შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოეტი და სამყარო – ვისლავა შიმბორსკა

სიტყვის წარმოთქმისას ყველაზე ძნელი პირველი ფრაზაა. მაშასადამე, ეს მე უკან ჩამოვიტოვე… მაგრამ ვგრძნობ, იოლი არც მომდევნო ფრაზები – მესამე, მეექვსე, მეათე და არც სულ ბოლო იქნება. მე ხომ პოეზიაზე ვაპირებ საუბარს. ამ თემაზე აზრს იშვიათად, უკიდურესად იშვიათად გამოვთქვამ. მაგრამ ყოველთვის ისეთი განცდა მეუფლება, რომ ამას მაინცდამაინც კარგად ვერ ვახერხებ. ამიტომაც სიტყვას მეტისმეტად არ გავაგრძელებ.

დღევანდელი პოეტი სკეპტიკოსი და ეჭვიანიც კია, მაგრამ, შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. საკუთარ თავს ხმამაღლა უხალისოდ ეძახის პოეტს – თითქოსდა რცხვენია კიდეც. ჩვენს მყვირალა ეპოქაში ბევრად უფრო იოლია საკუთარი ნაკლის აღიარება, თუკი, რასაკვირველია, იგი ეფექტურია, ვიდრე ღირსებისა, რომელიც ღრმად არის დაფარული და რომლის არსებობაშიც თავიდან ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულნი… სხვადასხვა ანკეტებსა და შემთხვევით თანამგზავრთან, როცა პოეტი იძულებულია აღნიშნოს საქმიანობის სახეობა, ამჯობინებს გაურკვეველ ფრაზას: “ლიტერატორი” ანდა თავის სხვა სპეციალობას ასახელებს. ჩინოვნიკები თუ ავტობუსის მგზავრები სიტყვა “პოეტს” ერთგვარი უნდობლობითა თუ სიფრთხილით ეკიდებიან. ვგრძნობ, ამგვარ რეაქციას აწყდება ხოლმე ფილოსოფოსიც. თუმცა ფილოსოფოსი მაინც უკეთეს მდგომარეობაშია: მას, უმეტესწილად, შესაძლებლობა აქვს თავისი პროფესია რამდენიმე სამეცნიერო წოდებით დაამშვენოს. ფილოსოფიის დოქტორი – ეს უკვე ღირსეულად ჟღერს.

პოეზიის დოქტორები კი არ არსებობენ. ასე რომ ყოფილიყო, “პოეტის” პროფესია უეჭველად მოითხოვდა საგანგებო განათლებას, გამოცდების თანმიმდევრულ ჩაბარებას, ბიბლიოგრაფიითა და სქოლიოებით განმტკიცებულ შრომებს, დაბოლოს, საზეიმოდ გადაცემულ დიპლომებს. ეს კი, თავის მხრივ, მაუწყებელი იქნებოდა იმისა, რომ საკმაოდ არ იყო შევსებული ფურცელი – თუნდაც უშესანიშნავესი ლექსებით: პოეტად რომ ითვლებოდე, საჭიროა და აუცილებელი პირობაც გახლავთ რაღაც ბეჭედდასმული ფურცელი. გავიხსენოთ, რომ სწორედ ასეთი ფურცლის უქონლობის გამო იყო გადასახლებული ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი, რუსული პოეზიის სიამაყე – იოსიფ ბროდსკი.

რამდენიმე წლის წინათ მისი პირადად გაცნობის პატივი და ბედნიერება მხვდა წილად. შევამჩნიე, რომ ჩემს ნაცნობ მელექსეთაგან მხოლოდ ის უწოდებდა საკუთარ თავს “პოეტს” და ამ სიტყვას შინაგანი წინააღმდეგობის გაუწევლად, ასე განსაჯეთ, რაღაც გამომწვევი სილაღით წარმოთქვამდა. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ახალგაზრდობისას განცდილი საშინელი დამცირება ჯერაც არ დავიწყებოდა.

უფრო ბედნიერ ქვეყნებში, სადაც ადამიანური ღირსება ასე იოლად ხელწამოსაკრავი არ გახლავთ, პოეტები, რასაკვირველია, ოცნებობენ, რომ მათი ლექსები დაიბეჭდოს, წაიკითხონ, გაიგონ, არაფერს ან თითქმის არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ მყოფთაგან რაიმეთი გამოირჩეოდნენ. არადა, არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენი საუკუნის პირველ ათასწლეულში, პოეტებს უყვარდათ ხალხის განცვიფრება უცნაური სამოსით, ექსცენტრული ყოფა-ქცევით.

თუმცაღა ეს მხოლოდ საზოგადოებისათვის თავშესაქცევ სანა­ხაობას წარმოადგენდა.

