სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სწავლება და ვიდეოთამაშები

ძვირფასო მკითხველებო, კარგად მოგეხსენებათ, რომ თამაში ადამიანების უძველესი გამოგონებაა. ირანელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული იალდა ულსი ფიქრობს, რომ შესაძლოა თამაშის მოთხოვნილება ადამიანის გენეტიკის ნაწილია.  კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორი ძირითადად განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ის ავტორია წიგნისა „მედიადედები და ციფრული მამები. ბავშვების აღზრდისადმი თანამედროვე მიდგომები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში“, რომელიც ჩვენი ინტერესის საგანია.

უძველესი ცივილიზაციების ხელნაწერთა შორის ნაპოვნია ჩანაწერები სამაგიდო თამაშების შესახებ, სპორტული თამაშები ხომ საყოველთაოდ ცნობილია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რატომ ინარჩუნებს საუკუნეების მანძილზე პოპულარობას სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფუნქციის მქონე თამაშები. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, ისინი სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილებას უკმაყოფილებენ ადამიანებს. არსებობს თეორია, რომ თამაშები შეჯიბრებითობასა და აზარტულობას ავითარებს.

თანამედროვე ეპოქამ თამაშების ახალი კატეგორია დაამკვიდრა. ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები პრაქტიკულად თანაბარი სიხშირით ერთობიან ვიდეოთამაშებით. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, მშობლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ვიდეოთამაშები დამღუპველ ზეგავლენას ახდენს მათ შვილებზე, რადგან მათ უუარესდებათ ძილის ხარისხი, გაკვეთილებზე ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენენ, უქვეითდებათ კრეატიულობა, ანალიტიკური უნარები და ფიზიკური აქტივობა. შეწუხებულ მშობლებს შორის მეც ვარო, – აღიარებს ამერიკელი ფსიქოლოგი და განაგრძობს: – რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, კარგად გავიგოთ ვიდეოთამაშების პლუსები და მინუსებიო.

„თავდაპირველად, კვლევები ვიდეოთამაშების შინაარსს ეხებოდა, – ვკითხულობთ მის წიგნში, – კერძოდ, ყურადღება ექცეოდა იმ გარემოებას, იყო თუ არა კავშირი სისასტიკის დონესა და ბავშვებში თამაშებისგან პროვოცირებულ აგრესიულ ქცევას შორის. შემდგომ, ვიდეოთამაშების პოპულარობის ზრდასთან ერთად, მკვლევრებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ შეუძლია თამაშებს გარკვეული სააზროვნო უნარების განვითარების პროვოცირება.

დავიწყოთ ვიდეოთამაშების დადებითი მხარეების ჩამოთვლა. ნეირომეცნიერები და კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისეთი ვიდეოთამაშები, სადაც მონაწილეები სამიზნეებს არჩევენ და შემდეგ ზუსტად ისვრიან, პოზიტიურად აისახება სააზროვნო უნარებზე. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ სივრცეში ორიენტაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარები უკეთ აქვთ განვითარებული მსგავსი ვიდეოთამაშებით გატაცებულ ადამიანებს. კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარიც შედის იმ სააზროვნო უნარების რიცხვში, რომელთა განვითარებას ხელს უწყობს ვიდეოთამაშები.

პატივცემულო მშობლებო, თქვენ შესაძლოა არ მოგწონდეთ ის ფაქტი, რომ ვიდეოთამაშები დადებით გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე. თქვენ შეგიძლიათ სულაც არ გაუმხილოთ ეს ფაქტები თქვენს შვილებს, მაგრამ იქნებ მაინც კარგად აწონ-დაწონოთ ყველა ზიანი და სარგებელი, სანამ კატეგორიულად აუკრძალავთ ბავშვებს, ითამაშონ ნებისმიერი სახის ვიდეოთამაში. ცხადია, ეს სულაც არ ათავისუფლებს უფროსებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ  ვიდეოთამაშების შეძენამდე აუცილებელია, საგულდაგულოდ გაეცნონ და შეისწავლონ მათი შინაარსი და გრაფიკა“.

