პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
7 ნოემბერი, პარასკევი, 2025

როგორ შეცვლიან სწავლის მოდელს ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული ბავშვები?

ისე მოხდა, რომ შარშანაც და წელსაც ზაფხულის რამდენიმე დღე მოზარდებისთვის განკუთვნილ ბანაკში, ლიდერისა და სპიკერის როლში გავატარე. პროგრამა ორივე წელს ერთნაირი იყო, განსხვავება კი უზარმაზარი – მარტივი დავალებები, რომლის გასაკეთებლადაც წინა წელს ბავშვებს ნერვიულობა, აზრთა-გაცვლა-გამოცვლა, დროის კონტროლი, როლების განაწილება და ზოგჯერ უფროსების ჩართულობაც სჭირდებოდა, ახლა წამებში სრულდებოდა. დავწეროთ ჰიმნი ბანაკისთვის – რა პრობლემაა; შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც ჩვენს თემში ცვლილებებს გამოიწვევს – ახლავე. ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტებით აღჭურვილები ვხუმრობდით, რომ იმასაც კი CHATGPT-ს ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს ახლა ან რა იყო პრობლემა, რომლის გადაჭრაც ყველაზე მეტად უჭირდათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები იმის ასახსნელადაც გამოვიყენე, როგორ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უნარების განსავითარებლად და არა საკუთარი თავის ჩამნაცვლებლად; ვილაპარაკე, როგორი მარტივია გაწაფული თვალისთვის ჩეტბოტის სინტაქსის ამოცნობა და რა უხერხული, როცა, მაგალითად, რაიმე პროგრამაში მონაწილეობაზე უარს მხოლოდ იმიტომ მიიღებ, რომ შენს მაგივრად ხელოვნურ ინტელექტს დააწერინე სამოტივაციო წერილი თუ რაიმე სხვა ტექსტი, მაინც გამომყვა ფიქრი იმაზე, როგორ შეცვლის როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სწავლის ამ დრომდე ჩვენთვის ნაცნობ მოდელს ხელოვნური ინტელექტი. ამ საფიქრალის ნაწილია ტექნოლოგიებთან არამეგობრულ ურთიერთობაში მყოფი მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც შეიძლება ვერ მიხვდნენ AI-ის კონცენტრაციის დონეს მათი მოსწავლეების ცხოვრებაში და გაუჭირდეთ პრობლემის დროულად და სრულად იდენტიფიცირება. ცხოვრება ასეთია, ახალგაზრდები ყოველთვის უფრო სხარტები და მოხერხებულები არიან, ვიდრე უფროსები, რომლებიც მათ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ქმნიან სისტემებს, რომელთაგან თავის დაძვრენა არც თუ იშვიათად იქცევა ხოლმე ბავშვების მთავარ ამოცანად.

 

პანდემიამაც აჩვენა და ხელოვნური ინტელექტის აღზევებაც მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და სასწავლო პროცესის ამის მიხედვით დაგეგმვა – ერთ ყალიბზე მოჭრილი სასწავლო გეგმები უმეტესობისთვის მოსაწყენი და არაფრისმთქმელია. ბავშვებმა ადრეული ასაკიდან ისწავლეს ინტერნეტში მათთვის საინტერესო კონტენტის პოვნა და უინტერესოს გამოხშირვა. და როცა სკოლა მათ ამ არჩევანს არ აძლევს, ის უბრალოდ ითიშება, ვეღარც იმას მიჰყვება, რაც აინტერესებს და არც იმის გამოტოვება შეუძლია, რაც ნაკლებად იზიდავს. არჩევანი, რომელიც ეკრანებთან უზრუნველყოფილია, სკოლამაც უნდა უზრუნველყოს – სხვა შემთხვევაში ის გადაიქცევა ადგილად, სადაც ბავშვები უბრალოდ საათებს და წლებს დაითვლიან ხან გაკვეთილის, ხან სკოლის დამთავრებამდე, ცოდნას კი სხვადასხვა „პარტიზანული გზით“ მაინც დამოუკიდებლად მიიღებენ.

