თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთა შორის გამორჩეულია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ქალაქ ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი.
ვინფრიდ ბოედერმა უკვე 80 წელს გადააბიჯა და აქედან თითქმის 50 წელი მეცნიერი ქართულ-ქართველურ ენობრივ სინამდვილეს იკვლევს, რისი შედეგიც არის არაერთი გამოკვლევა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე.
1974 წლის გაზაფხულზე ვინფრიდ ბოედერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და აქ სექტემბრამდე დარჩა. მისი მასწავლებლები იყვნენ ძველ ქართულში – ივანე იმნაიშვილი, მეგრულში – ტოგო გუდავა, სვანურში – ალექსანდრე ონიანი, კონსულტაციებს უწევდნენ აკაკი შანიძე და ალექსანდრე ღლონტი. გერმანიის სამეცნიერო კავშირის (DFG) დახმარებით, ვინფრიდ ბოედერი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რამდენიმე კვირით ჩამოდის საქართველოში, სადაც იგი ამ ხნის მანძილზე შინაურ კაცად, სასურველ სტუმრად იქცა საქართველოს ყოველ კუთხეში, რომლებიც მან ფეხით შემოიარა – კახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, სამტრედია (მისი პირველი მასწავლებლის ნიკოლოზ ჯანელიძის „მამულეთი“), ქუთაისი, შავი ზღვის სანაპირო…
ვინფრიდ ბოედერს ქართულის შესახებ არაერთი შრომა აქვს გამოქვეყნებული საქართველოსა და უცხოეთის სოლიდურ ჟურნალებში. მათგან შეიძლება გამოიყოს გამოკვლევა ქართული ზმნის ქცევის შესახებ (1969), ძველი ქართული ანბანის ანალიზი (1975), „მაქვს“ და „მყავს“ ქართველურ ენებში (1980), ქართველი ბერები ათონის მთაზე და ქართული სამწერლო ენის ისტორია (1983), „და“ -ს ხმარების ზოგიერთი თავისებურება ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში (1983), ქართველური ენების წოდებითის შესახებ (1985), ქართული და მონათესავე ენები ევროპის საზღვართან (1987), ხევსურული ანდაზების სტრუქტურისა და ინტერპრეტაციისათვის (1991), შენიშვნები მრავლობითის -ეთ სუფიქსის შესახებ ძველ ქართულში (1992) და სხვა.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვინფრიდ ბოედერის ის გამოკვლევები, რომლებიც ემსახურება ქართული ენისა და მწიგნობრობის მოაზრებას ზოგად კულტუროლოგიურ ასპექტში. უცხოელი მკვლევრის თვალი საინტერესოდ წარმოგვიდგენს ეროვნული თვითცნობიერების, ქრისტიანული კულტურისა და ენობრივი თვითგანსაზღვრის ურთიერთმიმართების პრობლემურ საკითხებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: იდენტიტეტი და უნივერსალიტეტი (1994), ენა და ვინაობა ქართველთა ისტორიაში (1997) და სხვა.
ვინფრიდ ბოედერი ნაყოფიერი მთარგმენობითი მოღვაწეობითაც გამოირჩევა. 1969 წელს მან ჰამბურგში გამოსცა გერმანული თარგმანი გიორგი კლიმოვის მონოგრაფიისა „კავკასიური ენები“, კომენტარებითურთ, ხოლო 1982 წელს გამოაქვეყნა გერმანული თარგმანი თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის მონოგრაფიისა „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“.
ვინფრედ ბოეფერი წლების განმავლობაში ასწავლის ქართულ ენას დაინტერესებულ სტუდენტებსა და მეცნიერებს.
ეს დიალოგი 2002 წელს ჩავიწერე და გაზეთ „ჩვენს მწერლობაშიც“ დაიბეჭდა, მაგრამ ახლა მინდა, რომ მას „ახალი სიცოცხლე“ მივანიჭო, – ქართველმა მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ იმ მეცნიერზე, რომელიც დღემდე დაუღალავად ემსახურება ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას და შეყვარებულია ქართველ ხალხზე და მის კულტურაზე;
ამჟამად „პენსიონერი“ ვინფრიდ ბოედერი თბილისის სტუმარია. მისი მასპინძელია აკადემიკოს გურამ თოფურიას ოჯახი, რომლის შესახებაც ინტერვიუს დროს ბატონი ვინფრიდი იტყვის: მათი წყალობით საქართველოში მე ნამდვილ სამოთხეში ვცხოვრობ.