მაგრამ ადრე თუ გვიან დგებოდა ჟამი, როცა პოეტი კარს მიიხურავდა, თავიდან იცილებდა ფურფუშელას, ბრჭყვიალა სამკაულსა და პოეტურ აქსესუარს და სრულ სიჩუმეში რჩებოდა საკუთარი თავის მოლოდინში, ჯერაც სუფთა ფურცლის პირისპირ, რადგან, არსებითად, მთავარი სწორედ ეს არის.

დამახასიათებელი მოვლენა: უამრავ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ გამოჩენილ მეცნიერებსა და მხატვრებზე. პატივმოყვარე რეჟისორები მიზნად ისახავენ ზუსტად წარმოაჩინონ შემოქმედებითი პროცესი, რომლის შედეგადაც მიღწეულ იქნა უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენები ანდა შეიქმნა ხელოვნების ესა თუ ის თვალსაჩინო ნაწარმოები. შესაძლებელია, საკმაო სიზუსტით აჩვენონ მეცნიერის სამუშაო: ლაბორატორია, სხვადასხვა ხელსაწყო, – მოქმედ მექანიზმს შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში მაყურებლის ყურადღების მიპყრობა. ამას გარდა, ეკრანზე შესაძლებელია ერთობ დრამატულად წარმოჩნდეს მერყეობის, დაძაბული მოლოდინის წუთები: წარმატებით დაგვირგვინდება თუ არა უკვე მეათასედ – ოღონდ უმცირესი ცვლილებებით – განმეორებული ექსპერიმენტი?

სანახაობრივია აგრეთვე მხატვრობაზე შექმნილი ფილმებიც. იოლად შეიძლება ნახატის შექმნის ყველა სტადიის განმეორება – პირველი მონასმით დაწყებული ტილოზე ფუნჯის უკანასკნელ შეხებამდე. კომპო­ზიტორებზე გადაღებული ფილმები სავსეა მუსიკით – შემოქმედის არსებაში ჩასახული პირველი ტაქტიდან მოყოლებული თვით საბოლოოდ მომწი­ფებულ ინსტრუმენტირებულ ხორცშესხმამდე. ყოველივე ეს, არც მეტი, არც ნაკლები, გულუბრყვილობაა და არაფერს გვეუბნება სულის უცნაურ მდგომარეობაზე, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, შთაგონებას ეძახიან, თუმცაღა მაყურებელს რაღაცის დანახვა და მოსმენა მაინც შეუძლია.

უფრო ცუდადაა პოეტების საქმე. მათი სამუშაო, სამწუხაროდ, სრულიად არაფოტოგენურია. ადამიანი მაგიდას უზის ანდა ტახტზე წევს – კედელსა თუ ჭერს თვალმიშტერებული – დროდადრო შვიდ ხაზს დაწერს, რომელთაგან ერთ-ერთს თხუთმეტიოდ წუთის შემდეგ გადახაზავს, მერე კიდევ ერთი საათი არაფერი ხდება… რომელი მაყურებელი გაუძლებს ამგვარ რაიმეს?

ზემოთ შთაგონება ვახსენე. კითხვაზე: “რა არის ეს?” – თუკი იგი მართლა არსებობს, თანამედროვე პოეტები ორჭოფულად უპასუხებენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არასოდეს განუცდიათ ამ შინაგანი იმპულსის მადლი.

მიზეზი სხვაა. იოლი არ არის, ვინმეს აუხსნა ის, რაც შენთვისაც გაუგებარია.

მე თავადაც, როცა ამაზე მეკითხებიან, საქმის არსს შორიდან ვუვლი. ამგვარად ვაძლევ პასუხს: შთაგონება სრულიადაც არ გახლავთ პოეტებისა თუ, საერთოდ, მხატვრების უპირატესობა. არის, იყო და ყოველთვის იქნება გარკვეული კატეგორია ხალხისა, რომელთაც შთაგონება ეწვევათ ხოლმე. ისინი შეგნებულად ირჩევენ საქმეს და სიყვარულითა და ფანტაზიით იღვწიან. არსებობენ ასეთი ექიმები, არსებობენ ასეთი მასწავლებლები, არსებობენ ასეთი მებაღენი; შეიძლება კიდევ ასეულობით სხვა პროფესიის ჩამოთვლა. ამ ხალხისათვის სამუშაო შეიძლება იქცეს მარადიულ მომხიბვლელ თავგადასავლად, თუკი უყურადღებოდ არ დატოვებენ მისგან შემოთავაზებულ არც ერთ გამოწვევას. სიძნელის, მარცხის მიუხედავად, მათ ცნობისმოყვარეობას ბოლო არ უჩანს. ყოველ გადაჭრილ პრობლემას თან სდევს ახალი შეკითხვების მთელი ჯაჭვი. შთაგონებას, რაც არ უნდა იყოს იგი, მუდმივი “არ ვიცი” შობს.

