პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
10 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

მამების ხმები ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული, უკვდავი თემაა. საუკუნეები გადის, თაობები იცვლება, ურთიერთობის თანმდევი ემოციები, მიმართებები, გამოწვევები, გამოცდილებები კი იგივეა. სხვადასხვა ეპოქა მხოლოდ დეკორაციებს, ანტურაჟს, მიზანსცენის ელემენტებს ცვლის. სხვა ყველაფერი უნივერსალურია, დროის მიღმიერი, განმეორებადი.

 

ყველა წინა თაობა მომავალს „აყვედრის“ – ამდენი გაგვიკეთებიაო.

წინებს ახლებისა არ ესმით – ეს რა გმოსავთ და რას დამსგავსებიხართო.

ტრადიციების, ნორმების, არსებული წეს-ჩვეულებების ოლიმპიური ცეცხლივით გადაცემა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაწოდებაა დათქმაცა და დაუწერელი კანონიც.

 

ახლებს კი ამ ყველაფრის გაგონება არც უნდათ და არც ეკუთვნით. მათი სავალი გზა მათთვის განკუთვნილი შეცდომებითაა მოპენტილი და მხოლოდ მათი გასავლელია. დამოუკიდებლად. მტკიცედ.

 

თაობათა კონფლიქტი განმეორებადი ციკლია, მუდმივი დიალოგია.

კაცობრიობა არსებობს, ვითარდება, დიალოგის მონაწილეები იცვლებიან, არსი იგივე რჩება.

უფროსებს უკვირთ მოზარდებისა, უფრთხიან მათთვის გაუგებარს, მისტირიან „ძველსა და გასაგებ დროს“. განსჯიან, დანანებით ადევნებენ თვალს ახალ ყოფას. ახალგაზრდები ეძებენ, პოვებენ, კარგავენ და კვლავ ეძებენ თავიანთ გზას, საკუთარი თავის შეცნობისა და თვითგამოხატვის საშუალებებს.

 

მშობლებსა და შვილებს, „ძველებსა და ახლებს“ შორის ურთიერთობა ფაქიზი, სიყვარულითა და ზრუნვით სავსეცაა. როგორი მნიშვნელოვანი და ძლიერი შეიძლება იყოს ეს კავშირი.

 

მხატვრული ტექსტები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს ხოლმე. დაკვირვების შედეგად არჩევანის გაკეთებისას მთელი არსენალი გვიგროვდება: ქცევის სხვადასხვა მოდელი, სცენარი, სხვადასხვა სამოქმედო ნაბიჯი, სიუჟეტი, სიუჟეტის განვითარების ვარიანტები, ემოციური რეაქციების სქემები.

 

ამ წერილში ჩვენი უმდიდრესი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები მინდა, გავაცოცხლო. ისინი, რომლებიც თაობათა ურთიერთობებს ასახავს და მამების ხედვის კუთხეს, მამების დანახულსა და განცდილს გვიზიარებს. მამები შერჩეულ ნიმუშებში არა ფართო, არამედ გადატანითი, კონკრეტული მნიშვნელობითაა ნაგულისხმევი. ეს სათქმელი მამების ამოთქმულია, მამების დაწერილი, ლექსად შეკრული და დატოვებული მარტო საკუთარი შვილებისთვის კი არა, ჩვენთვისაც, თანამედროვე მკითხველისთვის.

 

პირველი ლექსი მუშტათ ჭრელას „ამონათქომია“. ჭრელა მუშტაშვილი განთქმული მოკაფიავე ყოფილა. ცხოვრობდა სოფელ გომეწარში. შემდეგ გადასახლდა სოფელ კუჭეჭაში, ფშავში. ლექსში თავის შვილებს აკრიტიკებს, მოდას უაზროდ და „უშნოდ აყოლილთ“.

ამ ირონიულ, თვითირონიულ, საქილიკო, ღიმილისმომგვრელ ტექსტში იმ მამის ხმა ისმის, ახლებისა რომ აღარაფერი გაეგება და სიცილით რომ ცდილობს მათ გაპამპულებას. მამის ტონი გულისწყვეტასაც გამოხატავს, გაკვირვებასაც, დაბნეულობასაც, მაგრამ არა ბოღმას, არა ბრაზს. ამის მოსმენისას შვილს გაეცინება ან გაეღიმება მაინც და მოხდენილად ჩაივლის, გვერდს აუვლის „ძველ დროში ჩარჩენილ“, მაგრამ მაინც საყვარელ და ენამახვილ მშობელს. ეს ვიზუალურ-ემოციური დეტალებით სავსე ლექსი მკითხველშიც ამ განწყობას ბადებს:

ჩიოდა მუშტათ ჭრელაი:

დამიდიდგულდა შვილები,

ოთხთავ იყიდეს ცხენები,

ოთხთავ დაჭედილები.