– ბატონო ვინფრიდ, როდის და როგორ დაინტერესდით ქართული ენით?
– ეს დიდი ისტორიაა… დაიწყო იმ დროს, როდესაც ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე „საშუალი გვარი ჰომეროსის ენაში“, 1961 წელს წავიკითხე გერჰარდტ დეეტერსის მონოგრაფია ქართული ზმნის შესახებ. პირველი ინტერესი ქართული ენისა სწორედ მაშინ აღმეძრა.
– ე.ი ქართული საშუალი გვარიდან დაიწყო ყველაფერი?
– (იცინის)… შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ დამავიწყდა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც გადავედი ჰამბურგში, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას, რომელიც ლათინური სინტაქსის გენერატიულ თეორიას ეხებოდა, უკვე მაინტერესებდა ზოგადად ენათა ტიპოლოგია და მინდოდა მესწავლა რომელიმე არაინდოევროპული ენა, ამ მიზნით შევედი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც პროფესორი ბერთოლდ შპულერი ზოგჯერ ქართულის კურსსაც კითხულობდა, თუმცა ძირითადად არაბულის სპეციალისტი გახლდათ.
ამ დროს ჰამბურგში ჩამოვიდა ქართველი ემიგრანტი, ყოფილი სამხედრო ტყვე, ნიკოლოზ ჯანელიძე, მან შპულერს თავისი სამსახური შესთავაზა ქართული ენის სწალების საქმეში. უნივერსიტეტში ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვეს და ნიკოლოზ ჯანელიძეს საშუალება მიეცა, ქართული ენა ესწავლებინა მსურველთათვის. მე, რა თქმა უნდა, მსურველთა სიაში აღმოვჩნდი.
– ერთ-ერთ პირად წერილში თქვენ წერთ: „დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებთ, კავკასიური ენების გრამატიკოსთა უმრავლესობას, არ ჰყავთ მასწავლებლები. მე ბედმა გამიღიმა, ჰამბურგის უნივერსიტეტში გავიცანი ნიკოლოზ ჯანელიძე, რომელიც ასწავლიდა ქართულს. იგი წარმოშობით სამტრედიელია. მივმართე დახმარებისათვის. დიდი თანადგომა აღმომიჩინა, ჩემთვის საინტერესო კითხვებს პასუხი გასცა და ჩემი შემდგომი კვლევის მიმართულებაზე, შეიძლება ითქვას, დიდი ზეგავლენა მოახდინა“…
_ ბატონო ვინფრიდ, რამდენჯერმე შევესწარი, როდესაც ნიკოლოზ ჯანელიძეზე საუბრობდით, თქვენი ხმის ტემბრი და სახის გამომეტყველება ისეთი იდუმალი ნათლით იმოსებოდა… ასე მხოლოდ უახლოეს და საყვარელ ადამიანებზე საუბრობენ, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო მოგონება გაკავშირებთ.
– ჩემთვის ბატონი ნიკოლოზი დაუვიწყარი მასწავლებელია. ყოველთვის ვამბობ, ის არც პროფესორი ყოფილა, არც მეცნიერული პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ეს ყოველთვის არ არის მთავარი. იგი თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი გახლდათ, გამუდმებულად ენატრებოდა თავისი ქვეყანა და ხალხი და ამ სიყვარულს იმით გამოხატავდა, რომ ბევრ გერმანელს შესაწავლა ქართული ენა, ყოველთვის იდეებით იყო სავსე – გერმანულ სკოლებში შედიოდა და ქართულ ზღაპრებს ასწავლიდა ბავშვებს, მართავდა გამოფენებს, სამზარეულოს წიგნიც კი გამოსცა… მისი პიროვნების გავლენით მე შევიყვარე ქართული ენა.
– დეეტერსმა მეცნიერული ინტერესი გაგიღვიძათ და ჯანელიძემ შეგაყვარათ ქართული, ასე იყო არა?
– დიახ, დიახ, ბევრი დეტალი მითხრა, რაც მაინტერესებდა ქართულის შესახებ, ამავე დროს მიამბობდა საქართველოზე. იგი თავის დროზე სწავლობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც მისი მასწავლებელი იყო პროფესორი ალექსანდრე ღლონტი. მათ ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ.
