პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
7 ნოემბერი, პარასკევი, 2025

მოსწავლეთა ინტერესების კვალდაკვალ

მოსწავლეთა ინტერესების კვლევა ფონად გასდევს ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ვაკვირდები, რას უსმენენ, უყურებენ, როგორ საუბრობენ, გართობის რომელ ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას. მასწავლებლობისას მეშინია, არ დამავიწყდეს ჩემი ბავშვობა. ამიტომ ვებღაუჭები ჩემს ძველ დღიურებს, ფოტოებს, წერილებს – ყველაფერს, რაც ჩემს მოზარდობას ასახავს და მახსენებს, როგორი ვიყავი ჩემი მოსწავლეების თანატოლი. მათი ინტერესების გათვალისწინება მოსწავლეების გულების მოშინაურებაში მეხმარება. მთავარია, დავარწმუნო, რომ მათი მესმის. სწორედ ამ მიზეზების გამო და, ამავე დროს, ჩემს მოზარდ შვილებზე დაკვირვებით, მივხვდი, რომ სოციალური ქსელებიდან მათი თანატოლები ინსტაგრამს ანიჭებენ უპირატესობას. თავად ინსტაგრამის ვირტუალური გარემო უფრო საინტერესოდ არის აკინძული. მეტი შესაძლებლობაა სასწავლო რესურსების გასაზიარებლად. ჩემი მოსწავლეებისთვის ინტაგრამგვერდის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ დამებადა. ზაფხულის არდადეგების დასაწყისში კი დრო გამოვძებნე და დიდი შემართებით დავიწყე ჩანაფიქრის ასრულება.

რამდენიმე მოტივი მამოძრავებდა: 1. ვიცოდი, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ ამ სივრცეში. შემეცნებითი პოსტების შექმნით ბავშვების ვირტუალურ დროს მრავალფეროვანს გავხდიდი;

  1. გაკვეთილზე ხშირად მოთენთილები, უძილოები და მშივრები სხედან. ინსტაგრამგვერდზე ატვირთული დავალებების ინსტრუქციებისა თუ ჩემი პირადი გამოცდილების ნახვას კი სასურველ დროს შეძლებდნენ;
  2. ბავშვებს მოსწონთ, როდესაც მასწავლებელი მათ ინტერესებს ერგება;
  3. მოსწავლეებისთვის შექმნილ ინტაგრამგვერდზე მხოლოდ ისინი არიან. ამ გარემოში უფროსების ყოფნამ შესაძლოა დააკომპლექსოს ისინი. ამგვარად გავაერთიანე ჩემი ოთხივე კლასისა და შაბათის მკითხველთა კლუბის მოსწავლეები. ამ სივრცეში გაერთიანებულ მოზარდებზე რომ ვფიქრობ, მახსენდება, არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი პროექტები, მაგალითად, ლიტერატურული კაფეები, სადაც ხშირად სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები იყრიან თავს. ჩემი დაკვირვებით, ამგვარი ერთიანობა დადებითად აისახება თითოეულ მოსწავლეზე. თითქოს სასწავლო პროცესს სულ სხვა ელფერი ეძლევა და სასიცოცხლო ენერგიით იმუხტება.

მოსწავლეთა ჩატებში გავაზიარე ინფორმაცია ჩემი გვერდის შესახებ და ვთხოვე, თუ სურვილი ექნებოდათ, ახალ წამოწყებაში გამომყოლოდნენ. ასე შეიქმნა ჩემი კლასი ინსტაგრამზე.

