სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ვისწავლოთ და ვასწავლოთ ბავშვებს სიყვარული

ალბათ, ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ადამიანთა წინაშე დგას, სიყვარულის დეფიციტია; სიყვარულის, თანაგანცდის, თანაგრძნობის, ემპათიის ნაკლებობა და ადამიანთა შორის გაუცხოება. სმარტფონებში თავჩარგულები და საკუთარ ცხოვრებისეულ პრობლემებში ჩაძირულები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ აქვე, ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც კი იყოს, წამალივით საჭიროებს ჩვენს ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ერთი სატელეფონო ზარი, ჩვენი ხმის გაგონება ასეთი ადამიანისათვის იმედის და ცხოვრებისკენ შემობრუნების უძლიერეს ფაქტორად იქცეს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობებს ხომ საზღვარი არა აქვს, ცნობილია უამრავი შემთხვევა, როცა სრულიად უიმედო სიტუაციიდანაც კი გამოსულა ადამიანი და ექიმები გაოცებული დაუტოვებია. ფსიქიკის შესაძლებლობები ხომ მედიცინისთვის დღემდე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორად ნათქვამმა სიტყვამ, ემოციების ადეკვატურად გამოხატვამ, სიყვარულმა, თანადგომამ, თანაგანცდამ ნამდვილად შეიძლება სასწაული მოახდინოს. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი პრობლემებით დატვირთული, ამისთვის ვერ ვიცლით და ამის კეთებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა ადამიანი ჩვენ გვერდით უკვე აღარ არის. ასეთ დროს ჩვენი გამოხმაურებებით თითქოს ვცდილობთ, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენგან წასული ადამიანისათვის ჩვენ ყველაზე ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ვიყავით, ჩვენ მასთან ყველაზე მეტი რამ გვაკავშირებდა. რამდენისგან მსმენია ასეთი ფრაზა – „ამ ადამიანს რომ სცოდნოდა ნაცნობ-მეგობრების მისდამი ასეთი დამოკიდებულება, შეიძლება, ეპოვა საკუთარ თავში სასიცოცხლო ძალები და დღესაც ჩვენ გვერდით ყოფილიყო“.

ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჩვენს ქცევას, ჩვენს საუბარს, სიტყვას, ემოციების გამოხატვის ფორმებს ყოველდღიურად, ყოველ წუთს „გამადიდებელი ლუპით“ აკვირდებიან ბავშვები და, თუ მათი ემოციური ინტელექტით უკმაყოფილო ვრჩებით, ცუდი არ იქნება ჩავიხედოთ საკუთარ თავში, დავუკვირდეთ ჩვენს ქცევას, იმას, თუ როგორ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს, ემოციებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვი უფრო მოსიყვარულე, ემპათიური, თანამგრძნობი აღიზარდოს. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბავშვს გამოავლინოს ყურადღება, სითბო, სიყვარული გვერდით მდგომის მიმართ, თუ თავად დაბადებიდან არასოდეს უგრძნია ეს ახლობლებისაგან და, პირველ რიგში, მშობლებისაგან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეპოქაში, გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვის ემოციური განვითარება ყველაზე საყურადღებო მიმართულებად არის მიჩნეული და მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში გამოვუმუშაოთ ბავშვს სიყვარულის, ემპათიის, თანაგანცდის, თანაგრძნობის უნარი.

რა შეიძლება გავაკეთოთ აღნიშნული მიმართულებით – რეკომენდაციები:

  • გამოვხატოთ, გამოვავლინოთ, გამოვამჟღავნოთ სიყვარული ბავშვის მიმართ, ნუ დავმალავთ ამ გრძნობას, ნუ მოგვერიდება, ნუ შევიკავებთ თავს ალერსისა და მოფერებისაგან – შევაქოთ საჭირო დროს და ვიყოთ მგრძნობიარე ბავშვის ემოციური მოთხოვნილებების მიმართ. ეს ხელს უწყობს თვითრეგულაციის განვითარებას, რამდენადაც, როცა ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მას უყალიბდება სამყაროს, როგორც უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილის აღქმა; ეს საშუალებას აძლევს მას, იმოქმედოს მშობლებისგან დამოუკიდებლად და არ ეშინოდეს, რომ ყოველ კუთხეში მას საფრთხე და უსიამოვნებები ელის. თუ მშობლების ქცევა ცივი, დისტანციური და არათანმიმდევრულია ბავშვთან გრძნობების გამოხატვისას, პატარა თავს დაცულად ვერ გრძნობს, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, უქვეითდება თვითშეფასება;
  • გვახსოვდეს, რომ სიყვარული ბავშვის მიმართ არასოდეს შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი – ბავშვს ნამდვილად არ დააზარალებს, თუ ყოველდღე ვეტყვით, რომ ჩვენ ის გვიყვარს, რომ ის არის ჩვენი უსაზღვრო სიხარულის წყარო. მას ნამდვილად არ ავნებს ასევე ჩახუტება და გულწრფელად შექება. არ ღირს შევიკავოთ ჩვენი დადებითი ემოციები, გრძნობები და ვიყოთ ცივი, უგრძნობი იმის გამო, რომ გვეშინია არ „გავაფუჭოთ“ ბავშვი ზედმეტი ყურადღებით. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ სიმკაცრე აყალიბებს მტკიცე ხასიათს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა; როცა ბავშვები გრძნობენ გულწრფელ, ნამდვილ სიყვარულს ისინი, როგორც წესი, ნაკლებ მოთხოვნებს აყენებენ და ბევრად უფრო მეტი სიმტკიცით გამოირჩევიან;
  • ნუ მოგვერიდება ბავშვის მიმართ ჩვენი სიყვარულის ფიზიკურად გამოვლენის – ბავშვისთვის აუცილებელია მშობლების მხრიდან სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვა არა მხოლოდ ჩვილობაში, არამედ მოგვიანებითაც, ადრეულ ბავშვობაში და მოზარდობის ასაკშიც. ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან, რომ მათი შვილებისთვის ეს აუცილებელია მაშინაც კი, როცა ისინი იზრდებიან და უხერხულობას გრძნობენ მოფერების, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის გამო. ხანდახან სასურველია, ვიყოთ უფრო დელიკატური გრძნობების გამოხატვისას მოზარდის მიმართ და ვიცოდეთ, სად და როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ემოციები. ნუ გავამახვილებთ საგანგებოდ ამაზე ყურადღებას – ბავშვისთვის უკეთესი იქნება, თუ ეს ჩვენი მასთან ურთიერთობის ბუნებრივ და ყოველდღიურ ნაწილად იქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვისწავლოთ ბავშვისადმი სიყვარულის გამოვლენა გულწრფელად და არა საჩვენებლად, სხვებისთვის იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ ის. საკმარისი იქნება უბრალოდ სწრაფად ვაკოცოთ მას, როცა ის დილით სკოლაში მიდის, მოვეხვიოთ, ჩავეხუტოთ, როცა სკოლიდან ბრუნდება. ასეთი ფიზიკური კონტაქტი, როგორი უეცარი და მოულოდნელიც არ უნდა იყოს ის, აძლიერებს, განამტკიცებს ჩვენს ემოციურ ურთიერთობას;
  • შევეცადოთ გავიგოთ ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები და საჭიროებები – ეს არ ნიშნავს ბავშვის უბრალოდ ნუგეშისცემას და დამშვიდებას, როცა ის ტირის, ან, როცა ეშინია. აუცილებელია ყურადღებით დავაკვირდეთ მის განწყობა-დამოკიდებულებებს და ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რომ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ მის ემოციურ განვითარებას. ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. ჩვილობის პერიოდში პატარას უნდა გავუჩინოთ უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. ადრეულ ბავშვობაში მისი ქმედებების წახალისებით საჭიროა, დავეხმაროთ ბავშვს გახდეს შედარებით დამოუკიდებელი. დაწყებით კლასებში, როცა ბავშვები ხშირად იწყებენ დაეჭვებას საკუთარ შესაძლებლობებში, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ბავშვმა დაიჯეროს საკუთარი ძალების და მიაღწიოს წარმატებას. გარდატეხის ასაკში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დავეხმაროთ მოზარდს იყოს თავდაჯერებული და დამოუკიდებელი მოქმედებაში;
  • გადავაქციოთ სახლი ბავშვისთვის ნავსაყუდლად – მოზარდი უნდა გრძნობდეს, რომ სახლი ის ადგილია, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი ყოველდღიური ცხოვრებისეული სირთულეებისაგან. შევქმნათ სახლში ისეთი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს, მოეშვას, მოდუნდეს, დაივიწყოს თავისი პრობლემები და დაისვენოს. შევეცადოთ შევამციროთ მისთვის სტრესის დონე იმით, რომ სახლში არ იყოს ჩხუბი, კამათი, დაპირისპირება, ურთიერთობების ემოციურად გარკვევა. ბავშვს სჭირდება სიმშვიდის „კუნძული“ სკოლაში გატარებული რთული დღის, ან სათამაშო მოედანზე მომხდარი არასასიამოვნო შემთხვევის შემდეგ, როცა მეგობრებმა უღალატეს, ან როცა ის ეჩხუბა საყვარელ ადამიანს. შეიძლება ჩვენს ძალებს აღემატებოდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება, მაგრამ შესაბამისი ატმოსფერო სახლში ერთგვარი შვება იქნება და მოზარდს განტვირთვაში დაეხმარება;
  • ნუ ვიქნებით ზედმეტად მომაბეზრებელი და შემაწუხებელი ბავშვისთვის – რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ მშობლები ყოველთვის მის გვერდით არიან და მზად არიან დასახმარებლად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის იმის გაცნობიერება, რომ მას შეუძლია უამრავ რთულ სიტუაციას დამოუკიდებლადაც გაუმკლავდეს. თუ ჩვენ ვცდილობთ, ბავშვის ყველა ნაბიჯი გავაკონტროლოთ და არ ვაძლევთ შესაძლებლობას დამოუკიდებლად იმოქმედოს, დამოუკიდებლად აკეთოს საქმე, მას არასოდეს განუვითარდება საკუთარი ძალების რწმენა, ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვში თვითკონტროლის უნარის განვითარებისთვის არის მისთვის თავისუფლების მიცემა გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინაც კი, თუ ეს გადაწყვეტილება მას წარუმატებლობამდე და იმედგაცრუებამდე მიიყვანს.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ გარშემომყოფი ადამიანების, უპირველეს ყოვლისა კი მშობლების სიყვარული და ყურადღება, მისდამი გულისხმიერი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბავშვს კომფორტის, სიმყუდროვის, უსაფრთხოების, დაცულობის გრძნობას უჩენს. ბავშვს მშობლებში საყრდენი სჭირდება. მშობლების სიყვარული ასწავლის მოზარდს, იყოს დამოუკიდებელი, იმსახურებდეს პატივისცემას, შეეძლოს პატიება, დახმარება, თანაგრძნობა, თანაგანცდა. ყურადღებისა და სიყვარულის ნაკლებობა კი გავლენას ახდენს ბავშვის როგორც სოციალურ-ემოციურ, ისე ინტელექტუალურ განვითარებაზე.

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“