რუსულებ პალტოები სცვავ,

გულზე მასკოის ღილები;

ქუდები რქეზულები,

საპირეჩაგრეხილები
ლასტიკის ახალუხები,

დადიან დადრეცილები.

ას თუმან ადგილში მისცეს,

მამას მე მჭამენ ტილები.

მე მაგათ დაზდას მერჩივნა,

რომ დამეზარდა ვირები,

ჩემ ჭკვაზე გადავხკაზმებდი,

ბარგს მაინც ვაზიდვინებდი“.

 

გასაოცარი პოეტური ძალის მქონეა შემდეგი კაფია, რომელიც მამისა და შვილის დიალოგის სახითაა წარმოდგენილი:

 

შვილი: შენ რომ ვაზებს ჩამოუვლი,

სულ გაწვრთნილი ჯარი არი.

მამა: შენ რომ ღიმილს გაიღიმებ,

გაზაფხულის ცვარი არი.

შვილი: შენ რომ ლურჯას გააჭენებ,

მინდვრის ნიავ-ქარი არი.

მამა: სიმღერას რომ წამოიწყებ,

ეკლესიის ზარი არი.

შვილი: კამეჩებს რომ გამოიყვან,

შავი ღამის დარი არი.

მამა: თონიდან რომ პურს ამოჰყრი,

ის ახალი მთვარე არი…

 

მამა-შვილის ეს გადაძახილი უსასრულოდ გინდა, გაგრძელდეს.

ეს თაობათა დიალოგის იდილიაა, იდეალი.

შვილი ხედავს და აღიარებს მამის ძლიერებას, მის გამოცდილებას, მის ჯაფასა და შრომას. მამა ხედავს და აღიარებს შვილის მოხდენილობას, მის უნარებს. ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის ასე დანახვა, ემოციური ჰარმონია – აი, რა გამოსჭვივის ამ შესანიშნავ გაბაასებაში. ეს ლექსი ბრწყინვალე პოეტური ნიმუშია იმისა, როგორ უნდა აღიარონ, იგრძნონ და გამოხატონ სიყვარული და ზრუნვა ასეთმა ახლობელმა ადამიანებმა.

შემდგი ლექსიც გაბაასების ჟანრია. მამა და შვილები პირისპირ დგანან:

მამა: ნუ გეშინიათ,

შვილებო,

სანამ მამა გყავთ მაგარი,

არც წყალში გინდათ გახდომა,

არც მთა გაქვთ გადასავალი!

შვილნი: ღმერთმა ბებოჩემ აცხონოს,

კაც გაუზრდიხარ

მამალი!

 

ნდობა და რწმენა იმისა, რომ მშობელს ესმის შენი, უპირობოდ უყვარხარ და მზადაა, ასეთივე უპირობო, სასწაულმოქმედი მხარდაჭერა გამოგიცხადოს ნებისმიერ რთულ ვითარებაში ან ცხოვრებისეული კოლიზიებისას, მაკურნებელი ძალის მქონეა.

რას ნიშნავს უპირობო?

ეს არსებითი განმსაზღვრელია.

მოცემულ ლექსში მამა არანაირ პირობას არ აყენებს.

„შვილებო, თუ ისეთები იქნებით, როგორც ჩემს გულს გაუხარდება“…

ან

„შვილებო, თუ იმ გზით ივლით, რომელიც მე მგონია სწორი…“

აქ არც დათქმაა და არც „ვაჭრობა“. არის რწმენა იმისა, რომ მამა აქაა. შიში – იქა.

ლხინი აქაა და ჭირი – იქა.

ეს რწმენა შინაგანი ღუზაა. როცა ბობოქარი და მღელვარე ცხოვრების ზღვა გვარყევს, გვაფორიაქებს, ცხოვრების ნავს „ვნებათა ქარი“ აქეთ-იქით ახეთქებს, ასეთი მშობლის შვილმა იცის, რომ მას „სადგური მყუდროებისა“ აქვს და იქით მიიჩქარის წარმოსახვით ან რეალურად. იქ პოვებს სიმშვიდესაც და ძალასაც.

 

როცა შვილებზე ვფიქრობთ, როცა მათზე ვზრუნავთ, ამ ზრუნვით ნაკარნახევ დოქტრინებსა და დოგმებს შევიმუშავებთ და თავს ვახვევთ ხოლმე, იმაზეც ვიფიქროთ, რა ხმებად დავრჩებით მათ მეხსიერებაში, მათ შინაგან სამყაროში რა ორიენტირებს ვტოვებთ.

ეს არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“