პოსტების შინაარსი

ამჯერად სულ 14 პოსტი მაქვს გამოყენებული. რამდენიმეს გაგიზიარებთ:

1.ზაფხულის დილა

7 ივლისის დილას ფანჯრიდან გადავიღე მერცხლების ფრენა და ვიდეოს შემდეგი ტექსტი დავურთე:

„დილა მშვიდობისა, ჩემო უსაყვარლესო ბავშვებო. რომელ საათზე იღვიძებთ? მე დილის 5 საათიდან მღვიძავს. მიყვარს ეს დრო. დაჰკვირვებიხართ მერცხლების ფრენას გამთენიისას? გიფიქრიათ, როგორი იმედითა და ხალისით ავსებს ადამიანს მერცხლის ჭიკჭიკი? იაკობ გოგებაშვილი მერცხლებზე ასეთ რამეს ამბობს:

„რა კარგი იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი და ყველა ყმაწვილი იყოს იმისთანა კეთილი, უვნებელი, გამრჯელი, მხიარული, მოსიყვარულე, სასიამოვნო და სასარგებლო ქვეყნისათვის, როგორიც არის მერცხალი!“. იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი წიგნია, ახლა კი – სანუკვარი საკითხავი“.

ამ პოსტის მიზანი იყო, ბავშვები დამეფიქრებინა დღის რეჟიმზე, ბუნებასა და იაკობ გოგებაშვილზე.

  1. ბავშვობის წიგნი

„აბა, მომიყევით, რას კითხულობთ თქვენ. მე ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს წიგნს, ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილებს“, ვკითხულობ და ვტკბები.

ჟიულ ვერნი ფრანგი მწერალია, მაგრამ ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები შოტლანდიელები არიან. ჟიულ ვერნიმ ამგვარად თანადგომა გამოხატა ინგლისის დამპყრობლური პოლიტიკის გამო დაზარალებული შოტლანდიელებისადმი და მთელ მსოფლიოს გააცნო 37-ე განედზე ჩაძირული გემის კაპიტნის, ჰარი გრანტის, საძებნელად წასული ცოლ-ქმარი გლენარვანები და კიდევ სხვა შოტლანდიელები.

კაცთმოყვარეობა – ეს თვისება ამოძრავებს და აერთიანებს რომანის მთავარ პერსონაჟებს.

მეც მათთან ერთად ვმოგზაურობ გემით, სახელად „დუნკანი“. მერე რა, რომ გლდანულის მეორე კორპუსის მეცხრე სართულზე ვარ გამოკეტილი. წიგნის ძალით დავნავარდობ მსოფლიოს გარშემო. გუშინ არგენტინაში ვიყავი, დღეს ავსტრალიაში აღმოვჩნდი“.

ტექსტს თან დავურთე შოტლანდიის ჰიმნი. ვცდილობ, ბავშვების მუსიკალური ცნობიერებაც ავამაღლო. ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო რჩებათ მოზარდებს კითხვისთვის. სწორედ ამიტომ ჩემი ბავშვობის წიგნის მათთვის გაზიარებით იქნებ თავადაც გასჩენოდათ კითხვის სურვილი.

  1. ფოტოამბავი და წინდები

მესამე პოსტმა დაუვიწყარი მოგონებები გვაჩუქა. გადავწყვიტე, წერითი დავალებისთვის, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად, ჯილდო დამეწესებინა. საჩუქარზე ფიქრისას გამახსენდა, რომ ჩემს შვილებს წინდები გამუდმებით ეკარგებათ. მაღაზიაში საგულდაგულოდ შევარჩიე ულამაზესი წინდები გოგოებისა და ბიჭებისთვის. წერით დავალებად მათთვის კარგად ნაცნობი ინსტრუქცია შევთავაზე ფოტოამბის შესახებ. პირობა ამგვარი იყო: პირველ სამ მოსწავლეს, რომლებიც ჩემ მიერ შეთავაზებული ფოტოს შესახებ თემას დაწერდნენ და გამომიგზავნიდნენ, წინდებით დავაჯილდოებდი. პირველი თემა ჩემმა შვილმა, რომელიც ასევე ჩემი მოსწავლეა, კომენტარში ატვირთა. თეკლას გამოვლენილმა ინტერესმა დამარწმუნა, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. სულ ოთხი მოსწავლე გამოეხმაურა ამ პატარა წერით კონკურსს და ოთხივემ ძალიან საინტერესო თემა დაწერა. წინდების გადაცემის პროცესმაც გაგვახალისა: თეკლას რაჭაში გავუგზავნე, ნატალისა და ნინის ეზოში შევხვდი, მეთერთმეტეკლასელი ანანო სოფელში იყო და დღეს, გაკვეთილის დაწყებისას გადავეცი.