 

ასევე გამოსაკვეთია, რას ვგულისხმობთ, როცა ცოდნის გადაცემაზე ვლაპარაკობთ – ეს არის კონკრეტული ინფორმაციის გადაცემა ბავშვებისთვის თუ უნარების გადაცემა, ადაპტირების ჩვევების გამომუშავება, დიდ ინფორმაციულ ნაკადებში გზის გაკვლევის ხრიკების სწავლება, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრაქტიკების დაუფლება, მიმდინარე პროცესების ფრთხილად და კრიტიკულად მეთვალყურეობა, უწყვეტი განათლების პრინციპების გათავისება ადრეული ასაკიდანვე თუ გადარჩენისთვის საჭირო ჩვევებით მათი აღჭურვა. ყველა ის ცოდნა, რომელიც დღევანდელი ბავშვების მშობლებსა და მასწავლებლებს სავალდებულოდ უნდა მიგვეღო სკოლაში და არცთუ იშვიათად, საზეპიროდაც, დღეს წამში მოძიებადია – მაგრამ რამდენმა იცის ამ ცოდნის გამოყენება. როგორ ვასწავლით აურაცხელ ინფორმაციასთან მუშაობას ბავშვებს? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მოსაძებნია.

 

ალბათ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ იმ წვრილმანი საქმეების უმეტესობა, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ არცთუ ისე მიმზიდველი ანაზღაურებისთვის, მომდევნო წლებში ავტომატიზებული გახდება და მათ რობოტები უფრო აკურატულად და, სავარაუდოდ, იაფადაც გააკეთებენ – ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო ჭკვიანი უნდა იყოს, რომ შეძლოს არა წვრილმანი სამუშაოების შესრულებით ირჩინოს თავი, არამედ თავად იყოს კონკურენტუნარიანი და საინტერესო ციფრული წიგნიერებისა და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან მუშაობის თვალსაზრისით. იმის სწავლა, როგორ ვისწავლოთ, გადარჩენისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი გახდება, უწყვეტი განათლების პრინციპი კი ცხოვრების წესი, თუ გვინდა მუდმივად ცვალებად სამყაროს საინტერესო და მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილი ცხოვრება გამოვტყუოთ.

 

უფრო მეტად დაფასდება შემოქმედებითი უნარები და პრობლემების მოგვარების არაორდინარული გზები – ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ისწავლოს ის გამოცდილებები, რომლებიც უკვე აქვს კაცობრიობას, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ მან, მაგალითად, თანაგრძნობით გამსჭვალულმა რამე ისეთი მოიფიქროს, რაც ინოვატორ, მამაც და გამბედავ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ბავშვებს ალბათ ესეც უნდა ვასწავლოთ, დრო არ დაკარგონ იმის კეთებაში, რასაც რობოტები მათზე უკეთ და სწრაფად გააკეთებენ, მაგრამ მეტად განივითარონ ის მხარეები, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს.

 

სკოლები ალბათ უფრო ნაკლებად უნდა იყოს სწავლების და მეტად სოციალური უნარების განვითარების ადგილი – უკვე დღეს არაერთი მოსწავლე ახასიათებს სასწავლო პროცესს, როგორც მოსაწყენსა და სტრესულს. სკოლა უნდა იქცეს ექსპერიმენტების, განვითარებისა და ცვლილებების ადგილად. ეს უნდა იყოს სივრცე თანასწორობისთვის, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი ინტერესების განვითარება, გარიყულობის დაძლევა და ემოციური და ფიზიკური განვითარება.

 

დაბოლოს ალბათ ზრდასრულებიც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რა შეუძლიათ მათ ასწავლონ ისეთი ბავშვებს, რასაც ჩეტბოტები ვერ ასწავლიან; რა არის ის უნიკალური გამოცდილება, რის გადაცემაც მათ შეუძლიათ მოზარდებისთვის მომავალში გზის გასაკვლევად. რა არის მათ საქმიანობაში შეუცვლელი და ღირებული?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“