ოღონდ ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. დედამიწის მკვიდრთა უმეტესობა საარსებო საშუალების მოსაპოვებლად შრომობს, დიახ, შრომობს, რადგან ვალდებულია – იმუშაოს. სამუშაოს ისინი გულის კარნახით კი არ ირჩევენ, მათ მაგივრად არჩევანს ცხოვრებისეული მდგომარეობა აკეთებს: მოსაწყენი, საძულველი სამუშაო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აფასებ, რომ (თვით ასეთიც კი) ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის; მწარე უბედობა, ყველაზე მძიმე, როგორიც კი შეიძლება წილად ხვდეს ადამიანს. და ამას ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს ასწლეულებშიც სასიკეთო არაფერი მოხდება.

და მაინც, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ: თუმცა პოეტებს მონოპოლიას ვართმევ შთაგონებაზე, მათ მაინც ვათავსებ ბედის მიერ განებივრებულ რჩეულთა ჯგუფში. აქ მსმენელებს, შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდეთ, ყველა ჯურის ჯალათებს, დიქტატორებს, ფანატიკოსებს, დემაგოგებს რამდენიმე და, რაც მთავარია, მყვირალა ლოზუნგებით ხელისუფლებისათვის მებრძოლებსაც უყვართ თავიანთი სამუშაო და მას გულმოდგინედ და გერგილიანად ასრულებენ. დიახ, მაგრამ მათ “იციან”. მათ იციან ის, რაც იციან, მათთვის სრულიად საკმარისია და სხვა აღარაფერი აღელვებთ, რამეთუ, შესაძლოა, მერე საკუთარ სიმართლეში დაეჭვდნენ. ხოლო ყოველნაირი ცოდნა, მორიგ კითხვებს რომ ბადებს, ერთობ მალე კვდება, სიცოცხლისათვის აუცილებელ მხურვალებას კარგავს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, და ამის მაგალითებიც არსებობს როგორც უძველეს, ასევე უახლოეს ისტორიაშიც, იგი შეიძლება საზოგადოებისათვის მეტად საშიშ იარაღად იქცეს.

ამიტომაცაა, რომ ასე ძალიან ვაფასებ ორ მოკლე სიტყვას: “არ ვიცი”. პატარა, მაგრამ ყოვლისშემძლე სიტყვები, თვალწინ რომ გადაგვიშლიან სივრცეებს, თვით ჩვენს წიაღშივე ჩამალულ სივრცეებს, რომელთა შორის ჩაკარგულია ჩვენი ნამცეცა დედამიწა. ისააკ ნიუტონს რომ არ ეთქვა “არ ვიცი”, მის ბაღში ვაშლი ყველას თვალწინ ჩეჩქივით ჩამოცვივდებოდა, მას კი, დიდი-დიდი, აეკრიფა და გემრიელად ეჭამა… ჩემს თანამემამულე მარი სკლოდოვსკაია-კიურის საკუთარი თავისთვის რომ არ ეთქვა “არ ვიცი”, ის, ალბათ, ქიმიის მასწავლებელი იქნებოდა კეთილშობილ ქალთა პანსიონში და სრულიად ღირსეულ საქმიანობაში გალევდა წუთისოფელს, მაგრამ მან თქვა “არ ვიცი” და სწორედ ამ სიტყვებმა მოიყვანეს იგი და, ამასთან ორჯერ, სტოკჰოლმში, სადაც დაუდგრომელი და მარად მაძებარი სულის ადამიანებს ნობელის პრემიას ანიჭებენ.

და პოეტიც, თუკი იგი ჭეშმარიტი პოეტია, საკუთარ თავს განუწყვეტლივ უნდა უმეორებდეს: “არ ვიცი”. ყოველი თავისი ლექსით იგი რაღაცის ახსნას ცდილობს, მაგრამ წერტილს დასვამს თუ არა, უმალვე ეჭვი იპყრობს და ხვდება, რომ მისეული ახსნა არც საბოლოოა და არც ამომწურავი. და იგი კიდევ ერთხელ ცდის ბედს, და კიდევ ერთხელ, და მერე, მისი უკმაყოფილების მტკიცებებს ლიტერატურის ისტორიკოსები ვეებერთელა სამაგრით შეკრავენ და “შემოქმედებით ბარგს” დაარქმევენ.