გიზიარებთ ფოტოამბის შესახებ ჩემს პოსტს:

„წერითი ინსტრუქციის დრო დადგა და გადავწყვიტე, თქვენი მოტივაციის ასამაღლებლად პირველი სამი მოსწავლე, რომლებიც ჩატში გამომიგზავნიან ამ ინსტრუქციის მიხედვით შექმნილ თემას, დავაჯილდოო.

ყველამ კარგად იცის ფოტოამბის შესახებ. ვფიქრობ, ეს იყო სემესტრის ყველაზე საყვარელი დავალება. გთავაზობთ ფოტოებს ჩემი მობილური ტელეფონიდან და სათაურებს. თუ სურვილი გექნებათ:

  • შეარჩიე ფოტო;
  • დააკვირდი და აღწერე, რას ხედავ;
  • მომიყევი, შენ რას გახსენებს ეს ფოტო;
  • დაწერე, ახლა რა ხდება შენთან (სად ხარ? რა გესმის? რას ხედავ? რას ფიქრობ? რა გახსენდება? რას გრძნობ?…)
  • დასვი ერთი შეკითხვა.

ჯილდო არის ერთი წყვილი წინდა“.

  1. დღის ჩანაწერი

აგვისტოში დღის ჩანაწერის შესახებ ავტვირთე პოსტი. წერის სურვილის გაღვივება მქონდა მიზნად:

„ახლა ვზივარ მეორე სართულის აივანზე. ველოდები მზის ამოსვლას. ჩემმა მეზობელმა ნათიამ ჩაიარა. ნესტანთან მიდის ყავის დასალევად. ამ სოფელში 7 წელია, ვისვენებ და დილას ნაზი დეიდასთან ყავის დალევის რიტუალი უცვლელია. ნათიას ვთხოვე, თუ ონში წავა, თეკლას სათამაშო კუ წაუღოს. მთელი გულით გაეცინა. მიყვარს სოფელში მცხოვრები ადამიანების მიმღებლობა, წვრილმანებით გახარების უნარი და უბრალოება. მესმის ჩიტების ჭიკჭიკის, ძროხების ეჟვნების წკარუნის, მამლის ყივილის, მდინარე ჯეჯორისა და მეზობლების გადალაპარაკების ხმები. ვხედავ ძეწნის ხეს, მთებს, ყავის ფინჯანს, მუხლზე შემოდებულ წიგნს, მერცხლებსა და მთიდან ამომავალ მზეს. ვფიქრობ ათას რამეზე: ვარჯიშზე, ჩემი შვილების დღის მენიუზე, ბავშვებზე, რომლებიც ამ ჩანაწერს წაიკითხავენ. ვგრძნობ სიხარულს, სიყვარულსა და სიმშვიდეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ. მახსენდება გუშინდელი საღამო და შვილებთან ერთად სამაგიდო თამაშისას განცდილი სიამოვნება. ბზიკების ბუდე რომ არ მოვანგრიო მთელი აგვისტო, შევძლებ?

სანამ მე მუსიკას ვარჩევდი, მზე ამოვიდა,

პ.ს. ბავშვებო, თქვენ წერთ დღის ჩანაწერებს? ძალიან გამახარებთ, თუ ამ პოსტის ქვეშ დამიწერთ თქვენი დღის ჩანაწერებს“.

  1. ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების შესახებ

დედაენის ბაღში რკინის ჯიხურებზე ამოტვიფრული აფორიზმების შესახებ კი შემდეგი მოსაზრებები გავუზიარე:

 

„კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“;

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“;

„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა“.

დღეს ამ სამ აფორიზმზე ფიქრს გთავაზობთ.

