანხმობის არარსებობა. ტაივანი, როგორც პოლიტიკური ერთეული (ჩინეთის რესპუბლიკა) არ მონაწილეობს შეთანხმებებში, რომლებიც ადგენენ მის სტატუსს.
გომინდანისა (ტაივანი) და ჩინეთის (ჩსრ) საკითხის პარალელური განმარტებები — ჩინეთის წარმომადგენლობაზე პრეტენდენტი ორივე მხარე იმოწმებს ხელშეკრულებას (სან-ფრანცისკოს ხ-ბა, ლ.ა.) და განმარტავს მას თავის სასარგებლოდ.
კუნძულის სტატუს-კვოს გაურკვევლობა — აშშ ფორმალურად ცნობს მხოლოდ „ერთ ჩინეთს“, მაგრამ პარალელურად, არაოფიციალური ურთიერთობები აქვს ტაივანთან. ეს ართულებს სტატუსის შესახებ შეთანხმებას, რადგან ფაქტობრივად, დაშვებულია შინაარსის ორაზროვნება:
არ არსებობს დოკუმენტი, სადაც იაპონია გადასცემს ტაივანს კონკრეტულად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ან „ჩინეთის რესპუბლიკას“ (ტაივანს). შედეგად, ორივე ჩინური მხარე ხელშეკრულებას თავისთვის სასარგებლო ინტერპრეტაციას აძლევს; თუმცა, აღსანიშნავია, რომ არცერთ ჩინურ მხარეს, ხელშეკრულებაზე ხელი არ აქვს მოწერილი.
საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაციები (გაერო, აშშ)
— გაერო არ ცნობს ტაივანს, თუმცა კრიტიკულად არის დამოკიდებული აშშ-ს სამხედრო გარანტიებზე, კუნძულის სამხედრო კონფლიქტისგან დაცვის გარანტიების უზრუნველყოფაში.
(სტატიის დასასრული)