ხანდახან სრულიად არარეალურ სიტუაციებს წარმოვიდგენ. მაგალითად, ვკადნიერდები და წარმოვისახავ, თითქოს საშუალება მეძლევა გავესაუბრო ეკლესიასტეს – ნებისმიერი ადამიანური წამოწყების ამაოების უჩვეულოდ ამაღლებული გოდების ავტორს. თავს მდაბლად დავუხრიდი, რამეთუ იგი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მერე ხელს ჩამოვართმევდი. “ახალი არაფერია ამა მზის ქვეშე” – შენი ნათქვამია, ეკლესიასტევ. მაგრამ მზის ქვეშე შენ იშვი ახალი და შენი შექმნილი პოემაც ახალია მზის ქვეშე, რადგან შენამდე იგი არავის შეუქმნია. და ახლები არიან მზის ქვეშე შენი მკითხველებიც, რამეთუ შენამდე მისი წაკითხვა არ შეეძლოთ და კვიპაროსიც, რომლის ჩრდილშიც შენ ჩამოჯექი, ამ ქვეყნის დღიდან არ ამოზრდილა. მას სული ჩაუდგა რომელიღაც სხვა კვიპაროსმა, შენმა მსგავსმა, მაგრამ არა ზუსტად ისეთივემ. ამას გარდა, ნება მიბოძე, ეკლესიასტევ, გკითხო, ახალი რა გსურს დაწერო კიდევ, რამე ისეთი, რაც შეავსებდა შენს მსჯელობებს, თუ ცთუნებას ვერ სძლევ, რომელიმე მათგანი რომ არ გააბათილო? უკვე დაწერილ პოემაში, სხვათა შორის, შეამჩნიე სიხარულიც – თუმც წარმავალი, მაგრამ მერე რა? ეგებ, სწორედ მას უნდა ამ მზის ქვეშე ახალი პოემა? უკვე გაქვს რაღაც შენიშვნები, წინასწარი მონახაზები? იმედია, არ იტყვი: “მე ყველაფერი დავწერე, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”. ასეთ რამეს დედამიწის ზურგზე არ იტყვის არც ერთი პოეტი, მით უფრო, შენნაირი.

სამყარო, რაც უნდა ვიფიქროთ მასზე, მისი უსაზღვრობითა და მისდამი უმწეობით შეშინებულებმა, ნაწყენებმა მისი გულგრილობის გამო სხვადასხვა არსებათა – ადამიანების, მხეცების და, შესაძლოა, მცენარეთა ტანჯვისადმი, საიდანაც დაედო სათავე ამ თავდაჯერებულობას, რომ მცენარეები არ იტანჯებიან, რაც უნდა ვიფიქროთ ვარსკვლავთა გამოსხივებით განმსჭვალულ სივრცეებზე, ვარსკვლავებისა, რომელთა ირგვლივაც თანდათანობით აღმოაჩენენ ამა თუ იმ პლანეტებს – უკვე მკვდრებს? კიდევ მკვდრებს? – ვინ იცის; რაც უნდა ვთქვათ ამ სამყაროსეულ თეატრზე, სადაც, მართალია, ბილეთი კი გვაქვს, მაგრამ რომელსაც მეტისმეტად მოკლე – ორი გარკვეული თარიღით შემოსაზღვრული ვადა აქვს, დიახ, რაც უნდა ვიფიქროთ ამ სამყაროზე – იგი განსაცვიფრებელია.

მაგრამ განსაზღვრებაში “განსაცვიფრებელი” ერთგვარი ლოგიკური მხარე იმალება; ჩვენ ხომ, ჩვეულებრივ, გვანცვიფრებს ის, რაც ცნობილ და ზოგადად მიღებულ ნორმას სცილდება, არ ეტევა უკვე ჩვეულ სიცხადეში. მაგრამ ასეთი ცხადი სამყარო, უბრალოდ, არ არსებობს. ჩვენი განცვიფრება უნებლიეა და არ გამომდინარეობს რაიმესთან შედარებიდან.

თანახმა ვარ, რომ საყოფაცხოვრებო მეტყველებაში, რომელიც ყოველ სიტყვაზე დაფიქრებას არ გვაიძულებს, ხელგაშლილად ვხმარობთ განსაზღვრებებს. “ჩვეულებრივი ცხოვრება”, “ჩვეულებრივი სამყარო”, “ჩვეულებრივი წესრიგი”… მაგრამ პოეზიაში, სადაც ყოველი სიტყვა სასწორზე მისხალ-მისხალ იწონება, არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური. არც ერთი ბორცვი და ამ ბორცვების თავზე არც ერთი ღრუბელი, არც ერთი დღე და არც ერთი მომდევნო ღამე და, რაც მთავარია, ამქვეყნად არავის არსებობა. ეტყობა, პოეტებს ყოველთვის ბევრი სამუშაო ექნებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი