ვარლამ შალამოვის „კოლიმური მოთხრობები“ საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური დოკუმენტია. ის არ გვიყვება მხოლოდ ადამიანზე, რომელიც ცივ მიწაში მუშაობს, შიმშილობს, გაყინულია. ის გვაჩვენებს, როგორ იწყება ნელ-ნელა ადამიანის მოშლა – არა სხეულიდან, არამედ აზრიდან, ღირსებიდან, სახელიდან. შალამოვი არ ყვირის. ის ამბობს. მოკლედ, მშრალად, სიზუსტით, რომელიც ქირურგის ხელივით ჭრის დოგმებს, მითებს და იდეოლოგიურ ზედნაშენს. სწორედ ამით იქმნება მისი მწერლური სიძლიერე – პირადული დისტანციითა და უემოციო სიზუსტით, რომელსაც მორალური ექო მოჰყვება.
კოლიმა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული პუნქტი. ის მორალური ნულოვანი წერტილია – ადგილი, სადაც ადამიანი მთლიანად გაშიშვლებულია. შალამოვისთვის კოლიმა წარმოადგენს ტესტს – არა მხოლოდ ადამიანობის, არამედ ენისა და წერის უნარის ტესტსაც. იქ, სადაც ყინვამ გადაყლაპა ღმერთი და სადაც წესრიგს ტყვიები იცავდა, შალამოვმა შექმნა ახალი ლიტერატურული ფორმა: ცივი პათოსი – გრძნობის გარეშე მოთხრობილი გრძნობა, რომელმაც შთამბეჭდავი მორალური ძალა შეიძინა. ის არ ცდილობს მკითხველში სინანულის გამოწვევას, მხოლოდ შეახსენებს, რომ სინდისი ჯერ კიდევ შესაძლებელია.
„კოლიმური მოთხრობები“ არ არის ტრადიციული პროზა. მათი ენა სპარტანულია, ფაქტებზე ორიენტირებული, ხაზგასმით არარიტორიკული. შალამოვი უარს ამბობს ლირიზმზე, ემოციასა და ფსიქოლოგიზმზე – ეს შეგნებული ესთეტიკური პოზიციაა, რომელიც ხაზს უსვამს ავტორის დამოკიდებულებას: სიტყვა არ არის დეკორაცია, ის სამხილი უნდა იყოს. ეს სტილი გადაიქცა წინააღმდეგობის ფორმად. დისტანციური თხრობა – შინაარსის მიუხედავად – გადაიქცა თავისუფლების იარაღად. სწორედ ეს განსაზღვრავს შალამოვის განსხვავებას სოლჟენიცინისგან: იქ, სადაც ერთს სურს, გარდასახოს ტანჯვა სიმბოლოდ, მეორე ხაზგასმით ამბობს: სიმბოლოების დრო არ არის, ჯერ უნდა ითქვას ფაქტი.
შალამოვი ისევე წერს გულაგზე, როგორც ისააკ ბაბელი – სამოქალაქო ომზე. იმ განსხვავებით, რომ შალამოვი გადარჩა, თუ ამას გადარჩენა ჰქვია. ის არ დაუხვრეტიათ. დახვრიტეს ისააკ ბაბელი, რომელსაც მანამდე ყოფილი ცოლის დაბეზღება მოსთხოვეს.
დღეს, როცა საზოგადოება ხშირად თანხმდება იდეოლოგიური წარსულის „დავიწყებაზე“, შალამოვის მოთხრობები შეგვახსენებს, რომ არაფერია ისეთი საშიში, როგორიც სიჩუმე. შალამოვი იმას კი არ გვასწავლის, როგორ დავიტანჯოთ, არამედ იმას, თუ როგორ დავინახოთ ტანჯვა ისე, რომ არ უგულებელვყოთ. და ეს გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაშიც გადმოდის: ადამიანის უფლებები არ იწყება დოკუმენტით. ისინი იწყება ამბით – ხმით, რომელსაც არავინ უსმენს, მაგრამ ვიღაც წერს.
მასწავლებლისთვის, რომელსაც სამოქალაქო განათლების მნიშვნელობისა სჯერა, შალამოვის მოთხრობები შესაძლოა იქცეს ძლიერი რესურსად, იშვიათ ლიტერატურულ საშუალებად ადამიანის ღირსებაზე, უფლებებსა და მეხსიერებაზე საუბრისთვის. მისი ტექსტები მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ სამართლიანობა იწყება მოყოლით, ხოლო განათლება – მოსმენით. შალამოვი არ ასწავლის; ის შეგვახსენებს. მისი მოთხრობები განაჩენი კი არ არის, არამედ მოწოდება სიჩუმეში: დავინახოთ ის, რისი გატანაც შეუძლებელია და მაინც ვეძებოთ გზა მის გამოსათქმელად.
შალამოვი მარტო წარსულზე კი არ გვესაუბრება, არამედ მომავლის ხმოვანებასაც ქმნის. მისი სიტყვები დღესაც არღვევს დუმილს, მაგრამ არა განრისხებით, არამედ ღირსებით, და სწორედ ეს ღირსება უნდა იქცეს განათლების ბირთვად, როდესაც მოსწავლეს ვეუბნებით: „შეგიძლია, ილაპარაკო“ .
თავად შალამოვი სტალინის ძაგებისთვის გადაასახლეს, მერე კი სასჯელი მოუმატეს, რადგან ივან ბუნინი აქო. ბუნინი კომუნისტებისთვის კონტრრევოლუციონერი „რუხი მგელი“ იყო.