– სხვათა შორის, ბატონო ვინფრიდ, მე ბატონი ალექსანდრე ღლონტის სტუდენტი ვიყავი. ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მისი და იმისთვისაც, რომ პირველად ბატონმა ალექსანდრემ მიამბო თქვენ შესახებ. მახსოვს, სპეციალური ლექცია მიუძღვნა – გაგვაცნო თქვენი ქართველოლოგიური ინტერესები და გვესაუბრა თქვენს ნაშრომებზე… ეს ყველაფერი ალბათ სწორედ იმ მიმოწერიდან გამომდინარეობდა, თქვენ რო ახსენეთ.
– მართლა? ძალიან სასიამოვნოა… ყოველ შემთხვევაში, ამ მიწერ-მოწერით დაიწყო ჩემი უფრო მჭიდრო კონტაქტი საქართველოსთან. თბილისში გამოვგზავნე ჩემი პირველი სტატია ქართული ზმნის ქცევის შესახებ, რომელიც გაასწორა ბატონმა ალექსანდრე ღლონტმა, გამომიგზავნა ჩემთვის საჭირო ლიტერატურა… ამ გზით დავუკავშირი და გავიცანი აკადემიკოსი აკაკი შანიძე.
– როდესაც გხვდებოდათ, გერმანულად მღეროდა თურმა აკაკი შანიძე, – ბატონი ზურაბ სარჯველაძისაგან გამიგია…
– (იცინის) ნამდვილად… სტუდენტობის დროს ბატონი აკაკი პეტერბურგიდან რამდენიმე თვით კენიგსბერგში იმყოფებოდა, სადაც ღრმად შეისწავლა გერმანული ენა.
– რომელ სიმღერას მღეროდა?
– კარგად აღარ მახსოვს… მგონი, ეს იყო სტუდენტების სიმღერა.
– ბატონო ვინფრიდ, 1974 წელს პირველად ჩამობრძანდით საქართველოში. იყო რაიმე სხვაობა წარმოსახულ საქართველოსა და რეალურ საქართველოს შორის?
– ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო…
– გულწრფელად?
– მთლად ყველაფერი არა, რა თქმა უნდა. მაშინ სასტუმრო „ივერიაში“ ვცხოვრობდი და შენობიდან რომ გამოვდიოდი, სულ ვხედავდი, რომ უკან კაცი მომდევდა. ძალიან შეწუხებული ვიყავი და ვურეკავდი ჩემს მეგობრებს, დახმარებოდნენ „იმ კაცს“ თავისი სამუშაოს შესრულებაში.
– სხვათა შორის, გამახსენდა, ამასწინათ, „ენათმეცნიერების საკითხებში“ (#2, 2002 წ.), დაიბეჭდა თქვენდამი გამოგზავნილი აკაკი შანიძის წერილები. იქ ერთ-ერთ წერილში ამოვიკითხე, რომ აკაკი შანიძეს დაჭირვებია ლექსიკონისთვის ახლად ნათარგმნი გერმანული ბიბლია, ამასთან დაკავშირებით გწერთ: „… მე ვსთხოვე შარშან პროფესორ Assfalg – ს (Munchen), , რომ გამოეგზავნა ჩემთვის ახლად ნათარგმნი ბიბლია. მან პატივი დამდო და გამომიგზავნა, მაგრამ წიგნმა ჩემამდე ვერ მოაღწია. აქ ჰგონიათ, რომ მე ბიბლია სალოცავად მინდა და არა სამეცნიერო მუშაობისთვის – ლექსიკონის შესადგენად.
ამიტომ, როცა თქვენ ამ შემოდგომაზე აქეთ იზამთ პირს, უმორჩილესად გთხოვთ, თან წამოიღოდ die Sog. ძალიან დაგიმადლებთ, შეიძლებოდა ფოსტითაც გამოგეგზავნათ თუ ზედ დააწერდით ჩემს სახელსა და გვარს, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ მივიღებ“.
– ასე რომ, თქვენი „დაწუნებული რეჟიმით“ ვერც ქართველები ხეირობდნენ.
ბატონო ვინფრიდ, იქნებ თქვენს ქართველ მეგობრებზე გვესაუბროთ?
– მეგობრებზე? რა ვთქვა… ძნელია (როგორც შევატყვე, ბ-ნ ვინფრიდს ძალიან უჭირს საყვარელ ადამიანებზე ხმამაღლა საუბარი _ ც.ბ.). საქართველოში ბევრი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი, ზოგთან მხოლოდ სამეცნიერო ურთიერთობა მაკავშირებს, ზოგი – ნამდვილი მეგობარია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზურაბ სარჯველაძესა და ალექსანდრე ონიანთან მიწევს მუშაობა, ბატონი გურამ თოფურია ჩემი მასპინძელია და მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობის გამო საქართველოში ვცხოვრობ, როგორც ნამდვილ სამოთხეში. ამავე დროს მისი დიდი ბიბლიოთეკაც ჩემთვის მეორე სამოთხეა.
ძნელია ნამდვილ მეგობრებზე საუბარი… ეს ნიშნავს,რომ არც ჩემი სამსახური, არც ჩემი მეცნიერება და არც განსხვავება ქართველებსა და გერმანელებს შორის არ თამაშობს განსაკუთრებულ როლს ნამდვილ მეგობრობაში… ეს ადამიანური დონეა…
– და ალბათ უნივერსალური დონეც, აქ დაძლეულია კულტურათა კონფლიქტი და განსხვავება ერებს შორის, როგორც ნამდვილ სიყვარულში საზოგადოდ.
– ერთადერთი განსხვავება ქართველ და გერმანელ მეგობრებს შორის ის არის, რომ ჩემი ქართველი მეგობრები ადვილად და ხშირად ვერ ჩამოდიან ჩემთან, როგორც საჭიროა.
– მაგრამ ვიცი, რომ თქვენი მიწვევით ჩამოდიან „კავკასიური ენობრივი პრობლემების“ სიმპოზიუმებზე. რას გვეტყვით ამ სიმპოზიუმების შესახებ?
– ცნობილმა გერმანელმა მკვლევარმა კარლ ჰორსტ შმიდტმა ევროპაში (ბონის უნივერსიტეტში) საფუძველი ჩაუყარა სიმპოზიუმებს „კავკასიური ენობრივი პრობლემები“. 1985 წლიდან მან ხუთი ასეთი შეკრება ჩაატარა. სიმპოზიუმებს ესწრებიან ქართულ-კავკასიურ ენათა ამა თუ იმ პრობლემაზე მომუშავე მეცნიერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ცხადია ქართველი მკვლევარებიც. პროფესორ შმიდტის პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით და ამ სიმპოზიუმებს მე ვხელმძრვანელობ. ოლდენბურგში ჩატარდა VI კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სვანურის პრობლემებს (1995), VII – ხევსურულს (1997), VIII – მეგრულ-ლაზურს (1999), IX – თუშურს (2001). სიმპოზიუმების მიზანი ის იყო, რომ კავკასიელი სტუმარი ჩამოსულიყო. იმ წლებში, რომ ქართველები ჩამოდიოდნენ, ჩემი მონდომებით ხდებოდა, რადგან მე მიჭირს რუსული ენა, ქართველი მეცნიერი მერჩია, ამიტომ მოველაპარაკე ორგანიზატორებს, რომლებიც აფინანსებდნენ სიმპოზიუმს, და ვიწვევდი ქართველებს. სიმპოზიუმზე მთავარი თემა შეირჩეოდა სტუმრის მიხედვით (თუშური, სვანური, ლაზური…) დანარჩენები იყო ჩვეულებრივი გამოკვლევები კავკასიურ ენობრივ პრობლემებთან დაკავშირებით. ახლა ვაპირებ წაკითხული მოხსენებების გამოქვეყნებას.
– შემდეგი სიმპოზიუმი როდის შედგება და რა იქნება შემდეგი თემა?
– თქვენ დაგავიწყდათ, მე პენსიაზე გავედი! ამ სიმპოზიუმებს ალბათ სხვა გააგრძელებს სხვა ქალაქში.
– ბატონო ვინფრიდ, ძალიან დამაინტერესა თქვენმა გამოკვლევებმა: „იდენტიტეტი და უნივერსალიტეტი“ და „ენა და ვინაობა ქართველთა ისტორიაში“. ქართველებისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელის თვალით დანახული ეს პრობლემა. იქნებ გვესაუბროთ ამის შესახებაც?
– საერთოდ, და ეს არის საერთაშორისო მოვლენა, ენის ისტორია ნიშნავს ენის ფორმების ისტორიულ ახსნას, გამოკვლევას. მე დამაინტერესა, ქართველისათვის რას ნიშნავდა ქართული. რა თქმა უნდა დედაენა არის ბუნებრივი მოვლენა და მასზე არავინ ფიქრობს, ვიდრე პრობლემა არ იჩენს თავს. ქართულ სინამდვილეში სხვადასხვა საუკუნეში ენას სხვადასხვა ფენისთვის განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამის გამოკვლევა ძალიან ძნელია, რადგან შუასაუკუნეთა ტექსტებში ამაზე პირდაპირ არ ლაპარაკობენ. მაგრამ მაინც მოიძებნება ზოგიერთი საინტერესო შენიშვნა ძველქართულ ტექსტებში.
ასეთია გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ შემდეგი დეტალი: “ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ქართულ ენას უკვე პრობლემა გაუჩნდა, სხვა შემთხვევაში ენაზე ლაპარაკს არ დაიწყებდნენ ქართველები. მაშასადამე, ენა ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ნიშანი იყო.
შემდეგ მთაწმინდელთა ტექსტებში არის ასეთი ადგილები; მაგალითად: საქართველოს მეფემ მიწერა ბერებს: ჩვენ გვინდა ბევრი ქართული წიგნი გვქონდეს. რისთვის უნდოდათ? ადმინისტრაციისთვის არ იყო საჭირო. ეტყობა, მეფეებმა შექმნეს საქართველოს სამეფო, როგორც სახელმწიფო, მათთვის მნიშვნელოვანი გახდა ენა. არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქართულად ლაპარაკობდნენ, არამედ წიგნი გახდა საჭირო, ვინაიდან წიგნს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კულტურულ სამყაროში.
გასაოცარია ბერების მოღვაწეობა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ, ჩაკეტილ სამყაროში და ქართულად წიგნებს ჰქმნიდნენ. როგორც ჩანს, უცხო ქვეყანაში მშობლიური ენის ძალა უფრო მეტად მოქმედებს.
მე შევაგროვე ბევრი მასალა, საიდანაც ჩანს, თუ რას ფიქრობდნენ ქართველები თავის ენაზე. შევისწავლე XVII საუკუნეში ქართულად თარგმნილი წიგნები. მათ არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ (მაგ. მედიცინის წიგნი), არამედ ქართველები დაინტერესებული იყვნენ ქართულ ენაზე წიგნების არსებობით, რადგან წიგნი მაინც განათლებისთვისაა დანიშნული.
მაქვს პროექტი, დავწერო წიგნი, რომელშიც თავს მოიყრის ყველაფერი, რაც ვიცი ქართველთა ენობრივი თვითშეგნების შესახებ.
– როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ენობრივი კულტურა იმ კულტურებს შორის, რომლებსაც იკვლევთ?
– ქართველებმა თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა კულტურა შეითვისეს – ბერძნული კულტურა, აღმოსავლური კულტურა… ეს არის ქართული კულტურის თვისება.
– თავისიც ხომ ჰქონდათ რაღაც…
– თავისი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველგან ევროპაში ასეა. მაგალითად: გერმანული კულტურა რა არის? გერმანულმა კულტურამ შეითვისა – რომაული, ლათინური, ფრანგული სამყაროს კულტურები, „სუფთა“ ყოველთვის უინტერესოა. მთავარია ინტეგრაციის პროცესი…
– განსხვავებულია თქვენთვის ცნებები: „სუფთა“ და „ინდივიდუალური“?
– ინდივიდუალირიც არის სხვადასხვა კულტურის ნაერთი, მხოლოდ განსაკუთრებული ნაერთი. რა თქმა უნდა, არსებობს ქართული ტრადიცია, ქართული მწერლობა, ეს ყოველთვის მთავარი ფაქტორია, თქვენი ტრადიცია, მაგრამ…
– მაგრამ ტრადიციაც მაინც „სუფთა“ არ არის?
– „სუფთა“ არასოდეს არაფერი არ არის კულტურებში, არც არსებობს.
– ბატონო ვინფრიდ, 1999 წელს თქვენ იმოგზაურეთ სვანეთში, მივლინების დროს განუწყვეტლივ სწავლობდით თქვენთვის საინტერესო ენობრივ მოვლენებს. რას იკვლევდით?