სანამ მშობლები შფოთავენ ვიდეოთამაშებით შვილების გატაცების გამო, სასწავლო დაწესებულებები სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებაზე ფიქრობენ. მათ შორის ვიდეოთამაშებით სწავლებასაც განიხილავენ. იალდა ულსი მშობლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „თავადაც არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, დადებითი მხარე ჰქონოდა ბავშვების ამგვარ გატაცებას, სანამ ჩემმა შვილმა სამყაროს აგებულების შესახებ საინტერესო ფაქტების მოყოლა არ დაიწყო. ეს ინფორმაცია მან კომპიუტერული თამაშის საშუალებით გაიგო. მანამდე ბავშვმა ნაციონალური საკალათბურთო გუნდის ისტორია და ყველა მოთამაშის სახელი და გვარი დაიმახსოვრა, რადგან საკალათბურთო ვიდეოთამაშს თამაშობდა. მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა, მუდმივი წახალისება, დაჯილდოება და მყისიერი რეაგირება – ის ელემენტებია, რომლებიც ზრდის მოტივაციას და იმ თეორიას აძლიერებს, რომლის თანახმადაც სწავლება ვიდეოთამაშების გამოყენებით ჩაანაცვლებს ტრადიციული განათლების მოდელს“.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთმა მკვლევარმა, რომელიც იკვლევდა ვიდეოთამაშების გავლენას ქცევით მოტივაციაზე, დაასკვნა, რომ ბავშვებისთვის თამაშები საჭიროა უარყოფითი ემოციების დასაძლევად. თანაც ეს საუკეთესო ალტერნატივაა აგრესიის უკონტროლო ამოფრქვევისა და ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების წინააღმდეგ. პატარებსა და უფროსებსაც პერიოდულად სჭირდებათ განტვირთვა – მოზარდები ამას ვიდეოთამაშებით ახერხებენ, უფროსი ასაკის ადამიანები – სერიალების ყურებით. ადამიანები ხომ სოციალური არსებები არიან, ჰოდა, ინტერნეტისა და ვიდეოპლატფორმების დახმარებით ბავშვები და მოზარდები პოულობენ თანამოაზრეებს, მაშინაც კი, თუ ისინი პიჟამით სხედან ეკრანთან. თამაშები ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობიცაა. მშობლებო, არ ინერვიულოთ, თუ თქვენს შვილს უყვარს ვიდეოთამაშები! ირკვევა, რომ ამ გატაცებას ბევრი პლუსი აქვს!

წიგნის ავტორი უარყოფით მხარეებზეც საუბრობს: „ჯერ კიდევ 2009 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში სცადეს, დაენერგათ ვიდეოთამაშებით სწავლება. დიდი მოლოდინის, ფინანსური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიუხედავად, ხუთი წლის შემდეგაც არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ წამოწყებამ პოზიტიური შედეგები გამოიღო. მოსწავლეების აკადემიური მოსწრება საშუალო დონეს ვერ ასცდა. ამ ინიციატივამ ვერ გადაჭრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები.

ვიდეოთამაშების გავლენა აგრესიულ ქცევებზე  ყველა მშობლის და უფროსის საფიქრალია. არსებობს კვლევა, რომელიც აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, გამოიკვეთა უხეში, აგრესიული შინაარსის ვიდეოთამაშების გავლენა ქცევაზე. მეორე კვლევა, ასევე ამერიკაში ჩატარებული, არ ადასტურებს თამაშების ნეგატიურ გავლენას აგრესიულ ქცევაზე. ვიდეოთამაშები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, კვლევები გრძელდება. მანამდე კი ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოთ შვილებს და თუ შეამჩნევთ, რომ მათი ქცევები გახდა უჩვეულოდ უხეში ან დაუნდობელი, შეზღუდეთ მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების დრო. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და სთხოვეთ დახმარება“.