ვინ არის მოყვარე? ის, ვისაც უყვარხარ, თუ ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოყვარეა? როდის ხდება ადამიანების დამოყვრება? სულ მიკვირს, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები მყისიერად რომ მეგობრდებიან. რა მაგარი შეგრძნებაა, არა? დადიხარ დედამიწაზე, ხვდები უცხო ადამიანს და პირველივე შეხვედრის წამიდან მასთან თავს ჰარმონიულად გრძნობ.

რასაც და რაზე ვლაპარაკობთ, ის ვართ ჩვენ. რაც გვაქვს შინაგანად, ის გადმოდინდება ჩვენგან. შენ როგორ ცდილობ შენი შინაგანი სამყაროს გაკეთილშობილებას?

ჩვენი მწერლები ძალიან ბევრს წერენ სიტყვის ძალის შესახებ. რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, გურამიშვილი – აქედან დავიწყოთ. როცა საუბრობ, გულს დააკვირდი. როგორ ტალღაზე გადაჰყავს შენს ნათქვამ სიტყვას გული? ეს არის საზომი, მართალი ხარ, თუ – არა. გული არ მოგატყუებს. ბილწსიტყვაობა აზიანებს სხეულს, გონებას“.

ამას მოჰყვა შემდეგი შინაარსის პოსტები:

  • მტკვრის პირას გადაღებული ვიდეო, რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „ფიქრნი მტკვრის პირას“ ვკითხულობ. ლექსის ზეპირად სწავლისა და მოულოდნელად მისი წაკითხვის სურვილზე გავამახვილე ყურადღება.
  • ჩემი ფეისბუკგვერდის ფოტო, რომელზეც ასახულია 15 წლის წინანდელი ლათინური შრიფტით გამოქვეყნებული სტატუსი. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ბავშვები ერთმანეთს ლათინური შრიფტით წერენ. ვფიქრობ, კითხვის სურვილის გაქრობას ესეც ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ თვალსაჩინოებად გამოვიყენე, თუ როგორ ვწერდი მეც ლათინური შრიფტით და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ დაუფიქრებელ ჩვევას.
  • „მშრალ ხიდზე“ ძველმანებით მოვაჭრეებთან გადაღებული ვიდეო, რომელიც უცნობი მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების ფოტოებს ეხებოდა; ასევე, გავუზიარე ვიდეო, რომელშიც ბუკინისტი ვერმეერის ბიოგრაფიას მაცნობდა.
  • მიხაი ზიჩის ძეგლთან კი უნგრელი მხატვრის შესახებ ვსაუბრობ და „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებისთვის ცოცხალ ადამიანებს რომ ეძებდა პოემის პერსონაჟების პროტოტიპებად, ისიც ვუამბე.

 

 

წიგნები, წერა, ლექსები, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული დეტალები, სახალისო ვიქტორინები, საინტერესო ინსტრუქციები, რჩევები, ფიქრი და მსჯელობა, აზრის ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბუნებასთან ურთიერთობა, ციტატები – ასე გამოიყურება ჩემი მოსწავლეებისთვის შექმნილი ვირტუალური სივრცე ინსტაგრამში.

ფოტო-ვიდეომასალა, მუსიკა და ტექსტი – თანამედროვე ცხოვრებაში ამბის თხრობის გავრცელებული გზაა. სტატიაში გამიჭირდა ინსტაგრამგვერდზე საგანგებოდ მოსწავლეებისთვის შექმნილი ატმოსფეროს ზუსტი აღწერა, რადგან სოციალურ ქსელში ყველა კადრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ვიზუალური თხრობა ტექსტს აძლიერებს.

ვიცი, რომ მოზარდებს მოსწონთ „ინსტაგრამკლასი“. მჯერა, რომ თავის კვალს დატოვებს ჩემი მცდელობა და მათთვის მოფიქრებული გზავნილები. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ინსტაგრამზე ატვირთულ ინსტრუქციებს ხშირად ვიყენებ და მომავალშიც მრავალჯერ მივუბრუნდები.

თქვენც სცადეთ თქვენი საკლასო ოთახის შექმნა ინსტაგრამზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“