– სხვა საგნების გარდა სვანურში მაინტერესებდა სხვათა სიტყვის ნაწილაკების ხმარება და გამოვიდა, რომ დღევანდელი მეტყველება უკვე განსხვავდება ოციანსა თუ ოცდაათიან წლებში ჩაწერილი ტექსტებისაგან სალიტერატურო ქართულის გავლენით… სვანურში ვმუშაობდი ბატონი ალექსანდრე ონიანის დახმარებით, აქ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ქართულში, თუმცა ქართულშიც აღმოჩნდა სირთულეები, რაც ჯერჯერობით აღწერით გრამატიკებში არ გაუანალიზებიათ. აი, ასეთი წინადადება ნოდარ დუმბაძესთან: „ვინა ვარო, – არ თქვა?“ ე.ი ეს ო არ არის ნამდვილი სხვათა სიტყვის გადაცემა. „ვარ“ კი არის, მაგრამ შერეული გადაცემაა, ეს ძალიან საინტერესო თეორიული საკითხია. ქართველოლოგიაში ჩემი კვლევის საფუძველი არის ყოველთვის თქვენი ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, როგორებიცაა ბატონი აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“, ან ლეო კვაჭაძის ძალიან სასარგებლო წიგნი ქათულ სინტაქსზე და ა.შ.
ჩემი ძირითადი ინტერესია ქართველურ ენათა საერთო განვითარება ტიპოლოგიური თვალსაზრისით.
– თქვენ სისტემატიურად ბეჭდავთ ევროპულ და ამერიკულ ჟურნალებსა და კრებულებში რეცენზიებს საქართველოში გამოსული ენათმეცნიერული ლიტერატურის შესახებ. 80-იანი წლების „ბედი ქართლისას“ ნომრებში მიგყავდათ რუბრიკა „წიგნები საქართველოდან“ (ენათმეცნიერება). ამჟამად როგორ არის „ბედი ქართლისას“ ბედი?
– ამჟამად ცუდად, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი. მოგეხსენებათ, რომ „ბედი ქართლისა“ კალისტრატე სალიას საკუთარი მოღვაწეობის შედეგია, მისი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა სხვა ჟურნალი – ქართული ენისა და კავკასიური ენების მიმომხილველი თუ ძიებანი, რამდენიმე ნომერი ნამდვილად გამოვიდა, „ბედი ქართლისას“ ნაცვლად. ბოლო ხუთი წელია აღარაფერი გამოსულა. არ ვიცით, რატომ, შეიძლება გამომცემელი გიორგი შარაშიძეა შეუძლოდ. გიორგი შარაშიძე ენათმეცნიერი გახლავთ, მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი ქართულ მითოლოგიაზე. საერთოდ, უბიხური ენის სპეციალისტია. არ ვიცი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს კიდევ გამოიცეს, მაგრამ სისტემატიურად გამოდის ჟურნალი „გეორგიკა“, ქალაქ კონსტანსში; ჟურნალის რედკოლეგია გერმანულ-ქართულია ან ქართულ-გერმანული, როგორც გნებავთ, ერთი სიტყვით, საერთო პროექტია. დღემდე მისი მთავარი რედაქტორია გერმანელი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი, რომელიც იენის უნივერისიტეტის პროფესორია.
– რას გვეტყვით ქართველოლოგიურ სკოლებსა და მის მომავალზე?
– ქართველოლოგიური სკოლა გერმანიაში ტრადიცია უფროა, ვიდრე სკოლა. ჩვენთან, და საერთოდ ევროპაში, ორი კათედრაა, სადაც საერთოდ სისტემის მიხედვით ისწავლება კავკასიური ენები – ეს არის, რამდენადაც ვიცი, იენა და ლონდონი; ქართველოლოგია და კავკასიოლოგია ზოგადად, ბოლო ათწლეულების მანძილზე სახიფათო სიტუაციაშია, რადგან რეგულარული კათედრები არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის დააინტერესებს ეს ენები. საერთოდ, ესენი არიან ინდოევროპეისტები და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტები. მაგალითად, ბრწყინვალე ენათმეცნიერი ჰანს ფოგტი, ნორვეგიაში, რომანისტი გახლდათ, ჰუგო შუხარტი, რომელიც ალბათ მეტ-ნაკლებად ცნობილია საქართველოში, ასევე რომანისტი იყო, გერჰარდტ დეეტერსი, ერთ-ერთი დიდი კავკასიოლოგი, შედარებითი ენათმეცნიერების პროფესორი გახლდათ ბონში. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მეცნიერები, რომლებსაც დააინტერესებთ ქართული ენა, როგორც განსაკუთრებული სტრუქტურისა და კულტურის წარმომადგენელი. იმედი მაქვს, ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტებს დააინტერესებთ ეს ენა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაინდოევპორული ენა, ენათმეცნიერებაში კარგად რომ არის აღწერილი.