ორი სიტყვით ვახსენოთ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებაც. მართლაც სამწუხარო რეალობაა, რომ მოზარდების გარკვეული ნაწილი თამაშებზე დამოკიდებული ხდება. ნამდვილი დამოკიდებულება სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრააო, –განმარტავს ამერიკელი ფსიქოლოგი და მოუწოდებს მშობლებს: – გულდასმით დააკვირდით შვილების ქცევას, სანამ დაიწყებთ საუბარს დამოკიდებულებაზეო.

მაშ ასე, შეჯამება:

  1. ვიდეოთამაშები სივრცეში ორიენტაციის უნარს ავითარებს;
  2. გარკვეულწილად, ავითარებს კრეატიულ აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პროფესიულ უნარს აძლიერებს;
  3. ვიდეოთამაშებით გატაცება ხელს უწყობს ადამიანებს, წარმატებას მიაღწიონ ისეთ საქმიანობებში, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და მხედველობით სიზუსტეს საჭიროებს;
  4. სასტიკი შინაარსის ვიდეოთამაშებით გატაცებასა და აგრესიულ ქცევას შორის კავშირი ძალიან მცირეა.

ტრადიციულად, რამდენიმე რჩევა  მშობლებისთვის:

  1. ბავშვების ვიდეოთამაშებით გატაცება სავსებით მისაღები საქმიანობაა;
  2. ეცადეთ, მრავალფეროვნება შეიტანოთ შვილების თამაშებით გატაცებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარგებლის მომტანიც კი შეიძლება იყოს, მაინც არ დაუშვათ სხვა თამაშების იგნორირება; განსაკუთრებით ისეთი თამაშები, რომლებიც სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში აქტიურობას ითხოვს;
  3. ყურადღებით შეისწავლეთ იმ ვიდეოთამაშების შინაარსი, რომლებსაც თქვენი შვილები თამაშობენ. ყველა ახალი თამაში უნდა იყოს გატარებული მშობლის კრიტიკული დამოკიდებულების პრიზმაში. განსაკუთრებით ეს ეხება ვიდეოთამაშების შინაარსს (სექსიზმი, ანტისოციალური, ღიად დანაშაულებრივი შინაარსის შემცველი და მსგავსი არასასურველი თემატიკა);
  4. თუ შეამჩნევთ შვილებს პრობლემური ქცევის ნიშნებს ან თამაშზე დამოკიდებულების საფრთხეს იგრძნობთ, დროულად გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან;
  5. ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკუღმა შემობრუნება და არც არის ამის საჭიროება. სამაგიეროდ, უფროსებს შეუძლიათ დაეხმარონ იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ ინტერნეტსივრცის შესაძლო ნეგატიურ შედეგებში;
  6. ნეგატიური ფაქტორების ჩამონათვალში ყველაზე თვალსაჩინო პუნქტად უნდა გამოვყოთ პირადი სივრცის ხელყოფა და რეალური ურთიერთობების ონლაინკომუნიკაციით ჩანაცვლება;
  7. მოზარდებს ძალიან არ უყვართ, როდესაც მშობლები ცდილობენ, შეუმჩნევლად უთვალთვალონ, რადგან ჰგონიათ, რომ ეს მათი პირადი სივრცის დარღვევაა;
  8. ონლაინმიმოწერებს ბავშვები და მოზარდები უმეტესად მაინც რეალურ ურთიერთობებს ამჯობინებენ. ამიტომ უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ შვილებს, გააცნობიერონ, რომ გაჯეტებით და ვიდეოთამაშებით გადაჭარბებული გატაცება ხელს უშლის მეგობრებთან ურთიერთობაში;
  9. პირადი სივრცის დაცვის პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ბავშვები და მოზარდები მას, ხშირ შემთხვევაში, სრულად უგულებელყოფენ. უფროსების მოვალეობაა, დაეხმარონ ახალგაზრდებს, გააცნობიერონ საფრთხეები, დაფიქრდნენ მომავალზე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების საკითხს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“