– ერთ-ერთ ადრინდელ წერილში წერთ: „პენსიაზე გასვლის შემდეგ მინდა განვახორციელო ჩემი ძველთაძველი ოცნება, დავწერო ქართველურ ენათა შედარებით სინტაქსზე, რომლის მასალების შეკრება საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს 1974 წელს დავიწყე, საცხოვრებლად ოლდენბურგში დავრჩები, მას არ მივატოვებ“.
შეიცვალა რამე პენსიაზე გასვლისას? როგორი იქნება თქვენი ცხოვრების რიტმი 65 წლის მერე?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, დიდი განსხვავება არ იქნება. რა თქმა უნდა, ვაპირებ გამოვცე „ქართველურ ენათა შედარებითი სინტაქსი“, – ეს ჩემი დიდი „ფორიაქია“, სხვა, პატარ-პატარა „ფორიაქებიც“ მაქვს… ზამთარში გავაგრძელებ ლექციების კურსს ბრემენის უნივერსიტეტში, წავიკითხავ ზოგად ენათმეცნიერებას, ოლდენბურგშიც შემეძლო წამეკითხა, მაგრამ დრო მეკარგება ბევრი ინგლისურზე… ისე, სწავლება სხვა სიხარულია…
– თქვენი დრო სულ წუთებით გაქვთ განაწილებული, ახლაც საათზე იხედებით, უნივერსიტეტში შეხვედრაზე გაგვიანდებათ, თუმცა ბატონი გურამ თოფურია გამშვიდებთ, დრო ჯერ კიდევ გაქვთ დიალოგისთვისო. ბატონო ვინფრიდ, სულ ამ რეჟიმით ცხოვრობთ?
– საერთოდ კი! სხვანაირად როგორ შეიძლება?! (იცინის).
– როცა ეს დიალოგი დაიბეჭდება „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე, თქვენ უკვე გერმანიაში იქნებით. მინდა საქართველოდან განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით მივესალმო თქვენს მეუღლეს – ქალბატონ დორის ბიურელს და თქვენთან ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოთქმული ბატონი ალექსანდრე ონიანის სიტყვები მოვიშველიო: „… ვინც კი ერთხელ მაინც მოხვედრილა ბატონი ვინფრიდისა და ქალბატონი დორისის გარემოცვაში, ვერასოდეს დაივიწყებს იმ სითბოს, მზრუნველობასა და სიყვარულს, რაც ამ გარემოცვისაგან მიიღო… ჩვენ, უკლებლივ ყველა ქართველმა სტუმარმა, ბატონი ვინფრიდისა და ქალბატონი დორისის ოჯახში ვიგრძენით გასაოცარი სითბო, მზრუნველობა და სტუმრის შეუდარებელი სიყვარული. უზომო მადლობა მათ ყოველივე ამისთვის“.
თქვენ ხომ არ მიმართავდით აქედან თქვენს მეუღლეს?
– იცით, მთავარი ის არ არის, რომ ჩემმა მეუღლემ გამიგო. ჩემი სამეცნიერო და ორგანიზატორული მუშაობის გამო ყოველთვის ცოტა დრო მრჩებოდა პირადი ცხოვრებისთვის. ეს ხომ ბევრს ნიშნავს, რომ მეუღლემ გაიგო ჩემი ინტერესები და თანაც ყოველმხრივ მომეხმარა როგორც მუშაობაში, ასევე სტუმართა დახვედრაში.
– ბატონო ვინფრიდ, ხვალ მიემგზავრებით. გზას დაგილოცავთ…სივრცე და მანძილი, რომელიც თქვენსა და თქვენს ქართველ მეგობრებს შორის გაიზრდება, ვიცი სიყვარულით ამოივსება. ისიც ვიცი, ეს სიყვარული ხვალ თუ ზეგ უკან მოგაბრუნებთ.
ესაუბრა
ცირა ბარბაქაძე